რეინკარნაცია


ღმერთო ჩემო, რომ დაფიქრდე შეიშლები, თურმე რამდენის ატანა შეძლებია ადამიანს... სულამდე შეგძრავს იმის აღქმა თუ რაოდენ მტკივნეულია ყოველი უიმედო ღამის გათენება, არარაობად ქცეული ადამიანის რეინკარნაცია მხეცად, რომელიც დაცოცავს პირწავარდნილი, მოხრილი ხაოებიან კედლებზე, რომლებიც მარტოობისგან ისე ჩამომხმარან, გაცვეთილან, რომ ერთ დროს უნებურად ჩამოიგრევიან მიტოვებული, მივიწყებული ტაძრის კედლებივით, ჩამოიშლებიან და დიდებულ წარსულში დიდებულად მყოფნი იქცევიან ნანგრევებად, ქვებად, რომელთაც დავიწყების სუნი აუვათ, მიტოვების. სულში ჩამკვდარი ტკივილების სისველე დაახრჩობთ და საკუთარი ნაოჭიანი ხელებით თავს გაიგუდავენ. დადუმდები და სიჩუმეს მოუსმენ ფანჯრებიდან შენს აივანზე მძინარე მთვარეს მოჰკრავ თვალს. ნისლები აჩრდილებივით შემოიჭრებიან შავ ოთახში და შენს ცარიელ სულში ჩასახლდებიან, შემოგეჭდობიან ამებასავით, შემოგხვევენ ხელებს, შენს ფიქრებში დაიმალებიან და შენც მიყუჩდები, გაირინდები თავისთავად დახუჭავ თვალებს. ვიღაცის, გზაზე მიმავალი კაცის ფეხის ხმას დაუგდებ ყურს და შენც წასასვლელად მოემზადები... ადგები და ერთიანად აგატანს კანკალი, ფეხებში ძალას დაკარგავ, რადგან იგრძნობ, რომ არ შეგიძლია ის ტკივილი, ტყუილი, სევდა, სიბინძურე მიატოვო, რომელიც დღითიდღე გასაზრდოებს და გკვებავს. არ შეგიძლია ასე უბრალოდ ადგე და გაექცე ამ ყველაფერს, რადგან საზიზღარი რეალობა გაქვს გამოდებული ფეხებზე ტონიანი რკინასავით და ისე დაუმძიმებია შენი ბებერი, ნაოჭიანი, გამხმარი, მოკეცილი ფეხები, რომ ნებდები! ისევ შენს საწოლს უბრუნდები და ურიგდები გაცვეთილი რეალობის მტანჯველ სიამოვნებას, რადგან ის ბოლომდე შენშია, შენს ორგანიზმს კვებავს, მეტასტაზივით მოსდებია ყოველ კუთხე-კუნჭულს, დაუპყრიხარ. შენც გაცამტვერებული, ბოლოდე დაღლილი ეგუები, ეგუები შენს დამარცხებას და ნებდები.
არადა ისე ლამაზად თოვს გარეთ, ისე სულის შემკვრელად ბარდნის მთებს, მის ვიწრო ბილიკებს, რომ ახლაა, სწორედ ახლა! წასვლის დრო.
შენ კი დგები და სარკეში შენს თავს უყურებ.
უყურებ,
უყურებ,
უყურებ
და სარკიდანაც გამაყრუებელი გესმის ყვირილი ,,ჰეი, შემომხედე! ვერ გრძნობ ჩემს ტკივილს?! ვერ ხედავ მას?!"
და შენ
იღიმები
იღიმები
იღიმები...

ე.მარღია
#პროზა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი