დილა ახელდა მძინარე თვალს
... დილა ახელდა მძინარე თვალს და ამომავალ მზის ტკბებოდა ხედით ქარს გაზაფხულის მაჯა ეჭირა და პულსს უთვლიდა გამხდარი ხელით. ვხედავდი როგორ ზრუნავდა ქარი, სიზმრისთვალება შეყვარებულზე და თითქოს მსურდა რომ ყვავილივით, გადავშლილიყავ მეც ვინმეს გულზე. ვინც მუჭისხელა მკერდში ჩამტევდა ფრთებმოთქარუნე ლაღი ჩიტივით და სიყვარულის დაუჭკნობ მზერას შემომაცმევდა ტანზე ჩითივით. და როგორც ზღვაზე მძვინვარე შტორმი, ამიღელვებდა ფიქრთა საუფლოს, სულიდან სულში გადმაფრენდა და შემიყვარებდა უფრო და უფრო. ვინც გამხდარ ტანზე დიდრონ მთებივით გოლიათურ მხრებს დამაფარებდა, და ბუმბულივით ხელში ატაცილს, ვნების ქარ-ცეცხლში გამატარებდა. ვინც მომძებნიდა უხსოვარ დღიდან, საუკუნიდან საუკუნეში და ფერდქვეშ როგორც, ფეხს ბროლის ქოშში, უმალ ჩამტევდა დამსხვრეულ ნეკნში. ვინც ჩემს ხელს სთხოვდა თვით სიყვარულის, უზენაესი გრძნობის ქურუმებს, და ჩემს თვალებში მბრწყინავ ვარსკვლავებს, გაუღიმებდა ვით ქერუბიმებს. სურვილი როგორც ფუტკრის ნესტარი ულმობლად მჩხვლეტდა მკერდის არეში, როცა ვხედავდი ვით წარმოსახვას, აბსტრაქციული ტრფობის მხარეში. რომ ქარს მიჰყავდა კვირტის ჩვილი და გაზაფხულს ქორფა მკერდზე უწვენდა და მზრუნველობით ჰგავდა იმ მამას, პირმშოს საწოლს, რომ ფხიზლად ურწევდა. იქნებ ოდითგან ჩვენზე ლამაზად შეეძლოთ ტრფობა მათ დიდებული, და როგორც ღმერთებს დაჰქონდათ გული, მარადიულ მზით გაბრწყინებული. როგორც ოცნებებს ახლა დილასაც თითქოს ფერი აქვს ნუშის თვალების და მეც ქარივით დამაქვს სურვილი კენტი დღეების ფერისცვალების. ეკატერინე ზურაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!