ოთახი


....                            
-როცა დაღამდება, მაშინ მიხვდები, როგორ მიედინება სხეულში ტკივილი...მიხვდები, რომ წუხული ირგვლივ არ არის, ის შენში ცხოვრობს, შენ კი ცდილობ გამოხვიდე ცრემლნარევი კანიდან, რადგან ხვდები, რომ უკვე ვეღარ აიტან უბიწო სხეულში შენს არსებობას და არ მოგინდება დარჩე დიდხანს, რადგანაც არც გაქვს დარჩენის ერთი მიზეზიც...
ფიქრობ, როგორ აეყუდო სახლის კედლებს ან კუთხეში მიიყუჟო, ყველას აარიდო თვალები, რადგან მათი მზერა სულს გიჭამთ, ფიქრებს გირევთ, თავს გაკარგვინებთ ან და პირიქით გეხმარებათ, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი თავი, შემდეგ კი შეიძულოთ ის მთელი არსებით, გეზიზღებოდეთ ის, რადგანაც არაფერი ხართ, არაფერი... არც საკუთარი თავი ხართ ბოლოდე და ვერც იქნებით, სანამ თქვენს ყველა საიდუმლოს შავ, იდუმალ ღამეს არ მოუყვებით, რომელიც ისე ჩუმად დაგიგდებთ ყურს და ისე გაფაციცებით მოგისმენთ, რომ უმალვე იგრძნობთ თქვენს შორის კავშირს, რადგან ღამესაც და თქვენც დიდი სევდით აღსავსე მარტოობა გაკავშირებთ.
-მეზობელო, შენ ფიქორბ, რომ ღამე დამეხმარება ტკივილების დამარცხებაში? ღამეს არაფერი შეუძლია...
-ცდები, ღამე ყველაზე დიდი საცავია საიდუმლოების, ტკივილის, მონანიების, ცრემლების, ღამე უდიდესი სამყოფელია სევდის. სევდის, რომელიც ყველა ადამიანის გულში ცხოვრობს. ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია შენს სულს შეეხოს, შენი ტკივილები შეიფაროს და ლოდივით მძიმე წუხილი შეგიმსუბუქოს, რომელიც ასე გაწევს შიშისგან გადახრილ სხეულზე და არ გაძლევს საშუალებას გაიმართო.
-ეჰჰ მე ისეთი რამ ჩავიდინე...
-ყველა ადამიანი ჩადის წარმოუდგენელ სისულელეს, სისაძაგლეს, ცოდვას ცოდვაზე ამატებს, მაგრამ მათ ჯერათ, რომ ამ ყველაფერს მაინც შეუნდობს ღმერთი და შენც იწამე ქვეყნად ისეთი ღმერთის, რომელიც რაც არ უნდა დიდი ცოდვა ჩაიდინო, გაპატიებს... ეძებე ეს ღმერთი საკუთარ თავში და იპოვნი, როგორ დაადგე იმ გზას, რომელიც მიგიყვანს უკეთეს შენ თავთან და გაპოვნინებს საკუთარ მეს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი უნდა შევცოდოთ, ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დავუშვათ, რომ მივხვდეთ რა კარგები ვიქნებოდით ამ შეცდომების გარეშე და შევეცადოთ იგივე ცოდვების ჩადენისგან დავიცვათ სხვები, რათა გავხადოთ სამყარო ცოტათი მაინც უკეთესი, ვიდრე ახლაა.
-მე მკვლელი ვარ! იცი? ერთი გულისამრევად საძაგელი მკვლელი, რადგან ადამიანად დაბადებული ცხოველად ვიქეცი, რადგან ბოლომდე შემისრუტა ხალხის იმ მასამ, რომელთაც გზა აბნევია და გაჩერებულა ცხოვრების ყველაზე დიდ მწვერვალზე, საიდანაც მათ უფსრკულში გადაჩეხვა ემუქრებათ... უფსკრული კი ისეთი ღრმაა, უძირო, სულის შეკვრამდე შავი, რომ ეს მასა, რომლებსაც თვალებზე ბინდი აქვთ გადაკრული, ხოლო პირში თავისივე სიმართლე გამოუმწყვდევიათ გასაჩუმებლად, თანდათან უახლოვდებიან იმ დაწყევლილ უფსკრულს თავიანთი უსულო სხეულების, უტვინო თავების, უგრძნობი თვალების, უმოქმედო ხელების, უსამართლო, უქონელი სინდისის გადასაჩეხად, გადასაყოლად ყველა ზიზღის, შურის, ტკივილის, ამოსახეთქად ყველა ემოციის.
თანდათანობით მითრევენ მეც და ყველა ჩემნაირსაც, ჩვენ არ ვართ ღირსნი სიცოცხლის, რადგან ერთი წამითაც არ გვიცხოვრია ისე, როგორც ,,ადამიანებს"...
ახლა კი ისე გამიხშირდა სუნთქვა, ისე დამიმძიმდა სხეული, მომეკვეთა ფეხები, ახლა ისეთ სისუსტე ვიგრძენი, რომ ვიცი, დარჩენილი ვარ მხოლოდ არარაობა! გესმის? მე მკვლელი ვარ... მკვლელი.
...

                                
ოთახის ფანჯრებს ფარდებად ნისლი ეკიდათ, ბურუსში გაჰხვეულიყო მთელი სახლი. სისხლი წვიმდა ოთახში, მძიმედ ეცემოდა იატაკს და ყოველი დაცემა ისეთი მტკივნეული იყო, კედლები იგლიჯებოდა, ხოლო ოთახის ოთხივე კუთხიდან ბავშვის საზარელი ხარხარი ისმოდა, გარეთ კი სიჩუმე გატრუნულიყო, ტიროდა ძაღლი. ნელი ნიავი, რომელიც ხეებს ვალს აცეკვებდა უეცრად ბობოქარ ქარიშხლად გადაიქცა, ძაღლი აყეფდა და ბავშვმაც შეწყვიტა სიცილი. ქანაობდა სახლი, ყველაფერი ქანაობდა: ცარიელი საწოლი, გამხმარი ვარდებით ცარიელი ლარნაკი, ქანაობდა თოკზე თავგაყრილი ბავშვი და კიოდა სევდა, კიოდა ისე მწარედ, რომ მეც ამ დროს გამომეღვიძა.
ღმერთო... ეს რა იყო?!
არა, არა ასე ხომ გავგიჟდები, უნდა ვთქვა, უნდა ჩავბარდე.
ოფლი მასხამდა, პულსი ამიჩქარდა, მთელი ღამე არ დამიძინია, ვბორგავდი. თავში ქაოსი სუფევდა, სრული საგიჟეთი იყო. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, პირველად ჩემს ცხოვრებაში ისე შემეშინდა, როგორც არასდროს.
წამოვდექი სიგარა გავაბოლე, ვეწეოდი სიგარას და ოთახში ბოლთას ვცემდი, ახლა კი ისე მომინდა დედას ჩავხუტებოდი, რომ სუნთქვა შემეკვრა, ავტირდი და კედელთან ჩავეკეცე, მოლოდინი ყველაზე გრეძელი ღამესავით გამეწელა, მაგრამ, არც არავინ იყო მომსვლელი... მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ყველაფრისგან დაცლილი, ცარიელი მე და სევდით სავსე ოთახი.
....

ე.მარღია
#პროზა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი