*** ("მე ვეძიები სამყიფოებს და არა სამყაროებს...")


მე ვეძიები სამყიფოებს და არა სამყაროებს.
სამყიფოები არსებობენ ჩემნაირთათვის,
მათთვის ვისაც უყვართ მსხვრევა,
მსხვრევა სამყაროში არსებულთათვის..
მე წავალ საკუთარ სიმყიფით
და აღარასდროს დავბრუნდები.
საკლასო ოთახებში ბავშვები ისევ მშვიდად მოუსმენენ მასწავლებლებს,
მოსუმენენ ისე, როგორც მათ სურთ,
ისხდებიან ისე, როგორც მათ სურთ.
კედლები დარჩებიან წარწერების გარეშე,
გადაღებილები, სიცარიელიდან ამოზიდულ მზერებს შეიფარებენ.
ეს მზერები ჩემი წასვლის შემდეგ ინარჩუნებენ სიმშვიდეს და
როცა ჩემი მასწავლებელი შინ დაბრუნდება, სხვათა შინაგანი კულტურის გარჩევის შემდეგ, „შენი დედაც“ -ეტყვის მეუღლე , შვილი ან საკუთარი თავი _სარკიდან,
ეს სიტყვები კი გაახსენებს ჩემს სხეულს, რომელიც ჩემი თაობისთვის დამახასიათებელ მარტოობას შევწირე.
ჩემს მასწავლებლებს არ გაახსენდებათ ჩემზე ქრისტე,
არა და მეც ქრისტესავით დავტოვე სამყარო,
უბრალოდ მე ვთქვი - შემიყვარეთ
და ქრისტემ - შეიყვარეთ.
სამყაროს კი ჩვენი ხმა არ ესმოდა
და ახლა _ვერც შენს ხმას გაიგებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი