,,მგლურა"


--ღმერთო მომეცი ძალა,
 მიწებებული ბაგეებიდან მატლივით ამოძვრა სისხლიანი ნერწყვი, ქურდივით გაიპარა დაფოთლილი კისრისაკენ. შემოურბინა ამობურცულ  ფუფხებს და გულისპირში ჩაიმალა.
-ეს საზიზღარი ბუზიც არ მშორდება...
არყისა და წამლის სულთახუთვას შეშის ჩეხის ხმა არღვევდა.
-ლალა ! ძვლივს ამოილუღლუღა, უკვე სისხლის გუნდა გადმოსკდა დახეთქილი პირიდან, ხველას უმატა... 
ოთახში  ოცი  წლის გოგონა შემოვიდა, შეშინებულმა დახედა მწოლიარეს
-იქნებ ეს საშინელი ბუზი მოაშორო აქედან!
გოგონა ადეალის ფრიალით შეეცადა ბუზის მოგერიებას, მაგრამ გაჯიუტებული მწერი  ცოცხალი თავით არ ტოვებდა ქალის სხეულს.
-შემეჩვია....სასწავლებელში არ მიდიხარ?
-ცოტა ხანში გავალ, თუ შენ კარგად იქნები!
-კარგად ვიქნები...სველი ბამბა დამაფინე...
ლალამ წყლიანი თასიდან მამბა ამოწურა, ისევ შიგ ჩააწო და ფრთხილად,  დედას ტუჩებზე დააფინა
შვება იგრძნო, თვალი გააპარა ტუმბოსკენ, ნემსები, აბები, ამპულები ... მერე შვილს გადახედა. გოგონა მობილურში ღიმილნაკრავი მესიჯობდა. მოკვართულ თითებს უსწრაფესად ურტყამდა ეკრანზე, სველი წამწამები დახუჭა, ტკივილმა იძალა, წითელი მგლურა სხეულში ღმუოდა, ძიძგნიდა ხორცის ქსოვილებს. წამოიკივლა, თავადაც დაფრთხა, ... 
ლალა კედელზე აკრულიყო...
-ბებიას დავუძახებ!
-არა, ცოდოა, იძინოს...შენც წადი ლექციაზე...
გოგონა დაემორჩილა დედის ნებას, შუბლზე აკოცა და ხის კიბე ფრთხილად ჩაირბინა. შეშის ჩეხის ხმა  შეწყდა.  გიგა შვილს ჩუმად ესაუბრებოდა.როგორ ეზიზღება ეს ხმა, ვერაფრით შეიყვარა, ვერადავერა... ლანდებმა ძველი ამბავი გამოუფრიალა თვალებზე... 
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნავთიანი  ლანციდან ძვლის ბჟუტავდა ლამპა, ნინა ისტორიის წიგნზე ლოყადადებული სიტყვასიტყვით იზეპირებს წაკითხულს. ,,კიმირიელთა გამანადგურებელმა შემოსევამ დიდი ზიანი მიაყენა ბარის მოსახლეობას“... შეჩერდა, გაინაბა, ხვალ ლადოს ნახავს, თინოს დეიდაშვილს, ორი დღით რჩება თურმე, რა ჩაიცვას, როგორ მოაწონოს თავი,
-შვილო  მე დავწვები , ჩემი ფეხები ვერ უძლებს ამდენს,  
 -დაიწინე, დედა!
ოთახში მარტოა, ახლა თითქოს მარწუხებიდან დაუსხლტა ფიქრები, უფრო მეტი თავაშვებულობა დაეტყო ოცნებებს, ბიჭის სიახლოვეს ყოფნა, ნდომა და ვნება. როგორ უნდა აი ,ასე დაიძინოს და სიზმარში ნახოს ყოველივე. სიზმრად განცდილი, რატომღაც იმავე ჟრუანტელით მოგყვება ცხადში. სიფრთხილით ადგა და საძინებელში გავიდა. ცივმა ლოგინმა შეუკუმშა სხეული, მკლავები ტანზე შემოიჭდო, გულს ბაგაბუგი გაუდის, ცოტაც და სითბომ ნელ-ნელა გაჭიმა  ტანი, თითქოს ჰაერში დაჭერილი  სხეული ღრმად ჩაეფლო ქვეშაგებში
---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
ნინამ თვალები გაახილა,  მართლა გამშრალიყო, გატყავებულ  ტუჩებს სალაშინივით  აცლიდა ფუფხებს, მხურვალე ბლანტი სითხე უწვავდა პირს. ალბათ სიცხე მოემატა, ისევ ტკივილი, ისევ შეშის ჩეხის ხმა, ისევ მძინარე მოხუცის გაბმული ფშვინვა.თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა, სადღაც ჰორიზონტს დაუწყო ძებნა წარსული რომ გაეხსენებინა. მგლურა არ ასვენებდა... ბედი მდღევარი იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს“. ვისია-არ ახსოვს, დაავადება  კი მშიერი მგელივით ძუნძულებს სახსრებში, შეშუპებული ხელ-ფეხი მოცელილივით ყრია თეთრეულზე. ჰიდროქსიქლოქვინი, იმუნისპრესანტები უტუხად გაწყობილან ტუმბოზე, ანალიზის, ბიოფსიის პასუხები და ნინას დიაგნოზები  უიმედობას ქადაგებენ. უცებ ხორცი მოეღრიცა, თითები გადაენასკვა, კრუნჩხვები დაეწყო, ვინ მოეშველება? გონებას კარგავს და ძარღვები  ეყინება...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შუკაში ბნელოდა,  კრამიტის სახურავები ზოლად ანათებდა  მსუსხავ   გარემოს. ნინამ მამის ჯემპრი მოისხა მხრებზე, კალოშებში ფეხი შეაბიჯა და ჩქარი ნაბიჯით მეზობლის სახლისკენ წავიდა, 9-ზე ხომ სერიალი იწყება....
-ნინა, - კაცი ხმამ რეტი დაასხა ნოემბრის სიცივისაგან აკანკალებულ ქალს. უთუოდ ისაა, ისაა ... რა თქვას, როგორ მოიქცეს, იბნევა... სილუეტი უახლოვნება, უნდა შეძლოს მობრუნება...
-ნინა შეიძლება ვილაპარაკოთ?
-ვინ ხარ?- ეს ლადო არაა,  მაღალი სილუეტის თვალები გრძნობით კვესავენ, დაძაბულია, დაბნეულიც
-მე გიგა ვარ, შენი კლასელი,  ნოდარის, ბიძაშვილი
-ნოდარი იქით ცხოვრობს-მკვახედ მიახალა ქალმა და სწრაფად, სახლისკენ მიტრიალდა
- მოიცა, რაღაცის თქმა მინდა. იცი.... არა, არ იცი.... მინდა იცოდე... სირბილით უკანდადევნებულმა ძლივს გატეხა ნავსი და თითქმის დაუყვირა
-მიყვარხარ!
ნინას გარდა თითქმის ყველამ გაიგო, დაფეთებული ქალი ისარივით შევარდა ჭიშკარში
-რეგვენი, იდიოტი, საიდან გამოჩნდა?,  საიდან მიცნობს?, ნოდარს მოვკლავ, მაგის გაჩალიჩებული იქნება. ხვალ ვერ გადამირჩება, გიგა არა პეტრე კიდევ... მომინდომა სიყვარული...- ლოგინზე დამჯდარი  ასე იწყნარებდა გულს
----------------------------------------------------------------------------------------------------------------   
სხეული სილიან ნიჯარაში იფარებს თავს, ქაფიანი წყალი ეღვრება სახეზე, სტკივა, არ სტკივა, ჯერ ვერ მიმხვდარა, რა სჭირს.საიდან გაჩნდა ამდენი ლანდი? რა მოხდა?, სახეები იკვეთება. ალბათ მომაბრუნეს, ეს გიგაა... როგორ ეზიზღება ეს სახე.... თან ეცოდება, გულწრფელად ეცოდება.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა- ეს საზიზღარი ხმა სიყვარულით და მზრუნველობით ელაპარაკება.
სულის სიღრმემდე ეცოდება, მაგრამ ვერ იტანს, რცხვენია, მაგრამ ვერადავერ შეიგუა შვილის მამა, ლალას საყვარელი მამიკო.
-შვილო, გული გამიხეთქე- თავზე წაადგა ყველაზე ტკბილი, მშობელი დედა. 
ესღა აკლდა ნინას, როგორია ჩახედო გამწარებისთვის გამზადებულ დედას თვალებში, უსიტყვოდ უთხრა, მე ვარ შენი გამაუბედურებელიო, სიკვდილის მერეც რომ არ პატიობ საკუთარ თავს დედის გლოვას. ძალა მოიკრიბა და ამოილუღლუღა
-ნუ გეშინია დე, გავუძლებ, შევძლებ- ,,რა პირფერი ვარ“, გაიფიქრა. წარმოიდგინა  ნანული შავ თავსაფარში, უმწეოდ, მუხლებზე რომ ირტყამს  დაღარულ ხელებს. ტკივილი და გოდება- ერთიანი ჯოჯოხეთი რომ გაუმზადებია მისთვის ბედისწერას.
-ახალ ლალაც მოვა- დამნაშავესავით თქვა გიგამ
იატაკის ფიცარი შეყანყალდა, ნინა აწრიალდა, სიმწრით დაიკვვნესა
-ექიმი გამოიძახეთ!
გიგა დაფაცურდა, ნანული  შვილს ჩაეხუტა,  ლოგინზე იგრიხება ორი  შავ-თეთრი სხეული
-თუ ღმერთი გწამთ გამიყუჩეთ, მომეცით რამე, ექიმი!...
გიგა და ნანული ხეს და მიწას ედება, ამშვიდებენ, ანუგეშებენ, მალევე ფანჯრიდან შემოჭრილმა შუქმა კედელზე ქანდარა გაჭიმა, კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა, უენო მოძრაობა, ხელთათმანი, ნემსი, ამპულა, სპირტიანი ბამბა, ცოტაც და ...ნინა ნირვანაშია...
-მალე დამშვიდდება-ირიბად თქვა ექიმმა, ავადმყოფს დანანებით შეხედა და მაგიდასთან დაჯდა, ანკეტის შევსება დაიწყო.
-უკვე საშიშია?-დაბალი ხმით იკითხა გიგამ და ნინასთვის თვალი არც კი მოუშორებია
-ძალიან საშიში, ერთიანად გამოიფიტა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ-ოხვრა მიაყოლა ექიმმა.
გიგას არც კი შეუხედავს, როგორ დატოვა ექიმმა ოთახი. ასეთ დროს დაჰყურებს თამაად საკუთარი ცოლს და ვერ ძღება ამ უსიცოცხლო სხეულის ცქერით, რა იქნებოდა,ოდესმე ჰქონოდა  სიყვარულის სიყვარულითვე  ტკბობის შანსი. არ არგუნა ბედმა. როგორ უნდოდა ჩაეხედა ნინას გრძელწამწამა თვალებში,  დაეკოცნა  სიჭაბუკისდროინელი ვნებით  გაბუტული ტუჩები. ვერა...ორი უბედური სხეული ვერაფერს პოულობდა საერთოს.
მაპატიე, მაპატიე, გთხოვ. ბევრი ვეწამეთ, წინ, წინ გახედვაც არ მინდა , რა მელის უშენოდ. ეგოისტი ვარ, გამოუსწორებელი, მირჩევნია ჩემ გვერდით იყო, თუდაც უსიყვარულოდ, მირჩევნია გძულდე, ოღონდ მეძახდე! 
ფიქრების სიღრმეებს აჰყვა ცოლის სხეულს დაშტერებული გიგა. ახსენდება შემოდგომის  თბილი, ქარიანი დღეები, მანდარინის კრეფის სეზონი. მთიდან ბარში ჯამაგირზე სამუშაოდ ჩამოვიდა ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად. ტერასები, კენწეროზე, სუსტ ტოტებზე ბორიალი გიგასთვის სულაც არ იყო დამღლელი. ნინას სიყვარულით გატაცებული ვერ გრძნობდა ამქვეყნიერებას.
-ჩამოდი ბიჭო საჭმელი ვჭამოთ, ეს ბიჭი სულ გადარია ამ სიყვარულმა
-ცოლი უნდა მაგას, ცოლი
-უნდა და მოიყვანოს, ვინ უშლის?
-გოგო უარზეა, არ მინდიხარო?
-მერე გოგოს ვინ ეკითხება- გაბრაზებით იკითხა გიგას ბიძამ- ავდგეთ და მოვიტაცოთ!
გიგა ხიდან ჩამოხტა, ხელი წყლიანი თერმოსით გადაიბანა და ჭამას ჩუმად შეუდგა
- ნახევარი ოჯახები ასეა შექმნილი. ქალები ასე იფასებენ თავს. ვითომ არ უნდათ გათხოვება, მერე გეხვეწებიან დავრჩებიო, მაშინ გემუდარებიან, ოჯახი რომ სახლში არ დააბრუნებს
 ბიძას ეტყობა  ძალიან  აქვს ძვალ-ლბილში კავკასიური ტრადიციის მუღამი, სიამაყე ეტყობა საუბარში, მოწადინებულია ძმიშვილის ქორწილისთვის
თოთქოს ყველას ჭკუაში დაუჯდა არსენას ნათქვამი, საჭმლის  ღეჭვით მიშტერებოდნენ გიგას, რათა ამოეკითხათ, თუ რას ფიქრობდა ის.
-ამ ბოლო კვირას ჩვენს სოფელში ორი გაბედნიერდა. მოვიტაცოთ ის გოგო და კაი ქორწილიც გადავიხადოთ - არ ეშვებოდა არსენა ბიძია
-კარგი აზრია- ერთხმად დაასკვნა სანათესაო-სამეგობრომ.  გიგას არც კი ჰკითხეს, ისე შეუდგნენ გეგმის შედგენას
ნოდარი და გელა უნდა  დაგვეხმაროს.  გამოიტყუოს ნინა  სეფინას ფარდულამდე , იქ დავუხვდეთ, მოფარებული ადგილია, ყვირილის ხმასაც ვერ გაიგებენ, ვერც სადმე გაგვექცევა
გიგა ხმას ვერ იღებს. სამეგობრო მისთვის ირჯება, რა კაცობაა უარი რომ თქვას......
----------------------------------------------------------------------------------------------------------------  
მორფინმა თავისი გაიტანა. ნინა ორსაათიანი ძილით ,,დააჯილდოვა“
ჰალუცინაციაა თუ მოგონება? ელანდება ბავშვები როგორ ესვრიან ერთურთს  ჩანთებს
როგორ  ხვდება ერთი ჩანთიდან ამოფრიალებული კარალიოკი თავში.
-მაპატიე არ მინდოდა
-არა უშავს, ქორწილამდე გაგივლის
- კოპზე ოცკაპიკიანი დაადეთ-ღლიცინი, სიცილი, 
-ეს კოპი კი მოგშორდება ქორწილამდე, მაგრამ ის ბიჭი არა- ირონიულად გადაუჩურჩულა ნინას ჩოლკიანმა თეომ და ცენტრში მდგარი გიგასკენ გაახედა
ნინას გულზე შემოენთო, გაბრაზდა, არ იცნობს და არც უნდა გაეცნოს, არ მოსწონს, რით ვერ ჩამოიცილა, რით ვერ გააგებინა, რომ არ შეუყვარდება. პაემანზეც არ დათანხმდა, მისი გული სულ სხვა ბიჭზეა შეყვარებული,  ლადოს ელის. 
სიკვდილმისჯილივით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. ბავშვებში გიგაც იყო. დარდიანი აჩრდილები უენოდ მიჰყვებოდა მხიარულ მოყიჟინე სანახაობას.
გიგამ იმდენი მოახერხა, რომ  სიგარეტივით დაგორგლილი წერილი ჩანთის ელვის კუთხეში ჩააცურა, რომელმაც  ორი დღე , მალულად, შეინახა თავი სანგარში
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
90-იანების რკინიგზის სადგური ნაომარს ჰგავდა. კანალიზაციისა და დამწვარი საბურავის სუნი ხრჩოლავდა ჰაერში. საშიში და იდუმალი იყო იქაურობა, ბაქანზე დაწყობილი თბილისისაკენ მიმავალი ტომრები პატრონს შუქის  მოსვლის შემდეგ  ელოდა, ახლა ნინა ცივ, ბნელ დიდ დარბაზში მარტო ზის და თვალს არ აშორებს ჯიბის ქურდის აწრიალებულ სვლას.  მის მახვილ თვალს არ გამორჩენია ლამაზი გოგონა. გვერდით მიუჯდა გასაცნობად
-ბრილიანტს ვეძებ გოგონი და შენ მიპოვიხარ
ნინამ თვალი მოავლო უკაცრიელ დარბაზს, სიკვდილმისჯილის ფერი დაედო, მაგრამ საუბარში არ შემჩნევია
-სჯობდა ბრილიანტის მოძებნა გაგეგრძელებინათ
-ოჰო, ჰუმორის დემონს შეუპყრიხართ გოგონი. სკოლაში სწავლობ?
-დიახ
-არდადეგები გაქვს?
-მოკლე, -მზერა შეგნებულად აარიდა გულის ფართხალით
-გინდათ გაგაცილოთ? კისერი მოიღრიცა ბიჭმა და თვალებში ჩახედა
-გამეცალეთ, გთხოვთ, თითქმის მუდარით უთხრა ქალმა. ადგომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. სიმშვიდის შენარჩუნება სჯობდა ახლა. სადღაც ქალების ხმა მოისმა, სამბორბალა კაჭკით ტომრებს მოეზიდებოდნენ.
-ვიფიქრე, ამ სამდღიანი მგზავრობით გაგართობდით- მწარედ, გესლიანად მიუგო ბიჭმა
-ძმა მახლავს, მალე მოვა, სჯობს თავს გაუფრთხილდეთ....
ვიღაცის  ლანდმა შემოირბინა,სალაროსთან მივიდა, მოლარეს ბილეთისთვის პასპორტი მიაწოდა  ორი ბილეთ იყიდა და თითქმის თავჩაღუნული უნდა გასცლოდა დარბაზს, დაკვირვებით დააჩერდა ნინას და მოკრძალებული სალამი მისცა
გაუპარსავი, თმამოშვებული ლადო ძვლის შეიცნო ქალმა და თითქოს მდუღარე გადაასხესო, მთელი სახე სიმწრისაგან დაეცვარა. რაღა ამ დროს, რას იფიქრებს, უცხო მამაკაცთან მჯდარი როგორ მოვეწონები. თავი უმძიმესი აზრებით გამოეტენა, რეტდასხმული წამოდგა და ლადოსკენ   უტიფრად გაექანა. ჩაეხუტა და ჩუმად ჩასჩურჩულა
-მაპატიეთ, იქნებ მოვიშორო ეს პარაზიტი, რაღაც ცუდად ამეკიდა
- რა თქმა უნდა, აქ როგორ დაგტოვებთ. თბილისში მოდიხართ ხომ?- ცალი ხელი ქალს მკლავში ჩაავლო, ცალით კი ნინას ჩანთას ჩაეჭიდა.   ბიჭს მამაკაცურად შეუბღვირა, თვალებით ანიშნა  - აბა მოშორდი აქედანო.
ნინა ოდნავი ბარბაცით გაჰყვა ლადოს. 
-რა ნომერია თქვენი ვაგონი?-თავაზიანად ჰკითხა ქალს
ნინამ ბილეთი გაუწოდა
-ვა, ჩვენც მე-9-ში ვართ, ერთად გვიმგზავრია და ეგ არის
,,ჩვენ“ ტყვიასავით მოხვდა ქალს გულზე, გასასვლელში ლადოს გოგონა ელოდებოდა
- ეს გვანცაა, ჩემი საცოლე,  გვაანც ეს   ნინაა, თინოს  მეგობარი, სოფლიდან ვიცნობ
ნინას ყელში ათასი ბურთი ერთად გაეჩხირა, წამის ბედნიერება დაუსრულებელ უბედურებად გადაექცა.  ,,საცოლეო?“ თბილისამდე ამათთან უნდა იმგზავროს, ამათ უნდა უყუროს, მათ სიცილ-ხარხარს ზეზეულად, გაყინული ღიმილით უქნევდეს თავს?
მატარებელი მიიზლაზნებოდა, გაქრებოდა თუ არა შუქი, ერთს , ვეშაპივით ამოიღნავლებდა და წათვლემულივით  დაამუხრუჭებდა. 
სამი დღის დაძაბული მზერა, არეული გრძნობები... ბავშვურად მიამიტი ნინა, ეგოისტ, მოშურნე ქალად გადაიქცა.  ვერ უძლებდა მათ გადახვეულ მკლავებს, მგზნებარე სიყვარულს. 
კოშმარი იყო...საშინელი ხილვა. ცხელმა სუთქვამ, მოძალებული ემოციის  შეკავებამ ხორხი  არმურით დაუშანთა. ახლაც ამას გრძნობს იღვიძებს. ტკივილები უმძაფრდება
თვალი არ გაუხელია ისე იკითხა
-ლალა არ მოსულა?
-ჯერ არ მოსულა დედა გენაცვალოს, მალე მოვა ლალა, მანამ იოგურტი უნდა შეჭამო, 
ნანული, ვაშლის იოგურტს გაუხსნა თავი და  კოვზით გადაიწია ლოგინისკენ
პირი დედის ხათრით გააღო, მწარედ ჩაეცინა, მართლა მგლური ბედის  ბრალია ახლაც რომ დედა აჭმევს. 
-დედა, ეზოს ბოლოში  რომ ნიგოზი გვედგა, ხომ ხარობს?
- ხელს ვინ მოჰკიდებდა, ის ხომ შენი საყვარელი ნიგოზია. ხარობს შვილო აბა რას შვრება, ოთხი ვედრო ავხიკეთ წრეულს 
ნინას იმ ნიგვზის ტოტზე უყვარდა მეცადინეობა, მაგრამ რაც თბილისიდან დაბრუნდა, სწავლასაც უკლო და  ნიგვზის ტოტიც დაივიწყა. ფუფალასავით დაუსამარდა იმედები ლადოს სიყვარულისა. მაგრამ შეჩვეულ, ღამენათევ ოცნებებს თავი  ვერადავერ  დაანება.
იმ დღეს თინომ ლადოს ქორწილის ფოტოები აჩვენა, უხასიათოდ მოისმინა ორი გაკვეთილი, მეტს ვეღარ უძლებს, ტირილი უნდა, ლოგინში საბანწაფარებული ქვითინი. ნოდარმაც ჩააწვეთა -სახლში ვაპირებ წასვლასო. ნინამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და გაკვეთილებიდან გაითავისუფლა თავი.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
 ბუზი არ შორდებოდა ნინას თავსთუმალს, გულის რევა დაეწყო, ერთი კოვზი იოგურტიც ვერ შეირგო, სისხლიც გადმოაყოლა. ლალამაც ამოირბინა, ახლოს არ მიუშვა, თითქმის დაუყვირა -გარეთ გადიო. გიგა და ნანული ძვლის ამაგრებენ მოძაგძაგე ქალს საწოლზე, ფსიქოზი, შეტევა, კივილი... გაუსაძლისი მდგომარეობა....
ნოდარი და ნინა სეფინას ფარდულთან მივიდნენ. ნოდარმა, რაღაც  უცნაურად ჩამოართვა ჩანთა, ნინა შეკრთა, უცებ, უკნიდან, სალტესავით ძლიერი მკლავები შემოეჭდო, პირი აუკრეს, გაფართოებული, შეშინებული თვალებით ნოდარს ეძებდა საშველად, დასხლტომა სცადა, შებრძოლება, მაგრამ ამაოდ, უკვე ნივაში  პირაკრული უცნობებთან ერთად  მიჰქროდა. გაბუჟებული გონება ვერ ხვდებოდა უბედურებას, ინსტიქტურად კიოდა....როგორი უწეოა ამ დროს ქალი...
სავალი გრძელი  გზა აღმოჩნდა, შებინდებისას მანქანა დაცლილ,  მთის მიუვალ სოფელს მიადგა. მანქანიდან არ გადმოვიდა- გადმოათრიეს, არ გაიარა-გააფხოკიალეს, ოთახში საწოლზე თოკებით მიაბეს, შემოხეულ-შემოფლეთილი უქვეშაგებო ლოგინზე დატოვეს.კარი გაიხურეს და სიჩუმეში უმწეო დატოვეს. ათ წუთში ლამპა აინთო და ოთახში გიგა შემოვიდა. ნინას დაგუბებული კივილი მუცელში ჩაუბრუნდა. საწოლზე შეშინებულივით აფართხალდა.ისე აფართხალდა-როგორც ახლა ფართხალებს ავადმყოფობისგან, ისევე სიყვარულით უყურებდა გიგა- როგორც ახლა უყურებს, არ ემეტებოდა ასეთი სცენარისთვის, მაგრამ სამეგობროს და ნათესაობას ,,კაცობა“ ხომ უნდა უჩვენოს. ჩუმად, წყნარად დაიწყო გიგამ
-ჩემი წერილი წაიკითხე?
-გაახსენდა ნინას ორი დღის მერე   რომ მოისროლა ღუმელში
 -არ წაგიკითხავს! ჩემი სიყვარული აბუჩად აიგდე, არაფრად ჩააგდე, ზედაც არ მიყურებდი, მე კი ეს არ შემეძლო... უშენოდ არ შემიძლია, დღეიდან ჩემი ცოლი გქვია!
იმაზე უფრო საშინელი ელდა ეცა ნინას, ვიდრე ლადოს ,,საცოლის“ გაგონება. 
-ახლა პირზე მოგხსნი ნაჭერს - იმედია კივილით ნადირს არ დააფრთხობ. მე და შენ ვართ აქ მარტოდმარტო, სახესთან ახლოს მივიდა...
-მომშორდი, მეზიზღები, თავი დამანებე, არასოდეს ვიქნები შენი ცოლი!
- დაფიქრდი და შეეგუე. როცა დაწყნარდები, შეგიძლია საჭმელი ვჭამოთ ერთად.
-ვერ გიტან, ვერა, გავიქცევი, თავს დავაღწევ, მე შენი საკუთრება არ ვარ და არც ვიქნები, გამიშვი, შემეშვი.
გიგა ცეცხლივით აენთო, გეგმის ნაწილი იყო ხელში ჩაგდებული ნინას ცოლობაზე დაყოლიება. უნდა  გაბრაზდეს, უფრო მეტი სიტლანქე შეიტანოს ლაპარაკში, უნდა აღიგზნოს გამართლება ჰქონდეს მის საქციელს ... ნინას სიტყვები ნავთს უსხამს, ძალით სიბრაზესაც ჩემულობს, რამდენიმე წუთში ბოლო ხმაზე ყვირიან, ქალი კივის, კაცი  ცოფიანივით ღრიალებს... შეხება, მუქარა, გავეშება, ტირილი, სლუკუნი.... დედიშობილა, დაწურული, დალეწილი ნინას სხეული   უქვეშაგებო ლოგინზე ისევე უსიცოცხლოა, როგორც ახლა მგლურას ნაჯიჯგნი, სისხლდაკორძილი
თვალები გაახილა, უნდა ძალა მოიკრიბოს, ყველანი მასთან არიან. ლალა, ნანული, გიგა. ქმარს მაგრად ჩასჭიდა ხელი,
-მიშველე, არ მიმატოვო
-შენთან ვარ, საყვარელო, ჩემო გულო, ჩემო სიცოცხლე, ჩემო გაუხარელო!
სიკვდილი ახლოვდება თავისივე საქორწინო კაბით, სამასკაციანი ქორწილით, მაყრიონით
- მარტო შენ დარჩი....მოდის გონს და ამას ითხოვს
გოდებით და ზლუკუნით ტოვებს ოთახს ბებია-შვილიშვილი.
-არ მიყვარდი, მაპატიე-ბუტბუტებს ნინა 
-შენც მაპატიე, ჩემო სიყვარულო,სითამამე დაეტყო გიგას. 
-გამიშვი...
-არა, ვინ წამართვევს შენს თავს?, ვინ? ვინ? -ღრიალებს გიგა
ნინამ უკანასკნელად გადმოაფურთხა სისხლი და სულს ბოლო სიტყვა ამოაყოლა
-მგლურა
დაცხრა ოთახი, გაირინდა ბუნება. ოს, ეს საზიზღარი ბუზი მაინც არ წყვეტს ბზუილს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი