***წუხელ სიკვდილი მყავდა სტუმარი...


წუხელ სიკვდილი მყავდა სტუმარი
წუხელ ცა იყო ბნელეთს მიჯრილი,
სისხლისფერ ღვინოს ორი მოსისხლე
თასებით ვსვამდით მე და სიკვდილი.
მე მსურველი მზის, ის კი წყვდიადის,
გათენებამდის ერთურთს ვედავეთ,
ხელიდან ხელში გადადიოდა
სიკვდილ-სიცოცხლის დღეთა სადავე.
ვიდავეთ, მერე ერთურთს ვუმტვრიეთ,
ჯავრის და მტრობის ხმალ-მუზარადი,
სიკვდილი იდგა სიკვდილის მხარეს,
მე კი სიცოცხლე მსურდა მარადი.
ჩვენ ასე ვდაობთ დიდი ხანია,
ორი მოსისხლე სამტროდ აშლილი,
შემომყეფს როგორც ავი ქოფაკი, -
განიგმირები ჩემი მახვილით,
შენ მართალი ხარ სიკვდილო, ვიცი
დრო მოვა ჩემი გარდაცვალების,
მაგრამ ჩემს ნაცვლად ათასნი მოვლენ
მზეჭაბუკებიც გიშრისთვალებიც,
და მაშინ როცა წამოიჩოქებ
სიცოცხლის შუქით განაწამები
მე გავიცინებ სიკვდილო შენზე
და ჩოქზე მდგარი შემებრალები.

ელგუჯა უძილაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი