წუთის კი არა და წამის სოფელია ..


წუთის კი არა და წამის სოფელია
და ვინ ოხერია სიმარტოვე?!
ახლა სიყვარული ისე მომერია
დარდი უპატრონოდ მივატოვე.
წუთის კი არა და წამის ბილიკია
და ვინ ოხერია ბედისწერა?!
სიკვდილის სახელი ,განა სიკვდილია,
უკვალო სიშორემ შეიფერა.
წუთის კი არა და წამის წუხილია,
უბრალოდ გვეჩვენება მარადისი.
ყოფა იმ თვითნაბად ფერთა სურვილია ,
მარტი რომ წაგვართმევს, ან მაისი.
ეს ჩემი ზრახვები სუფთა ზრახვებია,
და ვინ დამიწესა ეს დოგმები?!
ის წლები, ლამაზი, დროში არ კვდებიან ,
უბრალოდ ბევრედებიან შეცდომები.
წუთის კი არა და წამის ამინდია,
და ჩვენ სტუმრები ვართ უსახლკარო.
სულის მირაჟებმა გზა თუ აგირია,
მე გთხოვ , 
არაფერი დამაბრალო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი