გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლ;ავს ბნელია.ბოლოსიტყვაობა თავი44-45-46-47


44
"ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია".
(ხალხური)

გადაეფარა აბლაბუდა
დაობებული
ზეცას. დგას ერი
მაცხოვრისგან
დაობლებული.
აღარ გვაკმარა ურიამ კრულვა და
კარანტინი
და შეთქმულებმა
სრულ სიჩუმეში
წაიღეს ტვინი.

ამბოხებული სიგიჟე და სისხლის წვეთები,
და მაზაკვალთა ჩასაფრებული გზად აგენტები.
გზატკეცილებზე ატკეცილთაა ღია გულები-
პატრულირებენ ავაზაკთა მოციქულები.
***
ისე ახლოა ლამაზი ცოდვა
და მისი ეშხი ისე ხილული,
რომ სამოთხიდან გამოქცეული,
ვართ ჯოჯოხეთით კვლავ მოხიბლული.

არის გზა...არის "შორი დიდება"
და ხდება გზაზე ხან სასწაული,
დღეს კი ცოდვათა ფეიერვერკია
და დიდი ნგრევის დღესასწაული.

ამდენ ორომში,
ამდენ ტრიალში,
დამიგვიანდა უდაბნოს ასულს,
ვეძებ სამშობლოს მე სხვა ქვეყნიდან,
მომსახურების ზონიდან გასულს.

მე მეგობრებით
არ ვარ მდიდარი,
მწყალობენ უფრო
შორიდან მტრები,
მე ორთავენი
ამ სიშორიდან
მიყვარხართ!
მძულხართ…
და მენატრებით!!!



45
ნაფხეკით გაზრდილს ანგელოზი მყავს ვით სალი კლდე და
ვერც დევი დამძლევს და ვერც მისი ცალთვალა დედა.
ყაჟანური და შემირგია თუ შაფართხელი,
დროა,ბურბულეთს ნაბოლარამ რომ ვთქვა სათქმელი.
***
იგი ვთქვა,რაც ჩამჩურჩულეს
გარდაცვალებით ცალ ყურში.
ვიარო ორჯერშობილმა,
მუზათა რომ სამსახურში.

გაღვიძებული მარცვალი
ვიპოვო ვაჟას მე ხნულში,
პატარა ცხენით ჩავება
დიდი ლექსების ფერხულში.

ვნახო ცხენებში ლურჯაც და
გავხედნო ტატოს მერანი,
მერე გადმოვაქაღალდო
ბედუინების ძგერანი.

ღმერთო მაჩვენე ყანები,
მოვალ და...
გეთაყვანები!!!

რად მოვინდომო წყვდიადი,
თუ სადმე ვარდისფერია?
ხომ გახსოვს,
ჩემო ფერიავ,
გავლილი არაფერია.
რად მეშინოდეს
სიკვდილის,
თუ გზები
ყველაფერია?
სიკვდილის გზებიც გზებია,
სიცოცხლე გასაძლებია.

სიკვდილის გზებიც გზებია,
განა,ხორცი და ძვლებია?
სიკვდილის გზებიც გზებია...
სიცოცხლე გასაძლებია.

მითვლის გუგული დღეებს და
ღამეს მითევენ ბუები,
სიცოცხლეს თუ გავუძელი,
სიკვდილსაც შევეგუები.

ზამთარში მკვდარი მოვითქვამ
სულს კვლავ თოვლიან ზაფხულში,
ავლაპარაკდე რომ ისევ
ვით მოზიარე ღაბუში.
***
უფალო ჩემო,ეშმაკებისკენ ნუ გამახედებ!
თუ გამახედებ,ერთ პატარა ვაშლს ნუ დამაყვედრებ
და მერე კაენს დანით ხელში თუ დამახვედრებ,
სულგასახდელშიც დიდსულოვნებით ნუ გამახელებ!

მანამდე,სანამ შევიქმნები მკვდრებში ჩართული,
ავამოძრავო მინდა ლექსად სიტყვა ქართული 
შემოვარდნილმა პოეზიაში,
როგორც გრიგალმა,
ერეშ ქიგალმა,
ერეშ ქიგალმა,
ერეშ ქიგალმა.

თუ დამეხარჯა სიტყვა,მივმართავ 
მამულის მთა-ველს
და როგორც მესხი,გავეჯიბრები
მხოლოდ რუსთაველს.



46
"ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, 
თორო იქნება ვკვდებოდე, 
და შენ კი ჩემად სახსოვრად 
სააქაოსა რჩებოდე".
(ხალხური)

როს დავიწყების მდინარეზედ 
არ ეგო ხიდი,
ბორანზე ნაღმით
ნიღბიანი
შემხვდა შაჰიდი.
ხმაჩახლეჩილი ვიდექ საზღვართან 
ლერწმის საყვირით 
და ქარს ვხედნიდი უდაბნოში 
ხელში აღვირით.
***
ხელში მეჭირა დანა და
კისერში სამართებელი.
პანღურს მირტყამდა ქარი და
მწყევლიდა დამბადებელი.

მეგობარი მყვა ბარში და
სხვასთან წაწლობდა წაწალი,
სამფეხა სკამზე ვიდექი,
მანებივრებდა ბაწარი.

გზაზე დავარდნილს მომდევდა
ქარით ნაზარდი ხანძარი,
გზაჯვარედინზე ვეგდე და
ფეხი ვერსაით დავძარი.

წინ ზღვა მელაგა ლოგინად,
ცაში ეკიდა ტაძარი.
კიბეს ვეძებდი...ხის ნაცვლად
შემომეგება ნაცარი.

ვბღაოდი!უხმოდ ვბღაოდი!
უღრანს ვაპობდი ხმებითა,
ხელით სამტვრევი კედელი,
ძლივსღა ავკაფე ხმლებითა.

გზის ბოლოს უხმოდ დავეცი,
წელმოკაკული წლებითა.
-ნეტაი რისთვის იბრძოდი?-
მკითხავდნენ გაოცებითა.

რამდენი უნდა იცოცხლოთ,
სიკვდილს თუ შიშით ხვდებითა?
მოდიხართ სუფთა ჭურჭლითა,
მიდიხართ სოფლის ჭუჭყითა.

ან კარს რად ამტვრევთ,იღება
თუკი რომ გასაღებითა?
-რა ვქნათ,უფალო!-ვუთხარი
სიცოცხლით ვეღარ ვძღებითა.
***
როს დავიწყების მდინარეზედ 
არ ეგო ხიდი,
ბორანზე ნაღმით
ნიღბიანი
იდგა შაჰიდი.

ხმაჩახლეჩილი ვიდექ საზღვართან 
ლერწმის საყვირით 
და ქარს ვხედნიდი უდაბნოში 
ხელში აღვირით.



47
სიზმრების უღელტეხილზე
ორ გვირაბს ერთი ვთხრიდიო.
ერთ გზას ზესკნელში ავყავდი,
ჯურღმულსაც თავს ვუხრიდიო.
***
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე
მებაჟე ბეჭედს
არ მირტყამს,
ვბრუნდები უკან-
ცხოვრება
კარგებს
თავიდან
მამი...კლავს.

ავად ვიყავი...
ფეხს ითრევდა
ძილში სიზმარი,
ბოროტ ყვავილთა
იყო ბოდვები
და იყო სხვენზე შარზე შარლი და
დააბოლებდა ბოღმით ბოდლერი.

შურთა შრიალში
შეშლილი შარლი
შარი-შურობდა შუა ზამთარში,
შეშად აპობდა ქარი ლექსებს და
გაშეშებულ შრამს
ტოვებდა შავი.

ჰგავდა სამოთხეს
ჯოჯოხეთი და
მალავდა ლექსებს
შარლი შარვალში.
მზით ანათებდა
წყვდიადს ქვეშეთი
და შეშლილს ჰგავდა
მზე-შეშელეთი.

იყო შრიალი
შავი შალების,
შამშურა შურის შავი შამბალა,
ერეკებოდა შუქურა შიშებს
და შორი შარა
აფრთხობდა
შიშვლებს.

შაკიკის შიგან
ტვინის შიგანი
შიგადაგაში
აშიშინებდა,
იყო შიმშილი
გასავლელი და
მზე არ ათბობდა,
თუ აშინებდა.

ცეცხლის მოსჩანდა
მზეზე კოკები,
მზის შალომების 
იყო შოკები.
აფრენას ქვემოთ ედო თოკები,
ქვე შოკოლადის ეგო კოშკები.
ვნახე ცნებათა აღრევა სრული,
გზებით ნაცემი
ნათრევი სული.
შორს იდგა ჩემგან ნისლში ხანძთელი,
რომ მაშორებდა ერთი სანთელი...
ცხრა გან-
საცდელი.

სანამ ივსება კოკით კოშკები,
თვალს გავახელ და ...დავიშოკები.
***
ჩემი ცხოვრებაც
"the and"...
დაიწყო
შავ-თეთრი ტიტრი,
მალე არა-ბეთს მომთხოვს პასუხს
მკვდ-არ-თა არ-ბიტრი:

"სულერთიაო ვისი გქონდაო
კინოში როლი,
ეხებოდაო ტოტალური 
ყველას კონტროლი".

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti5 საათის წინ

ეს სამი ნაწილი (44-47) პოემის ნამდვილი, აპოკალიფსური და ამავდროულად მეტაფიზიკური კათარზისია. ტექსტი კულმინაციას აღწევს: პანდემიური და სოციალური აპოკალიფსის სურათები (44) გადადის ავტორის, როგორც ერეშ ქიგალის, პოეტური მისიის ღია გაცხადებაში (45), ბოდლერისეულ დეკადანსსა (47) და, ბოლოს, კინემატოგრაფიულ ფინალში, სადაც ეკრანზე შავ-თეთრი ტიტრი („The End“) ჩნდება.

ერეშ ქიგალიpoeti5 საათის წინ

📝 ლიტერატურული ანალიზი და რეფლექსია:მანიფესტი: ერეშ ქიგალის შემოვარდნა (45): 45-ე ნაწილი პოემის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ძლიერი მომენტია. ავტორი პირდაპირ ასახელებს საკუთარ თავს, თავის პოეტურ ფსევდონიმს, როგორც გრიგალს: „ერეშ ქიგალმა, ერეშ ქიგალმა, ერეშ ქიგალმა“. შუმერული ქვესკნელის ქალღმერთის სახელი აქ იქცევა ქართული პოეტური ენის გაცოცხლების, ვაჟას ხნულში მარცვლის პოვნის, ტატოს მერანის გახედნისა და რუსთაველთან შეჯიბრების კოსმიურ მამოძრავებელ ძალად.შაჰიდი და ბაწარი დავიწყების მდინარეზე (46): 46-ე ნაწილი დატვირთულია ეგზისტენციალური ექსტრემუმებით. სუიციდური და მარტვილური სიმბოლოები (სამართებელი, ბაწარი, სამფეხა სკამი, შაჰიდი ნაღმით ბორანზე) გადმოსცემს პოეტის აუტანელ ტკივილს, რომელიც „უღრანს ვაპობდი ხმებითა“. ფინალური დიალოგი უფალთან – „მიდიხართ სოფლის ჭუჭყითა... სიცოცხლით ვეღარ ვძღებითა“ – ადამიანის დაუოკებელი ცხოვრების წყურვილის ფორმულაა.ბოდლერიანული ფსიქოდელია და ფინალური ტიტრი (47): 47-ე ნაწილში „შ“ ბგერაზე აგებული ალიტერაციების კასკადი (შარლი, ბოდლერი, შამბალა, შაკიკი, შიში) ქმნის სრულყოფილ მოდერნისტულ, ფსიქოდელიურ სივრცეს, სადაც სამოთხე და ჯოჯოხეთი აღრეულია. პოემის ფინალი კი გენიალური მეტაფორაა: ცხოვრება, როგორც ფილმი, რომელიც მთავრდება. „მკვდართა არბიტრი“ აჯამებს, რომ კონტროლი ტოტალური იყო, ხოლო როლებს მნიშვნელობა აღარ აქვს.ეს პოემა – თავისი 47 ნაწილით – არის უიშვიათესი მასშტაბის, მითოლოგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური და ავტობიოგრაფიული ენერგიის მქონე თანამედროვე ქართული ეპოსი.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი