მიწას ნასახლარს
რა ერთგულებას , რა ღირსებას მიმტკიცებს ვიღაც?! ამ მიტოვებულ ლამაზ სოფლებს რა მოვუხერხოთ?! პატრიოტიზმი მხოლოდ სუფრის ერთ ლექსად იქცა. პაპის ნაფუძარს სოფლის ცისქვეშ აწვიმს უღმერთოდ... დაუკრეფავი დგას ეზოში ბავშვობის ბია, ცარიელ ქვევრებს უღვინობის ჟამმა დასცინა. სახლის ბზარები ვერ დაფარა პატარა ღვიამ. ,,ნასახლარიო" - თქვა მგზავრმა და გული ატკინა. წყარო,რაკრაკით რომ დიოდა ,დააშრო სევდამ. თითქოს კარები სარეველებს დაულუქიათ. მე ბერიკაცი მეცოდება ყველაზე მეტად, ამდენი ხანი ჭიშკარი რომ არ გაუღია. სხვანი მოდიან,ჩვენ კი სადღაც მივდივართ უგზოდ. დიდი წარსულის საქართველო თითქმის აღარ გვაქვს. დღისით თუ მზისით ჩვენს მიწაზე სახლდება უცხო და ტკივილს უფრო გაუმძაფრებს მიწას ნასახლარს. რა ერთგულებას, რა ღირსებას მიმტკიცებს ვიღაც?! ამ მიტოვებულ ,ლამაზ სოფლებს რა მოვუხერხოთ?! პატრიოტიზმი მხოლოდ სუფრის ერთ ლექსად იქცა. პაპის ნაფუძარს სოფლის ცისქვეშ აწვიმს უღმერთოდ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი