გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია .ბოლოსიტყვაობა თავი36


36
კოპალა

"გასწყდით, დამლევნო ქვეყნისა, -
ზედ დაჰვედრიდა ბერია:
გასწყდით, კაცთ ტომის მწამლავნო,
სიკვდილი თქვენი ჯერია".
(ვაჟა)


უძილაურთა კოპალა ვიხილე გაღვიძებული,
ხელში ეჭირა კომბალი,სხვა ქვეყნად გაძიძებული.
მითხრა,დაბრუნდეს ბეღელა,მთა ნახოს გარინდებული,
ხევსურს გამოჩნდეს მუზაცა,უხატოდ განდიდებული.

კოპალა თვისი ისრითა
დევებს ზედ თავზე დაახტა,
ვინც რომ იახსარს გაექცა,
სულ სათითაოდ დალახტა.

(თავძაბრანსა დევებსა,
ღამის კაბა რომ აცვიათ,
ჯერ კიდევ ბალღი კოპალა
დედისთვინ მოუტაცნიათ.

მან მონობაში ისწავლა
დევების წესი ფარული,
მერე კი ბერად შემდგარა
იმათგან გამოპარული.

მოძლიერებულს ლოცვებით
უფლის ჯავშანი თან ახლდა
და ფშავ-ხევსურთა იმედად
კარატას წვერზედ დასახლდა.

დღისა და ღამის ვერ მცნობი 
ქადაგი,ხელი თუ საღი,
ღვთის ნების განმცხადებელი  
წლობით ღვთის იყო ტუსაღი.

გასულფონებით გამხდარა
ღვთის ნების განმცხადებელი,
ბერად შემდგარი არ იყო
დიაცთა ხელისმხლებელი-

რამეთუ რჩეულ საბუდარს 
ცოლი არ ეკადრებოდა
და როგორც "ჯვარის აყვანილს"
ტყვია არ ეკარებოდა.

ქაჯების რისხვა,პირიმზე
სახითაც იყო ლამაზი.
მას "მხართეთრ გმირსაც"ეძახდნენ,
ეჭირათ მასთან თავაზი.

ერთხელ ციხეგორს მისულმა
მგზავრის მოირგო როლია
და ქვასროლია დევებსა
სულ კუდით ქვა ასროლია.

(მას საფალავნო ზღვარს იქით
თვისი ქვა გაუსროლია).

ვინაც აბუჩად აიგდეს,
მიიღეს როგორც ტეტია,
მას ხელის მოსმით ციხე გორს
დევები გაუჟლეტია).

თუცა,ამბავი ძველია,
ერთი რამ გასამხელია,
საცა სიკეთე იმარჯვებს-
სუყველგან უფლის ხელია.

ვინც ერთგულია ერისა,
ის მიმღებელმან მტვერისა
თავისიანად ჩათვალოს,
მადლი იმედად დათვალოს.

კაცი დევთან რას გახდება,
თუ უფლის ნებაც არ იქნა?
უთხრა უფალმა იახსარს
-არ შემარცხვინო,არიქა!

ირემთ კალოზე ჯილდაობს
კოპალა თურმე დევთანა,
ხაშრელ დევს გზა შეუკარი
საპარავისა ყელთანა.

შენ კი,კვირიავ,იყავი
დევს და კაცს შორის მსაჯული,
და გაისარჯე ისე რომ 
ვერ იმარჯვებდეს ქაჯური.
***
ვით მოუგებდა კაცი დევს,
მითხარით,ჯილდაობაში,
რომ არა უჩინმაჩინი
ღვთის ძალა ღვთის თაობაში?

კვირიამ მათრახის წვერით
არც აცხელა,არც აცია,
ფინიშთან მისულ დევის ქვას
კოპალას წამოაწია.

სხვა რამეც ბევრი უქნია
თავის გამოსაჩენია,
ხოლო დევთაგან ნადავლად
მას ერთი ქვა დარჩენია.

ხალხმა ზეიმი გამართა,
რა მოიშორა ავია.
არაგვის პირას ქვა დადეს,
ვითარცა სალოცავია.

კართანელ დევს გაუგია
ციხეგორელთა ზარალი.
გაცოფდა,დევის ქვა ხალხში
რატომ დარჩესო ალალი?

მოუტაცნია იგი ქვა-
განვლო რა ვერსი ოცია.
დასდევნებია კოპალა,
ისარი გაუტყორცნია.

მოჰკლა დევი და როდესაც
ხეს გაუსწორდა ჩრდილია,
მას მიაყოლა მისი ძმაც,
სახელად ავთანდილია.

ასე გაიგეს დევებმა,
რომ თურმე ხურმაც ხილია.
დაგორებულმა ავთომ კი
ხევად აქცია თხრილია.

(ფშაველი დღემდე ეძახის
ხევს ავთანდილის საქანსა.
დევი თუ გაწყდა,ბახალას
ნეტა,ვინ ურწევს აკვანსა)?

ბევრი სხვა დევიც მოუკლავს,
აავსო მთები მძოვრითა.
ფხვიერი მიწა დამბალა
იმათი სისხლის ძოვნითა.

ჯეელი დევი თუ გაწყდა,
ბებერი ვერ იქმს შობასა,
ესეა ბოლო ყოველთა,
ვინცა იქმს ნარდიშობასა.

დატოვა რა მისი მძორი
იმა საქანა ხევშია,
წავიდა,პირქუში იხსნა,
დევების ტყვე ხუშხევშია.

ჩაეგდო თურმე მჭედელი
კანაქერცლილებს ხელშია,
ყოფილა მისგან პირქუშა
უზომო განსაცდელშია.

ან ვინ იქმოდა დევებთან
ომს კოპალაზე უკეთა?
თუმცა,მანამდე მჭედელმა
ისრის ზროც არ შეუკეთა.

ერთ დროს კოპალას ძმობილი-
იგივე ვიშაბ-უშაბი,
თავიდან მზის დანაღმული
ვერ დარჩა ძმობის გუშაგი.

ოდეს პირიმზე,მზის შვილი
შურში ყოფილა ჩართული,
სთქვა ტანტრემ,საგმირო საქმეს
რატომ ერქვასო ქართული?

(მოგეხსენებათ,სიმუხთლე
სჩვევია კაცთა რომელთა,
ძმას რომ ვუწოდებთ სიბრიყვით
შურით ვერ გაუძღომელთა).

გასწია ხუშხევს,რამეთუ
არ იყო დრო რომ ევადა.
არად ჩააგდო,რომ იყო 
მჭედელთან ნამდურევადა.

იხსნა კოპალამ პირქუშა,
არა ყოფილა ბუტია.
(მიტევება ხომ ღვთიშვილთა
ერთ-ერთი ატრიბუტია.

თუცაღა...თქმულა შვიდჯერ და
არცა ცხრაჯერ და ასჯერა.
ბრიყვია ალბათ იგი ძმა,
ვისაც ცხრამეტჯერ არ სჯერა).

დაუვიწყნია პირადი
პირქუშისაგან წყენაო...
როცა მტერია ძლიერი,
გმირს გამოცდიდეს თმენაო.

თანდათანობით დაიხსნა
დევისგან ფშავში ერია,
თუმცა,ბრძოლაში ჭაღარა
აქა-იქ გამოერია.
***
იყო ძლიერი კოპალა
რა ღვთაებრივი ხატითა,
ქვესკნელიდან წყალს არღევდა
სახელგანთქმული ლახტითა.

თან ჯადოსნური ჯაჭვი ჰყვა
ვეშაგთა ნახელავიო,
ერთი მიდგომით გაწყვიტა
დევების ნახევარიო.

რაც დევებს თავზე დაატყდათ
მათზე სუყველა ახია,
მას აქეთ დევი ფშავეთში
თვალით არ დაგვინახია.

(იმ ქვას კი არაგვის პირას
კოპალას ქვას ეძახიან).

კართანელ ცხრათავიანმა,
ვინ არს ეგ მეტიჩარაო?
მასაც შეება კოპალა-
მეტი არ იყო ჩარაო.

მოაჭრა ცხრავე მას თავი,
(არ შეუშინდა დიდობით)
და ბერყოფილი იხინჭას
დასახლებულა მშვიდობით.

იფიქრეს დევთა,არ გვარგებს
გმირ კოპალასთან თამაში.
ხალხი წავლეკოთ!დავგუბოთ
არაგვი! ჯერ კართანაში

ერთ დიდ ზღვად შევკრათ და ხალხი 
უწყლოდ ავავსოთ ნაღვლითა,
მერე წავლეკოთ ფშავეთი
ხელოვნურითა წარღვნითა.

მოვნუსხოთ ფშავ-ხევსურეთი
ჯერ ჯადოსნური ქსელითა,
მერე წავლეკოთ ან წყლით,ან
დაგუბებული ფსელითა.

დავგუბოთ წყალი,მერე კი 
ავტეხოთ ნიაღვარიო.
წავლეკოთ მხვნელი-მოხნული,
კაცს მივაყოლოთ ხარიო.

კოპალას რა გაუგია
დევების გეგმა შავიო,
გაწყვიტა დევი,დაიხსნა
განსაცდელისგან ფშავიო.

ერთი დევი კი დააბა
ჯადოსნურითა ჯაჭვითა,
თუ ვინმე შეაწუხებდა
ახსნილი დევით დასჯიდა.

მეც ბევრი არ დავაყოვნე,
სანამდე უნდა მეცადა?
რაიც ხალხს მოთხრობით უთქვამს
მას შევეცადე ლექსადა.
***
თუ რომ ავმა ხმალი ისევ
სამალავში აკვესაო,
ძალო წმიდა გიორგისა,
კოპალა კოპალესაო!!!

"მტერზედ სახელ მეეცითავ"
და "ნადირზე ვარშამიო",
არ აჭამო დევს ქორწილში
კაცის ხორცით ვახშამიო.
----------------------

პ.ს
ვთქვი,მოდი ფშავში ავიდე,
(არ შევუდექი ბჭობასა),
ვიხილო ხატის დღეობა,
მოვესწრო იხინჭობასა.

ვნახო ნაკურთხი სუფრანი
კვირიას სამართალითა,
ვიხილო უძილაურთა
ჯილაგი მოსავალითა.

ბევრი ვეძებე,თუმც მცირე
ვიცანი აქ აქაური.
მესიამოვნა მე მათი
ქართული-ხმა არქაული.

მითხრეს,ხევსურეთს ვერ არგებს
ძველი დიდების ტიტული,
თუკია ხევსურისაგან
შატილი გამოფიტული.
***
ვინ დაიბრუნა მამული
მარტო ტაშით და ცეკვითა,
მგელო მთვარეს რომ შეჰყმუი,
იქნება,დროა,ლეკვითა?

სამყარომ ძალა დაჰკარგოს
წამად იქცევა თუ წუთი,
თუ რომ მოვკალით კიბელე-
ღმერთი მრავალი ძუძუთი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

ტექსტი მართლაც შთამბეჭდავია – ეპიკური, მითოლოგიურად ზუსტი და რიტმულად გამართული. 36-ე ნაწილში ფშავ-ხევსურული მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გმირის, კოპალას კოსმოგონიური ბრძოლებია გაცოცხლებული.

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

ლიტერატურული ანალიზი და რეფლექსია:მითოლოგიური აკურატულობა: თქვენ საოცარი სიზუსტით გადმოგაქვთ ფოლკლორული სიუჟეტები – კოპალას დედისგან მოტაცება, დევებთან მონობაში ყოფნა, „ჯვარის აყვანილის“ ხელშეუხებლობა, ირემთ კალოზე ჯილდაობა, მჭედელ პირქუშას დატყვევება ხუშხევში და კვირიას მხრიდან მათრახის წვერით დახმარება. ეს ტექსტს ეთნოგრაფიულ და მეცნიერულ ღირებულებასაც კი სძენს.ენობრივი დინამიკა: 36-ე ნაწილის რიტმი არის სწრაფი, ეპიკური, მეზღაპრულ-საარაკო ტონალობის. შუმერული და ხეთური ალუზიები აქაც შემოდის („ვიშაბ-უშაბი“, „ტანტრე“), რაც აფართოებს ნაწარმოების გეოგრაფიულ და კოსმიურ არეალს.პოსტსკრიპტუმის (პ.ს.) ტრაგიზმი: ფინალური აკორდი ყველაზე მტკივნეულია. მითოლოგიური გმირობიდან ავტორი ბრუნდება რეალურ, დღევანდელ დაცლილ მთაში („შატილი გამოფიტული“). ფინალური სტრიქონები ანტიკური ნაყოფიერების ქალღმერთის, კიბელეს ხსენებით და კითხვით – „იქნება, დროა, ლეკვითა?“ – სვამს ეგზისტენციალურ კითხვას ერის გადარჩენასა და ძირძველი ფესვების (დედა-ღვთაების) სიკვდილზე.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი