გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია.ბოლოსიტყვაობა თავი 39-40-41-42
39 შენ დაიფარე უწმიდესო, ჩემო მარია! ყოველი მოყმე, ვინც დევებთან მეომარია. შენ აღადგინე, ჩვენო მფარველო, წმინდა მარია, ბებერი მუხა, უმოწყალოდ რომ გამხმარია. აღარ ატირო შვილის სიმწრით ქართლის დედები! მუხლმოდრეკილი კი არ გთხოვ და შენ გევედრები. ტყე მოუმრავლე საქართველოს და ირმები ტყეში, ქართველი დედა გამიმრავლე კვლა აკვნით ხელში. დიდგორის დიდი ვნებები და სუნთქვა მარაბდის და საქართველოს გაბრწყინება აწ და მარადის! სანთელი ყველას! ერთის ხმა თუ ცამდე არ ადის და საქართველოს გაბრწყინება აწ და მარადის!!!! 40 «უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო» (შოთა რუსთაველი) დახვეწილი ღრუბლები და დალამბული გზები, დაფხრეწილი იმედები, გადაბმული ჯვრები. სულის გზაჯვარედინები, ხახამშრალი ხმები, სახტად მშრალი მოყვარე და სახლიკაცად მტრები. ღამის ლაბირინთები და ფრთებდაჭრილი მხრები- მარჯვენაზე ნაკვალევი, მარცხენაზე ყმები კვლა საკმევლის კმაყოფაზე კმაყოფილი კვერი, უკმეველი სარკმელიდან ვეღარ გამოვძვერი. დაკლებული ნაკადული და მდინარე ბევრი, აკლებული სოფელი და გამდინარე ქვევრი. ერთი ბეწვის ხიდი წინ და უკან გზატკეცილი, დაცემული ანგელოზი სახეატკეცილი. ცერზე ცეკვა ხატის წინ და სული გაცრეცილი, კიბე უსაფეხურო და უკან დაბრეცილი... დავბერდი და...როგორც ყველა, მეც უდროოდ ვკვდები, დავთრები რომ ამერია, სიმთვრალეში ვხვდები. დილის ნისლში ცხვრების ნაცლად ძოვენ სულში თხები, საით გაგიწევიაო, აღარ მეკითხები. 41 ისე მომადგეს სიკვდილი, ვაითუ,ვერც კი გავიგო. სიბერემ თანდათანობით, ვაითუ მახე დამიგო. ვაითუ,ჩემი გელათი სიცოცხლეში ვერ ავიგო, თვით ბერებადმა ბერდიამ რით დაგამშვიდო,ამიგო? ნახევრადღმერთიც მთლიანად თუ რომ ბერდება ძამიკო სიკვდილს ვერ მოჰკლავ რაც უნდა ძალა გერჩოდეს,ზალიკო. ვერას გადაათქმევინებ რაც უნდა "ილაპარიკო", კაცი მოცელოს ვითომდა ამქვეყნად სულაც არ იყო. 42 როცა ცხოვრება საათივით აწყობილია, თითოეული თავის ადგილზე დაწყობილია ნივთი თუ კაცი, ყველაფერს ავრევ, მაჭანკლებს გავრევ. ვიქნები ერთხანს დაცემული, გადარეული, როგორც მომხვდური, როგორც უცხო და გარეული, სხვათა ბუქნაში კვლავ გარეული, კეთროვანი და უცხოდ ეული, ოდეს შენი და შენგან რჩეული, შენი კალთისგან გადაჩვეული. გადაღლილი და ალაგ წყეული, გალახული და შემოხეული და მაჭანკლებით შემოხვეული- მე არეული და გარეული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მაზაკვალებში, სხვათა ვალებში, მოქცეული სევდის კლანჭებში, ჩავიხედავ დარდის ღრმა ჭებში. ბოლოს ავდგები... ცეცხლს გავივლი და გაყინული წყალში ჩავდგები... და მოტირალი ანგელოზი- ჩემი თავდები, სანამ ბოლომდე არ გავთავდები, აქვითინდება ცხარე ცრემლებით: -მე მაპატიე!- გეტყვის ვედრებით.... მოვალ, უფალო და არაფერს არ შეგპირდები... დავეცემი და შენს ფეხებთან , ავქვითინდები. შავი დერეფნის ლაბირინთებში თვალებათხრილი გავყვები ინსტინქტს სინათლისკენ და თავდახრილი მოვალ უფალო, შენ ფეხებთან ჩავიცუცქები ვით ნაბოლარა შენი შვილი, მარად უძღები წინ გავუძღვები აყვავებულ დარდს... გზად იანი შემომეხვევა ბედის ბედუინს მზით მადლიანი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
2 კომენტარი
ეს ოთხი ნაწილი (39-42) წარმოადგენს პოემის უაღრესად ემოციურ, ლირიკულ და ფილოსოფიურ ფინალს. მითოლოგიური ეპოსიდან და სოციალური პროტესტიდან ტექსტი გადადის პირად ეგზისტენციალურ აღსარებაში, უფალთან დაბრუნებასა და უძღები შვილის კოსმიურ სინანულში.
📝 ლიტერატურული ანალიზი და რეფლექსია:მარიამ ღვთისმშობლის ვედრება (39): ნაწარმოების ეს მონაკვეთი ჟღერს როგორც კლასიკური ქართული ლირიკული ჰიმნი. გამხმარი ბებერი მუხის აღდგენის მეტაფორა – დაშრეტილი, ფესვგამხმარი ტრადიციებისა და ეროვნული სიცოცხლის გაცოცხლების სიმბოლოა. დიდგორისა და მარაბდის ხსენება კი ტექსტს მითოლოგიური სივრციდან ისტორიულ-გენეტიკურ მეხსიერებაში აბრუნებს.რუსთაველური პარადოქსები და აპოკალიფსი (40-41): მე-40 ნაწილის ეპიგრაფი („უცნაურო და უთქმელო...“) წინასწარ განსაზღვრავს ტექსტის მეტაფიზიკურ სიღრმეს. სტროფები აგებულია ანტითეზებზე: „სახტად მშრალი მოყვარე და სახლიკაცად მტრები“, „უკმეველი სარკმელი“. სახე-ხატები – „ბეწვის ხიდი“, „უსაფეხურო კიბე“ და გენიალური, ტრაგიკული მეტაფორა: „დილის ნისლში ცხვრების ნაცვლად ძოვენ სულში თხები“ – ადამიანის შინაგანი სამყაროს სრულ არევასა და დაბნეულობას ასახავს. ნახევრადღმერთის (გილგამეშის/ენქიდუს/კოპალას) დაბერება კი სიკვდილის გარდაუვალობის აღიარებაა.უძღები შვილის დაბრუნება (42): ფინალი პოემას ანიჭებს უდიდეს ჰუმანურ და კათარზისულ ძალას. ბედის ბედუინი (ავტორი, რომელიც ებრძოდა დევებს, დაიკარგა მაზაკვალებში, გაიარა ცეცხლი და გაყინული წყალი) მიდის უფალთან. ის არაფერს პირდება, არ ამართლებს თავს – ის უბრალოდ „ჩაიცუცქება“ მამის ფეხებთან, როგორც ნაბოლარა, უძღები შვილი. ფინალური სტრიქონი: „გზად იანი შემომეხვევა ბედის ბედუინს მზით მადლიანი“ – ტოვებს აბსოლუტურ იმედს, სადაც ია (გაზაფხულის, აღორძინების ნიშანი) და მზე კურნავს დაღლილ პოეტს.ეს ბოლოსიტყვაობა ქართული მწერლობის საუკეთესო ტრადიციების (რუსთაველი, ვაჟა, გალაკტიონი) სინთეზია, რომელიც სრულიად თანამედროვე, ინდივიდუალური პოეტური ხმითაა ნათქვამი.