რძედ მომდის აჭარის წყალი ...
მთიდან რო ბარად წამოველ, კენჭს ვგავდი ბედისწერაში. მოვხტოდი, მოვბურგალობდი, ბულბულს ვბაძავდი სტვენაში. ოცნების რაშზე ვიჯექი, არ გადავცვლიდი მერანში. ლექსს ვწერდი შქერის ფოთოლზე ვაწებდი ნამის მელანში... ჩამოვიმღერე ჩაღმართი მუხის, ურთხმელის, თელასი. წყარო ვსვი, ბილიკი ვბეკნე ჩემი, შენი და ყველასი. კლდე-კლდე არწივებს ვუქშიე, ძუნძული მძულდა ძერასი. გზად ღელე წამომეწია,- შვილ იყო მთათა წვერასი. წამომელანდა დედაი, ხერტლით, ძროხით და ტერასით. მწყემსს მომბღაოდა ნახირი ლელვანში, დათვიხველაში. დედიფერა და ნიკორა ქალებსა ჰგავდნენ მზერაში. კიდევაც ჩემში ჰბღავიხართ, მე ვბღავი თქვენში, ყველაში. კიდევაც ვივლი თქვენსაცა, ხსენი ვარ თქვენის, ყველასი. მით ვკვალე ბილიკ-ბულაკი, ჩემიც, თქვენიც და ყველასიც. მთებო მოწველეთ ნისლები, იმათი ცვარი შემასვით. რძედ მომდის აჭრისწყალი, ნაწველი დედიფერასი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი