*** (ნოემბრის მიწურულს...)


ნოემბრის მიწურულს,
ჯერ კიდევ დაუცვენელ ფოთოლთა ჩრდილებს,
ჩემი ცარიელი ოთახის ფანჯრიდან ვუმზერ,
როგორ აწვიმთ......
მათ ხმა არ ესმით,
გრძნობენ განათებულ ბინებში,
როგორ სვამენ მშობლები ყავას მყიფე ჭურჭლებით,
საკუთარ ცოდვებთან,
საკუთარ თავთან,
მერე ემსხვრევათ ეს ჭიქები, პორცელანების,
მსხვრევა არ ისმის.
ისინი ემზადებიან სულთა ექსპლუატაციისთვის,
მათი შვილები კი გაყინულნი ფანჯრის რაფასთან დგანან,
ცხოვრობენ სევდით,
ფარულ ტკივილით ემსგავსებიან მარადიულად ჯვარცმულ მაცხოვარს
და მზერათარმქონე ანგელოზს ჰგვანან.
მეხსიერების მქონე ჩრდილები წამიერნი არიან,
ჩვენივ ფიქრივით,
და მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში რჩებიან...
დაუცვენელ ფოთოლთა ჩრდილები ტოვებენ ყოფას,
და იქცევიან პირველქმნილ ხატად .
ჩემთან ერთად ცდილობენ ჭიდილს,
ჭიდილს სიზმარეთთან, როგორც შორეული ზღვის სიშიშვლესთან,
რომელიც მხოლოდ ჩემს მეხსიერებაში არსებობს
და ზმნისწინივით თან მდევს ქუჩებში ხეტიალისას,
წიგნის კითხვისას,
სხვათა სმენისას.
მზის ნათებისას,
არნათებისას.

2019.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი