გაღვიძება


თენდება, ღამის დარდიან სიშავეს მზის სინათლე ცვლის. მძიმედ ახელ თვალებს და შენს სევდისფერ ბალიშს უტოვებ ღამის ცოდვებს, ღამის განცდებს, ემოციებს, ცრემლებს, ღამის ტკივილებს. ერთიანად ფუთავ შავ კუბოსავით გრძელ ყუთში და შენს საწოლს, შენს ბალიშს უთმობ, შენ კი ემზადები გასაღვიძებლად, მაგრამ იცი, რომ ყოველი ახალი დილის პირველი თვალის გახელა, პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია, მაგრამ შენ მაინც დგები და  ძლივს ეტევი იმ ნესტიგან გახუნებულ ვიწრო სახლში, რომელიც გიჭერს ოთხივე მხრიდან და არ გაძლევს საშუალებას იმოძრაო, რომ აქნიო ხელები და ფეხები, რომ იყვირო, გააფრინო, რომ იგრძნო თავისუფლება, შენი სხეული კი უბრალოდ დგას შუა ოთახში ჩამოხმარი, ბოლომდე გადახრილი და ელოდება პირველი ნაბიჯის გადგმას. ერთი ზომით ვიწრო პერანგში ეტენები, ერთი ზომით დიდ შარვალში სახლდები და ერთი ზომითვე ვიწრო, გაცვეთილ ფეხსაცმელს იცვამ, რომელსაც ყველაზე მეტად დასტყობია შენი ფეხების ტკივილი, იმ გზების ტალახი შემოხმარა, რომელშიც დღითიდღე ეფლობი და არც არავინ გყავს, გაშლილი ხელი რომ გაგიწოდოს. შენც თავისთავად, უნებლიედ ნებდები და თავით იმ ორმოში იძირები, რომელშიც ცხოვრებამ გადაგისროლა, სადაც ხსნას ხედავ ამ ბინძური სამყაროსგან მოშორების, დანებების, წასვლის, სიკვდილის... 
სიმარტოვისგან დანაოჭებული, ცივი ხელებით ეხები სევდიან სახეს, სიცარიელეს აცლი სიჩუმისფერ თვალებს და ძალას ატან ფეხებს პირველი ნაბიჯისთვის და აი, გადადგი! ოთახის ზღრუბლს გადაცდი და მძიმედ მოიხურე კარი. ლიფტისთვის განკუთვნილი მონეტა გუშინ ღამით ყელში გაგეჩხირა და ამიტომაც ფეხით დაუყევი სართულებს, შავი, ჩუმი სადარბაზოები ფეხაკრეფით ჩაიარე და 99 სართულიან ქოხიდან ქოშინით გამოხვედი. იგრძენი ფილტვებში სუფთა ჰაერი?
არა! რადგანც ტკივილი გივსებს ალვეოლებს, წუხილი მიედინება შენს კაპილარებში და გულნატკენი სული ვერ უძლებს ცოდვიანი ხელების ფათურს. შენც ნატყვიარივით ყველა ჭრილობაზე მარილი მოიყარე და ჩაიკეცე, ჩაიკეცე, რადგან ამოგესუნთქა ისე ძლიერ, როგორც არასოდეს. ამოგესუნთქა, რათა ამოგენატანა სულის ყველა გოდება, მისი ჭრილობა შეგეკერა, ჰაერს ეტრიალა ფილტვებში ტკივილის ნაცვლად და კაპილარებში სისხლს ეჩქება ნაცვლად წუხილისა, ახლა კი ბოლომდე დაეცი პირაღმა ზეცისკენ და შენი სიჩუმისფერი თვალები ზეცას აღაპყარი. იქნებ ერთხელაც მიგეცა ძალა შენი სხეულისთვის, რომ გეღრიალა იქ, ზეცაში, ,,ღმერთის" გასაგონად, რომ ყოველი დღე ტანჯვაა ამ ულმობელ სამყაროში. გეღრიალა, რომ მისი სამყარო არაფერია, გარდა იმ ადგილისა, სადაც თითოეული წამი სულისშეკვრამდე მტკივნეულია, უიმედო, ბნელი უფსკრულივით უძირო და გამაყრუებლად შავი. გეღრიალა, რომ ის დამარცხდა! დამარცხდა ადამიანთან.
დავიმსახურეთ? იკითხავ, ვიცი, იკითხავ და იცი? პასუხის გაცემას ვერ შევძლებ, რადგანაც უკიდეგანო სამყაროში, სადაც სიცოცხლეა, სადაც ღმერთია ერთ უცოდველს ვერ იპოვით! შენ კი ადამიანო ის გრძელი ხის ხიდი ხარ, რომელიც გადებულია დედამიწიდან უსასრულობაში და ყველა დაბიჯებას იტან, ყველა გადავალს, ყველა ცოდვას, ყველა წვიმას, თოვლს, სეტყვას. იტან და თანდათან შენი სხეულის ნაწილები იგლიჯება მოღალატე ძაღლის ხორცივით, ეწირება უცოდველ სამყაროს ამ უსასრულო სივრცეში, იმ სამყაროს, სადაც არ იქნება ადამიანი.
არ ღრიალებ უბრალოდ დგები. შეიშლები ამ ყველაფრისგან. შეიშლები და პირველად იგრძნობ ნაპერწკალს სიხარულის, რადგანაც შეშლილს სულ ფეხებზე გკიდია ეს ბინძური სამყარო, ეს ამაზრზენი რეალობა და ხარხარებ შუა ქუჩაში. ყველას გასაგონად ძლიერ ხარხარებ იოგების ჩახლეჩვამდე და ახლა ამჩნევ, რომ ხალხმა შემოგხედა.
ეჰ! ადამიანო...
ხედავ, რომ ბრომ შეგამჩნია, დაგცინა, შეგიზიზღა და გვერდით ჩაგიარა. შენც კმაყოფილი სახით წყვეტ სიცილს და ოთხმოცდაცხრამეტ სართულიან ქოხში ასვლას იწყებ. ის გუშინდელი ლიფტისთვის განკუთვნილი მონეტა ისევ ყელში გაქვს გაჩხერილი და ორმოცდამერვე სართულამდე შენი სხეული ხელით აგყავს. ქოშინით მიადგები ძველ, ლურჯ კარს და ჭრაჭუნით აღებ, ნაბიჯს გადადგამ და მაშინვე მოგიჭერს ოთახი. იხდი ერთი ზომით ვიწრო პერანგს, ერთი ზომით დიდი შარვალს და ახლა იმ შავ, კუბოსავით გრძელ ყუთში წვები, სადაც გქონდა ჩამალული ღამის ყველა საიდუმლოება, მათ სათითაოდ მოარგებ სხეულს და აჩრდილად გადაიქცევი, ადამიანის აჩრდილად.
ხუჭავ თვალებს ვიდრე გახელის მიზეზი არ შემოგეჭდობა ხელებზე ასწლიანი სუროსავით, მანამდე კი ეგუები, ურიგდები ამ სამყაროს, რომელიც ამავდროულად ასეთი საყვარელი და საზიზღარია!..


ე.მარღია
#პროზა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი