გოდება მგლისა
ეხ! ყრმობის დღეთა უდარდელობას თან სდევდა ჩრდილიც სევდიან ფერთა, ეხლა, ჭაღარა გულის შემყურეს, მწადია ხილვა ბავშვობის დღეთა. ჩემს ბავშვობაში სოფლის კაცებმა მგლების ბუნაგი მოითარეშეს და უსუსური ოთხი მგლის ლეკვი დიდი ზეიმით სოფლად მორეკეს. მგელი კი ამ დროს ნანადირევით, ხრამებზე ფრენით მანძილს ჰკეცავდა, ღვთით გაჩენილა კაციც და მგელიც მათ შვილთა რჩენა მოსდგამთ წესადა. თვალი მოავლო ცარიელ ბუნაგს, მიწა გაბასრა ბასრი ბრჭყალებით და უხილავ მტერს დაატყდა რისხვად, მგლის თვალთა მგლური აელვარებით. მგელი მგელია ბუნებით მგლურით მაგრამ სინაზე მგელშიაც ბუდობს, გულაღრენილი დაადგა მტრის კვალს, საკუთარ შვილთა გამოხსნას ფიქრობს. შემოღამებას შემოჰყვა სოფლად მგელი, დაკარგულ შვილთ მაძებარი, მისი ღავღუვი, გულის მზარავი, მიაწყდა სერებს, ვით გლოვის ზარი. ასე იგლოვა მან ხუთი ღამე, შვილებს უხმობდა გულის შფოთებით, ბზიანას გორზე გადმომდგარ მთვარეს შესთხოვდა შველას ველურ გოდებით. მთვარე კი სდუმდა, მუდამ მდუმარი, მწვერვალთა ჩრდილებს ქარაფზე ჰფენდა, მაღლით დასცქერდა მიწიერ ცოდვებს და მათი ხილვა ფეხდაფეხ სდევდა. მგელი მგელია ბუნებით მგლურით, ადამის მოდგმის მტრად შეცნობილა, მაგრამ სიავე კაცთაგან ქმნილი ვერც ერთ სასწორზე ვერ აწონილა. ელგუჯა უძილაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი