(ცივა და ფერდებჩაცვივნულ ღრუბელს ..)


ცივა და ფერდებჩაცვივნულ ღრუბელს,
მზერა აქვს, როგორც დამშეულ აფთარს,
და ქართან ერთად სულის ჩიტები,
ხელისგულებზე კენკავენ ზამთარს.
ყინულის კოშკებს ჰგავს მდუმარება,
სადაც აპნისი მზეთუნახავობს
და ყოველდილა ბროლის ხელჯოხზე,
ჩამოყრდნობილი უცქერს სამყაროს.
სიტყვებს ვეძებ და სიტყვის მაგიერ,
დარდი ფიალას სიჩუმით მივსებს,
და თითისტარზე გაბმულ ძაფივით,
ფიქრებს ბატის ფრთის საქსოვით მივდევ.
რომ წარმოსახვა რუტინად ქცეულ,
დღეებს მოვასხა სუნთქვით მღელვარე
თორემ ბალახზე ნარჩენ თოვლივით,
მზე ძველებურად აღარ ელვარებს.
თითქოს ღამესაც ჩემებრ სტკიოდეს,
გული და წუხდეს უთქმელ წუხილით,
და წამწამებზე ცრემლით დაკიდულს
ცა ჩამოჰქონდეს ჭექა-ქუხილით.
რომ გზა უმხედრო ველურ რაშივით,
აღარ თქორავდეს მიწას ჭიხვინით
და მარტოობაც ღმერთების მსგავსად,
იმოსებოდეს სულის სიშიშვლით.

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი