გაზაფხული
იმ წელს უცნაური გაზაფხული იდგა. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენსას გაზაფხულზე ყველა დროის ხილვა შეგეძლო. იმ წელსაც ასე მოხდა. წვიმა მზემ შეცვალა. მზე ქარმა. ქარი თოვლმა და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ გაზაფხულის დასრულებამდე. აი რომ ამბობენ გაზაფხულს ქალივით ცვალებადი ხასიათი აქვსო, ზუსტად ასეა. ლამაზი, მოხდენილი, მაგრამ იმდენად ვცალებადი ხასიათი, რომ ვერასდროს გაიგებ მის ნამდვილ ბუნებას და ვერასდროს დაინახავ მის ნამდვილ სილამაზეს. მაგრამ ასეთია. მაშინ სისხამ დილით ავდექი. ველოდი, რომ წვიმიანი დღეების შემდგომ გამოიდარებდა და მზის ამოსვლას შევავლებდი თვალს, მაგრამ ფანჯრიდან გახედვისთანავე თოვლით დამძიმებული და ახლადგაყვავილებული ხეები დამხვდა. თეთრ და მოყვითალო ყვავილზე მოთამაშე თოვლი ლამაზად ირეკლავდა ამ ყვავილის მსუბუქ გაზაფხულისფერ სითბოს. ახლად ახასხასებული ბალახიც ეთამაშებოდა მასზე დანათოვარ ფანტელებს. შორს, სადღაც ჰორიზონტთან, ნისლს დაეფარა შენობები, რომელთაგანც უმეტესობა დიდი ხნის წინ მიეტოვებინათ და ახლა ხავსებისა და მაყვლის ბუჩქების სამუდამო ბინად გადაქცეულიყო. და ფერები. ვერ აღგიწერთ რამხელა ემოცია მოჰქონდა გაზაფზულის ფერებს მაშინ, როცა თოვლი მათ სითბოს აფრქვევდა. ტყე ალაგ-ალაგ შეთეთრებული, ალაგ-ალაგ შეწითლებული, ზოგან შევარდისფერებული, ზოგან სულაც ატმისფერი ყვაოდა, ზოგან მწვანე და ზოგან ყვითელი. ფერები ერთმანეთში ირეოდა და ყველაზე თბილ პალიტრას ქმნიდა. არ ვიცი ეს ზამთრის ნასესხები დღეები იყო თუ გაზაფხულის ხასიათის ერთ-ერთი ცვალებადობა, მაგრამ ემოცია, რომელიც მას მოყვა განუმეორებლად იდეალური იყო. თოვლის მიუხედავად კი გარეთ გაზაფხულის ყვავილების თაფლისებრი სურნელი ტრიალებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი