ჭა


ყვითელი ფოთლები.
შავი ღრუბლები თავზარდამცემად გადმოჰყურებენ წვიმისაგან ატალახებულ მიწას.
ბინდი ნელ-ნელა მოიწევს და ქუფრავს აურას.
ტყიდან მომავალი ფიგურა თანდათან იზრდება.
იკვეთება აწეწილი თმა, დახეული ტანსაცმელი,ჩასისხლიანებული და შემზარავად საბრალო თვალები.
სილუეტი ხელით მოათრევს ნაჭერში გახვეულ არსებას.
მირბის...
მირბის...
მირბის უმისამართოდ...
ჭასთან შეჩერდება.
არსებას სისხლიან ნაჭერს შემოხსნის.
გულამოსკვნილი ქვითინით დაჰყურებს.
-ნუ! ნუ! დედა გენაცვალოს, ნუ ტირი!-კივის ქალი, თუმცა ერთადერთი, ვისი ხმაც ისმის თავადაა.
დუნე, უსიცოცხლო სხეულს ჭის პირზე ასვენებს.
საცოდავი, პატარა, უმწეო არსება...
(...მაგრამ ბავშვი ნუ გეგონება...)
სისხლს შეუღებავს ქალის გულ-მკერდი, ხელები, სახე.
-გიშველი, გიშველი, დედა გენაცვალოს!-ქვითინებს ქალი ტკივილით, მწარე ხმით,რომელიც არა და არ წყდება.
მოულოდნელად, წამებში, ქალის ბინდგადაკრულ, მოჯადოებულ, გაშტერებულ და უსიცოცხლო თვალებს თითქოს ნისლი გადაეყრება, აეხილება დაბნელებული თვალები.
ისმის განწირული, გამყინავი და შემზარავი კივილი.
ტყის სიჩუმე ბასრად იჭრება მისი კივილით.
-შვილო... ჩემო პატარავ...
ქალის არსებამ, ქვეცნობიერმა ძალიან გვიან გააანალიზა და გაიაზრა ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაეაზრებინა.
-შვილო, შვილო, შვილო!!!!!!!!!
დაბნეული აქეთ-იქით იყურება.
მშველელს ეძებს.
ხელებს უმისამართოდ ასავსავებს ჰაერში.
წამის შემდეგ ქალის თვალებში კიდევ ერთი ცვლილების კვალი ისახება, მკვლელი ცვლილებისა.
მზერა შტერდება.
აჩქარებული სუნთქვა წამით წყდება.
ჰაერი მძიმდება.
ქალი მოულოდნელად ხელებს შლის და ჭაში ეშვება.
წამის შემდეგ, წყლის გამჭოლი და ამავე დროს შორეული ხმა მოისმის.
ნაცრისფერი ცა კიდევ უფრო მეტად იქუფრება.
ფოთლები შრიალებენ,
ჭიდან კი სისხლიან ნაჭერში გახვეულ არსებას ძლიერი ქარი მიწაზე დაანარცხებს...




...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი