აქ ნუ დადგებით
ეს მიწა - კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის. ხიდის აქეთ ხალხს. აქ ნუ. თქვენ ყუა. თქვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ. სასეიროა ენას როგორ გადაისერავთ. ძალიან დიდხანს ყიდდით ხამსას - სუნი გულს გვირევს. დიდხანს მარხავდით მკვდრებს - გვეშინია. და დიდხანს დარჩით უღელტეხილზე - სუსხი ჩამოგყვათ. ოდნავ მარჯვნივ გადაიწიეთ. უფრო კიდისკენ, უფრო ახლოს გადასავარდნთან. როცა არავინ შემოგვხედავს, მოგაწვებით და გადაგთელავთ. აქ ნუ დადგებით. ბებერი ქალი თავის ენაზე: „ჩვენ ვცხოვრობთ მორგის მოპირდაპირე ფანჯარაში“ „ჩატეხილი ორი კიბის და ფარღალალა კარის შუაში“. დედაქალაქმა ეს დიალექტი წლებია ტანზე შემოიხვია. მამაჩემიც დღემდე დაეძებს მეგობარს, გვარით - წოწერია, როგორმე უნდა გააბათილოს ნანახი კადრი: უპატრონო მიცვალებულს ფეხზე ამ გვარის ლენტი აბია. გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც: აქ ნუ დადგებით. იყავით ასე კომპაქტურად ჩასახლებული, იცხოვრეთ, როგორც კეთროვანთა მოდგმამ მღვიმეში. ოღონდ სენივით არ გადმოგვადოთ უსახლკარობა, უფულობა, უკმარისობა. ხიდს არ გადასცდეთ. ნურც ძალიან გადმოიხრებით თქვენი ფორთოხლის ხეებივით. დააკვირდით მხოლოდ დურბინდით: ვინ გაიარა თქვენს ეზოში, თქვენი წყალი ვინ დალია, ჯვარი დგას თუ წაქცეულია სასაფლაოზე. აქ, მაგიდაზე, გადარჩენილი ფოტოები დევს: ორსართულიან სახლს ღებავენ. ეშბას ქუჩა. 33. გაზაფხული და სოხუმში მზეა. თხუთმეტ წლიანი განსხვავებით - მეორე კადრიც: ამავე სახლის აფეთქებული კედლებიდან ძაღლის მზერა ჩანს. ნატრობს ქვიშაზე მოხარშულ ყავას ნაცნობი კაცი. სოხუმში დღეს წვიმს. დილით ღელვა გამოაცხადეს. აქ ნუ დადგებით, აქაურობაც დანაღმულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი