ენავ გრიგალო
შენ, უქარქაშო ხმლების წერას გადაყოლილო, იალბუზიდან მობუბუნე ისევ მეძახი, მეფე დავითის სინანულის საგალობელო, დემეტრეს კალამს აწერინე "შენ ხარ ვენახი." ბაზალეთის ტბას ჩაძირულო აკვანის ენავ, შენ, სისხლისა და გორის კვერთხო ხევისბერების, შენ, წიწამურთან გაყიდულო ოცდაათ ვერცხლად, ჭირისუფალო "გაუმაძღარ არაგველების". შენ არაერთხელ გადაურჩი თურქებს, არაბებს, ბერმა ზოსიმემ გაგინათა წმინდა კანდელი, შენ უსამშობლო ქართველებიც დაასაფლავე, ხვიჩას და გოჩას კვნესა იყავ უკანასკნელი. ენავ, ლაშარზე შემომდგარი ბერი ლუხუმის, ენავ, მანდილო უსპეტაკეს ქართველ დედისა, ენავ გამზრდელო ბათუსა და ჰაჯი-უსუბის, შემწყნარებელო მოღალატე საფარ-ბეგისა. შენ შთააგონე ამა ქვეყნის კირითხუროებს, როგორ აეგოთ სვეტიცხოვლის თეთრი კამარა, შენ ჯვარი იყავ გოლგოთისკენ სატარებელი და მკლავ მოჭრილმა არსაკიძემ მხრებით გატარა. მხოლოდ შენ შესძელ დაგენგრია ციხე ქაჯეთის, შენ ააშენე ნიკორწმინდა, გრემი, ხახული, შენ იყალთო ხარ, ვარძია ხარ კლდეში ნაკვეთი, ეს შენ ჩაუდგი არაბ აბოს სული ქართული. ტყუილად როდი გიწოდებენ ენას ღმერთების, ვაჟას შვლის ნუკრო მოგეფეროს ენა რომელი, ირაკლისათვის ხან ფუნჯო და ხან საჭრეთელო, მხოლოდ შენ ჰანგზე ღიღინებდა ყარაჩოხელი. რამეთუ მზე ხარ თან რომ აჰყავთ ცაში არწივებს, მხოლოდ შენ უწყი რასაც ნიშნავს ავი ზმანება, შენ პაოლო ხარ, სიყვარულს რომ აღარ აცლიდნენ და თეთრ გედივით რომ ისურვა გარდაცვალება. იქნება ნათელ მზის და მთვარის მგალობელი ხარ, გალაქტიონის გრაალი ხარ ლოცვას ჩვეული, ან იქნებ სულაც ორპირელი ტიციანი ხარ, მუდამ სისხლისფერ მიხაკებზე შეყვარებული. ენავ-წყალმკვეთო, ენავ-მეხო, ენავ-ლამაზო, შენ აპრილი ხარ აყვავებულ ნუშის სადარი, და ერთი სიტყვით შენ ის დიდი იაკობი ხარ, სიყვარულით რომ აგიშენა წმინდა ტაძარი. ახლა, როდესაც სიყვარული შენთვის ციაგობს, ახლა, როდესაც წვდები ცას და ცის დასალიერს, ლოცვების ენავ, წირვის ენავ, ენავ გრიგალო, დალოცვილ იყავ, ქებულ იყავ მრავალჟამიერ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი