ახლა, როდესაც


ახლა, როდესაც კვლავ დავრჩი მარტო,
სიცოცხლის ფეთქვას ყურს ვუგდებ კრძალვით.
ზეცა ლალისფრად შედედებული
იმედს მგვრის სულის ტკივილით დაღლილს.
   და მანუგეშებს იმით, რაც იყო
   რაც ვნახე უკვე და ვნატრობ ახლაც.
   ღვთიური მადლით ბრწყინავდა დილა
   და მიჩვენებდა ბიბლიურ ამბავს.
აღმოსავლეთი იისფრად ენთო,
იმ ფრად, ნაწერი რომ ვერ დაიტევს
და ძ ე კაცისა ვიხილე თავად
სრულად სიცოცხლის არსთა გამრიგე.
   ენით უთქმელი მშვენიერება,
   თვით სიყვარული დაუსაბამო-
   ბრძენი ჭაბუკი. გულთამხილველი 
   სრულყოფილება, შეჩერდი წამო...
შეჩერდი, რადგან თავად მაოცებს,
ცოდვილმა ქაღალდს როგორ გავანდე,
ნათლის ნათება გულში რომ მიდევს,
და სიყვარული ფარული დღემდე.
   ო... არა... არა...მე არ მეკუთვნის
   ეს გული თქვენ რომ ჩემი გგონიათ,
   მისია , ვინაც შექმნა ხილულის 
   და უხილავის ეს ჰარმონია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი