ძველი და თანამედროვე კრონოსი
შენი შვილი ვარ რომ ჩამყლაპე,გამწირე. გამომამწყვდიე შენში, დამმალე, ნაწლავები გადამაფარე,მომინელე. არ მცნობდი, არ მგრძნობდი. მარტოსული ვარ,მალვით გაზრდილი. ჩემ ნაცვლად ნაჭერში გახვეულმა,რბილად ჩაყლაპულმა ქვებმა ამოგივსეს მუცელში ღრმული. ყველა იმ ღმერთის ან ნახევრად ღმერთის ნაცვალი ვარ,რომელიც კრონოსის მუცელში გაიზარდა. ამბოხი ჩამისახლდა სულში, ყველას აგიმხედრებ, გარეთ გამოვიყვან მუცლიდან. შვილების პატრონს, გვერდით რომ არ გყავს ისინი ეს დაგღუპავს. მისნობის მსხვერპლს, მეშინია დღესაც მისან -მკითხავების. მათ სახლებს გვერდს ვუვლი, არ ვსტუმრობ და ყოველივეს ვარყოფ მათთან დაკავშირებულს. განწირული,სისხლიანი ნაწილი ვარ შენი მარადიული ბატონობის,პირი დახურე თორემ ძალაუფლება გამოგეცლება ხელიდან. და მაინც არ მეშინია, ფეხგაგლეჯილი ვბრუნდები სახლში. არ მინდა იქ დამხვდე. შვილებს ვუხმობ,ვეფერები,რომ გაგაქრო,ჩაგახშო,გაგაგდო ჩემი ცხოვრებიდან. ამოგანთხევინო დიდიხნის წინ შიშით ჩაყლაპული ნაშიერი ვამყოფო ისინი ჩემი მოდგმის გვერდით, არ დავადგა მათ კბილი, ვიგრძნო ჩემი სისხლი და ხორცი. კვლავ შემიტყუებს სხვა მახეში მამაზე ფიქრი, მოკვდავ შვილების ცხედრებს უკვე ვეღარ დავითვლი სიმწრისგან ახლა დამეფშვნება მყიფე ხელები და კრონოსს ვეღარ გავაძევებ ჩემი ფიქრიდან. ეკატერინე მაღედანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი