ვინ არის "მე"?


დარდიანი და მოწყენილი რომ დაუჰყვები სახლისაკენ მიმავალ ქუჩის ბილიკს, ყურსასმენებში ბოლომდე აუწევ შოპენს და მაშინვე, როგორც ყოველთვის სევდა შემოგაწვება.
გვერდით მიმავალ შენს თავს შეხედავ გვერიდან და მიხვდები, რომ საერთოდ არ იცნობ საკუთარ თავს. მზერას არიდებ და ნაბიჯს აუჩქარებ, რომ რაც შეიძლება წინ წახვიდე და გვერდიდან მოიშორო შენი აჩრდილი, რომელიც დაღლილი სხეულით წამითაც არ გშორდება.
რაზე ვოცნებობთ უბრალო ადამიანები? შენ თუ გინატრია რამე ოდესღაც? მე დღეც იმაზე ვწუხვარ, რაზეც დარდიდაც შენ ყოველ ღამე ვერ იძინებ...
მეც ვოცნებობდი, თუმცა ვიცი რომ ყოველივე ეს აბსურდია, დიდი ტყუილი. ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ რაღაც, რაც მისცემთ ხელჩასაჭიდს, რომ ცხოვრება გააგრძელონ.
მე კი გეტყვი, რომ დავნებდი... ახლაც იმდენი რამის თქმა მინდა შენთვის, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრი.
რომ არა ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს.
არასდროს შეიყვარო პოეტი, რადგან პოეტს სიყვარული არ შეუძლია. რა? ჩვენი ,,სიყვარულიც" ამის დასტური არ არის? შენ შეგიყვარდი მე კი შეგეჩვიე.
მე მხოლოდ შეჩვევა შემიძლია... მე შევეჩვიე მარტოობას, სევდას, ტკივილებს, საკუთარ თავს და ახლა, როცა ნაცნობ ქუჩაზე ჩემს აჩრდილთან ერთად მივდივარ ნელი სიო თმას მიშრიალებს და წარმოვიდგენ, როგორ ეხები შენი თეთრი, მკრთალი, გრძელი თითებით ჩემს თმებს, თვალებს ხუჭავ და იმახსოვრებ ჩემი თმების სურნელს...

მე შევამჩნიე როგორ ამოისუნთქე...

როგორ მგონია რა არის სიყვარული?
მოდი რჩევას მოგცემ, მაგ კითხვას სხვას ნუ დაუსვამ, თავადვე იფიქრე, რადგანაც ადამიანების უმრავლესობამ არ იცის სიყვარული. მე ამას ძალიან ადრე მივხვდი და საკუთარ თავს მივეცი იმის უფლება, იფიქროს იმაზე, თუ რა დიდი ბედნიერებაა, როცა იმ სხეულს ეხები, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს.
რაზე შეიძლება ადამიანებმა ილაპარაკონ? როცა აკეთებენ იმ საქმეს რაც ეზიზღებათ, როცა მიდიან იქ სადაც მისვლა არ უნდათ, იღიმიან მაშინ როცა ტირილი უნდათ და ლაპარაკობენ მაშინ, როცა სიჩუმე ყველას და ყველაფერს ურჩევნიათ.
მე მოვედი, რადგან დამიგროვდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები და ჩემს თავთან ყოველდღიურ ჭიდილში ვხვდები, რომ უკვე იმდენი ვიცი და მესმის, რომ შემიძლია ტკივილები მტკიოდეს და ვუგებდე მას.
მე დიდი სევდა ვარ,
მე სიჩუმეც ვარ გამაყრუებელი სიჩუმე,
მე უსასრულო სივრცე ვარ, სადაც შეგიძლია მშვიდად მოთავსდე და საკუთარი მე ეძიო
მე ტკივილი ვარ დაუსრულებელი, გაუსაძლისი ტკივილი,
მე შეიძლება ვიყო ლოდინი ავტობუსის გაჩერებასთან, ვიყო მელოდია, რომელსაც ყოველ ღამე ძილის წინ უსმენ, ვიყო ფიქრები, რომლებიც ყოველთვის ბორგავენ და არ ისვენებენ, ვიყო ხელები, რომლებიც ძლიერ შემოგეხვევიან, მე შეიძლება ვიყო ცრემლები, თვალები, წვიმა, ვიყო სიტყვები არაფრის მომტანი, მაგრამ აზრიანი. მე შეიძლება ვიყო ყველაფერი, თუმცა მე ვერასდროს ვიქნები ჩემი თავი სანამ არ მეცოდინება ვინ არის ,,მე" და ამიტომ ახლაც სახლის კარებს ვაღებ და ოთახის კუთხეში ვიყუჟები, რათა თავი ავარიდო ჩემს აჩრდილს, რომელიც ისევ გვერდიდან მიყურებს და დამცინის. დამცინის რადგან იცის, იცის ჩემმა აჩრდილმა ვინ ვარ მე სინამდვილეში...

ე.მარღია
#პროზა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი