ქალაქურ სახელს ვარქმევ ამ თვეს
... ქალაქურ სახელს ვარქმევ ამ თვეს და როგორც ბრჭყვიალა დღეთა არეზე ლამაზი ქალის საფირმო მზერა, ბილბორდებს სცვივათ ტროტუარებზე. ახლა თბილისსაც სულ სხვა ფერი აქვს მორთულ მოკაზმულს სადაფის მძივით, და რაც მხიბლავდა უწინ, თითქოს დღეს გაჰქრა უდაბნოს ოაზისივით... ვერ შევეგუე ფარსის მარწუხებს, როგორც სიცრუეს და მლიქვნელობას და თოთოსავით მიწევს მკლავებზე, დღემდე ბავშვური გულუბრყვილობა. გაჰქრა დაიმსხვრა, ცრუ წარმოდგენაც, ვით ხელოვნური ყოფის გენია, და ახლა სული როგორც ფანტელი ხეზე შერჩენილ თოვლის ფერია. სევდაც ალუბლის ყვავილის მსგავსად გათოშილ კვირტზე მზეს, რომ იფარებს, ხან გადამივლის ზღვის ტალღასავით ხან ტალღასავით გადამიფარებს. და გაზაფხულის იდუმალ მზერას, ვგრძნობ ახლა თითქმის ყველა ნაბიჯზე და ქალაქს როგორც მესამე თვალი, ისე უბრწყინავს მზე გულისპირზე. თითქოს აკვანში მწოლ ბალღებივით, აცმაცუნებენ ტუჩებს კვირტები, და ხეზე ტოტებს დედის ინსტიქტით, აქანავებენ მჩატე ჩიტები. წლებიც ფეხდაფეხ მისდევენ ქარებს, როგორც ლექსები გაურითმავი, და თითქოს განცდა მაქვს იმ წიგნივით, დღემდე რომ დარჩათ წაუკითხავი... ეკატერინე ზურაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი