შორისი


ნოემბრის ფანჯრებს ჩამოეხსნა შენი მზერა,
რომელიც ყოველწლიურად საკუთარ თავს აკლდება და ემშვიდობება.
ცივმა, ლურჯესმა დილებმა შემოიცვეს მარტოობის სამოსელი,
შენი არმყოფელი სამოსელი.
დილიდან საღამომდე მზეზე დამოკიდებული ჩრდილივით იცვლება ჩვენი სიზმარი,
და მე განვიცდი ამ სიზმრის ნათლისღებას, ნათლისცემას და ისევ ჯვარცმას.
დატოვე საგნები, რომლებშიც ცხოვრობ,
ისინი საკუთარ თავშივე არარსებულნი, მიტოვებულნი და მოგონილნი არიან.
ნუ დაუჯერებ საგნებს, რომლებიც შენს თავში _“მეს“ პოულობენ და გიქმნიან ილუზიას,
რომ არსებობ, სუნთქავ და განიციდი.
შენ ხარ უძირო სევდის ძალისი.
და შენ ხარ ხალხში,
და შენ ხარ სახლში,
და შენ ხარ სხვების თავებში გამომწყვდეული მხეცივით, რომელიც
დანებდა ოთახში უკანასკნელად ანთებულ სანთელს,
დანებდა უკანასკნელად ჩამოცვენილ ცრემლსა და ათრთოლებულ ხმასთან.
ახლა კი ისევ ის საგნები გეუბნებიან რომ_
შენ არ არსებობ,
შენ არ სუნთქავ,
შენ არ განიცდი.
ნოემბრისხელა სიმაღლიდან კი ცვივა ფანჯრები,
საგნები,
ფიქრები,
ცრემლები,
გაუკაცრიელებული შენი სხეული,
უნაყოფო შენი ნაყოფი.
2019.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი