პოეტის სიმღერა


მე მახსოვს ჩემი გაჩენა ლანდად,
ზღვის ირგვლივ ფერხულს უვლიდნენ მთები.
ცაზე პირიმზე თამარი ჩანდა,
სხივებად ჰქონდა გაშლილი თმები.
მე მახსოვს, სისხლის წვიმები მრწყავდა,
ჯაჭვის თორანი მეცვა ფარაჯად.
ქართვლის ველები ძიძებად მყვანდა,
ქართულ სიმღერას ვედექ დარაჯად.
მშობელ მიწისთვის სიკვდილის აზრი
ყველა სიცოცხლის ბურჯად ვარჩიე,
მე ირმის რქებად გავხიზნე ვაზი
და სიკვდილს ისე გადავარჩინე.
გადავინახე ქვირითი ცხელი,
რომ არ ედინა წყლებს უკალმახოდ.
და ისტორია, ხმლებით ნაწერი,
ჩემს უბერებელ ჯიშს ვუკარნახე.
გადავრჩი ასე,
ასე მოვედი,
ვაზს ვუვლიდი თუ მზეს ვუგალობდი.
მე სული მიდგას საქართველოთი
და დაჭრილ გულზე ლექსი გადმომდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი