იავნანა, მეგობრებს


სძინავთ ჩემებს.
გული მიგრძნობს, უკვე ჩაბუდდნენ.
მშვიდ ცხოვრებებში,
რბილ ქვეშაგებში ჩაგორებულ მეგობრებს სძინავთ.
ერთმანეთზე მიხუტებულებს,
მთელი დღის ნაგავჩამორეცხილებს
დაუხუჭავთ უკვე თვალები.

გვიანია. სხვანაირად არც შეიძლება.
ვინც იფხიზლებს, დაბერდება.
თვალის გარშემო გაუჩნდება დილით წყვდიადი.
ვისთანაც ომი ისევ გრძელდება, მას დაძინება არ უწერია.

სამწუხაროდ, ძალიან მიყვარს,
ყოველ ღამით გადავამოწმო,
ხომ არაფერი არეულა.
სიჩუმე, ჩემთან – დამქანცველი, ძველებურად თუ განსხვავდება
სიჩუმისგან, რომელიც დადგა მათ სახლებში
დაძინების წინაპირობად.
ხომ უფრო მეტი ფული დარჩათ, დახარჯვის მერეც,
ხომ განსხვავდება მათი დარდი ჩემი დარდისგან
შემთხვევით, მათაც რომ არ გაზომეს
სახურავიდან ფრენა მიწამდე.

მშვიდად იძინეთ მეგობრებო.
მშვიდად იძინეთ.
სისხლისმსმელებო.
ხშირად სისხლის გადამსხმელებო.
თქვენც რომ ჩემსავით ცალი ფეხით იდგეთ მიწაზე,
გასაბერ ბუშტზე ჩაჭიდებული ხელებით კი მიჰქროდეთ ცისკენ,
სულაც არ მინდა.

თქვენც რომ ასე,
რას მოვეჭიდო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი