არაფერს გადავდებ ხვალისთვის
რაღაც უცნაური განცდა მაქვს, სარკმელთან ფარფატებს სანთელი ღამე მოგონებებს დახარბდა... გავცქერი, სიცოცხლეს გავცქერი... მაგიდა მთავაზობს ყავის ფლირტს, ფინჯანი ივსება ფიქრებით. არაფერს გადავდებ ხვალისთვის, ყველაფერს გავუძლებ ღვთის ნებით. ფინჯანზე ვამატებ არომატს გულში ნასათუთევ სათქმელის , არ დავკვირვებულვარ რატომღაც სიძულვილს სახე აქვს რამდენი?! ღმერთო! საიდან ეს სიავე, სიკეთის არაფრით დანახვა?! დაარდები თუ გააზიარე გიჟადაც ჩაგთვლიან ხანდახან; რა ფუფუნებაა ამ დროში წრფელი სიყვარულის ამბავი, გონება პორტრეტებს ამოშლის, უბრალოდ სულია მთავარი; გავცქერი, სიცოცხლეს გავცქერი... ღრუბლებმა მიამბეს ბალადა და ასე ძვირფასი სახელი, თურმე წრფელ სიყვარულს მალავდა; დნებიან , სანთლები დნებიან... მაგიდა მთავაზობს ყავის ფლირტს, და თუ სიყვარული ღმერთია, არაფერს გადავდებ ხვალისთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი