(უხმოდ ვაცილებ დღეებს თოვლისფერს ..)


უხმოდ ვაცილებ დღეებს თოვლისფერს,
არაფრისმთქმელი მზერით და ცამდე,
როგორც ხატის წინ უღიმღამ ლოცვას
ვატან, ჩურჩულით ხმის ჩახლეჩვამდე.
ქარი ნუშს ისე აცლის ყვავილებს
თითქოს სურს მკლავზე გადაიწვინოს
რომ მერე ჩვილის ფეხის გულებით,
სულიდან სულზე გადაირბინოს.
ვერ დავიფერთხე სევდა ფიქრიდან,
ველზე ელვარე თოვლის ზღვასავით,
და როგორც ნისლი, დამაქვს თვალებში
გადაწოლილი შორი გზასავით.
ვწერ და ლექსების განსხვავებული,
სადღეგრძელოთი მომაქვს ფიალა
რომ დღეს მოგიყვე თუ მონატრებამ,
გულზე რა ძალით გადამიარა.

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი