მე
ადამიანებმა დავკარგეთ საკუთარი იდენტობა არა იმიტომ, რომ ის უბრალოდ აღარ გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ, ალბათ, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით, ის გვისხლტება ყველაზე მარტივად ხელიდან. ვინმეს თუ შეუძლია, ნეტავ, საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ დაზუსტებით იცის, ვინცაა, ისე, რომ ამ სიტყვებში წამითაც არ შეიტანოს ეჭვი? თითოეული მსგავსი სიტყვა, რომელიც შენი უავტორო პირიდან არის ამოსული, რაღაც მომენტში ისეთი სასაცილო ხდება, სევდით მოგვრილ სიცილს რომ დაგაწყებინებს. თან ამას მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ, როდესაც შენს გარშემო აღარავინ რჩება — ისინი, ვისთვისაც ამ პიროვნებებს ქმნი; იმ პიროვნებებს, რომლებიც ისეთებად აღიქმებიან, როგორადაც გინდა, კონკრეტულ ეპიზოდში დანარჩენი მაყურებლისთვის მოჩანდე. ჩვენ ყველას გვეშინია საკუთარი ნამდვილი „მეს“. არ ვიცით, მას საზოგადოება როგორ მიიღებს, რადგან თავად ვიცნობთ მის მხოლოდ პაწია ნაწილს — იმ გატყავებულ, მახინჯ „მეს“, რომლისაც თავადაც გვეშინია. დილას, უღიმღამო ამინდში, როდესაც ფანჯრიდან ყველაფერი ნაცრისფრად მოჩანს, ის შეფხიზლდა ღამის მკვდარივით ძილის შემდეგ. მძიმე ქუთუთოების აწევა რამდენჯერმე სცადა. მეხუთე ცდაზე თვალები გაახილა. გარემო შეათვალიერა, რომელსაც ყოველ დილას რუტინულად უყურებდა. ღმერთო, როგორ სძულდა ეს ნახევრად ჩამოხეული, სიძველისა და ნესტისგან ჩაყვითლებული შპალერი, რომელიც ადრე, მის ბავშვობაში, ძალიან ლამაზი, კრემისფერი იყო. ფეხზე წამოდგა, მარჯვენა ხელი საწოლთან ახლოს მდებარე ტუმბოსკენ გასწია და ყავისფერი ტყავის ბლოკნოტი აიღო, რომელსაც სიძველისგან თავი შემოჰხეოდა და ყდაც ნახევრად მოგლეჯილი ჰქონდა. ბლოკნოტი გადაშალა და საჩვენებელი თითი ფურცელს ჩამოაყოლა. შემდეგ თითი პირთან მიიტანა, ენით დაისველა და გადაფურცლა. დღის განრიგი შეამოწმა და ადგა. უემოციოდ საკუთარ სხეულს დახედა. გატყავებული იყო, ისე, როგორც ყოველ დილას. კარადისკენ მიიწია. ნელი მოძრაობით კარები გააღო. კარადაში მისთვის ნაცნობი სიძველის სუნი იდგა. არანაირი ემოცია არ აღბეჭდვოდა სახეზე, რადგან მას სახეც არ ჰქონდა. ყველაზე ახალი სამოსელი აარჩია. სრულიად ახალი პერსონაჟი. ეს ტყავი იყო — ადამიანის ტყავი, იმ ტყავებიდან ერთ-ერთი, რომლებშიც ყოველ დილით იმოსებოდა ყველა მაყურებლისთვის. გაჭირვებით მოირგო ტანზე. დღეს ნაზი, ლამაზი, ბედნიერი სახით მომზირალი ნიღაბი გაიკეთა და გარეთ გავიდა. მის სახეზე ენით აღუწერელი დადებითი ემოციები იკითხებოდა, მაგრამ შიგნიდან ცარიელი იყო. მთელი დღე ქუჩაში გაატარა, ათასი უცხო თუ ნაცნობი ადამიანის დამთრგუნველი მზერის ქვეშ. სახლში მისულს ყველაფერი ზუსტად ისე დახვდა, როგორც ყოველთვის. ყველაფერი გამაღიზიანებლად თავის ადგილას იდო. მტვერიც კი არ დასდებოდა ავეჯის ზედაპირებს. გადაქანცული ოთახში შევიდა, სარკესთან დაჯდა და ნიღბის მოხსნა დაიწყო. მაინც რამდენ ტყავს ატარებს ადამიანი? ან რამდენად ხშირად იცვლის მას? ან თუ გვყოფნის საერთოდ გამბედაობა იმისა, რომ საკუთარ თავთან გავშიშვლდეთ ბოლომდე? სიმწრით მოვიგლიჯოთ გადაცმული, ტანზე მოკრული ტყავი, რომელიც ამდენად გვახრჩობს, სულს გვიხუთავს, გვიკლავს „მეს“, რომელიც ყველაზე მეტად გვაშინებს. საზოგადოებაში დამკვიდრებული „სწორი აზრები“ გვარგებს ტყავს — ჯერ ერთს, მერე ორს, შემდეგ კი იმდენს, რომ ვიკარგებით იმ უსასრულობაში, საიდანაც თითქმის შეუძლებელია დაკარგულის დაბრუნება. გონების დიდ შავ ხვრელში იმალება „მე“, რომელიც პერიოდულად თავს გვახსენებს, მაგრამ აღარასდროს ბრუნდება. შემდეგ ისე იწყებს შიგნიდან ჩვენს ჭამას, რომ ვერაფერს ვხვდებით იქამდე, სანამ ჩვენს შიგნით სრული სიცარიელე არ დარჩება — უემოციობის მარადიულობა. და ვოცნებობ... ნეტავ სადმე, რომელიმე რეალობაში, თუ არსებობს შიშველი „მე“, ბედნიერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი