და როცა სიცოცხლე მიხარია ..
და როცა სიცოცხლე მიხარია... მე ხომ ეს დრო მიყვარს ათასფერი და დილა-რომელიც სისხამია. მიზეზი? -ისეთი არაფერი, უბრალოდ სიცოცხლე მიხარია. მე ეს ეზო მიყვარს ,სხვა კი არა, სადაც ბავშვობისას დრო გაჩერდა, შიშმა არყოფნისამ ჩამიარა და მერე რატომღაც მომაჩერდა; მაგრამ მე ხომ სადღაც გადავხიზნე სულის ფორიაქი ძველისძველი, ჩემი ქუჩა მიყვარს არამკითხე, ყველაზე რომ იცის ყველაფერი; მიყვარს წვიმის ყველა წვეულება- სახლის სახურავზე გამართული. მიყვარს იქ, სადღაც რომ მეგულება ნატვრა-ფანჯრებიდან გაპარული. მიყვარს გულწრფელობა უშარბათო, დიდი ერთგულების გაკვეთილი, მეგობარი მიყვარს უღალატო, სულს რომ ვერ აუმღვრევს ქარტეხილი; მიყვარს ბუნებრივი პროფილები, ყველაგან ზედმეტი ვარ სხვა სცენაზე, ,,მივდივარ" -მე ვამბობ მორიდებით, თუ არ საუბრობენ ჩემს ენაზე. მიყვარს თვით სიკეთე უმიზეზო, ახლა რომ არც ისე ადვილია, და ვგრძნობ სიყვარულის ყველა სეზონს, სადაც ყველაფერი ნამდვილია. ავტორი/ ელისო ფიჩხაია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი