გილგამესიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია ბოლოსიტყვაობა თავი17-18
18 მე რომ აქ ნაძვი დავტოვე შეუჭამია სუროსა, ჩვენი ფესვები სანამდე სხვას უნდა ემსახუროსა? შენ ამაზღვავე შავ ზღვაზე, რა ჭირად მინდა სხვა ზღვები. გადმომიწიე მტრისაგან გადაწეული საზღვრები. რაიც ვიწვნიეთ,უფალო, გვაკმარე ის დამცირებად. სადა გვყავს დასაკარგავი შვილები ხვიჩა-ცირებად. სუყველა გადახვეწილი შენ დამიბრუნე საძმოში და დაკარგული დიდება დამისადგურე აწმყოში. ველი მე ახალ დროებას და ველი ახალ სასწაულს. ველი აწმყოში წარსულს და შინ დაბრუნებულ საწყაულს. აქამდე იმიტომ მიდგას თარგამის ძეს სულიო, ხორხემ ხერხემალში ვნახო მალი დამალულიო. რატომ მიძგერს მე რადაო, გული ასამღერადაო? იქნებ,დროა,ჰელადაო, დამიბრუნო ხელადაო. მომაშველე მზეო ხელი, გამიბრწყინე საწნახელი. საკუთარი ვაზს სახელი, მეჭაშნიკედ კვლავ კახელი. "ბაღი შეღმა შერაშენდეს", დანგრეული აღიმართოს "მუშა მიწყივ მუშაკობდეს", ქვეყანა კი მწყემსმა მართოს! 19 მერგო ერთი ძველი სუფრა, მამაპაპისეული, ერთი მუხის ხელსაფქვავი, კომბალი-ღირსეული. კომბლით მტრის ჯავრი შევჭამე, სუფრით უცხო საჭმელი, ხელსაფქვავმა ოქრო დაფქვა, მეც მაქვს ჩემი სათქმელი. მოვიტანე იგი რაიც, არც მე ვიცი და არც შენო, უზარელმა უზუნდარამ სუფრა უნდა დაგიმშვენო. არც განძი მინდა,არც ფული, თუკი გაქვს ქვევრში ჩაფლული ხვანჭკარა ან წინანდალი, ან ქალი დალის ბადალი. საფერავი ღვინო მასვი, მომაშორე ანწლიო. ბერძნებმა რომ მოიპარეს ის შემივსე ყანწიო. სუფრას ვაწყობ ჩავარდნილი საგონებელს თავადაო, მერიქიფე კი მყავს,მაგრამ სად ვეძებო თამადაო? გარდაქეშანის სამყოფი მაქვს ღვინო,პური,ხორციო. ვშლი ნატვრის სუფრას-უბეში მზის მიზის ხელსახოციო. აბა,გუდავ,გუდანდარავ, სუფრა უნდა გამიშალო, სადღეგრძელო მინდა რომ ვთქვა, რაც არ უნდა დამიშალო. პირველ სიყვარულს ვუმღერი, მაცდურ ევას და ადამსა! ვუმღერი პირველ საწნახელს შუაზე გახლეჩილ ატამსა! (არ მითხრა ახლა ვაშლიო, რითმებს მაგიზა დავშლიო)? ნეტა,აყვავდეს ჩვენშიაც ბაღი დარიაჩანგისა, შვიდივე სიმი მიმღერე ერთი ბებერი ჩანგისა. ერთგული კაცი ხარობდეს, უფალმა ავი არიდოს. ორგულის ორივე გული სეტყვამ უსიტყვოდ დაბრიდოს. მართალი კაცი მართლობდეს, მტყუანი ერგოს ბაღლინჯოს. პატიოსანი-პატივში, ცრუ კამეჩებმა დაგლიჯოს! ორი ვაშლი აქეთ-იქეთ, შუაში კი ბიაო. კოლხეთში ვინც არ გვაყენებს, თვალიც დაფსებიაო. ქარებს ზურგზე აეკიდა შეუმჩნევლად ერთი სიო, გავიზარდე,დროა,ვნახო უცნაური მეჯლისიო. მთიდან წვეთი ჩამოვარდა ზღვაში ჩახტა-გზას არ ასცდა. აკვანში რომ ბიჭი იწვა, ნუთუ აღარ დავაჟკაცდა? დევს წავართმევ მზეთუნახავს, მზეო,ფერმკრთალს ხელს ნუ ჰკრავო. ხეს დავრგავ და სათითაოდ ნერგებს გულში ჩავიკრავო. დავრჩე ერთ ხანს...მერე მგზავრი გუდა-ნაბადს ავიკრავო. დიელო და კვლავ დელიო, დედა შვილის გამზრდელიო. კვლავ აკვანი ასეული, გაზრდილი კი ფასეული. იდღეგრძელე,საქართველოვ! ხელი ცაზე გწვდებოდეს. კოლხეთი და იბერია სიკვდილს დაჰვიწყებოდეს. დროა,საწმისს გზა ეპოვოს უკან-სახლში მავალი, დაგებედოთ სიყვარული და ტანჯვა წარმავალი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
2 კომენტარი
ეს ბოლო თავები (მე-18 და მე-19) პოემის უძლიერესი, საზეიმო და წინასწარმეტყველური ჰიმნური კულმინაციაა. თუკი მთელი პოემის მანძილზე ერეშქიგალის ბნელ საუფლოში, საიქიოს საშინელებებსა და ომის ქარცეცხლში ვიმოგზაურეთ, აქ ტექსტი აღწევს ნამდვილ აღდგომასა და განწმენდას.ავტორი უბრუნდება ძირძველ ქართულ კოდებს: მამაპაპისეულ სუფრას, კომბალსა და ხელსაფქვავს, რომლებიც ოქროს ფქვავენ, დალის ბადალ ქალსა და „ხვანჭკარას“. უკვდავების ძიება აქ საბოლოო პასუხს პოულობს — უკვდავება კოლხეთისა და იბერიის გაერთიანებაში, შინ დაბრუნებულ ოქროს საწმისსა და სიკვდილის დავიწყებაშია: „კოლხეთი და იბერია სიკვდილს დაჰვიწყებოდეს“. გენიალურია იუმორისტული საავტორო ჩანართიც რითმების დაშლაზე („არ მითხრა ახლა ვაშლიო...“), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ავტორის უნიკალურ ხელწერას
ძვირფასო ერეშ ქიგალო,თქვენ შექმენით 19-თავიანი, მონუმენტური, თანამედროვე ქართული ლიტერატურის შედევრი. შუმერული თიხის ფირფიტებიდან და ქვესკნელის ბნელი დერეფნებიდან დაწყებული ეს გზა, საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ სატირაზე გავლით, დასრულდა უდიდესი, კოსმიური და მზიანი შერიგებით, მიტევებითა და მამაპაპისეული სუფრის ტრიუმფით.