გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია
დაფა მესამე
„თუ სახელს არ მაშოვნინებ, როგორ დავბრუნდე შინაო!“
(ხალხური)
1
ურუქი საქმით და ქველობით რახან გახურდა,
შუმერთა შორის წარღვნის შემდეგ დაწინაურდა.
სხვა ქალაქებზე აღმატებული იყო რა მეტი,
დამკვიდრებულა ქვეყნად პირველი აქ პარლამენტი.
იდგა ურუქი მხარგაშლილი,მტრისგან ურქენი
და მას მართავდა საკრებულო ურთა-„უნქენი“.
რახან სხვადასხვა აზრი სასმენად კაცს ერგებოდა,
ზედა და ქვედა პალატისგან ის შედგებოდა.
ყოველ სხდომაზე „აბბა“აცხობდა რჩევას ასამდე,
„გურუშები“კი ცხოვრებაში ხორცებს ასხამდნენ,
იმას,რაიც რომ გადმოდიოდა ბაგეთგან ბრძენთა-
(მამის ნათქვამის გაგონება წესია ძეთა).
მოგეხსენებათ,სიტყვა ძალასთან იარაღია,
უხუცესები სიტყვას ჰფლოფდნენ,ხოლო კარღია
იყო ყურები გულად გურუშთა და ძალოვანთა,
ვით იარაღის მტარებელთა, სახელოვანთა.
საჭირბოროტო საკითხს ლობით წყვეტდა თვით ერი
და პარლამენტის ორივე ფრთას ჰყავდა სპიკერი.
თუკი იშთარი მფარველობდა ურუქს მრუშებით,
სიბრძნით აბბა და თავდადებით მას გურუშები
მართავდნენ.ურებს მომარჯვებული ჰქონდათ ყურები,
ლაპარაკობდნენ ოდეს გვართა მეთაურები.
არც გურუშები არ ყოფილან უსაქმურები,
„სარტყლის შემომრტყმელთ“არ ეთქმოდათ საყვედურები.
იყვნენ ასაკით ახალგაზრდები და გვარიანი,
"სახედრის ფერდების მკუმშავნი“ტანაბჯრიანნი.
თუმცა,მოყმენი ნაკლებად სცნობდნენ რა ადათ-წესებს,
ზედა პალატას ამის გამო იქ უხუცესებს
ანდობდნენ.ბაგე მხცოვანთა ურუქს ურუქელს რწყავდა
და მათი სახით დაბნეულ კრავს მოძღვარი ჰყავდა.
სადაც გურუშთა ღონე ვერ სჭრიდა,აბბა წარდგენით
მოუგვარებელს აგვარებდა ენის საყრდენით.
***
რახან მართავდა ურუქ ქალაქს ორი პალატა,
არც მეფეს სურდა ტრადიციისთვის რომ ეღალატა.
წასვლა-დარჩენის ერქინებოდა თუ რომ დილემას,
საჭიროებდა უხუცესთა გამოცდილებას.
თან პროცედურა რომ ყოფილიყო მისგან დაცული,
უნდა ეხილა ჯალაბობა და დედაწული
და მანამ,სანამ გადადგამდა შინიდან ის ფეხს,
ზრდილობისამებრ ესტუმრა იგი ურუქთა-ფარეხს.
ხანდაზმულების საბჭო მამათა,იგივე აბბა,
ურუქმა მმართველობაში სიბრძნის გამო ჩააბა.
რახან არ იყო ხალხისაგან სიბრძნე მალული,
მათ ეხებოდათ განსაკუთრებით ექსტრემალური-
სასწრაფოდ მოსაგვარებელი სიტუაცია
და გილგამეშმაც არც აცხელა,და არც აცია,
გურუშებისგან დასტურით რჩევას ჰკითხავდა აბბას
(ისინი გადმოცემით მაინც სცნობდნენ ჰუმბაბას).
***
რომ მოეგვარათ ვითარება ძნელ-კრიზისული,
სიბრძნეს ეძებდნენ უხუცესებთან ძმები მისული.
2
შეიკრიბა უხუცესთა საბჭო ურუქში და ისინი ურჩევდნენ გილგამეშს:
-მადლობელი ვართ, რომ მოხვედი
ჩვენთან პირველად,
თუმცა არ ღირდა ასეთი თემა
განსახილველად.
-საკუთარ თავში ბოროტი კაცმა
თუ ვერ განდევნა,
ჩემო გილგამეშ,რას გარგებს ტყეში
დემონის დევნა?
ან რატომ იღწვი მათთვის,
ვინც ბოროტს თავად ამრავლებს?
ახირებაა,მგონი,მორიგი,
არც ვინ გავალებს.
-ბოროტებას და სიკეთეს შორის
ზღვარს რომ ვერ ავლებს
და ყოველი დღით საკუთარ სულს რომ
სიცოცხლით ავნებს,
მას შენ აუხელ
დამძიმებულ
ცოდვებით თვალებს?
-არვინ გავალებს!
-არც ვინ გავალებს!
-ან,ვინ გავალებს?!
-ვისთვის ირჯები?
ვინც კარს უღებს და
მასპინძლობს კვლავ ავს?
არ ერიდება ცოდვას-
ხალვათში ანუ არც მალავს,
ან თუ მიდიხარ,
ვის ჩააბარებ
მარქვი მაშ,შინ ერს?
-ან რად მიდიხარ იქ, სადაც კაცის
ყოფნა ვაშინერს?
-ნუღა მოსწყდები ურუქს დევისთვის,
გინა ხისათვის.
სჯობს,აქ ეცადო რამეს,ე.ი.
ამ ხალხისათვის?
-სანამ ტურს აწყობ,მოგვაწყდებიან ველის ტურები,
მათ მოუშალონ ქალაქს სიმრგვალე და კონტურები.
უშენოდ ბევრთან ცოტანი დავრჩეთ უსუსურები,
ვერ გავუმკლავდეთ გუთიელებს თუ რომ ურები.
-ახალგაზრდა ხარ,მეფეთმეფეო
და გერჩის გული,
ძარღვებში სისხლის ყეფას ჰყავხარ
გზად აბარგული.
იქნებ,დააგდო მოუსავლეთის
გზა მანკიერი?
-მხეცს რას დააკლებ?
შეგიცვალოს მან კი იერი.
-თმა გაგითეთრდეს, დროზე ადრე
გახდე ხნიერი.
-ვეღარ დარჩები შიშნაჭამი
პირმშვენიერი.
იქნებ,ისმინო ჩვენი რჩევა
გულისხმიერი.
-რას იზამ ძალით მასთან,ვისზეც
ვერ ხარ ძლიერი?
-სიავის წყარო და ბოროტის ძე ნაშიერი.
საზარელია კაციჭამია დევი მშიერი.
იგი პირიდან ცეცხლს აფრქვევს და სუნთქავს სიკვდილით,
ვერ დაემალო მის მელამებს მალი სირბილით.
-მოგეპარება ცოდვასავით,როგორც მელია,
-ეს ახირება რომ გვიკვირდეს,რა სათქმელია?
-ჰუმბაბას ტყეა მიუვალი,უკაცრიელი...
-საქმე ხამს მაშინ,შედეგია თუ სარფიელი.
-თუ მოგკლავს,ანდა,თუ დაბრუნდი ხელცარიელი,
ვით მოგიწონო უგუნური კაცს საქციელი?
-რად ხარ ცხოვრების უმადური,რად გიჭირს ყოფა?
-რად გინდა დევის განძი,შენი აღარ გეყოფა?
-ახალგაზრდობით არ იცი,იქნებ,თუ რას უბნობდე,
იქ უსახელო სიკვდილს გიჯობს,ურუქს ბუდობდე.
-გასაგებია,ახალგაზრდობის რაა ბუნება,
არც ჩვენთვის იყო უცხო ერთ დროს მსგავსი ცდუნება.
-გონება უნდა სჭარბობდეს და არა გუნება,
მითუმეტეს რომ მეფეს არ ჰშვენის აცუნდრუკება.
-აბა,რას გარგებს სოჭის ტყეში ბრმა ხეტიალი,
ოხრად დაგრჩება თუკი თავი ოხერ-ტიალი?
-რომელ ბრძოლაზე უბნობ,როცა მხეცის ღრიალი
დაგაგდებს მანამ,მოგაშთობს სანამ თვალთა ბრიალი.
-თავად იგიგის ღმერთებს ვერ ძალუძთ აღუდგნენ ურჩხულს,
-სამოც ბერუზეც ვერ უმალავენ ფოთლები ჩურჩულს.
ვერ შეუნგრიოს მას ვერავინ რკინის გვერდები,
ერიდებიან ვისაც განზე თავად ღმერთები.
-მისი აურის ზოლი არის განუზომელი,
მზე დაუბნელოს,კედართა ჩრდილში ნახოს მძრომელი.
-გამგზავრებაა იოლი, ოღონდ, დაბრუნდეთ ძნელად.
-შორით მოგაშთონ ძმები ხელის მან გაუნძრევლად.
-ველად გავარდნა მიჯნურობაში წესია ხელთა...
-მზე რას იქმოდე ბნელმა ხელში თუ მოგიხელთა?
-თუ მოგიხელთათ,გადენინოთ ცხვირიდან ბოლი,
-დარჩება ჩვენი ქალაქი ამის გამო ობოლი.
-რად გინდა საქმე,ვერც იოლად და თუ ვერც ძნელად
ვერ მოაგვარებ. გზის საწყისში დამთავრდე ხელად...
-არ ღირს ოცნება,რომელიც ბრძენს მოგაქცევს ხელად,
-იქნებ,არც ღირდა ასეთი აზრი აქ გასამხელად?
-თუ გაბარია ურუქი და ყოველი ური,
კომსობას განა კედროვანში ჰშვენის ხუშტური?
თუ რომ გვეახლე,მოგვაპყარი შენი გულგული.
რად გაფითრდები ქვეშეთს,თუ რომ წითელს გუგული
გიკერავს,როგორც ცოცხალ მეფეს და სისხლით მჩქეფარეს,
როგორც ურუქში კანონიერ ბოძს და მდებარეს.
-სანამ მოირგო მეფემ მეომრის ტანზედ ალმაგი,
გაიხსენებდე იმ ხალხს,ვისზეც გადევს ამაგი.
ანდა ისეთი კარს მოგადგა რა გაჭირვება,
რომ მოგიწონოთ ჭინჭრაქასავით აკინჭილება.
3
ასეთ არგუმენტებს გილგამეშმა კონტრარგუმენტებით უპასუხა:
-თითისტარად კედარი აქვს,
წისქვილის ქვა ჯარადა
დევს.
ვარ დღემდე უდარდელი
ამის გამო
ჯავრადა.
მზეს ჩაყლაპავს,ცა გახდება
ბნელში აცა ბაცაო,
ჩვენი ვუყოთ,დაიკვეხნოს
თუ რომ მისი საცაო.
მე იგი ვარ,ვინც რომ ურუქს
გალავანი შემოვარტყი.
ახლა დროა,ფრთაშესხმული
გადავევლო კედელს ბარტყი.
***
მე ორ ხეს შორის
ერთი ჩიტის გადაფრენა ვარ,
დასალევია წვეთწვეთობით
სიცოცხლის თასი
და მე არ ვიცი
ხიდან ხემდე
რა გზა მიმიყვანს.
ერთია სწორი,
მეპატიჟება ოღონდ
ათასი.
თუ ვერ მოვიგებ,წავაგებ...ოღონდ,
წავაგებ ომით.
დარჩენილი კი წაგებული ვარ
ბუხართან ჯდომით.
ყოველი მეფის აღმასვლა დროით განსაზღვრულია
და დასაწყისის ბოლო სადგური-დასასრულია.
ჩემს შემორკალულ ქალაქში თვით ვარ თუ შეზღუდული,
დროა, ჩარაზულ ჭიშკარს ვუმტვრიო დროზე ურდული.
ვისაც ვერ ძალუძს შემოთარჯულის გადაბიჯება,
საკუთარ ციხის მიდამოში ვით ტყვე ირჯება.
***
სიჩუმე ხმებით მღაღადებელი
არის მომავლის მასწავლებელი
და ოცნებაზე პასუხმგებელი,
ანუ წერტილის დამბადებელი.
წინ წელიწადთა წვრილი რიგია,
თავზე ღრუბელი ისევ იგია,
წინ თუ ათასი გზა კვლავ მიგია,
ერთი ჩემია. ჩემი რიგია.
***
ქალაქში ჯდომით მითხარით,
რაი ვქნა,ან რა ვქენიო?
ხარი ვარ,ფურის გაზრდილი,
სხვაგან მაქვს აწ სარქენიო.
რად მინდა ტანი საპოხლად,
თუ თავი მრჩება აქ ოხრად.
მეც მინდა მქონდეს ამაგი
და არა მხოლოდ სარვაგი,
ანუ ანგარიშ-სარფები.
მინდა გავშალო აფრები,
როგორც მეფემ და არწივმა...
ჩემს ცისარტყელას შამაშმა
სხვა ქვეყანაში აწვიმა.
კედროვან ტყეში შევიჭრა
და წავაქციო კედარი.
ღვთის კარი გამოვთალო თუ
ჩვენს შორის ისევ კლდედ არი
ცოდვით ნაშენი კედელი,
რაიც დღითიდღე სქელდება.
განა,მამებო სიკეთე
გაუკეთებლად კეთდება?
***
კვლავ ვარ ეული,თუმც მახვევია გარს სახლეული,
თუ არ გავმაგრდი,ბოძი ვიყო აქ წაქცეული.
ამომხდეს სული დარდის დარდიმანდს რომ კაეშანში,
ცოტა არ იყოს,ამისი უკვე ბევრია შანსი.
ხორცია სულის სადგური და სული მძევალი,
თუ რომ სხეული ამკიდეს,როგორც ძველი მე ვალი,
დავაგდო უნდა ერთხანს იგი დიდმა ლუგალმა,
რომ გზას ჩავუყვე დროისაგან თავისუფალმა.
ვერ ეგუება სიკვდილს ნახევარ-
ღმერთის ბუნება
და პერსპექტივა ლეშობის გულს ვერ
ესალბუნება.
მოვკვდე,დაბმული სული აიწყვეტს,
თუა სულდგმული,
მანამ კი იქეთ გავწიო,საით
წამიყვანს მდგმური.
***
მადლობელი ვარ,ვერ მივიღებ,თუმცა,თქვენს რჩევას.
ჯინიანი ვარ,როცა გზას ვხედავ და ვდევ ამ ჩვევას.
ბედის ბორბალი მატრიალებს,მეტს როგორ მიზამს?
თუ ლუგალი ვარ,ვმსახურობდე უნდა დიდ მიზანს.
დიდ გზას გავუყვე დიდებისკენ,როგორც ლუგალი,
რომ ჩემი ბედის მჭედელი და გავხდე დურგალი.
წარსულს თუ ვერ ვცვლი,ვარიანტები ახლავს მომავალს
და ვარიანტში სახელს მივცემ ჩემს შთამომავალს.
ალაგი ვნახო უკაცრიელი და მიუვალი,
ბოროტთან ბრძოლით გადავიხადო მმართებს თუ ვალი.
მოვაშთო ხალხზე უკეთურის თვალთა თვალთვალი,
უსამართლობას თავი მოვჭრა,ვქნა სამართალი.
კარგია კარგი ღვინო,კარგი მიყვარს მწვადია,
ოღონდ,როგორც კაცს,უკვდავება საქმით მწადია.
ნახევარღმერთი,როგორც კაცი,თუ ვარ გახრწნადი,
ხამს,მაჩქარებდეთ,დამიყვავებდეთ: „კმარა აქ! წადი!“
თუ ღმერთკაცი ვარ,ვერ ვიქნები ერთი რიგითი,
მე სხვა გზები მაქვს,ღმერთს სხვანაირი მინდა ჯირითი.
უმოქმედება,ერთ ალაგს ჯდომა მკლავს და მაწუხებს,
დროა,გავექცე ურუქის კედლებს-სევდის მარწუხებს.
რა თავში ვიხლი კედელს,თუა შემოსაზღვრული,
თუ პორტალების ნაპრალებიდან შემოპარული
თავს გვადგას ცოდვა,მუდამ ფხიზელი და უძინარი,
ვერ მოუხუჭა ვინც მას თვალი,მარქვით ვინ არი?
მე ღმერთკაცი ვარ და ღმერთია ზეცაში მამა,
ჰუმბაბამ კიდევ ცოდვით მიწა და ტყე შემიჭამა.
ცოდვისთვის გახაზირებული მით დაიმონა,
რომ ტყუილების მანქანები გამოიგონა.
თუ დათვი თავზე მოგვაჯდება,განაა ბაბა
და მე-ღმერთკაცმა,რად დავიჯინო თავზე ჰუმბაბა?
რაიც დიდია,განა ყოველთვის დიდებულია,
ყვავიც მეტია,მგალობელი კი კვლავ ბულბულია.
სევდის ნაყოფი ურუქს სანამ მე უნდა ვხვეტო,
თუ დამიწუნებთ წასვლას,ჩემს გზას თავად მივხედო.
არ უნდა ამას ბევრი ხვეწნა და ღელვა ზღვაური,
ის,ვინც ბოროტს თესს,უნდა ერგოს მას საზღაური.
თუ როგორც მეფეს,მქვია მარტო და როგორც რჩეული,
მარგალიტი ვარ ნიჟარაში გამომწყვდეული,
მსურს დავამტვრიო საგდული.თქვენ კი,დროა, დამლოცოთ!
მეტი რა გითხრათ, მზე დავბრუნდე და გაგაოცოთ?
4
-ვინ დაგიწუნოს,მეფევ,ასეთი სწრაფვა და ქცევა,
ოღონდ მოიცა,ჰუმბაბა ტყიდან სად გაგექცევა?
თქვენ დაგებედათ ბოროტების სისხლის თუ ნთხევა,
განა ზედმეტი ბარგია ყალყზე მდგომის კურთხევა.
-თუკი არ იშლი და არ გჩვევია უკან დახევა,
გზას დაგილოცავთ,როგორც კაცს და ღმერთის ნახევარს...
-აღარ გაკავებთ,გილგამეშო,გზას გაძლევთ,წადი!
სახელი მაინც დააგდე,ხორცით თუ ხარ გახრწნადი.
-მოყმეს უხდება ჯირითი,შენთვისაც დადგა იგი დრო,
დააგდო საცხოვრებელი,დედულეთი და სამკვიდრო.
ეკლიანი გზა ეძებო,გსუსხავდეს ალაგ ჭინჭარი,
დაბრუნდე ჰუმბაბას განძით,სიუხვით და სანიჭარი
უხვად დააგდო ურუქსა,მანამ იობლებს აქ ური.
-მოგვენატრება მოსვლამდე ქეიფი მამაპაპური.
-მოგვენატრება ზეიმი,ცეკვა,ანუ ტაშ-ფანდური,
-ან კი სხვა განძი რად გვინდა,თავად ხარ თუ საგანძური.
-ყოფა უშენოდ რამეთუ
ურისთვის არს საძნაური,
ვაითუ,შენს გამგზავრებას
შინ მოჰყვეს აურზაური...
-მუხლჩოქვით უფალს ვევედროთ,
რომ მეფე კვლავ გვახილვინოს,
მანამ კი არ გავიკარებთ
არცა ლუდსა და არც ღვინოს?
-ჰპოვე მიზანი,თუ ოცნებით გადარეულო,
ხამს ძმასთან ერთად დინასტია და საგვარეულო
იხსნა ცოდვისგან,რომ არ იტიროს ურუქში ურმა,
რომ არ იმძლავროს საგვარეულომ აქ ნომადურმა.
-შენ კი,ენქიდუ,უფრო იცი ჩვევა ნადირთა,
იდექ ძმის გვერდით,თუ ნადირთმცოდნე მხეცთან დასჭირდა.
გამოცდილი ხარ,მოგეხსენება მხეცს მხეცის ომი,
როგორც ნადირმა,უფრო უწყი ტყის მისადგომი.
-მოგეხსენება ტყეში ქცევის ჩვევა-უნარი,
ბალახიც შენთან ლაპარაკობს,როგორც მკურნალი.
წინ გაუძეხი ხელმწიფეს,რისხვას თავს ნუ დაისევ.
-კვლავ შეგახსენებთ წასვლის წინ თუმცა,მაინც და ისევ...
რაც არ უნდა თქვა,იგი მეფეა,შენ კიდევ მხეცი,
გზა გაუკაფე უღრან ტყეში,პატივი ეცი...
-ორი ვალი გაქვს: ჩვენი ხელმწიფის სიცოცხლის დაცვა...
-და დევის თავი მასთან ერთად ხმალს უნდა აცვა.
-ბოლო მოუღოთ რა ჰუმბაბას,დააგდეთ ლეში.
-ყოველმან ქვეყნად სიკეთე თესოს ხამს სიცოცხლეში.
ყოველმან ნერგი უნდა ახაროს საკუთარ ხეში,
თანდათანობით რომ ვიპოვოთ გზა სამოთხეში.
-და მანამ,სანამ მნათობები ცაზე ჰკიდია,
წინ მიმავალი უკან მიმყოლი კაცის ხიდია.
გზა გაუკვლიე მეფეს,იგი კაცზე დიდია,
-შამაში იყოს თქვენთან,სადაც დაწვეს ბინდია.
-დაიმახსოვრე,წინა კაცია ხიდის გამდები,
მან დააჩქაროს წინ მიმავალის გულში ნადები.
-მან ჩაკეტილი კარის მისცეს ძმას გასაღები,
-უკან მიმყოლმა,მოსავალი ჰქნას მალ ასაღები.
-მარტო შენს ძალას ნუ ენდობი,თუმც გერჩის ღონე,
სადაც ხერხია უპრიანი,იგი იღონე.
გახსოვდეს ჩვენი რჩევა ენქიდუ,თუ გაიგონე,
თავი აწიე,მხეცმა კაცივით ნუ დაიღონე.
-ბევრჯერ ღონეს სჯობს მოულოდნელი დარტყმის სიზუსტე,
-ოღონდ,ეძიო უნდა მეტოქის მანამ სისუსტე.
რეაგირებდე მყისვე,სადაც გაიფაჩუნოს,
-ვინც ფრთხილობს,იმან მეგობარი შეინარჩუნოს.
-მებრძოლის ბრაზი ამრუდებს ომში ფორმას საგნისა,
ღონეს ჰკარგავს რა,მრწეველია ცოფის აკვნისა.
-შეინარჩუნე შინაგანად სიმშვიდე სრული,
გახსოვდეს,რისთვის აიბარგე მხეცი თმასრული.
-შეინარჩუნე სიმშვიდე ომში,ნუ აღელდები.
სიბრაზე ძალას გამოგაცლის,თუ გადელდები.
დამშვიდდი მანამ,სანამ მებრძოლი გზად ამხედრდები,
აღუბორგველმა გაბრაზებულს მაშინ გვერდები
წონასწორობით შეუნგრიო ნიშნის სისწორით...
-შემდეგ ისევ სჯობს პოზიცია გეჭიროს შორით,
სანამ სუსტ ადგილს დაეძებდეს ჯუფთი მეორე,
-დაჰკარ პირველმა და მცდელობა გაიმეორე.
-დიდი მადლია მეგობრისათვის თავგადადება,
მისი გულისთვის სიკვდილისთვის ღირს მომზადება,
თვალისჩინივით გაუფრთხილდი გილგამეშს,ენქი!
-მკვდარიც რომ ეგდო,მისი ხათრით ფეხზე დადექი!
-სიკვდილის შიშით მეგობარი ვინც ვერ დაიცვას,
დიაცი ერქვას და იმისი კაბა ჩაიცვას.
-მეფეს გაბარებთ ძმადნაფიცს და მეფე მოგვგვარე,
მანამდე ძმასთან ტყის პრობლემები ძმამ მოაგვარე.
-მეფეს უფრთხილდი,ენქიდუ,ირმის ძუძუთ გაზრდილო,
კაციჭამია მისი ხორცით არ ასადილო.
ჯოგის ბელადმა,მხეცთა ბრძოლის როგორც მნახველმა,
ბნელი დაჩაგრე, კურმუხეთის როგორც მძრახველმა.
-დღეს უხუცესთა საბჭო,ენქიდუ,მეფეს გაბარებს,
უფრთხილდებოდე,ვითარცა დედა თავის პატარებს
მას,ვისაც უთუ სიყვარულით ხელებს აფარებს,
იმას,ვინც ურჩხულს ადამიანთა ცოდვებს აბრალებს.
-ჩემო ენქიდუ,აქ ნათქვამი გაიხარიტე,
თავს უფრთხილდი და გილგამეში ბოროტს არიდე..
კვალში ჩაუდექ მზის გზის მკაფველ ძმას და ამხანაგს,
ვინაც მოუხვნელ ბნელში ეძებს თავის გამანაგს.
-გახსოვდეს,კაცთა შორის ვინაა აღმატებული,
თუკი დაეცა,ხელში გყავდეს ატატებული.
დაბრუნდით უკან,აისრულოთ ოდეს ნაზრახი...
-გაიყოლიეთ სატევარი და ბასრი ნაჯახი.
-მეფეს გაბარებთ,იგი ერთია გვირგვინიანი,
წასვლა იჩქარეთ და დაბრუნება არ ჰქნათ გვიანი.
სხვას ნინსუნ გეტყვით,ქალია ბრძენზე უფრო ჭკვიანი,
-თუმც,დედობრივი სიყვარულით კვლავ ეჭვიანი.
-ტანზე აბჯარი ჩაიცვით რკინის სარჩულიანი,
თავს გაუფრთხილდით,არ მიაყენოთ ბნელში ზიანი.
ტყემდე შამაში გამოგყვებათ,თვალებმზიანი.
ილოცეთ მისთვის!
- იყავით ლოცვით თავაზიანი!
-მეფეს გაბარებთ და უკან მეფე ხამს ჩაგვაბარო,
მეტი რა გითხრა,ამაზე მეტი რა დაგაბარო?
ურუქ ქალაქში ვნებით ილოცებს შენზე დედები,
-არ მოკვდე დროზე ადრე,თორემ...
- ვერ დაბერდები.
-ოდეს გავიგოთ,ჰუმბაბას სისხლის ცხვირიდან ნთხევა,
მთელი ურუქი ვაშას ძახილით შემოგეხვევა
და გამარჯვებულს,მიწყივ,ხალხი ფეხზე გემთხვევა,
-ოღონდ ამისი მოგვეცემა თუკი შემთხვევა.
-ჟამს მიმწუხრისას ჭა ამოთხარე უცებ პატარა,
-ანკარა წყლით კი გედგას ხურჯინში სავსე მათარა.
-შამაშს ჩასვლამდე წყალს უღვრიდე,წესად გახსოვდეს!
-ცოდნა წყაროა,როს წყურვილი ხეპრეს ახრჩობდეს.
-მეტი რა გითხრათ?თითქოს გითხარით ყველამ სათქმელი,
გრძელი გზა გიდევთ,დაგჭირდებათ ნუზლი-საჭმელი...
-მიიღეთ საგზლად უხუცესთა თქმა და რჩევები,
სიბრძნე ხმალია,ბრიყვებია საცა დევები.
რჩევა შეირგე წამალივით,დაგჭირდეს ოდეს,
როგორც ლამპარი იგი ბნელში წინ მიგიძღოდეს.
-ავგაროზს მოგცემთ,გოროზი დევის თვალი მზაკვრული
რომ ძმებს არ გეცეთ,ოდეს ტყეში თქვენ თვალაკრული
დარჩებით ტევრში.მტერი იცანით შემოპარული...
-წასვლის წინ დავჯდეთ,შემოვძახოთ ერთხმად მგზავრული.
-რახან არ იცდით და მიზანიც გაქვთ აწ გარკვეული,
გზას დაგილოცავთ!დე,იყავით მზით დაზღვეული!
-დაბრუნებული გიხილოთ ურუქს ძმები რა ოდეს,
ვერ შეგელიოთ შინ მოსულებს კვლავ ვერასოდეს.
გამოგეგებოთ მთლად ურუქი მთელი ურითა,
ვსვათ დაბრუნების სადღეგრძელო გოზაურითა.
გზის დასალოცად შეავსეს ხათე კათხა-ყანწები,
დაულოცავდნენ გზას აბარგულებს სახლიკაცები:
***
აბა,ულა!
ულა,აბა!
ძირს ჰუმბაბა!
ძირს ჰუმბაბა!
აბა,ულა!
ულა,აბა!
შეგიკეროთ გმირის
კაბა.
აბა,ულა!
აბა,ულა!
სანამ სისხლი
გაყინულა!
სანამ სიყრმე
გაპარულა!
სანამ მადლი
აკრძალულა,
სანამ უთუ
დაკრძალულა.
სანამ გული
გაბზარულა!
სანამ ნისლით
დაბურულა,
ჩემი დასალაშქრი მთები,
ჩემი გასავლელი წლები,
სანამ დარდით დავიწვები,
ჩემი დასადები
ლელო
და სათქმელი
სადღეგრძელო!
აბა,ულა!
ულა!
ულა!
სანამ გული
გაგუდულა.
აბა,ულა!
ულა,ძმურად!
არ ივარგებს
"მტერს მოყვრულად."
მტერს მტრულად და
სხვას-
მოყვრულად!
აბა,ულა!
ულა,ულა!
გაბედულად!
მართებულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
ცისარტყელა დახუნძლულა!
აბა,ულა!
გვიღირს
ულა!
ღირსე-
ულად!
ღირსე-
ულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
სანამ წამი გაყურსულა!
სანამდე მზე არ ჩასულა,
სანამდე დრო არ გასულა.
სანამ ცა ჩამოქცეულა,
სანამ მიწა გახეულა,
სანამ თვალი ახვეულა.
სანამ წყალი
ამღვრეულა.
სანამ ჟინი
გაქცეულა,
სანამ სვეტი
წაქცეულა,
სანამ ღვინო
დაქცეულა.
სანამ ზღვები მოქცეულა,
სანამ კაკლობს ბროწეულა.
აქ აკვანი დარწეულა
მზის ნანათლი
და მზის ჭუკის
ამარ-უთუ-
მზეჭაბუკის.
აბა,ულა!
ულა,აბა!
დევის განძი
და ყულაბა.
აბა,ულა!
ულა,ძმაო!
გმირაობაში გენიძლაო.
-გვალე,გილგამეშ!
გილგამეშ,გვალე!
შენ ხარ ქალაქი
ვინც დაგვიმრგვალე.
მართლაც,რა უნდა
მზის ხბოს უღელში,
შემოსაზღვრული კედლის კუთხეში.
შენ უნდა მოჰკლა დევი უხეში,
ახარო ნერგი
საკუთარ ხეში...
-მზის
ნაკურთხევში.
5
-თუ დაგედევნა სიკვდილი,ხეს ვერ ამოეფარები,
გააღოს ნებისმიერი მან ცხრაკლიტული კარები.
სიცოცხლემ თუ მოგიძულა,ბოლომდე მას ეყვარები.
მოგაგნებს მთვრალს და ფხიზელსაც, ვერც ძილში გაეპარები.
სიკვდილამდე კი
მიცდის სიბერე
ბნელ მოსახვევში
და მეკარგება სიჭაბუკე
ღამის ღრმა ხევში.
წინ თუ ვერ ვიარ,
გავყვე დინებას
ბედის ბადეში...
თუნდაც ოცნებას
შევაკლა თავი
ბრმა სიცხადეში.
***
სიკვდილი ყველას მოგვნახავს
მარდია,როგორც მწევარი.
რაა სიცოცხლე,თუ მანამ
მწვრთნელმა ვერ ვპოვე მწვერვალი?
ჩემი ბედი და იღბალი
დაწერილი აქვს მწერალსა
და მე სად დავემალები
ფეხდაფეხ მდევარ მწევარსა.
მთელი სიცოცხლე თუ ოდენ უნდა
ქვეყანა ვმართო,
მარქვით მხცოვანთა,
როგორც გმირმა
ვით გავიმართო?
შამაშის სხივით განსხივებული
იმედის მდელი,
ცრუ ოცნებათა ვერ ვიქნები
მე გამყიდველი.
განა,ჯუჯა ვარ უკანონო
და უგვირგვინო,
ღმერთების პურის მტე ვარ,მათთან
მისმია ღვინო.
დიდი მდინარის გადაკვეთა
თუ ძალუძს იხვსაც,
ბნელ კედროვანში შეუძლია
პატარა სხივსაც
გააპოს გზა და დააფიქსიროს
შამაშის ყოფნა,
ოღონდ,მანამდე უნდა ვუტირო
ჰუმბაბას ყოფა.
თუკი სიბნელე არყოფნაა
ბნელში სინათლის,
მზე გააფორმებს თითო სხივით
იქაც სიმართლის
მადლს და
დახატავს უფერულში
სხვადასხვა ფერებს
და ტყეც თითო ფერს
შეისისხლხორცებს
და შეიფერებს
და ფეხადგმული სხივი ტყეში
ფრთას გზას დაუგებს,
ხოლო კედარი უნახავ ჩიტს
მღერას გაუგებს.
მოგვიანებით,მაგრამ მაინც გავიგე ეს მე,
უნდა იჩქარო კაცმა სიკეთე და თესო დღესვე.
ცუდი ხვალისთვის გადადო,ავი არ ღირს იჩქარო,
ცხელ გულზე უნებლიედ ბევრი რომ არ მიჰქარო.
თუ ბოროტება სამოქმედო გეგმად დღეს არ დევს,
იქნებ,ხვალისთვის რაც არ ახსოვთ,გაუჩინარდეს.
ხოლო სიკეთე დაუყოვნებლივ აკეთო უნდა,
რომ არ ჩაგადნეს ხელში,ვით თოვლის პატარა გუნდა.
თუ ბევრი ჯავრობს,სხვა დროს ვცხოვრობო,
სხვათა კრედოში,
მე და ჰუმბაბა ხომ ვცხოვრობთ ჯერაც ორნივ
ერთ დროში?
ჟანრის წესებით ბოროტებას დასცემს სიკეთე,
გავხსნი კარიბჭეს,თუ რომ ნებით გამოვიკეტე.
აქ ჯდომით,აბა,რა ხეირია,რა გავიკეთე?
მხოლოდ ცოდვისთვის სული და ხორცი თუ გავიმეტე.
სიკეთე განა სარეველაა,იხაროს თავად?
თუ ვერ მოუვლი,ავის სიმრავლით გახდება ავად.
ყოველ მადლს მოვლა-პატრონობა და გაზრდა თუ უნდა,
ბოროტი ჩვენი პასიურობით სჩანს გაზულუქნდა.
რადგან ღმერთი ვარ და ნახევარი ჩემში მისია,
მე აღვასრულო უნდა ქვეყნად ჩემი მისია-
ძირფესვიანად უნდა მოვთხარო ბოროტი ძირში,
ხალხს დავეხმარო,თუა ხილული ბრმა გასაჭირში.
საპირისპიროდ ვიცურო,თევზში თუ ვართ კალმახი.
დინებას გავყვე მხოლოდ მკვდარი,ან დასაძრახი.
მგელი და კრავის ერთად ყოფნა თუ არ მოსულა,
არ უნდა იყოს ცხვარი ბერწი და მგელი ორსულად.
იქნებ,მეფობა კაი ყმობა და რაინდობაა,
მტერთან ბრძოლა და ძმადნაფიცის იქნებ ნდობაა.
დაუღალავი ბრძოლაშია მოქნევა მკლავის,
იქნებ,ბილიკის გაკვლევაა,გაუკვალავის?
***
ვინ შეედრება მას,ვინც არის ნადირყოფილი
ერთგულებაში?..და თუ ვერაა ჯერ სრულყოფილი
თვისი სოფლიდან ჩემს სოფელში შემოსოფილი,
ვითარცა კაცი,სამაგიეროდ როგორც ძმობილი
სრულყოფილია...აღარ ვარ მარტო,
ყველამ გაიგოს,ძმასთან ერთად დევს რა დავმართო.
ომგადახდილმა ხალხი ზეიმით ურუქს გავართო,
ახალი წელი წელიწადში ორჯერ გავმართო.
ჩვენ გამარჯვების კვარცხლბეკს აღვმართავთ შუა ურუქში,
რომლის გარშემო ბალღებს ექნებათ ცეკვა-კუნტრუში.
ვისაც რწმენა აქვს,ევლინება მას სასწაული.
-ჯერ საქმეა და საქმეს მოსდევს დღესასწაული.
-სადაც გრძელია შარა სავალი,
მას შეამცირებს თანამავალი.
თუ კაცს ჰყავს გზაში ძმა მოუბარი,
ტკბილია იგი,როგორც ნუგბარი.
არ ეყოლება მოსაუბრე მოგზაურს რაკი,
გამოელევა მოთმინების გზაში მარაგი.
ძმა ძმისთვის დღეა,სიმართლე განა არის არაკი,
თუ გული გულობს,ამაზედ ღირს კვლავ ლაპარაკი.
მე გავაბრწყინო უნდა ურუქი,ჩემი ქალაქი-
წვერი მოვპარსო შიშს,შევიქმნე მისი დალაქი...
ახლა კი, ულა,გამიგრძელდა, მგონი, ლაქლაქი.
აბა,ულა!
ულა,აბა!
ძირს ჰუმბაბა!
ძირს ჰუმბაბა!
აბა,ულა!
ულა,აბა!
შეგიკეროთ გმირის
კაბა.
აბა,ულა!
აბა,ულა!
სანამ სისხლი
გაყინულა!
სანამ სიყრმე
გაპარულა!
სანამ მადლი
აკრძალულა,
სანამ უთუ
დაკრძალულა.
სანამ გული
გაბზარულა!
სანამ ნისლით
დაბურულა,
ჩემი დასალაშქრი მთები,
ჩემი გასავლელი წლები,
სანამ დარდით დავიწვები,
ჩემი დასადები
ლელო
და სათქმელი
სადღეგრძელო!
აბა,ულა!
ულა!
ულა!
სანამ გული
გაგუდულა.
აბა,ულა!
ულა,ძმურად!
არ ივარგებს
„მტერს მოყვრულად“.
მტერს მტრულად და
სხვას-
მოყვრულად!
აბა,ულა!
ულა,ულა!
გაბედულად!
მართებულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
ცისარტყელა დახატულა!
აბა,ულა!
თუ ღირს
ულა!
ღირსე-
ულად!
ღირსე-
ულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
სანამ წამი გაყურსულა!
სანამდე მზე არ ჩასულა,
სანამდე დრო არ გასულა.
სანამ ცა ჩამოქცეულა,
სანამ მიწა გახეულა,
სანამ თვალი ახვეულა.
სანამ წყალი
ამღვრეულა,
სანამ ჟინი
გაქცეულა,
სანამ სვეტი
წაქცეულა,
სანამ ღვინო
დაქცეულა.
სანამ ზღვები მოქცეულა,
სანამ კაკლობს ბროწეულა...
აქ აკვანი დარწეულა
მზის ნანათლი
და მზის ჭუკის,
ამარ-უთუ-
მზეჭაბუკის.
აბა,ულა!
ულა,აბა!
დევის განძი
და ყულაბა.
აბა,ულა!
ულა,ძმაო!
გმირაობაში გენიძლაო.
-გვალე გილგამეშ!
გილგამეშ,გვალე!
შენ ხარ ქალაქი
ვინც დაგვიმრგვალე.
მართლაც,რა უნდა
მზის ხბოს უღელში,
შემოსაზღვრული კედლის კუთხეში.
შენ უნდა მოჰკლა დევი უხეში,
ახარო ნერგი
საკუთარ ხეში...
მზის
ნაკურთხევში.
6
-თუ მოჰკლავთ ურჩხულს,ვისაც სიკვდილი არ ეკარება,
ზეიმით დაგხვდეთ,გამარჯვებულს ვით ეკადრება.
-დაბრუნებამდე დღესასწაული მოგვენატრება,
-დაბრუნებულთა სადიდებლად ბალღიც დათვრება.
-ღირსეულ შვილებს ღირსეულად ქალაქი დაგხვდეთ
და გამარჯვების მოზიარენი ჩვენ თქვენი გავხდეთ.
-განა მეგობრის მარტო ჭირში უნდა იარო,
ზოგჯერ მეტს ნიშნავს,სიხარულში ძმა აღიარო.
-ძმის სიყვარულით თუ გული გულობს,იგი ამღერდეს.
სად ძმა პირველობს,მეორე ადგილს მოძმე დასჯერდეს.
-სად ძმა პირველობს,უპირველობა არ ითაკილოს,
და იღბლიანი ძმის მიმართ შური არ ააკივლოს.
-დამარცხებულის თანაგრძნობა რა დაგიჯდება?
გიშერი შური გამარჯვებულის მიმართ გიჟდება.
ძმა მაშინა ხარ,თუ გახარებს მოძმის დიდება
და ოდეს შურით გული ძმას არ გაგისივდება.
-ოდეს გხედავდეს მასზე უფრო ზე-აღმატებულს,
ხელი მოგხვიოს და დაგილოცოს გზა წარმატებულს.
ზოგჯერ პატიჟით მეგობრობა გზაში მცირდება,
-სადაც შურია,იქ სიკეთე გზას ასცილდება.
ძმა,აღჭურვილი ნდობით,თუ რომ გამობზინდება,
ნდობადაკარულს დღე თანდათან განერიდება.
-სადაც იჭვია ადიდებული,ნდობა დინდება,
მას თუ მიენდე,იგი ბოროტს გაგიპირდება.
როს იჭვიანი გაიქცევა,აღსავსე ნდობით
წარმატებულის გვერდითაა ძმის თანადგომით.
რასაც ვერ იზამს იძულებული ძალით და ყმობით,
ძმა იზამს ძმობით,საკუთარი ნების თანხმობით.
***
-გამარჯვებულმაც ჩააბაროს უნდა გამოცდა,
ძმას აპატიოს,მწარე სიტყვა თუკი წამოსცდა...
-აღზევებული ხამს კეთილი და თავმდაბალი,
არ ტრაბახობდეს,ვინ არისო ჩემი ბადალი.
-მეგობარი კი,სიხარულით
მისით ხარობდეს,
მეორე ადგილს დასჯერდეს,
პირველს აღარ დარდობდეს.
-გამარჯვებულსაც ელის ცდუნება,
არ შეიცვალოს ძველი ბუნება,
არ გაუფუჭდეს ძმისთვის გუნება,
ძმასთან გაიყოს ხამს ფუფუნება.
-გამარჯვებულის მტერია პირში ლაქუცი,ქება,
აბა,მლიქვნელი მეგობარი როგორ იქნება?!
სადაც ლიქნია,პირფერობა,ან უქმე ლიზღი,
სამართლიანი იქნება,გქონდეს მის მიმართ ზიზღი.
-თუ მოყვარეა,მხოლოდ სიმართლეს ხამს ქადაგებდეს,
-თუნდაც ძმა ედგას სოფელს თავში და განაგებდეს.
-ოღონდ,ნათქვამის უკან იდგეს და პასუხს აგებდეს,
ბოროტი საქმე დაიწუნოს,კეთილს აქებდეს.
სამართალია ყველაზე დიდი
ამქვეყნად მადლი...
-და მართალს ამ მადლს,თუ მტყუანი ხარ,
ნუ დაამადლი!
-მაშინ,დიდი უფრო გახდეს
დიდებული.
-უფრო სასურველი!
-უფრო მიღებული!
-უფრო დიდებული!
-უფრო დიდებული!
-გეცოდებოდეს დამარცხებული,
გიყვარდეს,ნახო გამარჯვებული!
-ასე რომ,ძმობა იზომება არც მარტო ომით,
არცარა ხოლო პატიჟით და არცა განცხრომით.
ძმადნაფიცობა იზომება ძმის თანაგრძნობით,
მისი ჭირის და უფრორე მისი ლხინის უფლობით.
ის ზიარია შენი წინსვლის და შენი სირცხვილის,
ის თამადაა,ქორწილია თუ შენი შვილის
და ბოლოს,ძმები დამეთანხმებით ალბათ იმაში,
ძმა ძმის ქუდია,ოდეს უქუდო ძმა დგას წვიმაში.
-მეფევ! გწყალობდეს ისტორიის ბედის გამრიგე.
თავად ენლილი...ისმენდე გზაში,რაც დაგარიგე...
-ჩვენც იგი გვინდა,ვნახოთ მხეცი ტყიდან დევნილი
და კედროვანი ჰუმბაბა ხმლებით პირდაფჩენილი.
-დაე,გილგამეშ,ლუგალბანდას სული გფარავდეს!
-უღრანი ტყის ტყვეს მთვარის ბილიკს ხე ვერ გპარავდეს.
წასული ღმერთი ანგელოზად შენს გვერდით ვლიდეს,
უსულოს სულს გიბერავდეს და დაჭრილს გივლიდეს.
-გვერდით იქნება შენი მამა
და წინაპარი.
ხელში აგიყვანს,დავრდომილი
გნახოს საპყარი.
თუ მოგეშალა,მიწა ფეხქვეშ-
გახადოს მყარი,
-თუ შებარბაცდი,
საკუთარი შეგიდგას მხარი.
-სარტყელზე სატევარი გქონდეს დაკიდებული.
დაჰკარი!საფრთხე ნახო სადაც ადიდებული.
მშვილდი წაიღე-ანშანისაა იგი ქვეყნისა,
ჩუგლუგ-კაპარჭი,ნამღერია ოქრომჭედლისა.
***
მათ საზეიმოდ გადასცეს მშვილდ-
კაპარჭი ხელში
და სატევარი გაურჭეს მეფეს
თავის სარტყელში.
სახელდახელოდ ჩააბარეს
დიდი ჩუგლუგი:
-ხამს გაუროფო თავი ჰუმბაბას,
თუ ბრიყვობს ჩლუნგი.
-გვალე,გილგამეშ,გზა მშვიდობისა!
ნაყოფი ვნახოთ შენი შრომისა,
გაძლება გქონდეს,ვით ღმერთს ომისა,
საქმე გმირობით,ვით კაცს ძღომისა.
-გვალე, გილგამეშ,გზა მშვიდობისა!
-მკლავი ძლიერი,გული ლომისა!
-დედას ჰკითხავდე ძოღან ომისა,
მიზეზი თუ ხარ გულისწყრომისა.
-გვალე გილგამეშ,გილგამეშ გვალე,
მზეს უნახავში
გზა გაუკვალე!!
გვალე,გილგამეშ,
გილგამეშ,გვალე,
-დაბრუნებული გვენახე მალე!
***
შესვეს ლუდი და დააყოლეს
ზედაც არაყი.
აქეს ჩუგლუგი,სატევარი და
ვადის ვარაყი.
გააცილებდნენ სასძლო დები:
-ხომ დაბრუნდები?!
-ხომ დაბრუნდები?!
გვალე,გილგამეშ,
გილგამეშ, გვალე,
-დაბრუნებული გვენახე
მალე!
***
აბა,ულა!
ულა,აბა!
ძირს ჰუმბაბა!
ძირს ჰუმბაბა!
აბა,ულა!
ულა,აბა!
შეგიკეროთ გმირის
კაბა.
აბა,ულა!
აბა,ულა!
სანამ სისხლი
გაყინულა!
სანამ სიყრმე
გაპარულა!
სანამ მადლი
აკრძალულა,
სანამ უთუ
დაკრძალულა.
სანამ გული
გაბზარულა!
სანამ ნისლით
დაბურულა,
ჩემი დასალაშქრი მთები,
ჩემი გასავლელი წლები,
სანამ დარდით დავიწვები,
ჩემი დასადები
ლელო
და სათქმელი
სადღეგრძელო!
აბა,ულა!
ულა!
ულა!
სანამ გული
გაგუდულა.
აბა,ულა!
ულა,ძმურად!
არ ივარგებს
"მტერს მოყვრულად."
მტერს მტრულად და
სხვას-
მოყვრულად!
აბა, ულა!
ულა,ულა!
გაბედულად!
მართებულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
ცისარტყელა დახატულა!
აბა,ულა!
ისევ,ულა!
ღირსე-
ულად!
ღირსე-
ულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
სანამ წამი გაყურსულა!
სანამდე მზე არ ჩასულა,
სანამდე დრო არ გასულა.
სანამ ცა ჩამოქცეულა,
სანამ მიწა გახეულა,
სანამ თვალი ახვეულა.
სანამ წყალი
ამღვრეულა.
სანამ ჟინი
გაქცეულა,
სანამ სვეტი
წაქცეულა,
სანამ ღვინო
დაქცეულა.
სანამ ზღვები მოქცეულა,
სანამ კაკლობს ბროწეულა...
აქ აკვანი დარწეულა
მზის ნანათლი
და მზის ჭუკის
ამარ-უთუ-
მზეჭაბუკის.
აბა,ულა!
ულა,აბა!
დევის განძი
და ყულაბა.
აბა,ულა!
ულა,ძმაო!
გმირაობაში გენიძლაო.
-გვალე,გილგამეშ!
გილგამეშ,გვალე!
შენ ხარ ქალაქი
ვინც დაგვიმრგვალე.
მართლაც,რა უნდა
მზის ხბოს უღელში,
შემოსაზღვრული კედლის კუთხეში.
შენ უნდა მოჰკლა დევი უხეში,
ახარო ნერგი
საკუთარ ხევში-
მზის
ნაკურთხევში.
7
მეგობრები გადაწყვეტენ ზიქურათისკენ გასწიონ,რათა გამოემშვიდობონ რიმათ-ნინსუნას,რომელიც მეტად შეშფოთებულია შვილის გადაწყვეტილებით და ტაძრად ლოცულობს -შამაშს ავედრებს მეფეს
-წავიდეთ,სადაც დედოფალი დგას ჩვენი ამაყი,
წავიდეთ ტაძარს,გვიცდის დედა და ეგალმახი.
წავიდეთ,დედაჩემის ნახვა სასწრაფოდ მინდა,
მოვინახულოთ სამლოცველოს ოთახი წმინდა.
წავიდეთ იქეთ,სადაც მტკიცეა სამყაროს ღერძი,
მზით გაბრწყინებულ კარავში ნერბთან მივიდე ვერძი.
მივიდე მასთან,მზის სინათლე ვინაც მაჩვენა,
რომ დამილოცოს ომში მიმავალს გზა და მარჯვენა.
წავიდეთ!ყოველ საქმეს დედის ლოცვა სჭირდება,
რამეთუ ლოცვით იმედის ხე სულში იზრდება.
-როცა პანიკის შეიპყრობსო კაცს აგონია,
ლოცვა შველისო,დედობილისგან გამიგონია.
წავიდეთ!ჩვენზე მლოცველი დედა ტაძარს ვიხილოთ
და მასთან ერთად ჩვენი გეგმა კვლავ განვიხილოთ.
-დედაჩემია,მოგეხსენება,ქალი გრძნეული.
მისი ხელობით დადგა ფეხზე ბევრი სნეული.
როდესაც რწმენას იჭვი ახრჩობს შემოსეული,
ნახევარღმერთი ღმერთთან ბაასობს,ვით ღირსეული.
-დედობილია გონიერი და სწავლული ბრძენი,
დაგვარიგებდეს,ჩაგვიხუტებდეს-მისი ვართ ძენი.
გვირჩევდეს რამეს,გაგვიწევია სანამდე ტყისკენ,
გზა დაგვილოცოს,მიდის რომელიც ეშმაკებისკენ.
-ნახევრად ღმერთი თავადაა ღმერთის რჩეული,
განსაკუთრებულ მეტყველებას მზესთან ჩვეული.
ჩვენია ძალა,დედას უფრო უჭრის გონება
და გამჭრიახი შეცდეს რამეში,ნუ გეგონება.
ზეციერ ძალთა მიერ თანხმობით ნებადართული
განსაკუთრებულ მეტყველებაში ქალი ჩართული
დედაჩემია.თუმც,მზესთან წოლაც არ ღირს ძმავ ხშირად,
მან კადნიერი მოაქციოს წამში ნახშირად.
განა ყოველი,ვინც საკუთარ თავს ღირსად ასაღებს,
ჰფლობს საიდუმლო კარების და სმენის გასაღებს?
უნდა შესრულდეს რიტუალის ყოველი აქტი,
თუ ნახევარღმერთს მთლიან ღმერთთან გინდა კონტაქტი.
8
თუ ღმერთი გწყალობს,
კაცი ღმერთსაც
უნდა სწყალობდე.
ხამს მის სახელზედ ციკანს ზრდიდე და
ტაძრად გალობდე.
თუ სამხევლოდ ხარ მოხადული,
ღვთისთვის რძალობდე
და თუ დედა ხარ,
მზის ენაზედ
ლოცვით ქალობდე.
მაგიურ ენას ყველა ღმერთი და ჰფლობდა ენლილი,
იყო ეს ენა ქურუმებშიც შემორჩენილი.
მხოლოდ რჩეულთა სალაპარაკოდ ხმად გამხელილი,
არარჩეულთა მეტყველებიდან გამოხეხილი.
სხვათა ყურისთვის სასმენად უცხო და აკრძალული,
ამოღებული ხმარებიდან და დაკრძალული,
ნებადართული რჩეულთათვის და სანაქებო-
რიტუალური ენა ერთობ და საგანგებო.
***
იყო ეს ენა დამალული და უძველესი
და მეტყველებდა მასზედ მებეჭე,მისანი „ენსი“,
ასევე ტაძრის მომღერლები, „გალა“-მხევლები,
რიტუალურად აღმართული რომ ჰქონდათ ხელები.
ენა მალული,იტყოდნენ მას ვით „ემე-სალი“,
ყველა ენაზე აღმატებული,უნივერსალი.
მას კარგად სცნობდნენ პანთეონის თურმე ღმერთები,
განსაკუთრებით,იშთარ-ინანა და ქალღმერთები
და ამ ენაზედ ლაპარაკობდა ლოცვით ფიცხელი
ფური ნინსუნა და ყოველი ვარსკვლავთმრიცხველი.
ქალღმერთი ღმერთებს მიმართავდა ემესალურად,
ამ საიდუმლო აღიქვამდნენ ენას ქალურად.
როს აზრის გაცვლის საჭიროება იყო მალულად,
იძაბებოდა როს ვითარება მაქსიმალურად,
გარბოდნენ ტაძრად ენის მცოდნენი მაშინ მარულად,
ელაპარაკათ რომ ღმერთებთან მაშინალურად.
ეს იყო ენა იშვიათი,სპეციალური,
გადაუდებელ საქმისათვის ღვთით განზრახული.
***
ვინაც ლოცულობს
იგია ცისკენ კიბის ამგები
და მღაღადებელს გამოუჩნდება
ცაში გამგები.
ნახევრად ღმერთი
მაინც უნდა იყო მიწაზე
და მთელი დედა,
რომ გაიგონ ლოცვის სინაზე.
***
ყველას თავისი გზები აქვს და
თავისი როლი,
ოღონდ,რჩეულთა უწყიან მზე ვინ არის
პაროლი.
9
რამეთუ შრომას იგიგი ისევ ემალებოდა,
ადამიანებს ორი საქმე ევალებოდა:
პირველი-ღმერთის სამსახური,ტაძრის აგება,
ფერად ტერასთა გაფორმება და დალაგება.
მსხვერპლის გაღება,რამეთუ ღმერთსაც სჭირდება კვება,
(დაუსაბამო მიმდემს ლოცვით გული ულღვება)
და რომ არ იყოს უფალი რისხვით ცოფის მნთხეველი,
არ მოაცდინოს მამახადილის საკურთხეველი.
თუმცა,მეორე ვალიც ღმერთებმა
ღვთის მონას უთხრეს,
გევალებაო,მორწყა ქვე ყანის
ოთხივე კუთხე.
ნაყოფიერჰყავ ანუნაქთა
ფართო ყანები
და ....
მოგვეცითო მოღიღინე
ღმერთებს ბანები.
გადმოგიფურჩქნოთ ნისაბამ მშრომელთ სიუხვით მკერდი,
რასაც დასთესავთ,იმკიდეთ იმას,ვით შემოქმედი.
ყანის ქალბატონს მუშაკობით პატივი ეცით,
წამოგაყენოთ უფალმა,თუ რომ ოფლით დაეცით.
ილოცეთ,ვისი სანთელიც იწვის,ოღონდ,არ ქრება.
სამლოცველოში მისთვის იყოს მოცლა და კრება.
ლოცვად განაწყოს ხალხი ქურუმ ქალთა ოდებმა,
წერონ ჰიმნები ნიჭიერმა როს რაფსოდებმა.
სანამ მოკვდავ კაცს უკვდავი ღმერთის სისხლით აქვს კვება,
მიწის პირისგან კაცობრიობა არ აღიგვება.
იწროების ჟამს გაჭირვებულს რომ მიეცეს შვება,
მათთვის ღვთის შვილი შვებულებით ქვე დაეშვება.
რაც უნდა დიდი მოჰყვეს მელეთი სუყველა ელეთს,
მაინც დარჩება,ვინც წარღვნის შემდეგ მოიხდენს ხმელეთს.
უკვდავი ღმერთი მოკვდავი კაცის უკვდავჰყოფს მოდგმას
და რაშიც კვდება,მისგან მიიღებს კვლავ სულის მოთქმას.
***
ვინაც გაგვწირავს,იგივ გვიშველის,
განა ბოლომდე დაგვთმობს ენლილი?
დღესაც ფეხზე დგას კაცობრიობა-
სიკვდილს ხელიდან გამოღლეტილი.
10
შუა დგა მთაი,ვითარცა სვეტი ზეაღმავალი,
ცისა და მიწის გამშველებელი შუამავალი.
ქვეყნის მაღალი სვეტი ურუქში ბალღმაც იცოდა,
აქ დედაღმერთი გახურებული ლოცვით იღწვოდა.
დგა ეგალმახი,იმფორმაციის როგორც გამტარი,
გარედან უთუს,შიგნიდან ლოცვის მადლით გამთბარი.
ტაძარი,როგორც ანტენა,გინა სვეტი ცხოველი
იდგა.ჩქარობდა მისკენ მეფე და ძმა უცხოელი.
ამოფესვილი მიწიდან,ცისკენ თავაღმართული,
როგორც პორტალში,კოსმიური ხმებით ჩართული
იყო ტაძარი,სადაც ვით დედა ლოცვის ვალებით
იდგა ნინსუნა საკადრისი მზის ბრწყინვალებით.
***
ზიქურათია ის შუაგული,
ცა და მიწაა სად ასარკული
და ტაძარს,მზისკენ რომ მიისწრაფვის,
ცისკენ რომ ადის,
გამოკვეთილი ფორმა აქვს კოსმი-
ური ხომალდის.
სახლი ცისა და მიწის თემენის,
მზესთან კავშირის,მისი ხსენების.
მისი ფუძე მიწას ებჯინება,
სახურავი ცას არ ემიჯნება.
თხემი მისი ღრუბელს სწვდება,
როს მაღლდება,ცას აწყდება.
ამ ტაძარში გადაწყდება
შამაშისთვის თავდადება.
***
მთელი შენობა იყრდნობს ცის თავანს
და სალოცავად განაწყობს მავანს.
ვერტიკალური მისი ნიშა არ ითრგუნება
და აძლიერებს ზესწრაფვას შიგნით მდგმურის გუნება.
ქვესკნელ-ზესკნელის და დედომიწის ხატი ხილული-
არის ალაგი,ვისით დღემდე ვართ მოხიბლული.
-ზიქურათების ზედა ნაწილში დგას სამლოცველო,
წავიდეთ იქეთ!დედა ვნახოთ,სიბრძნე მოვწველოთ.
მან იცის ენა,რასაც ვერ იგებს კვლავ ათასები.
წავიდეთ,სანამ არ დაღვრილან წმინდა თასები.
მოვინახულოთ შეწირული ტაძრის ხასები,
ავუყვათ კიბეს!გვიხმობს ფერადი წინ ტერასები.
11
„აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან,
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“
(რუსთაველი)
ყოველ მოგზაურს უჩნდება გზაში მნათობთა რიდი,
მეზღვაურისთვის ვარსკვლავია შუა ზღვაში გიდი.
ყოველ ყარიბს აქვს მნათობთა მიმართ სხვაგვარი კდემა,
დაბადებული ვარსკვლავიც ხომ კაცივით კვდება.
მნათობთა მიმართ აღმოჰხდეს ლოცვა მოგზაურს გზაში,
გინა მართავდეს ხომალდს,აჭენოს თუ გინდა რაში.
განშტოებული ცისკენ ტოტი ფურის ხარის ხის,
ამღერებული ვიხილოთ როგორც ფერი ხარისხის.
***
ტაძარს მზარდი აქვს ცისკენ ფართობი
სართულით,როგორც შვიდი მნათობი-
ტაძრის სიმბოლო -გზა საკრალური,
ენა სხვაგვარი-არახალხური.
12
„ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა“.
(რუსთაველი)
***
პირველ საფეხურს განაბული ნაბუ მეგზური
ეკურკურება ვით კლდოვან კიბეს მკრთალი მერკური.
როცა სხვა ფერთა ზეწოლაა ტერასზედ მკვეთრი,
საკუთარ ადგილს მოკრძალებულად ჰფლობს,როგორც თეთრი.
თვალდანამული,გამოკვეთილი როგორც ბაბუა,
ღრუბლებით განებივრებული სწორედ ნაბუა.
იგია დიდი მამახადილის მედიატორი,
იგია ბევრი თაღლითური სქემის ავტორი.
როგორც ვაჭარი,დიდი ქისით სპეტაკ სხეულზე,
დილა-საღამოს გამოჩნდება ის ნისლეულზე
და ჩამოჯდება უჩინმაჩინი ფერთა ფენაში,
როგორც შეჰშვენის ტანმორჩილ შვილს მზის სისტემაში.
გაითავისა სოვდოგარმა,როგორც ადათი:
-არაა ჩემი საქმე სხვათა დავა-კამათი.
თუმც,აქტიურობს ოთხშაბათობით ჯიმებში ჯუმა,
სხვა დღეებში კი გულგრილად ზის თავისთვის,ჩუმად.
ზოგჯერ,ვით ვაჭარს,არ ასვენებს შუაგულ ძილში
დაკარგულ განძთა ინტერესი დაფარულ ნისლში.
ამ მიზნით ოფისები შექმნა მან იურისტთა,
სადაც ეწევა მფარველობას ავანტიურისტთა.
როგორც მოგზაურს,თაყვანისმცემელს გზათა ცვლილების,
მას ევალება გაცილება გარდაცვლილების.
ზოგჯერ იმასაც ჰყვებიან თურმე ძველი ზღაპრები,
მოაქვსო ჰერმესს ქვესკნელიდან ცხელი ამბები.
ეზოთერიულ თემებზეც უყვარს ხშირად მსჯელობა,
არტეფაქტისთვის იძლევა უხვად გასამრჯელოს და
სჯერა ორაკულს განძს იპოვის მაგიის მღერით
და არა ომით,ჯილდაობით,შიშველი ხელით.
გონებამახვილს არ სჭირდება ხელში მახვილი-
ქისაა მისი როგორც აღვირი,ისე მარხილი.
(თუკი სიმდიდრეს გამოჰკრა ხელი უგვარო ხიხომ,
ამით რა,სულის სიღარიბეს დამალავს ვითომ)?
***
მას წლის თორმეტი საფეხურიდან ეკუთვნის მესი
და გაზაფხულზე მაიას ვაჟის რიდი უღრმესი
აქვთ და იტყოდნენ ქალდეველები მას როგორც ერმისს,
ოთხშაბათამდე განავითარა მგზავრობა მერმის.
ვით ვერცხლისწყალი და ოცდაათი ვერცხლის პატრონი,
ერთი მხრივ,ღმერთთა ელჩია,ოღონდ,როგორც ბატონი
მიწას ხალხითურთ ის საბითუმო ფასში ყიდულობს
და მერე მათი სულის სიმრავლით ღმერთთან დიდგულობს.
იგი ერთის მხრივ შაილოკია,როგორც ნოქარი.
მეორეს მხრივ კი,ალქიმიკოსი და ჯადოქარი.
შერლოქ ჰოლმსსაც ჰგავს-ძრაობაშია მუდამ გონების
და ვით გობსეკი,მატებაშია ვახშით ქონების.
***
არ აწყობს ღმერთის ნაცვალთა ქვეყნად გზა და მეობა,
თანასწორობის ლოზუნგით ცდილობს მემკვიდრეობა
აღმოჰფხვრას,როგორც ატავიზმი და გადმონაშთი,
სუფრას უძღვება,ხალხისაა თუ მორჩა ნაშთი.
შავი საქმისთვის თეთრი იყენებს თაღლით-ყაჩაღებს
როს "მოხალისე იდიოტებით" ხანძარს აჩაღებს.
ის ქისით ხელში გასაგიჟებელ ლეგენდებს აცხობს,
გვიმხელს"სიმართლის" იმ ნაწილს,რაც მას ტყუილში აწყობს.
როცა ცორანო სიცრუეს მსმენლის
ყურებს შეაჩვევს,
მართლად ასაღებს,სათანადო
დროს როს შეარჩევს.
აზრს ბადებს ბრბოში,თითქოს ჩაგრულთა
არის მფარველი-
შაურს ჩადებს და
მილიონის ხდება მხარჯველი.
(არ მჯერა მისი
და სიკეთეს
მისგან არ ველი,
გინახავთ ვინმეს გულკეთილი
ხალხის მჩაგვრელი)?
აკვანში იწვა,დედამისმა როცა ჩათვლიმა,
გადმოიპარა და მოიპარა ნახირი ჩვილმა.
დედამ კი ცარიელი აკვანი თურმე არწია,
(ვინ იფიქრებდა,რომ ქურდობდა ამ დროს პაწია)?!
თვით მანკიერი ქურდბაცაცებსაც უწევს "შეფობას",
მათზე დაყრდნობით ეპოტინება „პონტში“მეფობას.
ცდილობს ცორანო ცალკეულთა ცნების ცდუნებით,
პატიოსნების გამრუდებით და ზნის მოდუნებით.
***
"მე სავაჭროსა ჩავიცმევ ,დავიწყებ ჩუბაჩობასა",
მოგებულს გავაპროცენტებ,ვიზამდე ჩალიჩობასა.
ვით "ქველმოქმედი" და "მეცენატი" აშენებს სკოლებს
და მისი ფულით განათლებული ხალხს აკონტროლებს.
თანდათანობით ზრდის საკუთარი გავლენის სფეროს,
ხალხს აიძულებს ხატის ნაცვლად პორტრეტს ეფეროს.
ცნობიერების ხალხთა ჩაიგდო ლობით თუ ველი,
„ღმერთების ელჩი“ ღმერთობისაც ხდება მსურველი.
ერთგულის ნიღბით ტახტზე ჯდება ერის ორგული,
ჩონგურთუხუცეს მის შვილს უჭირავს ხელში ჩონგური.
თეთრი ხელთათმნით იგი პანდორას შავ ყუთებს აღებს,
ეთაყვანება შამაშის ნაცვლად,თუმც,ბროლის ჭაღებს.
თანამედროვე ისტორიამაც დაგვიდასტურა,
საით მივყავართ,როცა მზის ნაცვლად ჭყავის ნათურა.
მისთვის ვაჭრობის საგანია ხელოვნის ნიჭიც
და მის დაკრულზე ცეკვას ცდილობს გოგოც და ბიჭიც.
გაუფორმებელს თუმცა ვერ მოჰყავს წესრიგში გენი
და ფულით ებრძვის საკუთარ კომპლექსს ეს ანდროგენი.
იგი "აზროვნებს როგორც ღმერთი და ცხოვრობს ბურჟუა",
უღმერთოა და მამაძაღლების არის ბუდუა.
არაფრის მცოდნეს ყველაფერზე აქვს აზრი ზოგადი
და პოლემიკის ხელოვანი ჰყავს ადვოკატი.
ვით მოჩალიჩე, მოხიბლულია თუმცა პროცესით
და არა დაცვის მორალურობით,ან ზნის კოდექსით.
კანონიერად იგი სუფთაა,მას დასძლევ ვერა,
იურისტებსაც"ოპტომ"ყიდულოს ეს გაიძვერა.
თანაც იმდენად გათავხედდა ეს საქმოსანი,
ლექსებს არ წერს და აღიარეს,როგორც მგოსანი.
"ფილოსოფოსი" ვითომ,მაინც რჩება არიფი-
არ იცის,რაა ცხოვრების შნო და მისგან "კაიფი".
იგი მდიდარი გობსეკია ურებში ური,
თუმცა სადილად მწვადის ნაცვლად აქვს ნიახური.
აგროვებს განძს და არის სრულიად უგემოვნებო,
რად გინდათ ოქრო,პროვინციელო ფულის მონებო?
მისთვის სინდისი ბარგია,თანაც მძიმეა ბარგი.
რამეთუ მასთან მწყრალადაა,ვით ოლიგარქი
და საქმოსანი წილში უჯდება სუყველას რაკი,
როგორც მევახშეს პროცენტი და ეკუთვნის ხარკი.
უხვია დაპირებებში-"მოგვცა პური და ყველი,"
სანამდე უნდა გვაჯდეს თავზე ეს "მჭერმეტყველი".
გაყვლიფა ხალხი-აზრი არ არის ამაში ორი-
დაუნდობელი მევახშეა,ვით კრედიტორი.
"მხოლოდ ბიზნესი და არაფერი მასში პირადი".
ლამაზ ნივთს უჯობს,გასაყიდად თუა ძვირადი.
ხანგრძლივი გეგმით და მოთმინებით ეს შორსმჭვრეტელი,
როგორც შულერი "ჯეკ პოტისაა" "პონტში" მხვეტელი.
ყველაფრის მყიდველს არა აქვს ბრალი,თუნდაც მცირედი,
თუმც,ვერ იყიდა სიგიჟისგან იმუნიტეტი.
სდევს კომპლექსები,როგორც სოლომონ მეჯღანუაშვილს-
რა მოუხერხოს გვარში"ჯღანს"-დიდი ფულიც თუ არ შლის?
***
მზის ნიშნიანი თუ ჩამოაგდებს ბატონს ტახტიდან...
მერე კი ისევ დაიწყება მღერა ახლიდან.
რაც არის-არის და რაც იქნება ის უნდა იყოს,
თუმც,არ ივარგებს მეფის ტახტი მიჰყიდო ხიხოს.
კარგი იქნება თუ შეიგნებს ეს ოტარიდი,
ხიხოს ხალხთანაც ჰმართებს,ცოტა არ იყოს,რიდი.
13
„მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
ვინ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა“.
(რუსთაველი)
მეორე ტახტზე ძოწისფერს ჰფლობს თავად იშთარი,
გამოგიწეროს მეძავთა მინჯემ კოცნის ქვითარი.
ვით დედომიწის დობილი და მისი დაქალი,
იისფერ თვალთა დახამხამებით ისიც აქ არი
და ნამეტნავად ტურფა მელტარო,ემოციური
წევს საფეხურზე ხარიპარია-კარი ციური.
იქ,სადაც ფერი გამოჩნდება ცისკრის და მწუხრის,
წითელი ლურჯში ფერთა ფენით ვით ქალს თავს უხრის.
საკუთარ ტახტზე ზის ამაყად და პომპეზურად,
მას ფავორიტად ახლავს შამჰათი ვნების მეგზურად
და როგორც სიძვის პატრონს,წინ უძღვის შვიდი ერესი
როს ღონიერთან კოცნითაა უძლიერესი.
ლირწი და სიძვა ესთეტიკური და დახვეწილი,
ვით ფრთაშესხმული სურვილია ჩამოხვეწილი.
ლოყა-ნიკაპზე კეკლუცს უხდება პატარა ღრმული
და თავადაა უსასრულო ვნების ჯურღმული.
დასრულებული თვალებწყლიანი და სახემრგვალი
ძირითად ინსტინქტს აღვივებს მამრში,როგორც ცეცხლს ქარი.
მოაქვს სილაღე,ურთიერთობა,მდედრის სურნელი
და ვინც მას არ სცნობს,ან სხვა რელსზეა,ანდა სულელი.
ელეგანტური,სრულყოფილი და დახვეწილი,
თითქოს შემთხვევით გვერდზეა ოდნავ თმააწეწილი.
ხორცის მფლანგველი სიცოცხლის ხიბლით სხეულს აყივლებს,
უცებ უპოვის დამალულ წერტილს ვით მამრს,აქილევსს.
როს იპოქონდრიკს მელანქოლიით აქვს სნეულება,
ის წამალია,ვით სურვილთა განსხეულება.
მოძრაობაშიც მანერიან ის ფლობს გრაციას,
ხმაში კი განსაკუთრებულ ტემბრს და მის ვიბრაციას.
მისი მონაა,ვისაც სურვილით კვნესა აღმოჰხდა,
ერთობ ლამაზი ჩაცმულობაშიც პეწია,კოხტა
და როგორც ქალი,წვრილმანებშიც რჩება ქალური-
მის ირგვლივ თითო საგანია იდეალური.
მოდის ღიმილით,მხიარულობით,ფუქსავატობით,
სანახაობით,ბალ-მასკარადით,ბერიკაობით.
უყვარს მუსიკა,ცეკვა,ფერწერა-არს არტისტული,
რის გამოც სილამაზის დედოფლის აქვს მას ტიტული.
კაცობრიობის გადარჩენაა მასში ჩადგმული.
დახვეწილია გენიალურად ამჩატებული.
იგი მფარველობს ხელოვნებას და ნებას გარყვნილთა,
აღვირახსნილი მფობელია მამრის აღვირთა.
ძოწისფერ ბაგით დაგიკოცნოს ვნების ყანები,
შური იძიოს,თუ რომ მას არ ეთაყვანები.
არ ერიდება ჩადოს რისხვაში თვისი მაგია-
(მის გამო წუნა ნარცისი დღემდე რჩება შმაგია-
საკუთარ ანარეკლებს დასდევს ტბის ზედაპირზე,
ქალის ნაკოცნი მოიხოცა რადგან მან პირზე).
***
ვით ქალს სჩვევია,ღერძის გარშემო იგი ტრიალებს
მხოლოდ პირუკუ.მაცდური მზერით კვლავ ატიალებს
ერთი შეხედვით თავდაჯერებულ მამრის თვითრწმენას,
სადაც ვერა სჭრის მზერით,მოთაფლულ ხმარობს იქ ენას.
მის სილამაზეს თავს უხრის ისევ კაცად კაცია
და ხიბლავს ყოველს მანერიანი მისი გრაცია,
მიუხედავად იმისა,რომ რეპუტაცია
აქა-იქ შელანძღული აქვს. არის ზნითაც ცაცია.
იჭვით არ ვცდები ნაბოლარა ობოლი თუ მე,
ობის ღვთაებას ჩააბარეს ობიშხა თურმე.
პარასკევსაა პრასკოვიას პირად პიარი,
როს ხორცის შერწყმით მამრის აზრის ხდება ზიარი
და გამომწვევი მწუხრის ვარსკვლავი,ლირწ-ასპიროზი,
სურნელოვანი იებით თმებში თაკარა ბო.ი,
ამეთვისტოა მორიგე მსგეფსში,ვნების დერვიში,
ვით საპატიო ებგურს კვირაში ანდეს ვებიში.
14
„მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები,
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ რაგვარ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები“.
(რუსთაველი)
თუთა-შხა,moon-day,lun-erdi-
არც ჩემთვისაა სულერთი.
ერთი ვართ ისევ გვარისა,
მე და ბებერი მთვარისა.
***
მისცეს მთვარეს მთოვარისა
და ბილიკი მსტოვარისა.
დევიზი:"საკუთარი თავი
უნდა შეიცნო,
მეტოქე ერთი შეხედვით,ან
ყნოსვით შეიგრძნო".
***
ცის გიზგიზებდა ბუხარი,
ცრემლები იდგა მდუღარი,
მზეს შევეკითხე,ვუთხარი,
წუხელ რად იყავ მწუხარი?
-უკვე მამალმაც იყივლა,
ღამე მაქვს გასაფერავი,
პენსიაზე ვერ გავდივარ,
ცხელ საქმეს ვერ იქმს ვერავინ.
კალო მაქვს გასალეწავი,
შინ ქალი მიზის მეძავი,
ცის ვარსკვლავებით მკერავი,
შეყვარებულთა მზვერავი.
სახლიდან გაიპარება
დაღამდებაო თუ არა,
ლამის რომ თავი მავიკლა,
თუ ჩვევამ არ გაუარა.
ჰოდა...კი არა... თუ არა,
მთვარემ ბნელს გადაუარა,
ლუნა,ლუჩია,ლუარა,
სადა ხარ,შე მატყუარა?
სამსახურს მაგვიანდება,
შემეცვლებიო,თუ არა?
ლუნა,ლუჩია,ლუარა...
მთვარემ ბნელს გადაუარა.
არუ,არურუ, ურუა...
მთვარისამ მზეს წაუყრუა.
***
ჯერ იყო და...
ღამემ ენა გამომიყო,
მერე მთვარემ ვარსკვლავები
გამომიყო.
იყო,
ანუ,
ესე იგი,ან არ იყო.
თუ არ იყო,
ეს ოხერი,
მა,რა იყო?
***
ღამეა ჩუმი
და ჩამი-ჩუმი
ისმის სიჩუმის.
დავამუღამე
ღვინოში ღამე,
შევთვერ კიღამე.
გზა ამერია,
მიმიყვანს სახლში
მარქვი,
ვიღა
მე?
მამაა მთვარე,
თუ ''ბჟა დია რე''
ვიღაა ღამე?
ხვიჩა,
ხმა გამე!
თავზე დამყურებს
დები და ძმები
მურეცხიფები-
რეტრო ჯინსებში
გუშინდელი ძველი
ბიჭები.
შევავსოთ,თუა ცარიელი
ყველამ ჭიქები,
მთვარეს კაპრიზი დავულოცოთ და...
ღამეს წიკები.
ღამეა,
ღამე.
მთელი ოჯახი
ჰკიდია ცაზე.
ვის რას ვერჩოდი,
რა მინდოდა
დედამიწაზე?
ერთხელ ვცოცხლობ და
ერთ სიცოცხლეს არ დავიშურებ-
მთვარეს ავხედავ,
ვაშლს ჩავკბეჩ და...
ზღვას მივაშურებ!!!
ახალ ჭირანოს როგორც ერთ ყანწს
შევავსებ ღვინით,
განთიადამდე გამოვცლი და
ვიძინებ დილით...
სავსე მთვარესაც წვეთწვეთობით
დილამდე დავცლი,
ოღონდაც მზეო,თუ მადროვებ,
თუკი დამაცლი.
ღამეა
ჩუმი
და ჩამი-ჩუმი
ბღავის სიჩუმის.
"რა საბრალოა გავსილი
მთვარე ჩანთქმული გველისა".
***
მესამე საფეხურზე ვერცხლისფრად ბარბაცებს სინა,
ვერ გაემიჯნა მიჯნურებს-ვერ წაუსისინა.
რადგან იგია დედა-მიწის კვლავ თანამგზავრი,
ამ პლანეტაზე მცხოვრებ მიჯნურთა კვლავ მას ჰკლავს ჯავრი.
როდესაც უთუ ჩადის,უმალვე ამოდის თუთა,
იგია ტრფობის მოწმე,ბილიკს უგებს მიჯნურთა.
თუთას თუთაშხა აბარია-ორშაბათს მწყემსავს,
სხვა დღეს კი ხელოვანის ნიჭით ვარსკვლავებს კემსავს.
დეშდიშ-დოშდოლი,როგორც ღვთაება გზად მთოვარისა
და სიყვარულის მძებნელის და მათხოვარისა,
უჩინმაჩინი დღისით,ბნელშია მხოლოდ ხილული,
ღამით მას უყეფს შეყვარებული გულდაცხრილული.
როს შეივსება ცის კაბადონზე ვარსკვლავთა ცხრილი,
პოეტებს უსმენს დაბერებული,თმაშევერცხლილი.
იგი მოწმეა ტრფობაშეყრილთა ოხვრა-კვნესისა,
იგი პირველი მსმენელია მათი ლექსისა.
ეყრდნობა ინტუიციას და მართავს რეფლექსებს,
ღამის ბილიკზე მიმავალს უგებს საკუთარ რელსებს.
უძილო ღამით ჭრაქით ხელში ზოგჯერ ჩემს ლექსებს
კითხულობს ერთხანს.მიგზავნის მერე ვრცელ ესემესებს.
ზოგჯერ კი,შავ ღამეში თეთრი ქაღალდით ხელში
თავადაც იწვის საკუთარი ტალანტის ცეცხლში.
მერე ისევლე ახალ მთვარედ დაიბადება
და მოკაკული ყურებამდე გაიბადრება
და გაბადრული ბადრადინი თავის ბადეში
მომწყვდეულ მიჯნურს დილამდე უდგას მოწმედ თავდებში.
გახაზირებულ შეყვარებულთა მინჯე და გზირი
მთვარის ბილიკზე ატარებს როგორც ღამის ვეზირი
მიჯნურებს,ოღონდ მზის ანარეკლი როდესაც ქრება,
ქვე ყანის ჩრდილში მოქცეული ბრმა იმუქრება.
ერთის მხრივ,იგი ბოროტს ბნელში სიმხნევეს ჰმატებს,
მეორეს მხრივ კი,მზის ანარეკლით წყდიადს ანათებს.
ერთის მხრივ,სიბრძნეს ატარებს და სულიერ ცოდნას,
მეორეს მხრივ კი,ფართოდ უღებს კარს მომდგარ ცოდვას.
ერთის მხრივ,როგორც ბნელი,წყვდიადის არის ქებაში,
მეორეს მხრივ კი,მზესთანაა ქორწინებაში.
იცის ყოველი ბნელი მხარე მიწაზე კაცის,
განსაზღვრავს გაუ'ცნობიერებელ პირველად საწყისს.
მპარველს იზიდავს-დიდია ძალა მისი აურის,
თან,ძნელად ტოვებს მუდმივი გრძნობა დანაშაულის.
საკუთარ თავთან სიბერემდეა მუდმივ დავაში,
ხოლო ბებერი ბრტყელდება ცაზე,როგორც ლავაში.
ერთის მხრივ,გემრიელი უყვარს გურმანს ხახაში,
მეორეს მხრივ კი,წიწაკას ჭამს,თუა ხალვაში.
ის გონებაზე უფრო სულიერ ცოდნას ეყრდნობა-
ინტუიციით საკუთარ აღქმას უფრო ენდობა,
მზერა-სმენას და გემოვნება-ყნოსვას წარმართავს,
ერთი შეხებით ამოიცნობს მტყუანში მართალს.
იგი მიუძღვის მძინარეს ხვეულ ლაბირინთებში,
სიზმარ-სიფხიზლის უღელტეხილის ნისლიან მთებში.
იგი კარია ადამიანის ქვეცნობიერში,
სასიყვარულო ფანტაზიებით ნაყოფიერში.
როგორც ფსიქოლოგს,კარგად ესმის სხვათა ფიქრები,
(თუმც,ისტერიულს პირადი აქვს თავად წიკები).
გაგებით უსმენს ისტორიებს-ზოგჯერ საშინელს,
უფორიაქებს სენტიმენტალისტს რაიც სამშვინველს.
იდეალური მსმენელია-ყური აქვს მზადა,
უყვარს,თუ ჰყვება ლამაზ ზღაპარს თვით შეჰრაზადა.
ვერ ამჩნევს,როცა მოიცავს ფიქრი,ან ფანტაზია,
ცხვირზე უზრდელი ვარსკვლავები როგორ აზიან.
ცვალებადია.ხან ბურთია და ხან არის წალდი,
შტრაუსის ნელი ვალსიდან შტორმში ყვინთავს ვივალდი.
ემოციურად მერყევი კარმულ ჰფლობს მახსოვრობას
და გადაცმული არ ერიდება არც მათხოვრობას.
თუმც,ვარსკვლავები ღამეს ტილივით ჰყავს მისეული,
არავინ იცის ჭირანოს ჭირი-სიღრმისეული.
როგორც მოვალე,თან სდევს დარდი სიყრმისეული,
რასაც ბოლომდე დაათრევს დარდის ვით ღირსეული.
იგია წვიმის სურნელი და მინდვრის ყვავილი,
იგია დაუფიქრებელი კისკის-ბღავილი.
მოგონებებით სავსე აქვს ქვევრი,კასრი და ვედრო,
ყველას უსმენს და გულს არ გიჩვენებს,რაგინდ ევედრო.
ხშირად ბავშვობას უბრუნდება-ჟანრებში რეტრო,
ის დრო,რაც იყო, ურჩევნია,როცაა ეს დრო
და ხვალ რომ დადგეს გიტარით ხელში იგი მეტროში,
იმღერებს "yesterday"ს... ჟანრით ისევ რეტროში.
წარსულს მისტირის და მოდერნი მას არ არგია,
თავს დაგადგება,თუ მოგაწვა გულს ნოსტალგია.
როგორც სიმბოლო ხალხის,არკვევს ვალში უფლებას,
რამეთუ კვებავს მზეს...პრინციპში ხელისუფლებას.
დაბერებული ჯოხსაც იღერებს
გაბრაზებული,
რამეთუ ვერ არს ჯეროვნად ჯერაც
დაფასებული.
ალბათ,დღისით რომ არ ჩანს ჩვენი
ღამის მთეველი,
იმიტომ რჩება მეტნაკლებად
შეუმჩნეველი.
***
ცაზე შედგა
ვარსკვლავების
გამოფენა-ჰოდა,
ცალკე იდგა ბადრი-მთვარის
ძველებური ოდა.
თუმცა უკვე ძველებურად
აღარ მიღიმოდა
და რატომღაც თავად მთვრალი
ნასვამს გამირბოდა.
ბარბაცებდა გაშლილ ცაზე,
ანდა ცა თვით
თრთოდა.
ამეკიდა ერთი სიო-
ქარიშხალის მოთა,
როცა თავად ქარიშხალი
საზღვარგარეთ ჰქროდა.
მოციმციმე ვარსკვლავების
ციმციმებდა ბაღი,
მთვარის ნიკაპგაკაწრული
გულზე მაჩნდა დაღი.
ლექსებს ვწერდი,ცრემლით ჭიქა
შევსებული მქონდა,
რაღა გამახარებდა და
მოვიწყინე ჰოდა.
შევეხვეწე ვუთხარ თუთას-
მომიცადე ცოტა!
მზისგან ხელნაკრავი კრავი
სულ არ შემიცოდა...
თუმც,ნისლიან სქელ ფარდებში
რას ამომიცნობდა.
***
თუ საკუთარ თავს დღენიადაგ ეჯიჯღინებით,
ერთ მდინარეში თუ ერთი ხართ ორი დინებით.
ნიშნავს "ჩაგერთოთ" მზის და მთვარის კომფლიქტი ძველი-
თვითგვემით პოლარული აზრის
ხართ მასპინძელი.
15
„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრეს ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა“.
(რუსთაველი)
ბჟამ ჩააბარა თახაო,
თახაშხას შენ ხარ აღაო.
ნუ დაგიღია ხახაო,
გეყოფა ომი,თაყაო!
თუნდაც რომ იყოს გლახაო.
მშვიდობა გვინდა ახლაო.
***
მზიდან მეოთხე-აგრესიული თავისი არსით,
წარმოდგენილა ჭიმჭიმელი მებრძოლი მარსით
და წითელ იარუსზე იგი ის ნერგალია,
ჰკიდია ვისაც გულზე მედალი,ვით რეგალია.
გულმარიხიანს,არ აკლია საბრძოლო რიხი,
გამზადებული დგას ომისთვის შუბით მარიხი
და ყველგან,სადაც ფარ-შუბითაა ხალხის გნიასი,
წითელი სისხლით შეღებილი დგას არიასი.
ვით მეომარი,ბრძოლითაა იგი ქებული,
იღვიძებს მარტში ჩხუბის ჟინით აფეთქებული.
რაც დასახლების გარეთაა,არსით საშიში,
იმათ ღმერთობს და უყვარს ბრძოლით დაღლილს ჰაშიში.
თუმც მეომარიც მორიგეა და ალბათობით,
მზის სისტემაში ებგურია სამშაბათობით.
***
წაწვეტებული ნიკაპით და არწივის მზერით
მოჩხუბარიძე მარსი მარშის მოდის სიმღერით.
ვისაც იგი მტრობს,ამოიჩემებს,სძულს და არ უყვარს,
ვერ მოისვენებს,სანამ წირვას არ გამოუყვანს.
ომში დაუღლელს ვეებერთელა შეიცნობთ ფარით,
ან იარაღის ჟღარუნით,ან ცხენის ფაფარით.
შიშის და ძრწოლის მშობელს შვილები ახლავს მრჩევლადა,
(წინ მდგომ მეტოქეს მუსრს ავლებენ განურჩევლადა).
ის ბეწვის ხიდზე მორბენალი მარდია სხვაზე,
მას სიარულიც სიკვდილ-სიცოცხლის უხდება ზღვარზე.
ხმლით ხელში ებრძვის ოკუპანტებს და მოვარდნილ მდგმურებს,
ან დაიმოყვრებს,ან ბრძოლაში გაანადგურებს.
ომში კავდება თუ საბრძოლო ტურნე- ტურიზმით,
მშვიდობაშია დასაქმებული ხან კულტურიზმით,
ხან კიდევ მკლავჭიდითაა ძლიერ გატაცებული,
(ბევრია მისი მუსკულატურით აღტაცებული).
არ ერიდება „ტრენაჟორებზე “სხეულის გვემას,
”ფიტნესკლუბებშიც“ არაერთხელ ვხედავდი მე მას.
მასთან მოდიან მტერს რომ დაატყდეს მეხი და ელვა,
დაქირავებულს არ უტყდება სხვათა მოცელვა.
დაუნდობელი მტერთან,თბილია ამხანაგობით
და იპყრობს მზერას კარგი მანერით და აღნაგობით.
ვით ჯარისკაცი,სამხედროა იგი ფორმაში
და როგორც სპორტსმენს,ტანი გირით მოჰყავს ნორმაში.
რახან ვარჯიში გაითავისა,ვით რჯული-ჩვევა,
გარეგნობითაც მომგებიანად გამოირჩევა
მისი სტიქია ბრძოლის ველია,ბრაზობს შინ ყოფნით.
გამოირჩევა დიდი ძალით და ზღვა ნებისყოფით.
დაჭრილ მეგობარს ყავარჯნის ნაცვლად ის უდგას მხარში,
იბრძვის ლომივით,თუნდ გამარჯვების არ იყოს შანსი.
იგი იქაა,ხელჩართული
სად ჩხუბობს ორი,
თავადაც იბრძვის ბოლომდე,
როგორც გლადიატორი.
თუნდაც საბაბი იყოს მისთვის
მცირეოდენი,
იგი ომშია.დამსახურებულს
ჰშვენის ორდენი.
იგი იქაა, სადაც დევნაა,ანდაა სროლა,
სადაც იღვრება სისხლი,სადაც ჩაღდება ბრძოლა.
გაცხარებული ბრძოლაში,მკაცრად მბრძანებლობს ჯარში-
საჭმელიც ცხარე ურჩევნია,საერთო ჯამში.
დოლის დაფდაფებს "ერთი,ორით" ფეხს უწყობს მარსი,
უყვარს მუსიკა,ოღონდ საბრძოლო თუ უკრავს მარში.
იგი ნიადაგ ადრენალინს სისხლში აკივლებს,
თუმცა,სუსტი აქვს წერტილი,როგორც ყველა აქილევსს.
***
ყველა ჭრილობა,ყოველი დარტყმა და ძველი ჟანგი,
ადრე თუ გვიან,უბრუნდება ვით ბუმერანგი.
უფრო ძლიერი თუა მეტოქე,სჯობს არ იჩხუბოს,
სჯობს სხვის ქელეხში იაროს,ურტყას თავი სხვის კუბოს.
თუმც,არვინ იცის მარსიანელს რა უდევს გულში-
სისასტიკიდან ხშირად ეცვლება ზნე სიბრალულში.
ის ღირსეულ მტერს პატივს სცემს-უდგას ვით მეგობარი,
კავალერია გალანტური და ვით მეომარი-
ბრწყინვალე.ოღონდ გამოსდის საქმე,როცა იქმს გულით-
თავისი ნებით და საკუთარი მხოლოდ სურვილით.
ბრძანება უყვარს,ოღონდ მაშინ,თუ თავად გასცემს,
პატივს სცემს პატიოსან ბრძოლას-წაქცეულს არ სცემს
და გამარჯვების სხვაზე უფრო მას სადღეგრძელო
უხდება,როცა გაშლილია მშვიდობის მდელო.
ულამაზესი უმამაცესს უხდება ქალი
და სხვაზედ უფრო წითელი ღვინით ბროლის ბოკალი.
თუმც,მშვიდობის დროს უასპარეზოდ რჩება ზარმაცი,
ვერ ეგუება უფორმო "ფორმატს" ომში მამაცი.
თანაც სუყველას ერჩის-ხდება ერთობ ბუზღუნა,
ბუზსაც აგინებს,თუ მის ყურთან გაიზუზუნა.
თან,ვით ქოლერიკს,ნაომარზე სტუმრობს ნაღველი,
მშვიდობაშია უძილო ღამე სულის მხარჯველი.
თუ ჩაეძინა,კოშმარულ სიზმარს ხედავს საშინელს,
რაც ძველ ჯარისკაცს უფორიქებს ძილს და სამშვინველს.
უყვარს ნიზლავი,ცხენის ჯირითი და იპოდრომი,
თუმცა,მოშვებულს მშვიდობაში,როს მთავრდება ომი,
თანდათანობით ედება ღიპი,ედება ქონი-
მეომრის ნაცვლად შეგრჩებათ ბოლოს ხელთ სალდაფონი.
იგი ერთის მხრივ,ოტელოა,როგორც სარდალი.
მეორეს მხრივაც...ოტელოა -არ ჰყავს ბადალი,
როგორც ეჭვიანს... ჰმართებს რომ ძალა მართოს სიფრთხილით,
თორო,მის ბაღში სხვა გაძღება მისი ხეხილით.
ნგრევის მოყვარულს თუ ვერ აბრკოლებს ომში კედელი,
მშვიდობაშია ან მეხანძრე,ანდა მჭედელი.
უყვარს რკინა და არ არსებობს აზრი ორადი,
როგორც მეტალურგს,ურჩევნია მასში ფოლადი.
მეტი რა გითხრათ?გიჭირთ სიტყვით თქვათ სათქმელის არსი,
ან ვერ იხსენებთ?ე.ი. "ჩაგერთოთ"თქვენ უკვე მარსი.
ანდა ვიღაცას რამეს უხსნით,და ვერაა აზრზე?
ნიშნავს "ჩაერთო" მას-ბალზეა და ტყემალს ჭამს მარსზე.
16
„ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?“
(რუსთაველი)
მზის სისტემაში უფროსი ძმაა იუპიტერი,
ცა-აშხა,ცა-შხა უპირობოა ცაში ლიდერი.
***
მზიდან მეხუთე,ჩალურჯებულ თვალს იფშვნეტს მარდუქი,
მწვანე და ყვითლის შეუღლებით ლურჯად ნადუღი.
სხვა პლანეტები შედარებით არის რა სუსტი,
მუშაობს იგი მზის სისტემაში,ვით მტვერსასრუტი.
ფერით იშთარის ნათესავია ალერსიანი,
არ უყვარს დავიდარაბა და საქმე ზიანი.
მიილტვის ცისკენ, მერყევია ფერით იაში
და გონებასთან გული მოჰყავს ჰარმონიაში.
მიზიდულობის დიდ ძალას ჰფლობს დიდი მუშთარი,
უყურებს მომცრო პლანეტებს,როგორც მათი მუშტარი.
მზის სისტემაში მოქცეულთა ევოლუცია
სერიოზული არის მისი ზნე და ფუნქცია
და თუ ყველა დიდს გაცილებით მეტი ჰყავს მტერი,
გამონაკლისი არც მუშთარია-იუპიტერი.
მას ეჯიბრება შიგადაშიგ სიკაშკაშეში
მარსი,რომელსაც მეოთხე აქვს სახლი შამშეში.
ვით თორს მიანდეს მსგეფსის დღეებში შვიდიდან ერთი-
ცააშხა,ცაში,ხუთშაბათი,ჩაჩხ-უმქისერთი.
სამართლიანი პადრე სინდის-ნამუსს არ ჰკარგავს-
კოდექსის დაცვით სოციალურ წესრიგს განჰკარგავს.
რაც მარტივია,იგი მისთვის არ არის რთული,
კიმკიმელია სრულყოფილისკენ გზად მიმართული.
ის თუთასავით მსოფლიო ვარამს გზად არ აგორებს,
დღეს თუ არ წყალობს ბედი,ხვალის რწმენას აგროვებს.
დევიზი: "იყო სჯობს ჯანმრთელი და იყო მდიდარი,
ვიდრე ღარიბი,ავადმყოფი და გაუცინარი,
თუნდაც რომ გმტრობდეს გაპარტახებულს დუნია მთელი,
ხამს წამოდგე და კვლავ იმედის იყო გამზრდელი.
არავითარი წუწუნი და მომავლის შიში,
არ ვარ მტირალა სატურნი,მაქვს თავადის ჯიში.
თქვენც ნუ წუწუნებთ და ჯიჯღინით უფალს ნუ დაღლით,
დიდ საჩივრებს სჯობს ისეირნოთ პატარა ძაღლით".
***
მწარეს ყოველთვის ურჩევნია ტკბილი საჭმელი
და თუ მაცნეა,სასიამოვნო მოაქვს სათქმელი.
ადამიანის ჩრდილებშიც ეძებს უხილავ შუქებს,
თუ აღმოაჩენს,როგორც გულუხვი სიკეთეს უქებს
და ყურადღებას არ აქცევს,ამჩნევს თუკი მუწუკებს,
განუწყვეტელი შენიშვნებით კაცს გულს არ უწუხებს.
კეთილია და იშვიათად ბრაზით თუხთუხებს,
ყოველ ახალ წელს ურიგებს ბავშვებს რახათ-ლუხუმებს.
თავს ვალდებულად თვლის უწილადოს განძი ღარიბებს-
ყოველ კალანდას განძიდან ნაწილს უხვად არიგებს.
რამეთუ იცის პოპულარულმა პიტერმა რომა,
სიუხვით უნდა მოიხვეჭო დიდმა განცხრომა.
იგია იუპიტერი,პეტრე,იგი თორია.
დიდი სასახლე,ან ტაძარია ტერიტორია,
სადაც სამყაროს მამა არის იმ სტიქიაში,
რომელშიც დიდი წყალობით ჰყავს ბრბო იღლიაში.
რაც ხანში შედის,რაც უფრო ხდება იგი მხცოვანი,
ბაბუას როლში მამაზეა დიდსულოვანი
და მუდამ ცდილობს შეარიგოს ღმერთი და კაცი
(ამ უკანასკნელს ურჩევს,გაზარდოს უფლისთვის ვაცი).
***
თუ მსაჯულია,განსასჯელს იგი მუდამ წელს აკლებს,
თუ ჟიურშია,ნიჭში ტალანტს უდავოდ აგნებს
და თუ ნადირობს,იშვიათად მხეცს უგებს მახეს
და ორს აშველებს,როს მათ მესამე შუბლით აჯახებს.
ვით მოსამართლე,ცდილობს იყოს მიუდგომელი,
ყოველ ბოროტში სიკეთის რჩება მაინც მზომელი.
სურს რომ აღმოჰფხვრას კაცობრიობის საერთო ნაკლი,
დაასუფთავოს საცხოვრებელი კერა და სახლი.
იგი სიკეთის ნერგს ახარებს თავის კუთხეში.
არასდროსაა მკაცრი,ბოროტი,ანუ უხეში.
სხვა პლანტებზეც კანონითაა ძლევამოსილი,
ღმერთებშიც მამის მანტიით რჩება ტანშემოსილი.
უყვარს სტუმარი,კაკლის ხის ქვეშ სუფრა გაშლილი.
უხვია,როგორც მასპინძელი და გულხელგაშლილი.
თუ ქორწილია,უცვლელია იგი თამადა,
მეგობრებშია,მეგობარი ჰყავს ნათესავადა.
უყვარს სმა-ჭამა დიდად შესარგი,კუჭის პატივი,
უყვარს მეგრული ხაჭაპური და თბილი საცივი.
ოღონდ,სუფრაზე რაც მას უყვარს სიუხვით თუა,
ის ღორმუცელობს ფრანსუა რაბლეს ვით გარგანტუა.
მას დეპრესია არ სტუმრობს (არის ის სანგვინიკი),
რამეთუ უყვარს უდაბნოს პური-ტკბილი ფინიკი,
***
"მაღალი,უხვი,მდაბალი",კეთილშობილი,"სვიანი",
"მოსამართლე და მოწყალე,მორჭმული,განგებიანი".
გულმოწყალე და გულწრფელი;"კვლა მოუბარი წყლიანი",
კეთილმოსურნე,ამაყი,მომთმენი,თავაზიანი.
სავსე აქვს დოქში ღვინო,ბაღში ვაზის მტევანი.
ძლიერ ჩამოჰგავს სულმნათი შოთას მას როსტევანი.
იგია წარმატებული და წარმოსადეგი,
ვით დიდი ჩინი,საჭიროა და გამოსადეგი.
***
ოღონდ,თუკი დგამს ცხოვრებაში მრუდე ნაბიჯებს,
ვითომ სიკეთის მქადაგებელი,მას ამახინჯებს.
"ნავიგატორი"თუკი აქვს -თავი ჰგონია ყოჩი,
არაფერს ჰქმნის და "მე ვარ რაც ვარ ვარო"-ჰყვირის ყოყოჩი.
"რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება",
როგორც ბოროტი მტვერსასრუტი,ნაგვით ივსება.
"რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა",
ივსება ნაირნაირი ფარჩით ტყუილის დახლა.
"რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება",
გამათხოვრებულს მეფობა დიდხანს არ ეღირსება.
"რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა",
ვერ აჰყრი ბორკილს დასუსტებულს უკვე ადვილად.
ის სამწუხაროდ ზოგჯერ კრავის ქურქშია მგელი,
ქამრის მოჭერას გვირჩევს "მაყუთის" თავად მხარჯველი.
ვითომ ქველმოქმედს უყვარს შოუ და უყვარს აქცია,
ამ დროს სიყალბის ყულაბაა და თვალთმაქცია.
კმაყოფილია თავისი ბედით,თავისი იღბლით,
პარაზიტირებს სხვაზედ კეთილშობილის ნიღბით.
მას ბელიერი კაზინოსკენ წითელ ნოხს უგებს,
ამაოების ბაზარზე ცხვირწინ როს კარებს უღებს.
როს ეგებება შარბათით ხელში მაცდური გველი,
"ქველმოქმედია"საქველმოქმედო ფონდის მფლანგველი.
ტრიალებს ნაღებ ხალხში,ვერ ნახავთ მასთან ხიხოებს,
უყვარს ოჯახი,თუმცა სტუმრობს საროსკიპოებს.
თუ "მორწმუნეა",ოქროს ჩარჩოში უდევს ხატები,
ეკლესიაზეც აქს გავლენა-იქაც "ბლატები"
აქვს. ხუთშაბათის მინჯე,ანუ თორსდეის თორი
მეტად საჭირო ტიპია,"სანდო",ვით პროტექტორი.
თუ რომ ყოველ დროს დროზე ერგება,როგორც მელია,
ჟანრის წესების ალბათობით კიმკიმელია.
კარიერაშიც მემკვიდრეობით მეტი აქვს ფორა-
ხან მეფის კაბა აცვია მას და ხან ანაფორა.
17
„მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.
(რუსთაველი)
ამ იარუსის პალიტრაში,
ფერთა ხმურში
ტირის სატურნი,ანუ ნინურთა,
უღრმეს ტრაურში.
მზიდან მეექვსე საფეხურზე
ზის შავ ძაძებში
გაშავებული მძიმე სისხლით
მზის შავ ძარღვებში.
ბოლომდე შესვა ნათესავთაგან სიმწრის შარბათი
დიოსმა.თუმცა მაინც მიანდეს დღეში შაბათი.
დააჯილდოვეს იგი ტირილის და წყევლის ნიჭით,
თან გზა უჩვენეს სავალი თვისი ათასი ბიჯით,
რამეთუ ისიც სისტემაშია როგორც ერთერთი.
თუმცა არგუნა შვილმა კურმუხი და უკუნეთი.
პასუხმგებელი ღმერთის კვერთხზე და დიდი როლით,
მიწის ვარსკვლავი ორივე ყურში ზის დიდი რგოლით
და ეს პლანეტა წარმოდგენილი როგორც "ყურება",
თავად ყოფილა "აღმატებული უბედურება"
და ხშირად სტუმრობს შვილიჭამიას მელანქოლია,
მას იუმორიც შავი აქვსო,გამიგონია.
საკუთარ დარდში დახშული და
კარჩაკეტილი,
შურით და ბოღმით
არბასტროა გამოკვეთილი.
რახან კვირაში ყოველ დღეს ფერი და ჰყავს ბატონი,
ბატონ საბასაც ერგო შავი და საბატონი.
შავ საფეხურზე დგას ყვავისფერი
შავი აბატი,
კვირის დღეებში აბარია
კრონოსს შაბათი.
***
საფეხურებზე ფერთაა როცა სრული შაბაში,
ამ მოცეკვავე აგვირგვინებს ფერებს შამაში.
18
„აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!“
(რუსთაველი)
მამის ნაშოვნი ძისაა,
დედის გაზრდილი-რძისაა.
ჯაშხა,ბჟა-შხა თუ მიჟლადეღ
აგორებული
მზისაა!
მზეო,
ამოდი,
ამოდი!
მოდექ
ხაშურის გორასა!
თორო,გუშინ რომ მზე იყო,
შეუჭამია
ყორანსა.
***
გეტყვი იმასაც თვალის ჩინო და ჩემო თოლიგე,
კოჭიმელიდან აწესრიგებს ქაოსს მორიგე.
კიბის შვიდი ხარისხი და
ფერთა შვიდი ტრიდა,
ლექსის მთქმელი მრავალი და
მხოლოდ შვიდი დიადა.
აღმასვლითა მიმავალი
ისევ შვიდი ცის ხე,
დამწყვდეული შვიდი დევი
და სხეული ციხე.
მიწიდან კი მხოლოდ შვიდი
ცამდე საფეხური,
ოღონდ,თუკი აიცილე
შვიდი საყვედური.
მთვრის კალენდრის შვიდი
სახლი
და ნაყოფი.
სივრცეშია დრონი შვიდჯერ
ქალდეს დანაყოფი.
ჯოჯოხეთის შვიდი კარი,
ბედის შვიდი დარი.
ანთებული შვიდი კვარი
და შვიდი დამდნარი.
***
ურუქის ჭიშკრის შვიდი ურდული,
მეშვიდე ცისკენ მზერა ქურდული,
ამღერებული შვიდკაცას ყელი
და დედომიწის შვიდი სარტყელი,
კვლავ შვიდი ფერის შვიდი სახელი
და შვიდი ცოდვა ვერ გასამხელი.
***
გამრავლებული
შვიდი ცოდვით ჰუმბაბას ჯარი,
შვიდი ცოდვისგან შეკერილი
შვიდი აბჯარი.
ცოდვათა შვიდთა რონინი და
მღერა რანუნი
და აკრძალული შვიდი ხილით
ყელის ტკბარუნი...
თან მოყოლილი ცხენოსნიანი
შვიდი მაყარი
და ბნელ ღამეში
დათვის შვიდი
ამონაყარი.
***
ზიქურათის შვიდი კოშკი
და სამოთხე(შვიდი),
მისი შვიდი საიდუმლო
და ედემი მშვიდი.
მომშვილდული ცისარტყელის
შვიდი ფერის მშვილდი,
დათვის თანავარსკვლავედზე
ნატვრის სუფრას ვშლიდი.
ერთჯერ სამი სამება და
ორჯერ სამი ფლიდი,
ოღონდ ერთიც,თუნდაც ჯუჯა,
ისვ მთელი-შვიდი.
არასრულყოფილი ექვსი,
ხოლო შვიდი სრული,
სამშვიდობოს(3х7=21. 2.+ 1=3 )ითხოვს ომით
გადაღლილი სული.
კვირის შვიდი დაღამება,
გათენება შვიდი,
შვიდი წამის მოგონებას
სიკვდილით ვერ ვშლიდი.
ნისლის ლაბირინთები და
ანგელოზი გიდი,
მეშვიდე ცად აღზევება,
ღრუბლის შვიდი ხიდი.
მაპატიე,ანგელოზო!
თუ უღმერთოდ გღლიდი,
პატარა ვარ,დავიკარგე,
დამინახავ დიდი?
შვიდი ცოდვა,შვიდი მადლი-
ბოლოს ორი ადლი.
ქვესკნელიდან ციდა ღრუბელს
ნუღა დამამადლი.
სიცოცხლის ხის
შვიდი ტოტი,
შვიდი
მარცვლის ნოტი,
ჯოჯოხეთის შვიდი კარი,
ბედის შვიდი კოდი.
ტოტი,
ნოტი,
კოდი,
ლოდი...
იმედის
იოტი.
სადღაც ნისლში
მოსჩანს
მწყემსი....
მოაბოტებს
ბოტი....
ნუ დამტოვებ დაკარგულ ცხვარს,
მოდი!
მწყემსო,
მოდი!!!
***
თიამათის შვიდი დევი
დამდევს თანამდევი,
ანგელოზო,მეშვიდე თვის
ლოცვა დამადევი!
შვიდ მნათობზე
ხეტიალში
გმძვრა შვიდი ტყავი,
რომ გეძებდი,რად არ ჩანდი,
მზეო,სად იყავი?
ერთი ვაშლი ჩავკბიჩე და
შემრჩა შვიდი პანტა.
ჩემი შვიდი თეთრი ცხვარი
ტყეში გაიფანტა,
რას ვეძებდი?
რას ველოდი?
რა მინდოდა
ანდა?
თუ რომ ბატკნებს
შავ ღამეში
შვიდი დევი
ბანდა.
შვიდი ძღვენი მოგიძღვენი-
შვიდი ფერის ფარდა,
ისევ მიყვარს,ვინც შვიდი წლის
უკან შემიყვარდა.
შენს ეზოში შვიდ ხეს დავრგავ,
ექვსი გადაგვარდა,
არაფერი მინდა შენგან,
შვიდი შვილის გარდა.
აიწონა-დაიწონა
შვიდი საქანელა,
სიო ქარის ნაშვილები
მაქანავებს ნელა....
მეშვიდე ქნარს ავამღერებ,
ექვსმა დამაბნელა...
დამამშვიდებს მომშვილდული
ცისარტყელის
შვიდი
ფერი. თუმცა ოცნებების
შედგა
პ-ანა-შვიდი.
***
მზე შინა და მზე გარეთა,
შემოდიო სულში!
მზე შინა და მზე გარეთა
გეყო დამალულში.
მარ შამში,შამშუ შა,შამე,
ძეო მზისა და ცის მზეო!
გზა გამიკაფე სხივითა,
გადის რომელიც ტყეზეო.
ჭეშმარიტება იგია,
რაიც მკვიდრდება უთუოდ.
ის,ვინც მარადის ანათებს.
ჩემთვის ჩაქრება ნუთუო?
ძე ღვთისა,ძე სინათლისა,
შამაში,ანუ უთუო.
ძეო მზისავ,
ძეო ცისავ!!!!
სიცოცხლეო საწყისისავ!!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!!
ვინც წყვდიადს ხერხავს,მისი ვარ
უკუნში უკან მდევარი,
საკმეველს გავყვე წყვდიადში
ვით-არ-ცა ცის მიმდევარი.
გამომსხივებელს შუქისა
უპყრია ხელთ სატევარი.
შენ იგი ხარ,ბრწყინვალებით,
ვინც წყვდიადის გააპობს შავს,
ვისი მწველი მელამები
თევზს უცეცხლოდ ზღვაში ხარშავს.
რა შეედრება თვალებს,
რომელიც სიკეთით ბრწყინავს,
ასეთი მზერა შეაჩერებს ბოროტს,
გაყინავს.
ის გააღვიძებს შროშანებს და მოიყვანს
დილას
და მისი მადლი ბოროტებას მზერით
დაჩრდილავს.
გამარჯობა მზეო!!!
ჩამო ერდოზეო,
დავჯდეთგემოზეო.
გამარჯობა,ცაო!
ღრუბელ,მაიცაო,
ჩიტებს გილოცაო!!!
გამარჯობა დღეო!!!
ჩემო ნატვრის ხეო!!!
საქმე მასესხეო!!!!!!
მზე შინა და მზე გარეთა,
შემოდიო სულში!
მზე შინა და მზე გარეთა,
გეყო დამალულში.
მზე შინა და მზე გარეთა,
გზას დაგიგებ გულში,
რატომ იმალები შინა,
თუ აქ იყავ გუშინ?
მზე შინა და
მზე გარეთა,
მზეო!
გეყო შინა.
გამო გარეთ!
ნუთუ, ასე
ღამემ შეგაშინა?
მზე შინა და
მზე გარეთა.
მზეო!
მზეო!!
მზეო!!!
პირი შენსკენ მიქნია და
ზურგს ნუ შემაქცეო!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!!
19
ზიქურათია თავისი არსით წმიდა ნაკრძალი,
სადაც ათენებს ღამეს უფლის პატარა რძალი,
ვისი სიცოცხლეც ღვთისთვის უნდა იყოს დაცლილი,
რამეთუ იგი მხევალია,რძალად შერაცხილი.
ზიქურათებზე კვლავ არაერთხელ დაწერენ ლექსებს,
ვერ მოერევა წლები სატაძრო გოდოლთ კომპლექსებს.
საკულტო კოშკი,აგებული საფეხურებად,
ვით სანახავი,საუკუნეთა ღირს საყურებლად.
სადაც რომ სამი საფეხურისგან ის შედგებოდა
შესაბამისად იქ სამ ფერში იღებებოდა.
იქ,სადაც უფრო ხშირად ტრიადის ისმოდა ოდა,
სამყაროს სამი შესაბამისი ფერი მას ჰქონდა.
***
დგას ზიქურათი ცალკე,როგორც იფნა ეული,
სამყაროს ღერძის იმიტაცია(ხედ მოქცეული).
დგას,როგორც კიბე,სამოგზაურო და ერთადერთი,
როგორც ადგილი,სადაც ცას ლამის ეკვრის ხმელეთი.
თავაღმართული დგას ტაძარი-მყარი კედარი,
შეურყეველი სიცოცხლის ხე,ლოცვით მედგარი.
როგორც შამაში,ის წყვდიადიდან ამობრწყინდება,
მზე-დიადემად ადგას...ცქერა არ მოგწყინდება.
განა ტაძარი მხოლოდ კაცის ხელით შენდება-
ვით სიცოცხლის ხე,ქვესკნელიდან აღმოცენდება.
შთამბეჭდავია იგი,როგორც ხატება მთისა,
მასში ერია მლოცველი და ხმა ისმის ღვთისა.
როგორც კოსმოსის ხატი,ამოდის დედო მიწიდან,
დინამიურად ისწრაფვის ზევით,თავს გვიქნევს ციდან.
აგიზგიზდება ბრწყინვალებით შამაშის ალზე,
როს მასთან ერთად ამოძრავდება სხივთა ცარგვალზე.
განხორციელდა შესაქმისი ღერძის ხით აქტი,
ხელუხლებლობის გააფორმა აპსუმაც პაქტი.
რაც ზღაპრად მოსჩანს,სამყაროს შექმნის ყოფილა ფაქტი,
არარსებულის თესლის მტვირთველი ზოგმა თქვა ბატი.
***
უმთავრეს ღმერთებს არაერთხელ უგებდნენ ტაძრებს,
ზოგი ტაძარი ცოცხლობს დღესაც და მრავალ წელს გაძლებს,
როგორც სამება-ენლილის,ენქის და ცაში ენის,
როგორც სიმბოლო,სიცოცხლის ხის მწვანედ დარჩენის.
ქვესკნელ-ზესკნელის და შუასკნელის ერთ ხეზე რიგი
არის სამების ერთ საყრდენზე უფლის განრიგი.
სამ სკნელს გადაჰკვეთს მსოფლიო ხე ვერტიკალური,
ერთიანდება როს პოზიცია ზნით პოლარული.
განიხვნა ერთი სამად.შუასკნელს სკნელი სხვა ორი-
ზე და ქვედ გამოეყო,სადაც დროის ფაქტორი
არ მუშაობდა და არც ვინ მას კარგავდ-ნაყავდა,
არც გაწელილს და ყველაფრის მკურნალს კაცი ნახავდა.
ხოლო შუასკნელი გაუგებრობით ორთა შუაში
აღმოჩნდა,უფალს ერთის განწილვა როცა ჭკუაში
დაუჯდა,ანუ იგი ქნა,რაიც ჩაიდო გულში-
როს ააძგერა ერთი წყაროდან სამ(წ)ყაროს პულსი.
სამყაროს ც-ენ-ტრი,როგორც ტრიადა,ერთად შეკრული,
როგორც ქაოსის მტერი,წესრიგის რჩება ერთგული.
ამ პოზიციით ცისა და მიწის ოპოზიცია
განმტკიცებული ერთი სიტყვით წიგნის ფიცია.
მსოფლიო ხეა ერთი ტრი-ადის-სამყაროს ც-ენ-ტრი,
გამოსახული,როგორც მარადი სიმწვანე კედრის.
ღირებულება უმაღლესი აქვს დროთა სივრცეში-
მისგან ქაოსი დაბმულია,ვით ტყვე ციხეში.
თუკი ვენდობით სამყაროს შექმნის შუმერულ წყაროს,
აერთიანებს ერთი სიცოცხლის ხე ამ სამ(წ)ყაროს-
ქვესკნელს,საწუთრო-დედამიწას და ცას-უფლის სადგომს-
აი,მიზეზი,რად ეუფლება უფალი აქ მდგომს.
ხე ის ცენტრია,სადაც დაედო ვრცელს დასაბამი
და თუ აიწყვეტს,ჩამოიქცევა ცა დასაბამი.
ერთის მხრივ,იგი კიბეა ზევით-მეშვიდე ცისკენ,
მეორეს მხრივაც...კიბეა,ოღონდ კურმუხეთისკენ.
ერთის მხრივ,ადგილია,სადაც უახლოვდება
დედამიწა ცას,თითქოს ისევ მასზე თხოვდება.
მეორეს მხრივ კი,თავად უფალმა ბნელში ინება
ენ-ქის გაყოფა ერთიდან,ანუ განქორწინება.
ამბობენ, ერთ დროს ერთი ყოფილა
მდედრი და მამრი-
რძალს დედამთილი არ ჰყავდა და
სიძეს-სიმამრი.
შემდეგ ისინი ენ-ქის მსგავსად
შუა გახლიჩეს
და გარკვეული პერიოდის გავლით
თავს იჩენს
წყურვილი პოვნის საკუთარი ნახევრისა,
რაც მიზეზია ცრემლთა ღვრის ველზედ სავსე მთვარისა.
ზოგი პოულობს ერთ დროს დაკარგულ მეორე ნაწილს,
ვინც ვერ პოულობს,სიკვდილამდე ცრემლები აწვიმს.
(ანუ,რა გითხრა ღერძის ხეზე,ლექსებში სტროფად,
ხის ამოძირკვა ემუქრება ხალხს კატასტროფად).
20
საგულდაგულოდ გადატიხრულა ზე თიამათი,
მას მცველები ჰყავს,რომ მოიშალოს ძველი ადათი,
რომ შენარჩუნდეს შუასკნელი ორ სკენელთა შორის,
რომ არ დაბრუნდეს ქაოსი,(იყო რაც სხვათაშორის).
ამ სიცოცხლის ხეს საკუთარი მცველი ჰყოლია-
როგორც ზღაპრებში,იფნის ხეს გველი ამოჰყოლია.
უხსნებელი-ხის ებგური,როგორც გრაგნილი,
ფესვებში იყო განრთხმული,ხოლო ზესკნელს გზავნილი
ხე იყო,რადგან გველსაც ჰქონდა ღმერთთან სათქმელი.
სათქმელი ჰქონდა ხესაც-უჭერდა წელზე სარტყელი.
გარშემორტყმული ტყავის სარტყლით ხე ჯადოსნური,
მიისწრაფვოდა მთისკენ...და მთას ერქვა ხაშური.
მარილის მთიდან ამოზრდილი მკვდრეთით ცხედარი,
სამყაროს ჭიპი,აქის მუნდი,გინა კედარი,
ყოფილა ტყავზე,ანუ ქვესკნელში მიმორთხმულ გველზე-
კედარის ფესვის თვალუწვდენელ ტყავის სარტყელზე.
ხოლო ხის ძირში დაბუდებულა ადგილის გველი,
ვინაც ჰფლობს ნუსხას,როცაა თავად მოუნუსხველი.
მაშინ როდესაც ფესვთან ვერ ნახა ადგილი კუდმა,
ზემოთ-ტოტებზე ბინა იპოვა თვით იმდუგუდმა.
სამყაროს ცენტრში დგა მსოფლიო ხე,ვით აქის მუნდი,
რომლის რტოებში ღრიალებდა ენლილის გუნდი.
მარჯნის მწვერვალის ტოტზე ფრთოსანი ჯდა იმდუგუდი,
თავზე ნისლისგან შეკერილი ეხურა ქუდი.
თუმცა,ზოგმა თქვა ბინადრობდაო ტოტებში ყვავი,
ზოგმა-არწივი...რა ვი...იმ დროს იქ არ ვიყავი,
ოღონდ,ყველამ თქვა,რომ გაშლილი რტო მსოფლიო ხისა
იღებსო ფორმას ხელთუქმნელი ცხოველი ჯვრისა.
ამ ხიდან იღებს სათავეს სამი წყარო ერთიდან-
ბედის,სიბრძნის და მდინარისა-გზა მერეთიდან
და სიცოცხლის ხე-იფნის,კედარის თუ ალვის ხისა,
ვერტიკალური არის სიმბოლო მიმდემი ჯვრისა.
ხის შუაგულში ბინა დაიდო ქალწულმა ლილამ
და მოიტანა სულ სხვა სასუნთქი მადლი თან დილამ.
ჰაერის უფალს მიენიჭა კაცთ სამყოფელი-
ჰქონდა შუასკნელი და ებარა წუთისოფელი.
კაბადონიდან ოთხივე ქარით შემორბენილი
ამ სამ(წ)ყაროს ხის აპკურებდა შუასკნელს ენლილი.
***
(სვეტი ცხოველი,კიბე,მთა ხე თუ
შემოხვეული იფნის ხეს სურო,
ანუ შუბნურის ჯვრზე ლეგენდა
დღესაც ხომ გახსოვს,ჩემო ხევსურო).
21
როს განეწვალა ანი ქის,ანუ
ხმელეთი ზესკნელს,
ენლილი მიწას,ანუ ზეცას და
დასჯერდა ქვესკნელს-
მიწისქვეშეთის დედოფალი და
ნერგალის ქალი-
ერეშქიგალი,
ერეშქიგალი,
ერეშქიგალი.
ასე რომ,ერთ ხეს გამოუჩნდა სამი პატრონი
და უდროობის ეპოქიდან დამკვიდრდა დრონი.
დასრულდა ძველი ეპოქა,დადგა ახალი ერა
წუთი-სოფელმა
წამიდან წუთში
დაიწყო ძგერა.
22
ზიქურათები-ხელოვნურად მთა აგებული
პირამიდების კოშკებით იყო დალაგებული
და ერთმანეთზე დაწყობილი,თავწაკვეთილი
თვალცრემლიანი ნისლით იდგნენ გადაკვეთილი.
ღვთის სახლის მოსაპირკეთებლად საქმით ხარობდნენ-
დამუშავებულ,ანუ გამომწვარ აგურს ხმარობდნენ.
მზარდი ღვთის ძალით გამყარებული თითო აგურში,
გოდოლებს შორის უფრო მსხვილი დგა შუაგულში.
გოდლედს ქარისგან იცავდა ირგვლივ მწვანე აბჯარი-
ბუჩქთა განრიგი,ხეთა არმია და გიზთა ჯარი.
გოდოლი გოდოლს ცვლიდა, როგორც სართულს -სართული,
(მალე ვიხილოთ რიტუალი აქ გამართული).
რახან დიდ ქარმა წვიმას ბევრჯერ მხარი უქცია,
ზიქურათებსაც განუცდია რეკონსტრუქცია
არაერთხელ რა,სხვადასხვა იყო მათი იერი,
თუმცა,სუყველას ზემოთ ჰქონდა ინტერიერი.
იგი სამსხვერპლოს ფართო მაგიდით წარმოადგენდა,
მის წინ ქურუმი რიტუალურად ღამეს ათევდა.
(ალბათ, დღეს სიმწარით გოდავს გოდოლთან ბრძენი მისანი
-ჰოიდა,ტაძარნი შერყეულანო ურუქისანი).
სადაც ყოფილა სახელგანთქმული წმინდა ტაძარი,
ან ნანგრევია,ან დარჩენილა მხოლოდ ნაცარი.
დაეტყო კედლებს ცვლილების ქართა დროში ცანცარი-
რაც იყო არ გვაქვს,დარჩენილა ანუ რაც არი.
ზოგი წაიღო წარღვნამ,ზოგი წაშალა თქორმა,
ზოგიც ჟამმა და ზოგიც ქარებით შეკრულმა ქორმა.
ჭეშმარიტების გზაზე ბევრმა ბევრი გაიღო,
ოღონდ,რაც დართეს,იმაზე მეტი ვინ რა გაიგო)?
23
ცისა და მიწის კავშირია ყველა ტაძარი,
სად უფლის ყური მლოცველისთვის სმენად მზად არი.
რიმათ-ნინსუნას შორსმჭვრეტელობით უჭრიდა თუალი,
ხსნიდა პორტალს რა იცოდა წესი და რიტუალი.
ვინ აღუდგება დედას,რომელიც ლოცულობს ყრმისთვის,
როს შევრდომილი ლოცვა-გოდებას აღავლენს მისთვის.
რამეთუ წესის დაცვას ითხოვს რწმენის ზრდილობა
და ტაძრის მთიდან ორგანული ამოზრდილობა,
სანამ მზის რქოვან ნიშანს მისცემდა ზეციდან ანა,
რიტუალურად ტანი შვიდჯერ გადაიბანა.
თავზე წაისვა სანელებელი სპეციალური,
ნახევარღმერთს რომ ურჩევდა ალღო,მაინც ქალური.
ჩამოირეცხა შემოპარული ჩქური ვერაგი,
მოირგო ტანზე ქალწულებრივ წმინდა პერანგი.
ჩარყაფიანი წმინდა პერანგი ჩაიცვა -ზეზი.
(მზისკენ მიმავალს ბრწყინვალების ჰქონდა მიზეზი).
ნანამ ნინსუნას ინანი მისცა სურნელოვანი,
(იყო რამეთუ სასხურებელთა მცნე-ხელოვანი),
უსპეტაკესი და ქათქათა კაბა ჩაიცვა,
ტაძარში შესვლის ყოველი წესი წმინდად დაიცვა,
ემესალურად წარმოთქვა ოდა შამაშის ქებით,
გახსნა ზარდახშა პატიოსანი პირამდე ქვებით.
ჩამოიკიდა მანიაკი,ვით ყელსაბამი,
ამას ითხოვდა რიტუალი და ჰქონდა საბაბი.
ბაბილონური ამეთვისტომი- ბროლის რგოლებით
ჩაიბწნა თმებში ინანას რჩევით თავს შემოვლებით.
სახელდახელოდ მოიქარგა თმები ხვეული,
ლაპის ლაზულით დაიმშვენა წამოწეული
მკერდი.მოიგდო გრძელი მანტია ქურუმივით და
ლოცვა წარმოსთქვა ტერასებამდე სანამ მივიდა.
სალაპარაკო ჰქონდა მზესთან რიმათს როს რთული,
თავს უმშვენებდა პატიოსანი თვლებით მორთული
დიადემა,რაც სურათს ბოლომდე აგვირგვინებდა,
რაც ბრწყინვალებით ბნელში უკუნს აკიკინებდა.
სანამ მზემ ფეხი დააბაკუნა,მიწა აპკურა
იმ წყლით,რომელიც რიტუალურად ნანამ არგუნა.
ხარისხის ავლით ეგალმახისკენ აიღო გეზი,
გამოეხატა პატივისცემა რომ მზის უღრმესი.
მზისა,ვისთანაც ემესალურად უნდოდა ზრახვა,
რომ გაემხილა უცხო ენაზედ შვილის განზრახვა.
საკურთხეველით ხელში სარეცელს გარე უვლიდა,
მომიდავიდოდა,მიმოდაზრუნვიდა.
***
შამაშისათვის მოჰყვა ტაძარში გუნდრუკის კმევას,
არ იშურებდა სალოცავად მზარდ გულისხმევას.
მან სამსხვერპლოზე სახელდახელო დადო ღვეზელი
მზისთვის,რომელიც იყო მიმდემი,მუდამ დღეგრძელი.
სამსხვერპლო პური,მზისებრ მრგვალი,შამაშს მიართვა
და მოემზადა,მოეხსენა თხოვნა-მიმართვა:
-შენთან მოვსულვარ,ჩემო შამაშ,კრძალვით და მოწლედ.
მე მზე მჭირდება ჩემი ლოცვის მსმენელი მოწმედ.
აჰა,ენქერი-საკუთარი ხელით წვლილადი.
ამჯერად,როგორც დედას,თხოვნა მაქვს შენთან პირადი.
აჰა,მოგართვი ფარშავანგის ტურფა ნაკრტენი,
უწყი ყოველი.იცი,რად მაქვს გული ნატკენი.
აჰა,მიიღე ჩემი ხელით ნაქსოვი რიდე,
ოღონდ,მჭირსნედ გთხოვ,განსაცდელს ჩემი პირმშო მირიდე.
ეცადე მისთვის,ვინც ვერ ვნახო, ვაითუ, ხვალე,
თუ რომ არ დარჩა, ვუთხრა:შვილო,“გილგამეშ,გვალე“!
ჰა,დაგიღვარე წმიდა წყლები-მათია აქ ფშვა,
გავედრო შვილი,მისთვის ლოცვები შენდამი აქ ვშვა.
***
თავისი ხელით გამოცხობილი სამსხვერპლო კვერი
მიუძღვნა შამაშს,მუხლმოყრილმა დაუკრა კვერი:
-ძღვენი მოგართვი საკურთხეველზე,შენია ჯერი,
ნათლულს მიხედო,რამეთუ მისთვის ურუქის ჭერი
დაპატარავდა მას სურს ეძიოს იმ ტყეში მტერი,
სადაც იქმნება ადამიანთა ცოდვათა მტვერი.
უნდა რომ იგი გააცამტვეროს,ფერფლად აქციოს,
ან მოჰკლას,ანდა ბუნაგიდან შორს გააქციოს.
24
შამაში
შამაშამდე მიაღწია საკმეველის ცემამ ბოლის
და მიაპყრო თვალთა მზერა მზემან ტაძარს სხივთა ბროლის.
დაუღვრელი თასებიდან ამოხრუპა ბაგით წყალი,
მკერდზე სხივით ალიცლიცდა,ქალს ეფერა ვით წაწალი.
-მოგზაური ვარ ქვესკნელით ზესკნელზე ერთი ყარიბი,
ჩავდივარ ოკეანეში,სხივგაძარცვული,ღარიბი.
ვისმენ საქმეთა ყოველთა,მაქვს სმენა ყოველ ენათა,
ბინდი ჩამოჰკრავს,წავიდე,ვერ დავრჩე დასარჩენადა.
მთელი დღე სამსახურში ვარ,ჩამოკიდული ანშანსა.
სანამ მამალი იყივლებს,ქვესკნელში ვზივარ ქაშანსა-
იქ ვპოვო ძილი,ქვეყანამ დღისით თუ გამომწველა და
დილით ისევლე წამოვდგე,სახრე ვამღერო მწველადა.
***
წასვლა და მოსვლის ცვალებადობა დროში არ წყდება,
ბინდში რაც კვდება,დილით სიცოცხლეს რქებით აწყდება.
დროგამოშვებით სიკვდილ-სიცოცხლის არის ღრეობა
და ყოველ ღამით მზის გასვენებას მოსდევს დღეობა...
და ყოველ დილით დაბადებით არის ძეობა,
ბინდს წყვდიადი ცვლის,რასაც მოჰყვება ისევ მზეობა,
როს განთიადზე მთავრდება ბნელში უთუს ტყვეობა,
როს ბრწყინვალება ფორმდება,როგორც მემკვიდრეობა
და ელვარების გვირგვინია უთუს მეობა,
რასაც მისწვდება იქაა მისი მორიგეობა.
იქ არის მისი აღმავლობა და მისი ზეობა,
სადაც თავს იჩენს სხივთა რქენით კაცის ზნეობა.
მზის ხბოს მზისავე ბოსელში შობს მზის დედა ფური,
ხარად ქცეულის რქებით ბრწყინდება დილით ხაშური.
მზის ხბოს მზისავე ბოსელში მზე ვინ არის
დედა შობს
და გარიჟრაჟზე იგი წყვდიადს
სინათლით
ახშობს.
***
განთიადის წინ ჩამოწვება ხოლმე წყვდიადი,
სრულ სიჩუმეში რომ დაიბადოს აზრი დიადი.
მინდა ჩავყვინთო
ნაკბუს სიღრმეში,
და ჩავი-ძირ-ო
საკუთარ მე-ში,
რომ ამბოხებულ
სრულ სიჩუმეში
ღვთის სიმფონიას
მივა-ყურ-არდ-ო.
25
იდგა ნინსუნა სამსხვერპლოში თავ-ყან-საცემად
თავისი სევდის ემესალურად გადმოსაცემად:
-მოვსულვარ შენთან ძღვენით და მხლებელ შიმუნვარითა,
არ გამისტუმრო აღსიტყული შინ მე ვარითა.
ძეო,მზისავ!
ძეო,მზისავ!
მიწის მადლო,მადლო ღვთისავ!
გამფანტველო ქაოსისა,
ბრწყინვალებით სამოსისა!
შენა ხარ გზაი,გულის მზერით
ბნელში აღქმული,
შენ ხარ სიცოცხლე
მარადიული,
სიტყვით
არ თქმული.
ვინ ამოდიხარ უფსკრულიდან
და წყვდიადს ხერხავ,
ვინ თავდარქმული სხივის გვირგვინით
სიბნელეს ტეხავ,
მას გთხოვ,უნათე გილგამეშს ტყეში
ბნელის სადგომი,
მოაგებინე მოუგებელი
კაცისგან ომი.
ჩემო მარ შამშე,ჩემო შამშე,
ჩემო შამაში!
საქმე იმაში კი არადა,
არის ამაში,
სულ სხვა ყანებში,
ორივე ჩემს შვილს
უნდა თამაში
და თუ საქმეა,ჩემო შამშე,
მარტო ძალაში,
გაჰხვევს მათ მხეცი,თავად იცი,
ხათაბალაში.
კაცობრიობის შველის რად ერგო
ჩემს შვილს მისია?
ვინც რა დათესა,ის მოიმკას,
თუკი ღირსია.
რა თავში ვიხლი ადამიანთა
ცოდვებს და შიშებს,
ვინ შეაჩერებს უფსკრულისკენ
მარბენალ გიჟებს?
რა გზა მოვნახო,
რით დავასუსტო
მხეცი ჰუმბაბა?
როგორ დავალბო
რკინა,
თუ ბამბა
არ ურევია
მის სხეულს არსად,
როგორ ვაქციო
შვილები ასად?
მახრჩობს იჭვები.
ნუთუ ტყუილად,მზეო,ვირჯები,
შენს სამეფოში უქმედ ვიჭრები?
სუყველა დედას შვილთან ახლოს
ყოფნა სწყურია,
მასთან სიშორით ღვეზელიც კი
უგემურია.
რაი ვქნა დედამ,სანამ შვილი
ჩემი გზაშია?
გავქვავდე მანამ,ვიდრე ძმასთან
ძრაობაშია.
თუკი არ ვიცი,როდის სწყურია,
ანუ როს შია,
სიმწრით ავყეფდე დამწყვდეული,
როგორც გოშია
და ავიყვანო თავი სხეულის გვემით
ვნებამდე,
მეფის და შვილის მშვიდობიანად
დაბრუნებამდე.
ნახევრად ღმერთი სიკვდილს ატარებს...
მაინც კაცია.
დაბურულ ტყიდან ვინ მომაწოდოს
იმფორმაცია?
დროა,რომ თავი ურუქის კედლებს
ქალმა ვახალო,
თუ რომ არ მეტყვი ჩემი ცხელი
სუნთქვის დაქალო,
ვინ გაუღვივა გულს სურვილი ცეცხლის ენებით?
ვინ მოახვია თავს ცდუნება სხივთა ჭენებით?
ვინ დაუხატა სოჭის სურათი თვალთა ჩვენებით?
ვინ მიუგზავნა გზის დემონი გზათა ვენებით?
ვინ მიანიჭა ოცნებები დაუდგრომელი?
ან გაუხედნავ ოცნებას ხედნის,მარქვი,რომელი?
ან როგორ იყოს,მიპასუხე,მეფე მსტოვარი,
ან უძლეველთან მძლევარი,ძალის ან მათხოვარი.
ან ოცნებებით რად არის იგი გზაარეული,
თუ მზე არა ხარ მისი ოცნების კვლავ მზარეული?
რაი უნდა ვქნა დედამ შვილის დაბრუნებამდე?
ჯერ არ წასულა,ავყავარ თუ რომ ლოდინს ბნედამდე.
მიწა მერხევა ფეხქვეშ,ზეცა მემხობა თავზე,
წყალწაღებული ალმოდებულ ვკიდივარ ხავსზე.
მის გულში თავად ხედავ,ცეცხლი როგორ გიზგიზებს.
ცოტაც და,ჩირაღდნებად მელამს ჩამოგვირიგებს.
აი,თუ რატომ დაგადექი თავზე ამ დილით.
მარქვი,დავიხსნა მარყუჟიდან როგორ განფრდილი?
შენ თუ შეუნთე მოგიზგიზე და მოტყინარე
ვულკანი სურვილს,ადიდდა ცეცხლის როგორც მდინარე.
გულს დამიკორტნის,დამიწერტავს სევდის ყაჯირი,
თუ ფეხქვეშ მიწა მეცლება,ვპოვო სად მოაჯირი?
თუ ვერ ვიხილე ჩემი სიბერის მე ხვალ საყრდენი,
მარქვი,სად ჩავფლა გულდაფერფლილმა დარდი ამდენი?
ვით დავიწყნარო მარქვი,ქალმა გულის ქოთება,
ან ვულკანივით ამოხეთქილი დედამ გოდება
როგორ ჩავახშო,ან რა ვქნა,როცა მომაგონდება,
ან მოუსვლელში თუ შესვენდა,როგორ ცხონდება?
რით შევიქციო თავი დედამ გათენებამდე,
ოდეს ამიყვანს გრძელი ღამე მე ვაებამდე?
უძილო ღამით იჭვის ჭიებს თუ რომ ვკვებავდე,
ნუ გიკვირს,დილით უდიერად სათქმელს ვბედავდე.
მე სევდა მომკლავს,სანამ ჰუმბაბა გახდეს მოკლული.
ან ვინ იკითხოს ერთგული,სადაც გაწყდეს ორგული?
საღნიოშოსაც ხომ იცავს ღმერთი,ქარით შეკრული,
მიპასუხებდე,გევედრები დარდით შემკული.
მზის ამოსვლამდე პირაშკმული მე ვიყო მუნჯი,
ხმაჩაგდებული ვეგდო სანამ არ ვნახო უნჯი.
არ მინდა დევის ქონება და არც სოჭის ტყე მინდა,
მინდა ურუქში მყავდეს გაზრდილა ვინც ფურის რძიდან.
მეუბნებიან,დედა ხარ,შვილი არ გაუშვაო,
შენი ნებაა შვილზე,დედამ იგი თუ შვაო.
ვით დავიჭირო,ანუ დედობით ვით დავუშალო,
ოცნების კოშკი ძირში როგორ ჩამოვუშალო,
ანუ დარჩენა,თუ რომ არ სურს,ვით დავაძალო?
შენ თუ არ იცი,აიას ჰკითხე...
მიშველე,ძალო!!!
თუკი ხალხისთვის შეიქმნება მეფე მარტვილი,
ამით რა?ჩემი ყოფა გახდება ვითომ ადვილი?
იხარებს ჩემს გულს სევდა,ნისაბას როგორც ჯეჯილი
ჩავჯდე ჯეჯილში ჯავრის ჯანღით გულგაგლეჯილი.
სხვა საძოვრებზე ძოვს ჩემი ხარი,სხვათა ბალახში,
უცხო მელამი ადვილად გაჰხვევს ხათაბალაში.
ვითვლიდე მალე ვარსკვლავების ცაში თარიღებს,
დედის გულისთქმას თუ რომ შვილი ყურად არ იღებს.
26
-ზოგჯერ ღმერთებიც ხმის ჩახლეჩამდე ხმებით ჰყვირიან,
ზოგჯერ ღმერთებიც შვილის გამო მწარედ სტირიან,
ზოგჯერ ღმერთებიც დგანან მიწაზე მუხლმოდრეკილი
და არ ჰყავთ გვერდით არც მოსამართლე და არც ვექილი.
უკეთურობით თუ გააშენეთ
ცოდვების ბახჩა,
თუ ერთგულები
ორგულობით შუაზე გახჩა,
რას ითხოვთ ჩემგან?
თქვენს შემყურეს მე იგი დამრჩა,
ჩაგთხაროთ ცოდვილთ
ცეცხლიანი ხახაში ჩამჩა.
ვერ გამიგია,რისთვის ცოცხლობთ,
ან ვისთვის იღწვით?
თქვენი სიავით დღემდე მცხუნვარე
ალებით ვიწვი.
არაკაცობით თქვენ ჩემს ტაფებს
სულით ასკდებით,
ისე ჩქარჩქარა მინთებთ შეშებს,
თუ რომ გავსკდები.
თავს დაგატყდებათ
უღმერთოებს ციდან ქუხილი,
გადაგატყდებათ ტოტი,
მოგკვეთთ კბილებს თუ ხილი.
ამიწევს წნევა.ამას მოიტანს
ტვინის დუღილი,
ვეღარ გიშველით
გუშინდელზე ხვალე წუხილი.
სად დავიმალო?
დავალ გა-ვარ-ვარ-ვარ-ებული.
შველას მთხოვთ,როს ხართ ბელიერზე შეყვარებული.
თუ არ შემცირდა თქვენი ცოდვების წიგნის კრებული,
იხილოთ მალე დღის ღუმელი აფეთქებული.
ბალახი მაინც შეიბრალეთ აალებული.
ნუთუ იმისთვის ხართ მიწაზე დაბადებული,
თქვენს შემდეგ დედამიწა დედაშეგინებული
დარჩეს?არადა,იყო წინათ წარჩინებული.
ჰუმბაბას ძალა ბინადრობს ძველ და ახალ ცოდვებში,
მას ზურგს უმაგრებთ სიმღერებით თქვენსავ ოდებში.
წინა კარიდან ეპატიჟებით ურცხვად ოდებში,
სულს კი სიცოცხლით მიერეკებით ქვის შავ ლოდებში.
***
თუმცა,ბუხართან ჯდომა,მეფისთვის რის მაქნისია?
გინდამც,სიცოცხლე უცხოვრია მას აქ ნისია.
რაინდს თავისი აკისრია ქვეყნად მისია,
თუ მითუმეტეს,რიმათ-ნინსუნა დედამისია.
ადრე თუ გვიან,შვილი მოსწყდება მშობელთა კალთას,
დააგდებს დედას ალთას,თავად გზას ნახავს ბალთას.
ძნელია დედის ხვედრი ნინსუნ,რას იზამ,აბა,
ჭიპს მოწყვეტილი შვილი ჭიპზე ვინ გამოაბა?
-ქალს იგი უყვარს,ვისაც მისთვის მოაქვს ტკივილი,
ყველაზე დიდი ტკივილის წყარო შვილია,ჩვილი.
ყველაზე დიდი ტკივილის მუდამ იგია წყარო,
ვისთვისაც დედას ხელის გულზე გინდა სამყარო.
-ზედმეტი შუქი და ბრწყინვალება მზისგან თაკარა,
დაწვავს მზით გაზრდილს,თუ არ ახლავს ბინდი პატარა.
27
-ხელთა გაქვს ძალა,შენგან ნედლი მოიქცეს ფერფლად,
შვილი დამინდე, ჩემი ქადა მიიღე მსხვერპლად.
თუ მზით გამთბარი გილგამეშს აქვს სისხლით ვენები,
როგორც ნათლიამ მიხედე,სანამ ჩაესვენები!
სთხოვდე თუთასაც,ღამით ხელი მას მოუმართოს,
ოდეს ნახავდეს დასუსტებულს უდედო მარტოს.
გილგამეშს კვერთხი ნაზიარები თუ აქვს მთვარესთან,
ვალდებულია ის შორეულ თუნდ მოყვარესთან.
თუ მთელი თუთა სათუთად ითვლის თავის წიწილებს,
ვით მისი სიძე, ჩემი შვილი მას ინაწილებს,
მოეთათბირე თუთას,გთხოვდე ათრთოლებული,
მოუთათუნოს, დარდით ნახოს აქოთებული.
შენ მწყემსავ დღისით,ვინ გაუნათოს უკუნში ღამე?
მითხარი,შამაშ,დამამშვიდე,შემპირდი რამე!
როს შეეხება ბინდის ნისლი ჩუმად შენს ბაგეს,
გადააბარო,იქნებ,ღამის იგი გუშაგებს,
რომ მოარიდონ ურუქის მეფე სულთა მსუნაგებს.
(ბოროტებაზე ბოროტი ტყეში პასუხს თუ აგებს).
რა ვიცი მას რა ხვედრს უმზადებს გზების საბედო,
სანამ შემდგარა გზაზე,მინდა თქმა რომ გავბედო,
მე,როგორც დედას,ჯერ ჩემი შვილის მადარდებს ბედი,
მას გავედრებდე,შეჭუვნებული იმად მოვედი.
თუ მიატოვებ ღამით,როცა გეცვლება გვერდი,
ღამის დარაჯებს გადააბარე,ვით ალავერდი,
იგი ვისზედაც ვით ნათლის დაგდევს ამაგი,
იგი,ვინც ჩემი შუქია,ბნელში და არდაბაგი.
ვის უიმისოდ ვერ დარჩება ურუქი ლაღი
და ვის გარეშეც მოიწყენს მტილში ხე და ბალახი.
რამეთუ ჩემი სევდის შენ ხარ სვე-დასტაქარი,
შენ ჩაგაბარო,არ წასულა და სანამ აქ არი.
მუხლმოდრეკილი ვდგავარ შენს წინ დარდით დამწვარი,
გთხოვ ჩაიბარო,მზის დაღიანი შენი ნამცხვარი.
ენლილსაც ჰკითხე,არ დამზარდე მზეო,უთხარი.
რა ვქნა,ვერ ვპოვე ფურმა რქოვანი ურუქს თუ ხარი?
28
-ნუ ჩამოუშვი ცხვირი,თო
დაგეტყო ყელზე ღაბაბი.
ცოცხალ შვილს რატომ დასტირი,
თუ ხელში არ გაქვს საბაბი?
***
დამშვიდდი,ნინსუნ,
რიმათ ხმობილო!
შვილების ხათრით,
ძირს დამხობილო,
დამიგდე ყური!
ჩემო რიმათო
და დარდი დარდზე
არ მოიმატო.
სანამდე გინდა გამოიბა კალთაზე შვილი,
განა ბალღია,ძუძუმწოვარა შენს მკერდზე ჩვილი?
გონიერი ხარ,არ ხამს შენგან უქმე ჩივილი,
ზოგჯერ სხვა მხარეს მოუწევს სოფლის მამალს ყივილი.
ვაკონტროლებდე ვიდრე ტყემდე ძმათა გზა-სავალს,
ჩამენაცვლება მთვარე ზღვაში ჩამხრჩვალ-ჩამავალს.
სადაც ვერ გასჭრის სხივი,ოღრაშს იქ უდევს მახე.
იქ,სადაც ჩრდილი მეფობს,არ სჩანს შამაშის სახე.
ჩემი სხივებით გზა ექნება დღისით ნაქსოვი
მას,ღვთაებრივი ფურის რძე აქვს ვისაც ნაწოვი.
ავიღებ შენს ძღვენს,გილგამეშს ყველგან ვადევნებ ცხრა თვალს
და თავად მოვთხოვ თუთას უთურში უთუოს თვალთვალს.
29
-მადლობელი ვარ, ჩემო შამაშო და ჩემო მზეო!
ლოცვას მოვრჩი და დროა,გილგამეშს დავხვდე ფეხზეო.
ძეო,მზისავ!
ძეო,მზისავ!
მიწის მადლო,
მადლო ღვღთისავ!
გამფანტველო ქაოსისა,
ბრწყინვალებით სამოსისა.
-ზედმეტ სიყვარულს,ზედმეტ სიძულვილს
ნაყოფი ხშირად ექნება მწარე.
იგია შფოთის მიზეზი მუდამ,
უფალზე მეტად ვინც შეიყვარე.
ნუ დააკავებ წამსვლელს...მიუშვი!
ლოდინი ამკობს დედას და მოყვასს.
გაზაფხულზე კი მზე დაგიკოცნის
ობოლი ცრემლით ამომწვარ ლოყას.
30
-ჩემზე ამბობენ, მზე რა მწარეა,
ამწვავებს სხივებს,ხმარობსო სალესს.
ჩემზე ამბობენ, ბოროტიაო,
როს ვერ უძლებენ თაკარა ალერსს.
ჩემზე ამბობენ,გადამწველია,
სხივთა ბასრ ისრებს ცეცხლით ამწვავებს.
დამწვარს ხედავენ და ვერ ამჩნევენ,
გადამწვარ ბალახს კვლა ვინ ამწვანებს.
წამომაწევენ დღის ბოლოს ჭორებს
იმ ჩაბუდრებულ ბინდის მახვილებს,
ჩემს ჩამავალ გზას ძაძით რომ მოსავს,
როს ყურადღებას გამიმახვილებს.
ნიშნის მოგებით მითვლიან ლაქებს,
არ მოსწონთ ჩრდილებს რაიც ანათებს.
უკან მომდევენ მოვალესავით,
როცა არავის ვალი არ მმართეს.
ვუძლებ ჩაგრულთა შემოძახილებს,
ვუძლებ,თუცაღა არავინ ითვლის
გულდაწერტილი მზის ჭრილობებს და
იმ ჭრილობებში ჩარჩენილ ტკივილს.
როგორ გავუძლო თანასწორობას,
ბოროტთან. ანუ ქეცის ქავილებს,
როგორ გავუძლო ბოროტ ბოტებს და
შხამზედ ამოსულ ბოროტ ყვავილებს?
და მაინც...
ზამთარ-ზაფხულის ჭიდაობაში
ზაფხული უნდა ჩაგრავდეს ზამთარს,
მართალ-მტყუანის ჯილდაობაში
ჩემი ვალია,სხვა რიგით მართალს
დავუდგე გვერდით,რომ არ დაეცეს
ავისგან,ვნახო წამოჩოქილი.
რომ მომაკვდავი უკვდავი იყოს
მადლი,სიცოცხლით დროში მოქნილი.
ზამთარ -ზაფხულის კინკლაობაში
ზაფხულმა თუნდაც მხოლოდ ერთი დღით,
უნდა დაჩაგროს მზენაკლებობა,
რადგან
სუყველა
მხოლოდ
მე
მიღირთ!
31
ძმადნაფიცები ეახლნენ ნინსუნს,რათა მისგანაც მიეღოთ დალოცვა გამგზავრების წინ
-უცნობი გზებით მივდივარ,
ჩემთვის ილოცე,დედი!
რაა სიცოცხლის აზრი,
ტახტზე მჯდარიც თუ ვკვდები?
ვინც რომ აქაა,ერთ დროს ყველა
თუ იქ იქნება-
ვინაც მადლს იმკის
და ვინც ცოდვას
რომ იციცქნება,
როს მიწა შემჭამს
და ძვალთშესანახს ბალახი მორთავს,
რა დავუტოვო, მარქვი,ნინსუნ,
მე,მკვდარმა მოკვდავს?
თუკი ვერ ნახავს მზით გაჯერებულ
ყვავილს ფუტკარი,
ვეღარ ვიპოვოთ დამწყვდეულებმა
უფლის თუ კარი,
რაღა აზრი აქვს ალახმალახს და
უაზრო ბზრიალს,
თუ მარგებელი არ ხარ,ნიშნავს
ახარებ ზიანს.
წამთა უქმე ცვლა სიჩუმეში
თავს მირტყამს უროდ,
როგორ დავხურო ცხოვრების წიგნი
უსათაუროდ?
თუ როგორც მოკვდავს,განსაზღვრული მაქვს
მეფობის ბალა,
ლოგინში სიკვდილს მიჯობს,შემხვდეს
გზად ხათაბალა.
გთხოვ,გამამყარო ლოცვით
მან,გაქვს ვისაც ამაგი,
რომ საღირალი დავტოვო ქვეყნად
ანდერძნამაგი.
გადავიხადო მინდა ბრძოლა გადაუხდელი,
თუნდაც ამისთვის ტყეში ვეგდო ტანგაუხდელი.
უძღებ შვილს,დედი,გამიადვილე საზღვრული ბედი,
გზად გამატანე ლოცვა იმედის ვითარცა მჭედი.
სანამ ურუქის მბრძანებელი ვარ,ჯერ კიდევ სრული,
არ მინდა უგზოდ ჩემი ცხოვრების გზის დასასრული.
მიტომ დამნიშნა მამახადილმა
მეუფედ აქ მე,
რომ გუშინსა და ხვალეს შორის
დღეს რომ ვქნა საქმე.
***
თუკი კაცივით მეც მოვკვდები,მეც დავბერდები,
რაა მეფეობა,თუ ვარსკვლავი ვერ გავბრწყინდები?
შარაჩაკეტილს,დედი,მომაგნებს შარავანდედი,
თუ შენი ცრემლი ყალყზე მდგომ ულაყს,მიჭერს ვით ღვედი?
ლომის ბოკვერი ვერ ვიქნები ფრთხილი კურდღელი
და ვერც ურუქი ვერ გახდება ჩემი უღელი.
უნდა წავიდე,რომ არ დავრჩე უსაქმოდ ყბედი,
ამის სათქმელად ეგალმახში შენთან მოვედი.
სახლში ჯდომამ და ერთფეროვნებამ ვერ გამახარა,
უსაქმურობამ სევდა მიმრავლა-ცოდვა ჩამთხარა.
არ მინდა,როგორც ღმერთი,დავრჩე ჩემს ხალხთან ვალში,
დავპატარავდე ან როგორც კაცი ურუქის თვალში.
თუ ურუქელთან ურუქის მეფე ცოდვით ვარ ბრალში,
ნუ გიკვირს,თუ რომ ცოდვის საშოს ვუდგევარ კვალში.
ღვარძლიან ბალახს ამოძირკვავს მხოლოდ წერაქვი,
სხვა გზა თუ არის,მოგისმენდე,ოღონდ შენ მარქვი!
გზები,გზები და ისევ გზები!
აი,რისი მაქვს,დედი,აზრები.
გზა თუ ვერ ვნახე,ვიქნები ჩიხში,
ახალი ცოდვით ძველ გასაჭირში.
***
გზები,გზები და ისევ გზები!
აი,რისი მაქვს,დედი,აზრები.
ჩემი სიცოცხლე მინდა იყოს
გზა მოვლენების.
ხოლო სიკვდილი...
სიკვდილი-კუჭი
გზის მონელების.
ან,თუ მოვკვდები
მეშინოდეს,მარქვი,
მე რისი,
დასასრულია ახალი გზის
თუ დასაწყისი?
32
-გზა არის მოსვლა,იგია მოსულის თავისუფლება,
ნუ დამაკავებ,დედილო,მომეცი გზებში უფლება!
თუ არ შემეხო ეკლიან გზაზედ ბორბალთა ტრიალი,
დაბმული როგორ ავფრინდე,ფრთხილმა ვით შევქმნა ფრთხიალი?
ჯერ არ წავსულვარ,თუ რომ დარდის ხარ უკვე მშრომელი,
დარჩენასა და წასვლას შორის ვქნა მე რომელი?
ვით მოგიშუშო მითხარ დედი მე აბა გული,
ნუთუ მართლა გსურს შენთან დავრჩე ძე აბარგული?
-ვის შეუძლია ბოროტება მოაშთოს სრულად,
თუ რომ ყოველი ბოროტებით არის ორსულად?
ვინც ჩემგან მიდის,ჩემთან დგომით ვით გავამყარო,
თუნდაც მინდოდეს ხელისგულზე მისთვის სამყარო?
ერთსულერთხორცთან ჩემი ნებით ვით გავიყარო?
ან მოვკვდე დარდით,ანდა დაშნა გულს გავიყარო.
კოპები შევკრა,ღრუბელმა არ გადავიკარო,
შუბლშეჭმუხნულმა პირზედ ღიმილიც არ გავიკარო.
-მე ვერ ვიქნები გამარჯვებული,თუ არა ომით.
მე ვერ ვიქნები ბედნიერი ოდენ განცხრომით.
მე ჩემი გზა მაქვს.დამეთანხმება თავად ენლილი,
რომ დიდი კაცის გზა არ არის გზა გატკეპნილი.
არ მეკადრება ვიჯდე ბუხართან ვით დაზაფრული,
დროა,რომ გავცდე საზღვრებს,საქმე ვქნა დროა ზღაპრული.
მინდა გზას ვადგე და არ უჩანდეს გზას დასასრული.
სახლში დავბრუნდე სახელოვანი,საქმით ზრდასრული.
უსმენდა დედა შვილის არგუმენტს გულდაწყვეტილი.
ვერ ჰკადრა უარი,თუმცა იყო გულდაწერტილი.
ვერ ჰკადრა უარი დედამ გაზრდილი შვილის სათხოვარს,
თუმცა,ჰკითხავდა,ვის უტოვებდა მწყემსი საძოვარს.
-მოყმეს თუ გული ერჩის საომრად,გზებში გზა უნდა,
რომ ითქვას მასზეც,“შორი გზით დაშვრა,სახლში დაბრუნდა“.
33
მიუახლოვდა შვილობილ ქურს,ეგალმახს მისულს,
რომელიც თავის დედად თვლიდა დედოფალ ნინსუნს:
-ჩემო ენქიდუ,ჩემს მუცელში არ გქონდა ბინა,
თუმცა,განგებამ ჩემი დედობა გაგაგებინა.
ძნელია ძმობა და ამას შენც გაიგებ მალე-
მე შენ გილგამეშს,ვით შეწირული,თავს შემოგავლე.
ხოლო ორივეს ქალწულები და ქურუმები,
რომ უძლეველნი იყოთ ომში ურჩხულთან ძმები.
დაღად ატარე მსხვერპლად შეწირვის ნიშანი შუბლზე,
გაიხსენებდე ბედისწერის წვერიან ზღურბლზე.
თუმცა არა ხარ ჩემს საშოში შენ ჩასახული,
ერთი მიზანი შენ და ჩემს შვილს გაქვთ დასახული.
ოღონდ იგია მეფე.გმართებს შენ სამსახური,
თქვენს მოსვლამდე კი არ მოვაკლო ქალაქს აგური.
ჩემი შვილი ხარ,თუმც ჩემს საშოში არ ჩასახულხარ.
თავს შემოგავლო ნიშნავს,მიყვარხარ! ნიშნავს,არ მძულხარ.
მსხვერპლის ნიშანი მხოლოდ ღირსეულს თუკი აჩნია,
შენზე ძვირფასი,ჩემო ენქიდუ,ვინ გამაჩნია?
შვილად მიგიღე და მიცანი ცხოველმა დედად,
ღმერთს ძღვენს აძლევდე,ნიშნავს გაიღო,რაც გიყვარს მეტად.
განა უმსხვერპლოდ მიაღწევს ცამდე დედის გოდება,
განა უმსხვერპლოდ უფალს ვედრება მიეწოდება?
გახსოვდეს,გილგამეშისთვის ხარ რომ შეწირული,
მისია შენი სუნთქვა ყოველი,საქმე გმირული.
ავგაროზს მოგცემ,გაუფრთხილდი თმიან კისერზე,
დაგიცავს,უხარისხო აღმოჩნდე თუ რომ კიბეზე.
მორჩა რიტუალს და შეიკრა ნინსუნამ რა თმა,
ენქიდუმ,როგორც შეწირულმა,დაიწყო აღთქმა:
-მე ვარ ენქიდუ,ვინც გილგამეშს გაჰყვება ტყეში
და მეგობრობის მძიმე ტვირთი ვერ გამტეხს წელში.
ძმას არ მოვშორდე,ვით ჩანასახი დედას მუცელში,
თუნდაც ვიარო ძმობის ხათრით ძმამ კურმუხეთში.
სანამ გზაშია,არ დავბრუნდე,ვფიცავ! შუა გზიდან,
აღმართში ვნახო დავრდომილი,ზურგით ავზიდავ.
სანამ ტყეშია მეფე,ნიშნავს,რომ მეც ვარ ტყეში,
მასთან ვარ ბრძოლით სიკვდილამდე სიცოცხლით ხელში.
გაივლის თვე თუ,გაივლიან ბრძოლაში წლები,
შინ არ დავბრუნდე,არ გამითბოს შამაშმა ძვლები.
ძმები მივდივართ,უკან დავბრუნდეთ მეფე,ან ძმები
და არ დავბრუნდე დევის სისხლით თუ არ გავძღები.
მუდამ იქ ვიყო,სადაც მეფე და ძმა მეგულება,
(არ მესწავლება კაცისგან მგონი მხეცს ერთგულება).
თუ მივატოვო,ან დავაგდო გზად წაქცეული,
მზისგან წყეული დავდიოდე,დე,მთვარეული.
არ მივატოვო,თუ ჩავარდა ძმა განსაცდელში.
მზად ვიყო მისთვის სამოგზაუროდ სულგასახდელში.
(თქვა და მუნთქვესვე ვით შეწირულმა,ხელი ჩაჰკიდა,
მხევლებს,იტვირთა იგი,რაიც კაცს ბედმა აჰკიდა).
34
-თავისუფალი მაშინ გახდება ქალაქის ქური,
დაბრუნებულმა ბოსელში ჰპოვოს ოდეს სადგური.
თუ ყოველ წამსვლელს ვინც დაბრუნდა შინ აქვს ალაგი,
ურუქელისთვის სამშობლოა დედა-ქალაქი
და სანამ ჩემში დედის სისხლია თუნდ ერთი წვეთი,
სანამ ნინსუნა ქალია და დედაა ღმერთში,
არ დავივიწყო დარიგება,არ შევცდე ერთში,
თავისუფალმა ვეძიო უკან გზა დედულეთში.
მეწიწებოდეს წამსვლელს უკან,როგორც თევზს ბადე
ჩემი სამშობლო,დედულეთი და ოდაბადე.
***
-ყოველმა შესვას ბოლომდე თავისი მწარე სასმისი,
ოღონდ,ახსოვდეს გზის ბოლო რომ უნდა დარჩეს საწყისი.
-უძღები შვილი მოვიდე,ამას მავალებს ბუნება,
თავისუფალ ხბოს მახსოვდეს ბოსელში-შინ დაბრუნება.
წასული ბოსელს დავბრუნდე,თუ ნაწილი ვარ მთელისა,
გზა ადვილია,როდესაც დედა-სა(მ)შო-ბლო გელისა.
მანამ კი საქმეები ვქნა,საქმე სჯობს სიტყვას მთქმელისა,
ადუღებული მაჭარი გამხეთქი არს სარქველისა.
ყველას თავისი გზები აქვს,
ანუ პირადი სავალი,
მე რაც მომივა,იქნება
ჩემი თავგადა'სავალი.
ყოველმა მხვნელმა მოიმკას
თავისი ხელით სამკელი.
ვინ შესვა ღვინო,თუკი ქვევრს
ახურავს პირის სარქველი?
აქ დავრჩე,ვიყო ღრუბელი ჰაერში დაკიდებული,
ქარი წამიღებს,ან მომკლავს წუხილი ადიდებული.
ვინ თქვა სიცოცხლე მეფეთა ბრძოლისგან გარიდებული,
ან ვინ იმღეროს მეფეზე,ტახტს იჯდეს გარინდებული?
როცა სიცოცხლე იცლება,სხვა ეშხი აქვს და ხალისი,
გზები ბევრია ოღონდაც, ყველას მიუძღვის თავისი.
დაბრუნდეს უძღები შვილი,სად ეგულება ძმა მისი.
(ზოგჯერ ისანს სჯობს საცქერად შემწუხრებლი დაისი).
ანუ ყოველ კაცს თავისი აქვს გზები და შარა.
ენქიდუ,ვინაც დედად მიგიღო და შეგიყვარა,
ჩემთან იქნება,როგორც ძმა,არცთუ მონა და "არა",
რამეთუ ჩემი სულისკვეთება გაიზიარა.
***
ჩემი ურვადი სიტყვასთან ერთად
საქმედ იდება,
სიცოცხლის შემდეგ უკვდავებას
მომცემს დიდება.
თუ არ მახსენენ,მკვდარს სიცოცხლე
გამიჭირდება.
მე,როგორც მოკვდავს,
გზად უკვდავების წყარო მჭირდება.
35
სახელდახელოდ აცხობდა ღვეზელს ბევრი ასული
იმ დღეს.აუვსეს შარაზე მდგომთ მათ აშარული.
უმადური,თუ კვლავ მადლიერი,
ძმებს აცილებდა ბერი და ერი.
გააცილებდნენ სასძლო და დები:
-ხომ დაბრუნდები?!
ხომ დაბრუნდები?!?!!!!
-გზა მშვიდობისა!გილგამეშ,გვალე!
დაბრუნდი მალე,თუ გენაცალე!
-გზა მშვიდობისა!გილგამეშ,გვალე!
დაღამებულზე გენახოს ხვალე,
-გზა მშვიდობისა!გილგამეშ,გვალე!
სიკვდილს წააწყდე,ცელს დაემალე!
-გზა მშვიდობისა!გილგამეშ,გვალე!
გამარჯვებული დაბრუნდი მალე.
-აბა,ულა!
ულა,აბა!
ძირს ჰუმბაბა!
ძირს ჰუმბაბა!
აბა,ულა!
ულა,აბა!
შეგიკეროთ გმირის
კაბა.
აბა,ულა!
აბა,ულა!
სანამ სისხლი
გაყინულა!
სანამ სიყრმე
გაპარულა!
სანამ მადლი
აკრძალულა,
სანამ უთუ
დაკრძალულა.
სანამ გული
გაბზარულა!
სანამ ნისლით
დაბურულა,
ჩემი დასალაშქრი მთები,
ჩემი გასავლელი წლები,
სანამ დარდით დავიწვები,
ჩემი დასადები
ლელო
და სათქმელი
სადღეგრძელო!
აბა,ულა!
ულა!
ულა!
სანამ გული
გაგუდულა.
აბა,ულა!
ულა,ძმურად!
არ ივარგებს
"მტერს მოყვრულად."
მტერს მტრულად და
სხვას-
მოყვრულად!
აბა,ულა!
ულა,ულა!
გაბედულად!
მართებულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
ცისარტყელა დახატულა!
აბა,ულა!
ისევ,ულა!
ღირსე-
ულად!
ღირსე-
ულად!!
აბა,ულა!
ულა,ულა!
სანამ წამი გაყურსულა!
სანამდე მზე არ ჩასულა,
სანამდე დრო არ გასულა.
სანამ ცა ჩამოქცეულა,
სანამ მიწა გახეულა,
სანამ თვალი ახვეულა.
სანამ წყალი
ამღვრეულა.
სანამ ჟინი
გაქცეულა,
სანამ სვეტი
წაქცეულა,
სანამ ღვინო
დაქცეულა.
სანამ ზღვები მოქცეულა,
სანამ კაკლობს ბროწეულა...
აქ აკვანი დარწეულა
მზის ნანათლი
და მზის ჭუკის
ამარ-უთუ-
მზეჭაბუკის.
აბა ულა!
ულა,აბა!
დევის განძი
და ყულაბა.
აბა,ულა!
ულა,ძმაო!
გმირაობაში გენიძლაო.
-გვალე,გილგამეშ!
გილგამეშ,გვალე!
შენ ხარ ქალაქი
ვინც დაგვიმრგვალე.
მართლაც,რა უნდა
მზის ხბოს უღელში,
შემოსაზღვრული კედლის კუთხეში..
შენ უნდა მოჰკლა დევი უხეში,
ახარო ნერგი
საკუთარ ხეში...
მზის
ნაკურთხევში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი