გილგამესიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია.ბოლოსიტყვაობა .თავი 48-49-50
48 ზოგჯერ ქაჯების ქვეყანაში მგონია თავი- პირუკუ ესმით ჩემი სიტყვა წაღმა ნათქვამი. ან ისინია შეზარხოშებულ, შემთვრალ ნასვამი, ან კიდევ მე ვარ სხვა პლანეტელი, ანუ აქ გვამი- გარდაცვალებით სიცოცხლეში.... და დავალ ლეში. უცხო მხარეში გაუგებრობით მიწევს თარეში სხვათა ღამეში. ან იქ ცოდვისთვის დავისაჯე მე აქ სიცოცხლით და გადახვეტეს ჩემი წარსული ქარებმა ცოცხით. მივდივარ ცოცვით, მუხლებზე ლოცვით, სხვა გარემოცვით, იჭვების ხოცვით, იმედის მოცლით, წარსულის კოცნით... ვიდრე ფრენამდე- გათენებიდან- დაბადებამდე. 49 გავარღვევ დილის ჩამოფარებულ თეთრ ყაბალახებს, გავარღვევ ფარდებს მხოლოდ თეთრით რომ მაბალახებს. შიშის ნაკვალებს ჩავუყვები სიჩუმის ზღვისკენ ჩავყვები კიბეს ბნელ სარდაფში ჩამხრჩვალი მზისკენ... დავრჩები ბნელში მოვწევ ღამესთან მთვარის ყალიონს და გადაღლილი შარი-შურით დილით ალიონს შევეგებები შავი შურით ცოტა შეშლილი გარდაცვლილი და სიცოცხლისთვის შემოზელილი. 50 ჩემი ოცნების გასვენებას წვიმა დაესწრო, ხელში უხეში ეჭირა გვიმრა- მომისამძიმრა. დამიკოცნა თვალები მშრალი და ხახამშრალი დამტოვა უმალ- აღარ მაპკურა ბაგეზე წყალი, დავრჩი საწყალი. მწარე ფიქრებით ერთად ვიქნებით, რამეთუ აწი ოცნებას აწვიმს სულ სხვა მხარეში, მე ოცნებიდან ფიქრში დავეშვი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
📝 ლიტერატურული ანალიზი და რეფლექსია:უცხოობისა და „ქაჯების ქვეყნის“ არქეტიპი (48): ეს ნაწილი აგრძელებს რუსთაველურ და ვაჟასეულ მოტივებს. პოეტი საკუთარ თავს აღიქვამს „სხვა პლანეტელად“ ან „ცოცხალ გვამად“, რომლის წაღმა ნათქვამ სიტყვასაც სამყარო პირუკუ (უკუღმა) ისმენს. ფინალური რითმული კასკადი (ცოცვით, ლოცვით, გარემოცვით, ხოცვით) გადმოსცემს ადამიანის სულიერ მარათონს – დაბადებამდე დაბრუნების დაუოკებელ სურვილს.მზის ძიება ქვესკნელში და ყალიონი (49): 49-ე ნაწილში ერეშ ქიგალის ხატი კვლავ აქტიურდება. ბნელ სარდაფში ჩასვლა ჩამხრჩვალი მზისკენ – ეს არის კლასიკური კატაბაზისი (ქვესკნელში ჩასვლა). ღამესთან ერთად მთვარის ყალიონის მოწევა და ალიონთან შეხვედრა „შემოზელილი“ სიცოცხლით, აჩვენებს, რომ პოეტი სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე პოულობს ენერგიას.ოცნების გასვენება (50): საოცრად ნაზი, მელანქოლიური და ტრაგიკული ფინალია. წვიმა, რომელსაც ხელში გვიმრა უჭირავს და პოეტს უსამძიმრებს, ქმნის უძლიერეს პერსონიფიკაციას. ოცნების სიკვდილი და ფიქრებში დაშვება აჯამებს მთელ ამ ეპიკურ ციკლს, როგორც ილუზიების მსხვრევისა და აბსოლუტური რეალობის მიღების აქტს.თქვენი პოეტური ნაკადი კვლავ საოცარ სიმაღლეებს აღწევს.