გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა მოსდევს ბნელია.ბოლოსიტყვაობა .თავი37-38
37 იახსარი „დევს მაუქნიე საგმირო, კლდეს მააფარა თავიო.... ღვთისაგან ვიყავ შათვლილი, თან ჩავყევ იახსარიო" (ხალხური) ვისაც იახსარი თან ახლდა,მას გამარჯვების სჯეროდა, გახვთისშვილებულს სწირავდნენ დეკეულს გასამრჯელოდა. როგორც გილგამეშს-ენქიდუ,იახსარს-კოპალა შველოდა, მათ დახმარებას ქართველი გუდამაყარშიც ელოდა. ებრძოდა ბოროტს იახსარი,კოპალს უქებდნენ ვაჟობას. ებრძოდნენ ქაჯებს, ეშმაკებს,დევების ვოიაჟობას. მწყემსების სადგომს იცავდნენ დევის მხრივ წაბილწვისაგან, ჰკურნავდნენ სულით მანკიერს ბოროტი ალის წვისაგან და მფარველობდნენ,უწევდა თუ ვინმეს ზვავში მოყოლა, მათ პატივს სცემდა ალუდა და მუხლს უყრიდა ჯოყოლა. ორ ღვთისშვილს ძოღან თან ახლდა სამოცდაშვიდი მაყარი, მათ იხსნეს ფშავ-ხევსურეთი,თუშეთი,გუდამაყარი. ორმა ძმამ(როგორც შუმერში),ჩაიცვა მამის აბჯარი, მოჰკლეს მუზა და ბეღელა,გააჯეჯილეს ხანჯალი. როგორც შუმერში,ორმა ძმამ მამის მელამი მოირგო, გაურღვეველი ღვთის ველით ომი ორანმა მოიგო. იახსარმა ურტყა ჩუგლუგი,კოპალამ დრუზა კომბალი ჰუმბაბას...და დატრიალდა წაღმა ბაბალეს ბორბალი. რა ტკბილია და რა მწარე ღვთისმშობლის ძუძუს ბადაგი. რა მძიმეა და რა მჩატე, ხატობდე ქვეყნად ქადაგი. მზე პირს იბანდა და იდგნენ მზის შვილნი,უფლის წულები, ცის სარტყლით დაჯავშნულები, აქა-იქ გაწუწულები. *** ხატის დაჭერილს ქანდარა ერქვა,მხარს აჯდა ფრინველი, ის იყო ხალხს და ღმერთს შორის ქადაგ-მოენე პირველი. მას პატივს სცემდნენ,ის იყო ფშავს ჭკუის საკითხავია. იგი იქ იყო,სადაც მტრედს გულს უჯიჯგნიდა ყვავია. დევების რისხვა ყოფილა სამოცდაცხრაში ორია. იახსარმა დევის სადგური, სახელად "ავის გორია" დაიხსნა დევებისაგან, სულ ლახტით გაუწყვეტია. გაექცა ხოლო ცალთვალა, თუმც,მასაც მოხვდა კეტია. გაიქცა დევი,გაიქცა, ლახტისგან წელში მოხრილი. ღრიალით ვეშა-ვოშ-ვაშლას ეძებდა თვალწამოთხრილი. ხატი იახსარ ცალთვალა დევს დაედევნა თავადა. გაიქცა დევი,ახადას წაწადას ტბაში ჩავარდა. ღვთისშვილმა თავის განწირვა რა ვალდებულად ჩათვალა, დევს ტბაში ჩაჰყვა ფსკერამდე და ფარით მოსპო ცალთვალა. ტბის ზედაპირი დაიპყრო რა სისხლის აბლაბუდამა, უწმინდურობას არჩია ტბის ფსკერზე დგომა მუდამა. რამეთუ ცოდვა ყოველგან ბინძური სისხლით ძღებოდა, ხატი ტბას დარჩა,ანგელოზს სისხლი რომ არ წასცხებოდა. დარჩა იახსარი წაწადას, "ან" ვით იქმოდა ურობას. ტბის ფსკერზე დგომა არჩია წმინდ-ანმა უწმინდ-ურობას. დარჩა იახსარი წაწადას, პირამდე სისხლის ტბაშია. იხარა ავმა უხატოდ ხმელზე.შემოჰკრა ტაშია. ატირდა ხალხი,მივიდეთ როგორო სულის პურთანა? მათი უხატო ვედრება მისულა უფლის ყურთანა. (ქადაგისათვის ქადაგი მიუტანია გულთანა). არ უთქვამს ხალხისთვის ვარი, მეცანის პირით თქვა:"ცხვარი იპოვოთ ხამს საოცარი, იხსენით ხატ-სალოცარი". გულაჩუყებულ უფალსა თხოვნაზე როგორ ევარა? ურჩია ოთხრქა,ოთხყურა ცხვრის სისხლი ხალხს ჩაეღვარა იმ ტბაში,სადაც იახსარს სისხლი იჭერდა ღვედივით: -უბრალო სისხლი უწმინდურს გაწმენდს და ნახავთ მტრედივით ანგელოზს,წყლიდან ამოსულს, ყოფილა მანამ ციდანა. ხალხმაც იგი ქნა ქადაგმა მის ყურთან რაც მიიტანა. ცხვარი ცხვარია,თუცაღა, ყველა როდია სულერთი. ფშავში ეძებეს,ვერ ნახეს, იარეს მთლად ხევსურეთი და ბოლოს მაინც იპოვეს მეტად განსაკუთრებული, ჩააკლეს ტბაში,გაწმინდეს გზა დევის სისხლწაცხებული. ტბამ პირი გახსნა,იხილეს მტრედი ბუმბულის ბღერტითა, (კაცს რაც არ ძალუძს,გამოვა ამღერებული ღმერთითა). ვითარცა გუდანის ჯვარმა მტრედის მოირგო რა აღა, მას გაკვალული ტბის ფსკერზედ გააჩერებდა კვლავ რაღა? ხალხს დაუბრუნდა ფერიცვლით უკანვე ხატი კეთილი, იხილეს მანამ რომელიც სიმურში გადაჩქვეფილი. (რასაც რომ კაცი ვერა იქმს, გამოვა უფლის ხელითა, თუ ლოცვას გულით ვიტყვით და თუ რომ სასწაულს ველითა. ხოლო უფალსა ძალუძდეს, კაცი რომ ვერ იქმს ჯერაო, თუ სიტყვას გული გვკარნახობს, თუ სასწაულის გვჯერაო). *** იქ სადაც ავის გორი დგა და დევი გაუმაძღარი, დღეს შუაფხოში იმ ალაგს ამშვენებს სულის ტაძარი. პატარა სალოცავი და დიდსულოვნების საყდარი. დევი?სულ გადაკარგულა, არც არვინ იცის სად არი. ადიდა ხალხმა უფალი, ადიდა იახსარიო და შუაფხოში წმინდა ხატს ჩამოუკიდეს ზარიო. *** დევებმა დროებით დადეს პაქტი ხელუხლებლობისა, რამეთუ იყო ზედმეტი ხელშეკრულება ძმობისა. ომის დრო თუკი წავაგეთ, დრო მოვა კვლავ ლაყბობისა. განსაცდელს თუ ვერ ავიტანთ, დრო დადგეს მონა-ყმობისა. დრო დადგეს ქადაგის ნაცვლად მოლაყბე თუ "სპიკერისა", ნიშნავს ვერა ვართ ერთგული რომ ერი მადლიერისა. ვაი რომ უფლისთვის გარჯა შევცვალეთ სამსახურითა. გული ჩავახშეთ,ვისმინეთ რაც მოგვითრიეს ყურითა. ღვთისშვილთან დგომას ვარჩიეთ ეშმაკის სამ-სახ-ურია სულ დავივიწყეთ რომ გვყავდა საცხონებელი პურია. თანასწორობა ყოფილა ყურში ქაჯების თაქთაქი. ვაი,რა ტყვილა გარჯილა, ვინც დევთან დადო ტრაქტატი. ძმობა,ერთობა ყოფილა ვაი,რა დიდი ჭორია! კაციჭამია დევებთან კაცი რა თანასწორია? ბევრმა სიმართლედ მიიღო დევების ნაბოდვარია, ხატი დატოვეს,ლოცვაზე დავიწყებით თქვეს ვარია. ხატებს პორტრეტი ანაცვლეს, გადაუყრიათ ჯვარია. (ხევსურელს აღარ ახსოვდა, არც ჯილაგი და გვარია). პირველად თუ სიტყვა იყო, რატომ გავყევით ქაქანსა? თუ კვლავაც ასე გაგრძელდა დევი ჩამოდგეს ბაქანსა. დაბრუნდეს მუზა,ბახალას კვლავ წაურწევდეს აკვანსა. უწყლობით დედას გვიტირებს, არც მოგვცემს წყლით გასაქანსა. ავი არასად არ გამქრალა- დევია,სადავ ავია. თუმც,ჯერჯერობით კაცისა თვალთაგან უხილავია. (იგი იქაა,სად ყოფნა- არყოფნა საკითხავია). რაც იყო,არსად გამქრალა მომავალშია წარსული, ირემიც დროებითაა სულეთის სკნელში ჩასული. თუ ცოდვილ სოფელს ჩამოდგა ხადილის მატარებელი, იქნებ მივუსწროთ,ვართ ყველა სიკვდილის გამკარებელი. სხივი ვარჩიოთ სხვის შამფურს, ვიხილოთ ფშავ-ხევსურია, თუ წინაპარი დაგვიცავს, აჩრდილი უსუსურია. 38 ოღონდ თუ ხატთან შევეშვით სულების ვარჯიშობასა, სამალავიდან დევები კვლა მოჰყვნენ ნარდიშობასა. თუ რწმენას საზრდოს მოვაკლებთ, ანუ გავლანძღავთ ხატებსა, სალოცავს რაიც დააკლდეს, კვლა დევებს დააძალებსა. როცა უხატოდ სოფელსა ფშავ-ხევსურეთში იგულებს, ურწმუნოება დევს ისევ ხალხებზე გაადიდგულებს. მათ მხოლოდ შიშით მოირგეს უჩინმაჩინის ქუდები, თუმც, პარალელურ რეჟიმში ცხოვრობენ სულის ქურდები. ვიხილოთ ამოზრდილები დაქუცმაცებულ ტანიდან, ოდეს მოედონ ქიანას სუყველა ჭუჭრუტანიდან. „მოგვიწყვეს გენოციდიო“- ვნახავთ ლოზუნგით დემონებს. ტყუილში ცამდე მართალი ჩაალაგებდეს ჩემოდნებს. *** მოვლენ სიავის გენოციდის მკაცრი ბრალდებით, მოვეკიდებით როს მანკიერს ყველა გაგებით. გარს მოედება გველეშაპი როდესაც სოფელს, ჯვარზე აცმევენ კანონის ძალით ბოროტის მგმობელს. ვით სარეველა აყელყელავდეს ყელამდე ავი, თუ არ გავწირეთ კვლა ნახევარძმა და ნათესავი და შეწირული ხილული ისევ დიდი მიზნისთვის გახდება უცხო ადამიანთა თვალის ჩინისთვის. თუ რომ გავაძღეთ ბნელი სიავით, იგი დევივით დაგვადგეს თავზე. სხვა გზა არაა გუშინდელივით უნდა გავწიროთ კვლავ მზე ჭა ბუკი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
2 კომენტარი
ეს ორი ნაწილი (37 და 38) პოემის ნამდვილი კულმინაციაა. მასში გადმოცემულია იახსარის მთავარი კოსმოგონიური მითი – ცალთვალა დევის დევნა, წაწადას (აბუდელაურის) სისხლის ტბაში ჩასვლა, ოთხრქა და ოთხყურა ზვარაკით ხატის გამოხსნა და თანამედროვე ეპოქის მჭმუნვარე წინასწარმეტყველება.
📝 ლიტერატურული ანალიზი და რეფლექსია:წაწადას (აბუდელაურის) ტბის მისტიკა: იახსარის მითის ეს ნაწილი გადმოცემულია განსაკუთრებული პოეტური დრამატიზმით. ტბის ფსკერზე ხატის ჩარჩენა („ანგელოზს სისხლი რომ არ წასცხებოდა“) ხაზს უსვამს აბსოლუტურ სიწმინდეს, რომელიც ვერ ეგუება ხთონურ, ბინძურ სისხლს. ოთხრქა და ოთხყურა ცხვრის რიტუალი კი – სამყაროს ცოდვებისგან განწმენდის უძველესი არქეტიპია, რომელიც ბრწყინვალედ ებმის ტექსტს.მწვავე პოლიტიკური და სოციალური ალეგორია: 37-ე ნაწილის ბოლოსა და 38-ე ნაწილში მითოლოგიური ენა მთლიანად გადადის თანამედროვეობის კრიტიკაში. ტერმინები „სპიკერი“, „ტრაქტატი“, „ჩემოდნების ჩალაგება“, „გენოციდი“ აშიშვლებს დღევანდელ დეკადენსს. ავტორი აფრთხილებს მკითხველს: დევებთან დადებული ყოველი პაქტი და ტრაქტატი (ილუზორული თანასწორობა) კრახით დასრულდება, რადგან „კაციჭამია დევებთან კაცი რა თანასწორია?“.ფინალური შელოცვა (მზე, ჭა, ბუკი): 38-ე ნაწილის ბოლო სტრიქონები წყდება ვერლიბრივით, სადაც სიტყვები ცალ-ცალკე ვარდება: „კვლავ მზე ჭა ბუკი“. ეს კოსმიური პირველელემენტების (მზე, წყალი/ჭა და ომის/განგაშის ნიშანი – ბუკი) ხსენებაა, რაც მიანიშნებს, რომ სამყაროს გადასარჩენად ისევ უძველესი, პირველქმნილი ძალების გაღვიძებაა საჭირო.