ჩემი სამყარო


თმაში ისე ჩამოთოვა,
ეს დრო ისე წავიდა,
არ მქონია დღე ისეთი,
მეთქვა - ვპოვე რაც მინდა.
ვერ ვახარე სიკეთის ხე,
ვერ ვპოვე სამართალი,
მოძმის მკერდს ვერ ავარიდე
მოძმის ბასრი ხანჯალი.
ვძებნე, მაგრამ ვერსად ვპოვე,
ჩემი ნავსაყუდარი
და ჩემს იღბალს როგორც დუშმანს
გავეკიდე მუქარით.
სხვა სამყარო შევქმენი და
ავაშენე ტაძარი,
მის წიაღში დავივანე,
ვპოვე თავშესაფარი.
ამ სამყაროს ვერვინ ხედავს,
კაცთ სიბეცეს დავცინი,
თითქოს თავზე დამეხუროს
ქუდი უჩინმაჩინის.
ოდეს დამღლის ამ მიწაზე
რია-რია ქაჯური,
ჩემს სამყაროს მივაშურებ,
მისი ტაძრის მსახური.
მოვიხურავ მხრებზე ღამეს,
ვარსკვლავებით მოფენილს
სად არ წავალ, ვინღა არ ვარ,
ოცნებაში მყოფელი.
ხან მტერი ვარ და მსაჯული,
ცოდვიანთა ცოდვების,
ვმართავ ნადიმს ურწმუნოთა
გადაჯოჯოხეთების.
მინდა ჟამი დავასრულო,
ტანჯვისა და გოდების,
ხან ღმერთი ვარ და მიწაზე
სასწაულებს მოვახდენ,
სიკვდილს ვკლავ და უკვდავებას
მოკვდავთ სულებს მოვაფენ.

ელგუჯა უძილაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი