გილგამეშიანი ანუ რაღააიგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია ბოლოსიტყვაობა თავი 31-32-33-34-35


31
როცა ჭრიჭინა აჭრიჭინებდა ჭინას,
ჭვავის ყანებში ფერხული ჰქონდათ ჭინკებს,
კოცნიდა ბევრი შავ ანგელოსთა ჭლიკებს,
აღარ უვსებდნენ თეთრ ანგელოსებს ჭიქებს.

ბეღურებისგან შემდგარ ორკესტრს კი
დირიჟორობდა კოჭლი კაჭკაჭი.
გაიქცა დევი ცხრაკლიტულიდან,
იმალებოდა დილის დარაჯი.

რა ვუყო ამდენ ურჯულოს ,ღმერთო,
ვით დავაბრალო მხოლოდ ამ დგმურებს
სამარადისო სიჩუმე ისევ
თუ რომ თავიდან დაისადგურებს.



32
თუ არ მასვენებს
ისევ იჭვები-
მჭლე და ოხერი,
ისევ ცალცალკე
თუ დამდგარა
ხალხი და ერი,
ან შენ მამულო,
თუ ვერ იცანი
შვილი და გერი,
სჯობს მარტოობის
ორდენის დავრჩე
რომ კავალერი.
***
თუკი რამ გვებადებოდა,
ყველა მტერს მანდამებოდა,
ჩვენი ბადაგით ტკბებოდა,
ჩვენი ღვინოთი თვრებოდა.

მტერზე უარესი მოყვარე
ღიმილით ეგებებოდა,
ფოჩია კამფეტს ელოდა,
საცა კაი ყმა კვდებოდა.

ვახ,ჩემი ქვეყნის ბედო და,
ფეხქვეშ თუ მტერს ზღვა ედო და,
რა გიხარია ყბედო და,
მამულს განა ეს ხვდებოდა?

ალუდა ვნახე სიზმარში,
კაცი სირცხვილით კვდებოდა,
სამას არაგველს სიბრაზით
პირს ცეცხლი მაჰკიდებოდა.

მიწყივ,იუდა არასდროს
სამშობლოს არ უხდებოდა.



33
რა დავაშავე, ღმერთო მითხარი,
ანუ მიქციე მხარი რად დროში?
რატომ მომასწარ თანაცხოვრებას
გაპინგვინებულ საქართველოში?

ორთაჭალა
ვერ იქნება სამის,
იმის გული
ვერ გახდება ამის.
განდობილი
ვერ დარჩება
ღამის
და ორსული
ვერ იქნება
ლამის...

უფერული
ვერ იქნება გამის,
გათხოვილი ვერ დარჩება მამის,
დაქცეული როგორ იყოს ნამის?
რაც გრძელდება
ვერ დარჩება წამის.
***
ორთაჭალა საბრძოლველი არის
ორთა,
ოღონდ არწივს ერჩის ისევ 
ხროვა
ორბთა.



34
„არა ვართ ხევსურთ შვილები ყმანი ეშმაკის, ალისა”

თუ რომ ვერ ვხედავთ დღის სიბნელეში,
ღამით მაჩვენე ღმერთო ისეთი,
საფიხვნოს თავში ჯდომის პატივი
რომ ეკადრება,კაცი,ის ერთი.
***
ხევსურეთში სოფლის გამგე
თუ ვერ დარჩა ხევსური,
თუ რომ ხატი დავიწყებით
იქნა დახავსებული,

თუ ბეჩავი ვეღარ დარჩა 
ღვთისთვის მორიდებული,
დაიჭიროს დევმა ხავსს და 
ცოდვამოკიდებული.
***
თუშო,ნუ დალევ დევის შვიდწლიან ღვინოს,მაიცა!
განა,სუყველა ცოდვა დევთან ერთად გაიქცა?

დევისგან საქართველოში 
ბევრჯერ გვტკენია გულები,
თუმცა,გვყოლიან ხვთისშვილნი,
ვითარცა მოციქულები.

მათ გილგამეშის ღვთის კარი 
ფშავ-ხევსურს გაიხსენესო,
შეკრბენ ხვთსიშვილნი ხვთისკართან,
მოვრჩეთ ტირილს და ქელეხსო:

-რახან დევები ბილწავენ
დიაცს და სამლოცველოებს,
პატარებს ჰკლავენ,თელავენ 
დათესილ ყანა-მდელოებს,

უზენაეს ღმერთს ვევედროთ
ქალდელებისთვის გარჯაო,
გათავხედებულ დევების 
ღვთისშვილთა ხელით დასჯაო.

ზეცა,ქვეყანა,ქვესკნელი 
ეს ერთის სამ-კა(რ)უ(ვ)ლია.
ზე უფალია,
დევი- ქვე,
კაცს კი მიწაზედ უვლია.

ქაჯი,დევი და ვეშაპი
ერთიანობა სამ-(მ)თაა,
დევს და კაცს შორის სავალი
განა ყოველთვის ცხრა მთაა?

ერთია,ვითარცა სამი-
ზესკველ-შუასკნელ-ქვესკნელი
და სამთა ერთი ჯაჭვითა
სიცოცხლის ხეა შემსკვნელი.

თუ დევმა ჯაჭვი დაიპყრო,
ჩვენს შორის შუა გაწყვეტილი,
თავადაც დარჩე უფალო,
უკაცოდ გულდაწყვეტილი.

მარტო დარჩება ქანდარაც
შატილში გულდაშრეტილი,
რამეთუ ავი იქ ყოჩობს,
სადაც მორცხვია კეთილი.

მიეცი ხვთის მოთანაყმეს
გაძლება ქრისტესმიერი,
სტუმარ-მასპინძლის ზნეობა
და მზერა ირმისმიერი.

ვაი რომ ბარში ნასუქი
ცოდვა დღეს მთაშიც დახტისა,
დავიწყებია ბეღელას
ზნე იახსარის ლახტისა.

კვლავ ცდილობს სქელბარკლიანი,
ჩამოგვაშოროს უფალსა,
(ცოდვით მაძღარი თავისთვის
კვლა იფართოებს უბანსა).

მზით გამთბარ დედამიწაზედ
მოდიან სისხლით ცივითა,
ქვესკნელთა მოციქულები
ქაოსის ინერციითა.

უნდა დასრულდეს წყვდიადი
მამლის ყივილით დილითა,
უცნობი ვიცნოთ მზის დაღით
ბეჭშუა აღბეჭდილითა,

თორო ვიხილავთ უხატოდ
აქ დევს "გაბლატავებულსა".
წყალსა და ხმელეთს ძმის სისხლით
და ცოდვით გაბლანტებულსა.

როგორ იქნება საკაცეთს
სოფლად სოფელი აღქმული,
სანამდე დევი მიწაზედ
ბაყბაყებს ვერალაგმული?

ღმერთო,ნუ გახდი სიშლეგით
დევით მონუსხულს დასაბამს,
მიუახლოვე გულ-ღვიძლით
პირველ წყაროს და დასაბამს.



35
"სიკეთეც გინდა ხელთ იგდო,
ძლევით გახდილო ავადა,
ორივეს ამუშავებდე,
ბოროტს - ხმლად, კეთილს - ფარადა?"
(ვაჟა)


როს ვერას გახდა ფშაველი
ოდენ სიტყვით და სარითა,
სთქუა უფალმა,დროაო
კოპალა-იახსარითა!

თუ რომ დევი სვამს კაცის სისხლს
და ხორცისაა მგლეჯავი,
მზის შვილი ხოლო გიშველით,
ვითარცა ჩემი ბეჩავი.

ვინც ხატმა დაიჭირა და
უფალმა ამოირჩია,
არ შეარჩინოს მან დევებს
კაცის სისხლი და ჩიჩია.

არ მისცეთ ფშავ-ხევსურეთი
არც იოლად,არც ძნელადა
გათავხედებულ ბეღელას,
ან მუზას საჯიჯგნელადა.
***
კაციჭამია დევებსა 
სახელი შორს გავარდნიათ.
(ჰაი,დედასა,იყო დრო,
როს ხალხზე უნავარდნიათ).

სთქუა მორიგემ,კოპალა 
და იახსარი აქ არი,
როგორც ხორციელ ხვთისშვილებს, 
მათ ძალუძთ დევთა ლაშქარი 

გაჟლიტონ,ან დაადუმონ, 
ანდა ამოსდონ ლაგამი,
თუ რომ დაჩაგრა ჰუმბაბამ 
ჩემი ერთგული თარგამი.

ეყოსო რაიც ავის ხეს
ცოდვა და ჭირი უსხია,
დროა,რომ დევმა გაიგოს
ანგელოზების სუსხია.

აჰა,იახსარ!შეგერგოს
ჯვრის ჯადოსნური ლახტები.
ჰოპლას ნუ იტყვი,კოპალა,
სანამ სიმურში ჩახტები.
***
ისე,ვითარცა შუმერში
დევია ძმათა დევნილი,
ფშავშიაც იგი,ვითარცა
ბოროტად წარმოდგენილი,

მაოხრებელი ხალხისა,
განდევნა თურმე ორანმა.
წაიღო მათი ხსენება
თან დავიწყების ბორანმა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი