გალას


ქართული პოეზიის მეფეს

აღარც კი ვიცი შენს მოვლენას ქვეყნად რა ერქვა, ან რას ნიშნავდა საიდუმლო -ვარდი სილაში. „მერი -ძვირფასო“,აღმოხდებათ ბებერ ქარებსაც როს ხეტიალით დაიღლები ქარში, წვიმაში. გასწი მეეტლევ! ვერ შესძახებ ხელებგაწვდილი, ატმის რტოებში გახშირდება სუნთქვა ქარისა. პირველ სიყვარულს გადაარჩენ ლოცვით დაღლილი, მაგრამ შენ ვეღარ დაგიფარავს მზე თიბათვისა. ჰო,მოცელილი ზამბახების მოვა სიჩუმე, მოვა საღამო , მიჩვეული ათას სიახლეს, მოვა ცამეტი თვითმკვლელობის იდუმალება და შორეული ქალის ეშხიც დაიგვიანებს; მერე ვერხვებიც გაწირავენ ფოთლებს ველხმიანს, მწუხარე ფიქრი გამძაფრდება მოხუც მამაზე, გურიის მთები ზეზეულად გაყვითლდებიან და სიკვდილის წინ ვერ გაივლი ცვრიან ბალახზე.
დედაო,ღვთისავ! ეგ ლოცვაა წრფელი, უძირო, შენთვის სიმაღლე წამებაა ეფემერების _ ბედნიერება გიღალატებს, მაგრამ უძილოს არ გაგწირავენ ყოვლისშემძლე ლურჯა ცხენები, ავი ქარიც კი , ქედუხრელი ამორძალივით, ვარდისფერი გზა გაიხსენებს ძველ“მე და ღამეს“, შენ არ მოკვდები ჩვეულებრივ მომაკვდავივით, ჰო , სიკვდილის წინ შეახსენებ შენს მესაფლავეს, რომ უკვდავება არასოდეს დაიბინდება, რომ შენი ლექსით პოეზიის წყურვილს იკლავენ, საკურთხეველთან შემოდგომა აქვითინდება,ამაოების შვილები კი ვერ შენიშნავენ, რომ მთაწმინდაზე აკაკის ლანდს მშვიდად არ სძინავს, რომ სადღაც უხმო განცვიფრებით იწვის სანთელი, შენ მიწის ნაცვლად იისფერი თოვლი ჩაგიკრავს და ატირდება სიყვარული უკანასკნელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი