გილგამეშიანი,ანუ ღაღაა იგი სინათლე,რასაცა ახცლავს ბნელია დაფა მეოთხე


დაფა მეოთხე

        "დგომა მგზავრისა ცდომაა,კარგსა იქმს თავსა სწვრთიდესა"
                                                                            (რუსთაველი)














1
თუ დამეხარჯა სიტყვა,
მივმართავ ცის ყოველ მტკაველს,
თუ შაირია,გავეჯიბრები 
მხოლოდ რუსთაველს.
------
მიყვარს გზაში მსჯელობა და 
გზა გონებით მოდრეკილი,
საქმიანი მუსაიფი,
არა ყურით მორეკილი.

ეხერხება ენამახვილს 
შაირი და უთუს მითი,
კვლა ჭკვიანი საუბარი 
წაღმართი და უკუთქმითი.

არ უხდება მოგზაურ კაცს 
საუბარი ყადავახად,
მდუმარე სჯობს მოჭარტალეს,
თუ დუმილით სათქმელს საღად

ამბობს,რადგან ჩქარმოუბარ 
შეტაბუტას მიჯობს დინჯი,
ოღონდ არა ყბაჩუა,ვინც
გამიმრუდოს გზაში ბიჯი.
***
თუ გზას ადგახარ და გიკავია ხელში აღვირი,
ბედი ეძიე, სანამ ბედის გიხმობს საყვირი.
დიდი გზის გამო თუ დააგდე კაცმა ნახირი,
ეძიე გზებში გაუვალი და დიდსაღირი.

რამეთუ გზაა მარტოობისგან თავშესაფარი,
თუ გზას ადგახარ უნდა ეძიო გზებში მყაფარი.
თუ გზას ადგახარ....გზის ბოლოს უნდა დაგხვდეს ზღაპარი...
სხვა მხრივ,ულაყმა გაიშალო არც ღირს ფაფარი.

სიტყვაშია სამართალი,დარიგებას ის იძლევა,
ვინც რომ მას ჰფლობს მისი ბაგე სავსეა და არ ილევა.
სიტყვა სეტყვას წარმოშობს და საბრალდებო დებს განაჩენს,
დამღუპველი არს მრავალთა,ხსნას უჩვენებს როს დანარჩენს.

ცხენიც ვერ სჯობს ენაწყლიანს,იტყვის ოდეს რამ არაკსა,
შეამოკლებს ხელოვანი გზას,ვინაც ჰფლობს ლაპარაკსა.
მაშინ როცა მას ამრუდებს ენაბლუ და ენაბრგვნილი,
მასთან სწორად მომეჩვენოს ზიგზაგი და დაგრაგნილი.

თუა ბედის მაძებარი გავარდნილი სადმე ველად,
უებარი წამალია ლაპარაკი სათრეველად-
ანუ ლაღი მუსაიფი -კალამბური დროის მკვლელი,
დაქარგული ქარაგმები,ოხუნჯობდეს როს მთამსვლელი.

თუ მგზავრობა ქალაქგარეთ ქალაქელ კაცს მომიწია,
ჩემს თანამგზავრს მსურს გააჩნდეს საუბარში პოზიცია.
ანუ,მოხეტიალე კაცს ჯუფთი მინდა საკარდისი-
დამთხე,ვისაც გააჩნია საკუთარი თვალსაზრისი.

მარტოხელა მგზავრი თუა გრძელი გზებით გადაღლილი,
ენაწყლიან თანამგზავრთან გზა მოკლეა და ადვილი.
მისწრებაა მოსწრებული,ენაარამოჩლექილი,
თუ ცხრა მთაა ასავლელი ჩაზნექილ-ამოზნექილი.

ხამს მომზრახის სიტყვას ჰქონდეს ფასი,ვით თქმას ნინგიშზიდას,
მჭერმეტყველი მოსაუბრე თანამგზავრს აღმართშიც ზიდავს.
არ გეგონოს ენასხარტი,ოღონდ ენაგატლეკილი,
ენაჭარტალას რამეთუ მიჯობს ხმამეგაკმენდილი.

როცა გულის კალაპოტი დარდს ვერ იტევს ნაგუბარსა,
სამკურნალო ვერ აჯობებს კაამყოლას ნაუბარსა.
მოწყენილი თანამგზავრი,მან ხუმრობით გააცინოს,
დრო მოჰკლას რა,ხასიათით კაეშანი ააცილოს.

ხამს მეგზური ცდომილთმცოდნე-ანუ გზაგანათლებული,
ზომაზე თავაზიანი, ცხრილში თან გატარებული.
არც ზედმეტად კადნიერი,არც ყალბად მორიდებული,
არც კრუხის თავის ნაჭამი,არც პირხავსმოკიდებული.

მლიქვნელისგან არაწრფელი ლიქნა რადგან ლაქლაქია,
მირჩევნია თანამგზავრი ნანდაური,არ ლაქია.
გზა გამოცდის თანამავალს,უდევს გულად თუ მტერობა,
დიდხანს ვერ შეინარჩუნოს მოცუნდრუკემ გზად ტრელობა.



2
-ნეტავ ვინ იყო არსებულთა თესლის მტვირთველი,
პირველი სიტყვა ვინ თქვა,ვინ იყო იგი პირრთველი?

-ამაზე ბევრი ჩვენს შემდეგაც დიდხანს იფიქრებს,
წლებიც ვერ გასცემს პასუხს ოდეს დასმულ შეკითხვებს,
რაიც აწვალებს კაცობრიობას დასაბამიდან,
თუმცა,ვფიქრობ რომ დღე დღესინდელიც მოდის ღამიდან.
***
ვით მადლი ყოველდღიური
გვაქვს მზის ნათელი სახება,
ოღონდ,ყოველი ნათელი
წყვდიადში ჩაისახება.

(თუმც,ნუ ვიდავებთ იმაზე,
რაც მარტო უფალმა იცის,
დაგვყურებს ალბათ ზემოდან,
თუ არ ხარხარებს...იცინის).

სხვაი ვთქვათ,ან რა აზრი აქვს,
თუ რომ წრეს ვურტყამთ ენითა?
-ლაპარაკით ნუ იღლები,
თუ არ დავღლილვარ სმენითა.

-როგორც ზიარი საერთო წყლების უშრეტი ჭიდან,
მოვალთ ჭიპლარით ერთი კვერცხის ჩვენც ნაჭუჭიდან
და სახურავად ცა გვახურავს კვერცხის ცილისგან
გაღვიძებულებს აშარ-ხაცბათის გულში ძილისგან.

თუმცა,რა იცის,რა როგორ მოხდა მოკვდავმა კაცმა,
თუ არ ყოფილა,იყო ყოველი როდესაც ქასმა.
ვერვინ დაახსნას იდუმალ ხურჯინს სუყველა თასმა,
-თუმცა ვიცოდე მინდა,რაც არ უწყის ათასმა.

ქაოტურ წყლებში,სად დაიბუდრა ნეტავ ფრინველმა,
ანუ ვინ დადო დაუმამლავი კვერცხი პირველმა?
ანდა,პირველი კვერცხი უმამოდ როგორ დედდება,
ან ხელოვნურად შედედებული აღმოცენდება?

ქაოტურ წყლებში ან ფრინველმა სად ნახა ბორცვი,
ვინ გამოჩეკა ნიშანი ადევს რომელსაც ოცი?
-მას მგლოვიარე დადებდა ღმერთი მტრედის აღითა,
ძალეგებოდა ქალღმერთს ბორცვად წყალი წაღითა

გადაექცია.წარღვნის შემდეგაც მონახავს იმ გენს,
რომლის წყალობით დაკარგულ ხატს წყალში აღიდგენს,
კვლავაც ექნება ქაოსში სახლი,როგორც მოდული,
ანუ დროდადრო თავშესაფარი პერიოდული.

მხოლოდ მას ძალუძს გაწყვეტა ქასმას ნაქსოვი ბადის...
პრინციპში,ვერც ვინ შეჰკრას არტახით გზები შობადის.

-თუ სამყაროში ყოველს პირუკუ დაატრიალებს
ამოწელილი ქვესკნელიდან დევების გუნდი?
-მაშინ პირველი გამომჩეკელის მეტი უფლებით
ბედისწერათა დაფებს ხელთ იგდებს კვლავ იმდუგუდი.

იხილავს ოდეს კაცობრიობას თავის ნაგავში,
წაიმძღვანიებს მეფეთა სიას დასაკარგავში...
-ე,მაშინ უნდა ამეტყველდეს ბნელს ჩაძირული
სამყაროს ღმერთის მოციქულთა საქმე გმირული.

-განმეორდება მთლად არ განწირვა დროთა ლაზათით,
ვით საიდუმლო დიდი ღმერთების,ძველი ადათით.
გაუზიარებს რასაც ერთმანეთს ზიარებული,
ღვთის ნათლული და მზეჭაბუკად ღიარებული.

-ცოდვის თარეშის დროში მივყვებით თუ მაგ ლოგიკას,
ჩვენც მოვესწრებით აწმყოში"ღმერთთა პედაგოგიკას"?
-ყველას თავისი წარღვნა აქვს,ვისაც ცოდვამ უწია
და მეტნაკლებად ჩვენც შეგვეხება ეგზეკუცია

და კიდევ,რაიც გახმოვანებით არის ართქმული,
შიგნიდან მჭვრეტი იქნებოდა თავად შთანთქმული.
 -შუა გახლეჩილი მტრედი ნუთუ არს თიამათი?
-უდავოდ,თუმცა ხმამაღლა არ ღირს თქმა და კამათი.

ანუ,გამოდის,თიამათი დგა თვით ბელის საყდრად?
-ვიცი,დაგტოვა,ცოტა არ იყოს,ამ აზრმა სახტად.
-თუკი რომ ჭიაც წაწყვეტილ ტანს აერთიანებს,
ე.ი. შანსია... თიამათიც რომ გამთლიანდეს?

-ვიდრე არსებობს მარდუქის მიერ ყოვლად შექმნილი,
მანამდე ამას არ დაუშვებს,ვფიქრობ ენლილი.



3
„ქალი ჭა არის, ჭა, ორმო და თხრილი“
(აქადური ტექსტიდან)

-გილგამეშ!მიპასუხებდე,თუკი 
გექნება ნება,
მარქვი,ყოველი ხელოვნებას 
რად ეტენება?
იმად,რომ ყველას სურს დასტოვოს 
ამქვეყნად კვალი,
კაცი იქნება უნიჭო თუ
იქნება ქალი.

ხელოვნებამდე ვერ ასული 
მოჰყვეს ბჭობასა,
"გენიოსობით"ამართლებდეს
უნიჭობასა.

-და... აპსუსეულ სიღრმეს მარქვი,ვიღა განაგებს?
-იგი,ვინც ხალხში ხელოვნების უნარს ალაგებს.
ვით ანტიპოდი უფერული ცაში ანისა,
ვით მეკვლე ნიჭი'ერებაში ხელოვანისა.

იგია მინჯე ნიჭიერი კაცის ვნებისა
და მაგიური მაგი ყოველთა ხელოვნებისა.
-მისი მადლია ურუქის ზრდა და აღორძინება?
-უპირველესად თავად ინანამ თურმე ინება,

რომ წამოეღო ერიდუდან ასამდე "მე" და
შემოვლებოდა ურუქს,როგორც ქალაქის დედა.
მან წამოიღო "მე"-ნი ასი და არა ათი,
განაპირობა რამაც ურუქის ზნე-ხასიათი.

-ცოტა არ იყოს,მე დავიბენი...
ენქიმ რა,ნებით მისცა ინანას 
ასამდე"მე"-ნი
და ამის შემდეგ მაინც ერქვა ღმერთებში
ბრძენი?

-ნუთუ,არ გახსოვს მაცდური ქალის კაცზე მაგია?
როცა მთვრალია,მაშინ სიბრძნე ბრძენს არ არგია.
თან თუ აცდუნებს ულამაზესი ღმერთი გრძნეული,
კიდურებს შორის ძალაუფლებით გამომწყვდეული.

ქალი ჭა არის,იგია ორმო,იგია თხრილი.
ხოლო კაცს ჰმართებს ღრიჭე კართან რომ იყოს ფრთხილი.
დიდია მდედრის ჯადო მამრზედ და მისი ნუსხა,
თანაც,თუ ქალმა მამაკაცს ბლომად ღვინოც დაუსხა.

თუ გსურს დიაცმა განაზრახი დააგვირგვინო,
ალერსს შიგაშიგ გაურიე ფინიკის ღვინო.
სასმელის ძალით რომ არ ექნა ენქის საქნელი,
ურუქის"მე"ზე მექნებოდა მე რა სათქმელი?

დაგცანცლავს ქალი რაც მას უნდა,როგორც მელია....
-წარმოვიდგინე დილით ენქის მე"პახმელია".
ჰო,ურტყამს თავში დილით თურმე ორთავ ხელია,
თანაც,ღმერთისგან ცოტა ძნელი გასამხელია,

ვით მოგაღორა სიბრძნის ღმერთი დიაცმა ვნებით,
როგორ აჩუქე განძი სხვა ქალაქს კაცმა ცდუნებით.
შეწუხდა თურმე დილით ღმერთი კულტუროსანი,
მის გოდებაზედ წერდა მაშინ ბევრი მგოსანი.

ერიდუს მინჯემ,სიბრძნით,ქარიზმით მანამ ქებულმა,
დილით სინდისის ქენჯნით აფო'რიაქებულმა,
გამოადევნა ინანას ნავს მყის ურჩხულები,
მაგრამ იმათაც ჩამოუყრიათ შვიდგზის ყურები.

შვიდ ნავსადგურში წამოეწიენ,თუმცა ამაოდ,
ნინშუბურს განძი უხსნია შვიდჯერ,რაიც საკმაოდ
გადმოუტვირთავთ დედაქალაქში ციურ ნავიდან
და დაწყებულა აღორძინება ურუქს თავიდან.
***
ასეა,ძმო,როცა ქალთან სვამ,თუნდ ღმერთი ღვინოს,
ტკბილი დაცემის შემდეგ ელოდე გზას სამარცხვინოს,
ასე რომ,სანამ დიაცს კაცები ფეხზე ემთხვევით,
გაიგეთ,ხომ არ არის ჯაშუში იგი შემთხვევით.

მოგეხსენება,ენქიდუ,კარგად ქალის მაგია,
კაცის დაცემის და აღზევების სწორედ მაგია,
გინა საბაბი,გინა მიზეზი,გინა მიზანი...
ჩემი ჯაშუშიც შენც ვნების გამო ვეღარ იცანი.

-მდა...ქალი თურმე უირაღოდ თვით ღმერთსაც დასცემს...
-თუ საკუთარ ეშხს არდის საკადრის ღვინოსაც დასძენს.
-თანაც თუკია ღვთაებრივად იგი ლამაზი,
ასი კი არა,შემოავლო "მე"მას სამასი.

-დაუოკებელ ვნებათა ტყვეც ვერ დარჩა ფრთხილი,
რაც მან დაჰკარგა,აყვავდა ჩვენთან სუყველა ხილი.
ჩამოიტანა ქალაქს,რომელსაც ურუქი ერქვა
უნარ-ჩვევები ინანამ და ხალხში ჩანერგა.

რაიც რომ იყო იქით,ახარეს კულტურა აქით
და აღორძინდა ჩემი ქალაქი დავლათ-ბარაქით,
აყვავდა ურუქს მას შემდეგ ყველა როს "მე"ნი ასი,
დააჩნდა დედ-ქალაქს ზესწრფვა და რენესანსი.

ბრძენ ენქის მწარედ უგრძვნია თურმე რა იყო ელდა,
მაშინ რომ გული გაებზარა,არ გაუმთელდა.
-აბზუს ქალაქი?
-ნუ... "მე"თაგან დაცარიელდა,
გთენებული დილა მისთვის რა ჩამობნელდა.

გაიგო ენქიმ,არის რაოდენ თურმე საშიში,
დაჰკარგო ბრძენმა ბრძენის სახელი-ათრა-ხასისი.
შეთხელებულა რა საგანძური "მე"თა სიბრძნისგან,
იკვნეტდა დილით "ფართოდ მჭვრეტელი"იდაყვს სიმწრისგან.

თუმც "აბზუს ყური"(გეშთუ ბზუ) დარჩა ისევ კარღია,
ვერ დარჩენილა ძველებურად სმენასაღია.
"მე"თა სიმცირით ძველებურად ქალაქს ვინ არჩენს,
ყურფართოს ქალაქელი სიყრუეს თუ რომ შეამჩნევს?

-ყური ხომ მუდამ ღიაა განსხვავებით თვალისგან...
- სიბრძნეა ძნელი შესანახი,ძმაო,მთვრალისგან.
***
ქარის ვერდამჭერ ხაროსთან 
სიბრძნე რას გარგებს მოხელეს,
მამრთა დამღუპველ ბინაში 
თუ რომ დაგიმარტოხელეს?



4
-სრულად შუმერთა მეფობის "მე"თვისი მეობით
უპყრია ენლილს... მეც ვარ ზიარი ღვთის მეშვეობით.
-როგორ დატვირთა ერთ ნავზე ქალმა ამდენი"მე"ნი,
ან შედიოდა "მე"თა სიაში მეფეთ "ნამ"ენი?

-უპირველესად! ...თან მმართველობის ყველა სართული,
სახელმწიფოა რაშიც წესრიგის დაცვით ჩართული-
გვირგვინი,ტახტი...ჩამოგითვალო რომელი ერთი...
მმმმ…რა თქმა უნდა,მეფის "მე"-ლამი და მისი კვერთხი.

 -კიდევ?
რა ვიცი,ანუ სუყველას ჩამოვთვლი ან კი?
რელიგიური "მე"ნი-სენაკი,ქურუმთა რანგი.
ერთობლიობა რიტუალთა...სიმბოლო,ალი-
განსაწმენდელი სანთელი...ყველას დაგვყვება ბრალი...

-კიდევ?
--რა კიდევ?...გულწრფელობა და მტრობა ტიალი,
სამართალი და რა თქმა უნდა,ქალთან ტრფიალი...
ადამიანთა თვისებები გაუხუნარი-
სიკეთე,ტანჯვა ერთგულების და რიდის უნარი...

ასევე თქმულა,გაგონილი როგორც არაკად,
ურიგებიათ მაშინ კაცის ბედი-ბარაქა.
ასევე აშარ-ხაცბათს მისი ჩასვლა-ამოსვლა,
სულის სამოსის გარდაცვალების გზებით გამოცვლა.

აგრეთვე სიბრძნე,რჩევა,სიცრუე და გარიგება,
უნარ-ჩვევათა ხალხში ჩანერგვა და დარიგება.
უნარი რწმენის,ურწმუნობის და მკრეხელობის
და რა თქმა უნდა,ადამიანთა ყველა ხელობის.

ასევე გრძნობის უნარი...ერთი სიტყვით,ყოველი,
რასაც იქმს კაცი,ვერასოდეს ოღონდ ცხოველი.
"მე"არის იგი,განასხვავებს რაც ველს ტყისაგან.
ანუ პირმეტყველ მოაზროვნეს პირუტყვისაგან.

გავიგე რომ "მე" მოჰქონდა იშთარს,ზეციურ მის ნავს.
იქნება,ისიც მითხრა "მელამი",ძმაო, რას ნიშნავს?
მელამი არის სხივთა ბირთვი,ელვის მადანი-
ამოუწურავს მას ჰფლობს ენლილი,ენქი და ანი.

მელამი-ლამპა,ელვარება, ჩაუქრობელი
დამცველი ველი,მტრისად თუმცა დაუნდობელი.
შემაძრწუნებელ მელამის ანომალიურ ველებს
ჰფლობს მაშუს მთა და ჰუმბაბა...
-ჩვენ?
-მზე შეგვაშველებს.



5
ენ-უფალია შუმერულად,
უფლობა ნ-ამ-ენ.
ამ ენით მინდა ვთქუა,რაიც შუმერში ბრძანენ.
ნამ-ენ უფლობას
ერქვა შუმერში და უფალს ენი,
მეფეთა შორის გილგამეში-
გმირი და ბრძენი
ჰფლობდა ამ ტიტულს,ვითარცა მეფე ლეგენდარული,
ვისმა დედამაც იცოდა ენა "დღემდე ფარული".
(ნუთუ ...)?
***
ვით ავტორმა,რომ ვთქვა მინდა,
სათავეში "მე"ს- ქართველი
ვიტყვით მეფეს,მეთაურს და
მეუფეა ვინც მმართველი.

ვამბობთ,ფარას თავისი ჰყავს
გაიფანტოს რომ არ ცხვარი
მეცხვარე და გინა მწყემსი,მენახირე....
-კაცს?
- მოძღვრი....

მთავარმჴედარი,მფლობელი,
მფარველი და მაცხოვარი,
მოციქულ-მღაღადებელი,
მწყალობელი,მათხოვარი.

ახლა ზოგი ხელობაც ვთქვათ,
ბევრი მათგან გვქონდა ადრე-
მეღვინე და მერიქიფე,
მექოთნე და მეფოლადე.

მკურნალი,გინა მეგოდრე,
მეღორე,გინა მწერალი,
მეკობრე,გინა მეფუტკრე,
მემარნე და მომღერალი,

მღვდელი,მენაბდე,მეჯოგე,
მეკვლე,მთიბავი,მჭედელი,
მეზღვური,მეჩონგურე,
მეშახტე თუ მშენებელი.

ვამბობთ,კაცი მენავეა,
თუ რომ ზღვაში შეჰყავს ნავი,
ხოლო ვისაც ცაში აჰყავს,
ქართულად ვიტყვით-მფრინავი.

მოლაყბე (იგივ სპიკერი),
მრეცხავი,მეკარე-მცველი,
მოქანდაკე,მონადირე,
მშვილდოსანი თუ მძარცველი.

მემტილე,იგივ მებაღე,
სხვა ხელობაც კიდევ ბევრი,
მქადაგებელი,მგოსანი,
ორატორი-იგივ მჭევრი,

ან კი,ყველას ვით ჩამოვთვლი,
დაეტევა ან ყოველი?
მკვლევარი,გინა მჩხიბავი,
ქვის მტეხელი თუ მქსოველი.

მეძავი თუ მექალთანე,
უყვარს მპარავს ღამე ბნელი,
მეჯვარე,მფქველი,მჩხუბავი,
მესტვირე,მღებავ-მჯღაბნელი.

ძოღან სხვა "მე"-ც მოვიკითხოთ-
მტე და მტერი-მავნებელი,
მეზობელი,მეგობარი,
მცთომარე,თუ მარგებელი.

მორწმუნე,გინა მკრეხელი,
მჭენებელი,მარებელი,
მწდე,მთრგუნველი და მ-ტან-ჯ-ველი,
მჩაგრველი და მძაგებელი.
***
ამდენი"მე" სხვა ენაში
ვეძებე და მე ვერ ვნახე,
ქართველთათვის საკრალური 
რად ღირს თუნდაც "მევენახე"!

"მე"-ვინც- ენ-ი-უფალი ვარ,
ანუ სიცოცხლის ვარ ვინც ხე,
პირადად მე მე-ვ-ენ-ა-ხე
მხოლოდ ასე წავიკითხე.

ოდითგანვე ქართველების 
გრძნობებშიც ხომ ვიცით" მე" დევს.
ეს გრძნობებიც,ვით ერთერთ"მეს",
როგორც ყველას,ვიცი,მეც მდევს-

მეტირება,მეჩვენება,
მეშინია,მენანება,
მწყურია და მეგულება,
მეზიზღება,მენატრება,

მეძალება,
მეზარება,
მართობს,მათრობს,
მემართლება...
მიყვარს,
მძულს და რა ვი,კიდევ,
ვით კაცს,თუ რა მემართება.

აბა,მხეცი ხომ ვერ იტყვის-
მრცხვენია და მეცინება,
მევალება,მეკადრება,
მევლინება...მეძინება.

ან ცხოველი ხომ არ თვრება,
კაცია მხოლოდ მემთვრალე.
არ მინახავს მე მევახშე 
მგელი,ციყვი ან მექრთამე...

და ეს "მე"თა ის გუნდია,
რაიც პირუტყვს კაცად აქცევს.
ამდენ "მე"ნ-თა საგანძურის
პატრონს"ამ-ენ"გადაგვრჩენს
***
(შუმერულად ამ-დედაა
და თუ ენი -უფალია,
დედა-უფალი-ამ-ენი
ქართველთ ჭირისუფალია).



6
თუ რომ ლიდერი დიად იდეას ემსახურები,
ან გსურს სახელი სანდომიანი მოინადირო,
პასუხისმგებელი იყავ იმაზედ ვინაც მოგენდო,
ტყუილუბრალოდ სხვისი დედა არ აატირო.
***
-გილგამეშ,ღმერთი კაცისგან ითხოვს რატომ ზვარაკებს?
-თუ ყურად ვიღებთ ჩვენამდე მოსულ ზოგ-ზოგ არაკებს,
სანამ კაცი და გაჩნდებოდა მეფეთ სიანი,
თვით განუწირავთ ზვარაკად ღმერთებს თავისიანი.

კაცობრიობის ახლანდელი მძიმე ფუნქცია
თავდაპირველად იგიგებისთვის ღმერთს მიუცია.

-ეს როგორ?
-მაგი გრძელია,ჩემო ძმავ,ისტორია.
-არ მეჩქარება.გზა გრძელია და დევი შორია.
-აურზაური მოჰყოლია დიდი და ერთი
როს ანის ერგო ცა და ენქის ერგო ქვეშეთი,
ხოლო იგიგებს ყამირ მიწაზედ ოფლის ღვრა შრომით.
ეს განწვალება დამთავრდა ლამის ღმერთების ომით.

-თვით ადამიანს რად დაევალა შრომა და ჯაფა?
-თუ სიმართლეა,რასაც ამბობს ერთერთი დაფა,
ჯერ ჯაფა გაჩნდა და მერე გაჩნდა კაცი პირველი-
შეკრულ შარაზედ შარაგულის შამბში მზიდველი.

როს წილი ჰყარეს,ერგო ანუს როცა ან-შანი,
ხოლო ქვეშეთი ენქის,ანუ ერგო ქა-შანი,
სამიდან ორ ხაზს ავითარებდა როცა ეს ორი,
იგიგებს ზურგზედ აჰკიდეს მიწით სავსე გოდორი.

დაიწყეს თურმე იგიგებმა მოთქმა-გოდება
და უთქვამთ მაშინ ბევრი ესაო,უთქვამთ ისაო:
-თქვენი ხათრი გვაქვს,დიდო ღმერთებო,თუმცა დაბალი
რანგის ღმერთებსაც გვაქვს უფლება სიტყვის თქმისაო.

ჩვენც ღმერთები ვართ და თქვენი ბაძვით ავტეხოთ ჯანყი,
თქვენც განგაწვალოთ,თიამათისგან როგორც თქვენ ან-ქი.
მოგვწყინდა ჩიჩქნა გამყარებული ქვებით ველთაო,
გაფიცვას ვიწყებთ,გამოგიცხადეთ საყოველთაო!

არც დავიკავოთ წერაქვები ხვალაც ხელთაო,
ვითხოვთ უფლებებს დაბალი რანგის ჩვენ მშრომელთაო!

-რვასაათიან სამუშაო დღეს ითხოვდნენ თუ
უფასო სურდათ მივლინება მათ სამოთხეში?
- ერთფეროვნება უსახურ დღეთა
ამოუვიდათ მგონი ყელში-
კვლავ მიწის ჩიჩქნა,დანერგვა ხეთა,
გოდრების ზიდვა,აღსავსე ქვებით
და ხელის ქნევა კვლავ წერაქვებით.

-ღმერთები ვართო,არ ვართო ღმერთის ნაყიდი ვირი,
თუ ჩვენც ღმერთი ვართ,რად ვიკადროთო თუნდ ღვთის აღვირი?
არ შევეგუოთ კვლავაც ჯორივით გარჯა-წვალებას,
თანასწორობას ვითხოვთო,არა თქვენს მოწყალებას!

მერე რაა,რომ თქვენებრ მელამით ვერ ვართ მდიდარი,
სხვა მხრივ,იგიგი თქვენზე ცოტაო აბა რით არი?
უფლებებს ვითხოვთ!
-კომპრომისი?
-არავითარი.
გავახმოვანეთ,რახან ყოველი აქ საჩივარი.
დიდ ღმერთებს რახან თავიც გაბიათ იგიგზე დიდი,
მოიფიქრეთო ჩატეხილი ჩვენს შორის ხიდი
ვით გაამთელოთ...

გასაგებია,ამბიციები,ანუ რანგების მიხედვით რომ ვართ
მთელ კოსმოსში განლაგებული.
მაგრამ თუ ღმერთის სახელს ვატარებთ,რატომ გვაქვს ზურგზე
მძიმე გოდრები ამაღლებული?
გასაგებია,ჩინ-მენდლები და ღვაწლი,სტატუსი,
მაგრამ არც ჩვენ ვართ უუფლებოო ურწყულს კაქტუსი.

დიდ ღმერთთან დიდ საჩივრებს აცხობდნენ და არ მოთავდა 
მათი ჩივილი,უსაშველო ბუზღუნი მათი:
"თანასწორობას ვითხოვთ და არ შემოგვთავაზოთ
მცირე დათმობა,ან პატარა სხვა შეღავათი"!

-ე.ი. წუწუნიც ადამიანმა მათგან ისწავლა?
-როგორც ღვთის წილმა... ნუ,პრინციში ასე გამოდის.
-თავად დაბალი რანგის ღმერთებს რა მოუვიდათ,
გადაიზარდა ჯავრი ჯანყში კინაღამ როდის?

მაშინ,როდესაც უკმაყოფილო,ბუზღუნა ღმერთებს
საჭირო დროზე გამოუჩნდა ერთი ლიდერი.
ქინგუ ყოფილა იგიგებში იგიგი იგი,
რომელსაც პირველს გადაუგდია მძიმე გიდელი:

-სამყაროშიო სხვა მეკუთვნისო ვით ღმერთს როლია,
უთქვამს და მძიმე ტვირთი ზურგიდან მოუსროლია.
-რა ბედენაა ღვთის სტატუსი,საკითხავია,
თუ კიბის ბოლოს ხარ და წერაქვი ღმერთს გიკავია?

-მერე რა მოხდა?მითხარი,ძმაო.ყოველი მარქვი!
-მოუსროლიათ იგიგებსაც გვერდზე წერაქვი.
-ვით ღმერთებს,არ გვსურს კვლავ მიწაზედ რომ გვედგას ფეხი,
ამ აზრს ვატარებთ,ქინგუ შენ კი წინ გაგვიძეხი!

გამოაცხადეს საყოველთაო თურმე გაფიცვა,
თუმცა,ამჯერად ინტერესები მათი დაიცვა 
ენქიმ.ვითარცა დიპლომატმა და ვით ორატორმა,
თქუა,შევცვალოთ უნდა წესიო უნორმო ორმა.

არაა კაი სანახავი ღმერთი დაღლილი,
არ უხდებაო,თუნდაც პატარა ღმერთსო აღვირი.
თუ აქვთ მათ ჩვენი სახე და აქვთ ჩვენი თუ ტანი,
დროა,ჩამოვხსნათ ვინც ჩვენ გვგავსო იმას კურტანი.

-კარგით ბატონო! ვთქვათ ჩამოვხსენით,ვიღას ავკიდოთ?
-ვის და ღმერთებზე ვინც იქნება რანგით დაბალი.
-მერე მაგი სხვა სად ვეძებოთ ვირის ბადალი?
ხო,მაგაში ხართ,ცოტა არ იყოს,მართლაც მართალი,

ოღონდ ერთის მხრივ,მეორეს მხრივ კი,თუ ღმერთები ვართ,
ჩვენია ნება,შევქმნათ ყოველ ღმერთზე ნაკლები,
თანაც გონებაშეზღუდული მიმართებაში
ღმერთებთან,რომ არ გვიქონ გამჩენებს ისევ კარგები

და შეუქმნიათ მაშინ კაცი გონდანისლული-
მხეცზედ მაღალი,თუმცა ღმერთამდე ვეღარ მისული.
ვის ვერ ძალუძდა ღმერთების გზათა ცოდნით შეცნობა,
ვინც არ უწყოდა,ვით მოეწყო სოფლის შენობა.

-გასაკვირია,მართლაც ყოველი,ძმავ გასაკვირი,
ანუ,თავიდან კაცი გაჩნდა როგორც ღვთის ვირი,
ეკისრა უნდა ვისაც,ვით ვირს,იგიგის ტვირთი?
-სხვა მხრივ,კოსმოსში რევოლუციის ელოდათ ზვირთი.

წავიდნენ დიდი ღმერთები რახან დიდ დათმობაზე
გაწვრილებული გულით,"ერთობით,სწორფერ ძმობაზე".
გადაუყლაპავთ მიყენებული წყენა თუმც,ძნელად-
გასწირეს ქინგუ ადამიანის მათ შესაქმნელად.

თქვა ქინგუმ,ვიცი,ხვთის ვირად შეჰქმნათ რომ გინდათ კაცი,
თუმც,არ ვიციო,განტევების რად ვარო ვაცი?
-ანუ გამოდის,ქინგუ ღმერთებმა თავად განწირეს?
-ეგრე გამოდის,
ჯერ განწირეს,მერე განწილეს-

დაანაწევრეს ყოველ კაცში და ინდივიდში.
პატარპატარას ჩამოუსხეს,რაც ესხა დიდში.
****
გასაგებია,ზოგის ადგილი ლოჟაშია,ზოგის პარტერში,
ზოგის კიდევ ავანსცენაზე,
თუმც,არ უნდა თქვა ყველაფერი,თუნდაც ღმერთმა,
რაც მოგადგება გაგულისებულს
უცებ ენაზე.



7
"რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
(რუსთაველი)

-გეცოდინება,ვით ნინსუნას შვილს და როგორც მზის ხბოს,
რატომ ჩაუდგა სათავეში ის ქინგუ იმ ბრბოს,
ადრე თუ გვიან,ვინც განტევების ვაცად აქცევდა
და განწირულ ღმერთს ყურადღებას რომ არ მიაქცევდა?

-განა,ყოველთვის უნდა ნიჭიერს წინამძღოლობა?
განა,ყოველთვის ცვლილებებისკენ მიუწევს გული?
ზოგჯერ იქმს იმას,რასაც ავალებს ქვეცნობიერად
ბრბო საბრძოლველად შეწკიპული და აღგზნებული.

სულით ღარიბი თავის გზაზე ძლიერ სულს ეძებს,
პატარა ნერგიც მიილტვის უფრო დიდი ხისაკენ.
მცირე "მე"თაგან შემდგარი ერთი კოლექტიური
იმ დიდ"მე"-ს ეძებს,ვინც წარუძღვება ამბოხისაკენ.

რა დაინახავს ერი ნიჭიერს,თანაც ენიანს,
ეგრევე ერისთავობას მას შეატენიან
და მერე იგიც იმას იქმს,რასაც მისგან ელიან,
როს უნებურად დაადგება ერთობ ეკლიან
გზას...

-ბრბო? 
-გაჰყვირის ხმის ჩახლეჩამდე ლიდერს დიდება!!!
-თუ რომ დამარცხდნენ?
-ლიდერს მყისვე განერიდება.
-თუ გაიმარჯვა?
-გამარჯება მან ბევრს შეარგოს,
დამარცხებულმა პასუხი კი ყველაზედ აგოს.

როცა პასუხის დრო დგება,ბრბო თავს 
შორს იჭერს მისგან
და ისევ ჰყვირის ხმის ჩახლეჩამდე,
ოღონდ ბოღმისგან.
საკუთარ რჩეულ ლიდერს ბევრმა 
სისხლიც ადინოს,
თქუან-მოვკლათო!მომავალშიც რომ 
არ შეაგვცდინოს!

ეხ!ჩემო ძმაო,მეტნაკლებად მეც იმიტომ ვარ
გადმოხვეწილი მაშუს მთებში ურუქის მხრიდან,
რომ ჩამოვიხსნა რაც ამკიდეს ურუქელებმა 
ის ტვირთი,უკვე გადახეხილი სიმძიმით მხრიდან.

ხომ შემოვარტყი ჩემს სამშობლოს მე გალავანი,
ხომ მე ვარ ქვეყნად დაუძლეველი კვლავ ფალავანი,
ხომ მივეც არვეს ბალახი და ურუქელს საქმე?
ვიფიქრე,დროა,გავცდე საზღვრებს,რამეთუ აქ მე

დამედგომება?თუ რომ ხალხი საკვირველს ისეთს
მოელის,რაიც "ძალეგებაო გილგამეშს ის ერთს".
ელის არათუ პატარა ომს ან დიდ გამარჯვებას,
ელის სასწაულს,რაიც მომავალ თაობებს კვებავს.

ასე რომ,ამ მხრივ,როგორც ქინგუ,მეც მსხვერპლი თითქმის
ვარ იმის,რაიც ქვეცნობიერად ურუქში ითქმის.
ვფიქრობდი ერთხანს "ნეტა,გილგამეშ, რა გეომება"?
თუმც,ვით განწირულს,სოფელში არ დამედგომება?

ომში რომ თავიც წავაგო,უკვე არ მედარდება,
რადგან დარჩენით ავტორიტეტი დამივარდება,
რამეთუ ელის საოცრებას ურუქი იმდენს,
დაბადებული ძე-ხორციელი რომ ვერ ჩაიდენს.

-ღვთის კარისთვის რად აირჩიე,ძმაო,კედარი,
მაინცდამინც რად არის იგი ასე ნეტარი?
-"ხე-ებ-ი-თე-ენ-თე-ენ" -ანუ ცეცხლი გაგრილდეს.
კედარზე მეტად სხვა ხე ამ მხრივ,ვფიქრობ,არ ღირდეს.

იგია ჩვენს და ღმერთებს შორის წყალზედ ბორანი-
როგორც მსოფლიო ხის სიმბოლო და მისი ორანი.
იგი,ვით ცენტრი ამაგრებს საზღვარს-იტყოდეს ზოგი,
ესეც არ იყოს,მის ჩრდილში სულს ხომ მოითქვამს ჯოგი?

ადამიანზე მაღლა მდგომმა და ღმერთზე დაბალმა,
თუმც ნახევრობით ღვთის სწორმა და მისმა ბადალმა,
მსურს,ამოვავსო ჩაღრმავებული შუა უფსკრული,
გაჩენილ-გამჩენს შორის ჩაკეტილს ავხსნა ურდული.
***
რომელი მაღალი შესწვდება ზეცას,
რომელი ფართო დაფარავს ხმელეთს?
ან ჩემს მაგივრად ვინ ჩავა ქვესკნელს,
თუ მევალება დღეს ეს გზა მე ერთს?

-ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იმას,
რასაც რომ მძიმე ადევს ურდული.
-მეც, ვით ნახევრად ადამიანი
ამ მხრივ ნახევრად ვარ შეზღუდული,

თუმცა,ვითარცა ნახევრად ღმერთი,
შეუზღუდველი ვარ ერთადერთი.
გარდუვალია თუ აღსასრული,
დე,მომავალში ვპოვო წარსული.

მე,როგორც ღვთის შვილს,თანდაყოლილი გენის შემცველი
დამდევს უნარი და ვერ იქნება ჩემი შემცვლელი
კაცი უბრალო,ვისაც ღვთის ძუძუ არ უწოვია,
ანუ ვის გამზრდელს წმინდა ბალხი არ უძოვია.

სიცოცხლის ბოლოს მთელ სიცოცხლეზედ 
იქნება მეტი
მთელი გავლილი ცხოვრებიდან
მხოლოდ ფრაგმენტი.
ყოველ საათში ძვირფასია
კვლავ მხოლოდ წუთი
და ყოველ განძში გადაუხსნელი 
პატარა ყუთი.



8
-არ ვართ ზიარი უკვდავების და ღმერთების ენის,
სამარისებურ საიდუმლოს კი-დუმილი შვენის.

არ უნდა იყოს ხილული
უფლისგან რაც მალულია,
ზედმეტი ცნობის წადილით
თუ რწმენაც შებღალულია.

თავისი დრო აქვს ყველაფერს
წესი აქვს დაწესებული.
უჟამო ჟამში იპოვის
ყოველს იქ გამწესებული.

მომსვლელი თვით მოგვაკითხავს,
რაც მოვა-იგი იქნება.
იქნება,ცდება ეფუთში
უდროოდ ვინც იჩიჩქნება.

რაც მოვა,იგი მოხდება,
თვით მოვა მოირა ბედი.
-ბედს ფეხი ეძებს და არა
მგზნებარი ან მოაბედი.

-თუ რომ არ გინდა წყლის ნაცვლად
ქვიშის გაჭამონ სადილი,
დაუშვებელი მგონია,
ზედმეტი ცნობისწადილი?

ქურგალმა,ანუ ღმერთების მამამ
მეფობა გიძღვნა,ღმერთების სწორო.
არ მოუცია მას უკვდავება...
-მსურს,ეს შეცდომა გამოვასწორო.

დევს შემზარავი ელვა უპყრია
და მადლზე ბევრჯერ ჯავრი უყრია.
ცოდვით ჩვენშია ფეხმოკიდული,
კედროვანში აქვს ტუტუცს ტიტული.

თუ ბოროტს მოვკლავთ,
საქმეს ვიქმთ კეთილს.
ჰუმბაბას თავს კი,ძირში 
წაკვეთილს,
მივართმევთ თუ რომ
ნინლილს და ენლილს...
სახელი გაგვხვდის
ძმებს გამოვლენილს,

რაც ითქვა იმას ვერავინ წაშლის,
რაც უნდა ბევრი იქნეს მცდელობა.
იტყვის არურუ,შთამომავლისთვის
არცოდნა ჩვენთა არს უზრდელობა.

მოვჭრათ ყველაზე ძვირი კედარი,
მივართვათ იგი უზენაესებს,
საქმე გამყარდეს სიტყვით როდესაც,
წარღვნაც ვერ წაშლის დაწერილ ლექსებს.

გამარჯვებულნი სახლში დავბრუნდეთ,
დოლის დაფდაფით,იფნით და დაფნით,
თუ გაგვეპარა სადმე ბოროტი,
ლაპარაკობდეს ხომ სჯობს, რომ ფლაფნით.

გავჩეხავთ ბარდებს და ჩავყრით ვარდებს,
დავრგავთ ფინიკებს და იასამანს.
ურაკპარაკზე ღვთის სადიდებლად
შთამომავლობას დავუდგამთ სამანს.

შემწყდარ ახალ წელს კვლავ ვიზეიმებთ,
მე ვიზეიმებ ორჯერ აქითუს.
ყველა იქეთურს იქეთ გავდევნი
და დავიბრუნებ აქეთ აქითურს.

ორდაბადებულს ორჯერ ახალწელს
აღარ დამიშლის ურუქს ან და ქი.
ვინც თიამათის მუცლიდან იშვა
თუ რომ დავუდგი იმას ქანდაკ(ქ)ი

არხის პირას და თუ რომ ჩემს ქალაქს
სუდარა ჩემივ ხელით გავხადე,
მთელ ლერწმოვანში საყოველთაო
ნიშნავს მშვიდობა გამოვაცხადე.

დაბრუნებულმა და ვალმოხდილმა.
ჩემს ქვეყანაში მეფედ ვივარგო.
ვახარო ხალხი გვირგვინიანმა,
დანაკისკუდი ხელახლა დავრგო.

"გაუღუნავი კვერთხის მფლობელი"-
ლუგალბანდის ძე,ვინც მწყემსავს მის ხალხს,
სახლში დავბრუნდე გამარჯვებული
და არ ვაკლებდე ხალხს სახლში მისხალს.

შინ დაბრუნებულს ურუქის გზებზედ 
ამწვანებული რტონი დამიგონ.
ნამოგზაურებს დარჩენილებმა
ჩემი არ ყოფნა ყოფით გამიგონ

და გალავნიდან ჩემი პირადი
მიზნებით თუ ვარ მოყმე აღძრული,
დე,გალავანი იყოს გზის ბოლოც
მონატრების გზით უკან დაძრული,

დავბრუნდე ოდეს.დაე,ყოველ წელს
ჩემს სახელზე და ჩემს თვეში ცხრა დღეს
მხნე გურუშებში უფრო თამამი
მოჭიდავენი მღერით გაცხარდეს.

ჩემს სადიდებლად ზიქურათებში
დამკვიდრდეს ლოცვა,რეკონ ზარები.
წარღვნაწარუშლელ სიტყვას იტყოდეს
კარის მეხოტბე და დუბსარები.

ხოლო იმ არაკს,რაიც რომ ხალხში
ფეხს მოიდგამს და ლექსად ითქმება,
ვერ მოერევა ცეცხლი და ალი,
არც წყალში იგი არ დაინთქმევა.

-დავუშვათ,რაღაც მანქანებით მოვკალი დევი,
ანუ სხვა რიგის ძალით ხმალი ყელს დავადევი.
მის უკვდავ სხივებს,რომელიც არ ჩანს,ვინ დაეწევა,
ანუ პრინციპში,მარქვი,სხივს რა ბედი ეწევა?

სხივების მინჯე უცვლელია რადგან ენლილი,
იგი გადაწყვეტს,რაში იქნეს წარმოდგენილი
დევის მელამი.ანუ ელვა ვის უფეშქაშოს,
უნდა მდინარეს მისცემს,უნდა მაშუ მთის საშოს.

რამეთუ,არსად დაიკარგება სხივთა ნათება,
რაც დააკლდება დევს,იგი სხვას შეემატება...
-გმირებს კი გველის ოქროს წინ ნავი...
-განსაკუთრებით ბნელში მბრწყინავი.



9
-სანამდე ყელს არ გამოვჭრი
დევს,როგორც პირად მუქფარსა,
მანამდე შინ არ მივიდე,
არც გავეკარო ნუგბარსა.

მწყალობდეს ერთი სამება-
ენქი,ენლილი,ანიო.
დამდაბლებული ავმაღლდე,
ცოდვები მოვინანიო.
***
არ შევუშინდეთ მთას,დავტოვეთ თუ უკან ბარი!
ხმალი ვამღეროთ,გადავაგდოთ დროებით ბარი.
ჩვენი მელამი დევის სხივთა გახდეს საფარი,
ხოლო გმირობა-მარადიული ხალხთა ზღაპარი.

გამოვაჩინოთ რაც არს მარხული,
შემოვიყვანოთ ჩრდილში ზაფხული.
კბილსავარცხელა მოვსპოთ ურჩხული,
გველს მივაყოლოთ მისი ჭუჭული.

-დრო დადგა დევთან დავის ნდომისა,
წარუხდენელის და წახდომისა.
დროა,ღამესთან ომით ძღომისა,
და დევის ტყიდან გადადგომისა.

ის აფრთხობს ფრთოსან ფრინველებს მაღნარს!
ღრიალი მისი წააგავს წარღვნას,
-ხოლო შუბლი კი ხეთაა მწველი,
ტანია ცეცხლის როს სავარძელი.

-სხივით და ელვით შემაძრწუნებელს
რით უნდა ვავნოთ,ოღონდ,უვნებელს?
იქნებ,არც ღირდეს იმ ალაგს ომი,
უძლეველია სადაც ფანტომი?

-მიტომ ვიარეთ ამდენი,გზა ოღრო-ჩოღრო ღირღლითა,
სადაც ძალით ვერ გავაწყოთ,დავლათიანის იღბლითა
ვეცადოთ.მე არ დავუშვებ სიბნელეს ჩემს ქვეყანაში,
შავთავიანს კი კვლავ უკან-ანუ მის ველურ ხანაში.

მე არ დავუშვებ ურუქს გუთიუმს 
ველური გენით,
არც გუთიელებს თავიანთი 
ძაღლური ენით.
საღამოს ბინდში დედისათვის 
შვილის წამგვრელებს,
მეფეთა სიის ქურდბაცაცა 
ვეშაპს და გველებს.

ძნელი საქმეა,ძმაო,საჩვენო,
იოლი უფალს როგორ ვაჩვენო?
რად გვინდა მთა თუ სხვას ის უვლია,
მაღნარს ის იპყრობს,ვინც დიდგულია.

უნდა შევიპყროთ შეუპყრობელი,
დაუძლეველი და უშობელი.
წაუმახავი ხმალი წავმახოთ,
გაუხრწნელი კი-გავხრწნათ,დავმარხოთ!

-საბელი ძნელად გაწყდეს სამმაგი,
ორს დაგვიფასოს ერმა ამაგი.
მადლს ავუშენოთ ყუდრო და ხულა,
-და დავუნგრიოთ ბოროტს ხუხულა,

დავამხოთ შვიდი ელვით ტვირთული,
უპყრია ვისაც კონა ბირთვული.
ჩვენს გამო გახდეს იგი მგმინავი,
-თუ ხელს შეგვიწყობს ნოხი მფრინავი.

-ვისი მელამიც ყველას გონს ართმევს,
ვისი ღრიალით ვართ ჩვენ ჩაგრული,
თავად აღმოჩნდეს,როგორც ქურციკი,
ჩვენს მიერ დადგმულ ხაფანგს გაბმული.

ვიფიცებ ზეცას,მიწას და ქვესკნელს-
ამ ფიცისათვის მუდამ მოვიცლი,
სანამ ჰუმბაბას ტყავს არ გავაძრობ,
ქალაქისაკენ ფეხს არ მოვიცვლი.

უნდა აღმოვფხვრა შვიდი პერანგის
პატრონი ტყის და დევი მძვინვარე,
დამიფიცნია დედა ნინსუნა
და ლუგალბანდა-მამა ბრწყინვალე.

მოვკლა დევი და ბარდი გავჩეხო,
თუნდაც მწერტავდეს ეკალივითა,
ქვესკნელს მივაგნო და ტახტზე დავჯდე
კანონიერი ნერგალივითა.

სრულად ქიანას გავუზომო კიდე და განი,
ვიხილო ვინაც პირველყოფილი შეჰქმნა საგანი.



10
-თუ რომ დილიდან საღამომდე მერჩის დილემა,
პირადი ომით შევიძინო გამოცდილება
და არ მგონია,დამიშალოს ლტოლვა ენლილმა,
ან დამამძიმოს ჭეშმარიტებამ ღრმად შეძენილმა.
***
ვერას დამაკლებს სიავით 
ეშმას მსახური ქოსები,
მზის ნათლული ვარ და მისი
მწყალობენ ანგელოსები.

თუ ვარ შამაშის შარაზედ
შეთი უშიშრად შემდგარი,
პირველყოფილი წყლის გავლით
საყრდენი მინდა მედგარი

ვნახო სიღრმეში და ცოდნით
სამყაროს ვნახო საწყისი,
სიუხვის თასში ვიპოვო-
დაუშრეტელი საწმისი.

უკვდავების ვსვა წყალი და
სულეთის ვპოვო სამზღვარი.
გასულფონების გზით ვნახო
სულის თუ რაა საგზალი.

გადავიარო სამიჯნე
უხნავ-ნახნავთან ნახაზი.
დავიმორჩილო დევი და
კედროვანს ვუწნა ნათხაზი.

იტყვი,რად აიჩემეო
გზები ქვესკნელში შთახდომის,
ნახევრადღმერთს მსურს სრულიად
უფსკერო სიღრმის ჩაწვდომის

გზით რომ ჩავღრმავდე ფსკერამდე,
ვნახო ფარული წლებითა.
ვიხილო ქვეყნის საწყისი
დაუსაბამო წყლებითა.

წითელი ზღვიდან მოსული
კაცთევზა,ვით ოანნესი
ვიხილო აბზუს წიაღის
საერთო ოკეანეში.

შესაძლებლობის ზღვარს გავცდე,
გავახმოვანო ართქმული.
ნისლიდან გამოვიყვანო,
რაც აქამდეა ჩანთქმული.

ჭას ჩავყვე ლაბირინთებით,
მივიდე სადაც არხია,
ის საიდუმლო ვიხილო,
რაიც აქამდე მარხია.

ვიყო ქვესკნელში,ოღონდაც,
ქვიშის არ ვჭამო სადილი.
ჩემს სახსენებელ ქვაზედ კი
ჩემივე დავდო განცდილი.

თუ საიდუმლოს ვერ ჩავწვდი,
რად მოვინდომე მაშ ომი?
მე ჩემი გამოცდილების
გზით მინდა დავდო ნაშრომი.

ჩემზე თქვან"მისი მგზნებარე
გული დარდით არ დადუნდა,
ბევრი იარა,შორი გზით,
დაშვრა და სახლში დაბრუნდა!"

როგორც ღვთაებრივ ბოსელში 
მეორედ დაბადებული,
დავბრუნდე ორი ფუნქციით
ორმაგად დავალებული.

გარდაცვალებით გავიგო
ხმაურიანთა ენაცვლა,
უპირველესი"მე" ვნახო,
ვისაც ლუგალი ენაცვლა.

იდუმალების ჭა ვნახო,
ვით გილგამეშმა,გალგითა.
თანდაყოლილი უნარით
და შეძენილი აღითა.

ვისაც ლუგალი ენაცვლა
პირადად იგი მე ვნახო,
სიღრმიდან ზესკნელში აგყვე 
აყვავებულო ვენახო.

ვით ემბრიონმა სამარეს
მეფური გენის შემცველმა,
აპსუს ნაცვალმა ვიხილო
აპსუ,ვით ფურის მეწველმა.

ალაპარაკდეს რომ ჩემზე
შიქი,ნიფური,აქადი.
მოვინახულო ქვესკნელში,
ვინც აღგვა მატრიარქატი

და ჩავინერგო ნერგალში-
ის ჰფლობს რამეთუ პასუხებს.
მეტყოდეს,რომელი ცოდვა
დევს უფრო რატომ ასუქებს.

შემოვიარო კუთხენი 
ადადის კურმუხეთისა,
სატახტო ვნახო ქალაქი
მაწვიმებელი ღმერთისა.

ვნახო,ვინც სტუმრობს სუყველას,
ანუ კვალდაკვალ ვინ დადის,
საუფლე მოვინახულო
კაცის მზომელი ადადის.

ვნახო ნაყოფი ქვესკნელში
ნაჯაფი სულის ოფლისა,
ვიხილო ნერგალის ცოლი,
ქვეშეთის და დედოფლისა.

ვნახო ნამ მუსი,ვინც თევზი
ზღვას მისცა,ცას კი-შოშია,
სუყველას სივრცე აჩუქა,
იყო ვინც ერთ საშოშია.

ვიპოვო ჩემი ჭიპლარი
ჭად ჩამავალი,სიყრმისა,
რომლის ბოლოა ქვეშეთში
და კუთვნილია სიღრმისა.

როგორც მეფემ და ღვთიშვილმა,
ორ სკნელში დავანებულმა,
მესამე სკნელი ვეძიო
ანამდე ანანებულმა.

ავმაღლდე ვნახო ცის-კარი
ჩაღრმავებულმა ცოდნითა.
გამოვიცვალო სამოსი-
სულდაძონძილმა ცოდვითა.

ვიხილო მზიანი ღამე
და მომღიმარე პირქუში,
მზის სხივი მომხვდეს უხორცოს
პირდაპირ,კაკალ შიგ გულში.

ვიპოვო ხიდი შუაში,
წარმავალსა და მარადის.
სანამ არ ვნახავ,ურუქში
არ მიმესვლების მანამდის.

აი,თუ რატომ მომინდა,
რომ გავემიჯნო მიჯნებსა.
აი,თუ რად არ ვუსმინე 
ურუქის მუნაჯიბებსა.

ვერ ვიხილავდი უძიროს
ფინიკის ძირში სხდომითა,
-ოღონდ სიღრმისკენ გზა მიდის
გრანდიოზული ომითა.

-სიკვდილის მიზანს გავიგებ,
თუ სიცოცხლეს წრეს გავცდები,
სხვა მხრივ და სხვა გზით ჩემს გზას და
დიდ საიდუმლოს ავცდები.

ღალამ წამიღოს და მივყვე
ჭის ნიჭით წყალთა ნებასა.
ალაგი ვნახო,სადაც იქმს
შამაში დაფუძნებასა.

ყველას თავისი გზა ერჩის,
არც მზისთვისაა სულერთი.
ისიც ამაარგს დაეძებს,
ეძახის როს დედულეთი.

მისი გზის მოზიარე და
ვარ მოგზაური ყარიბი,
თუ რომ დევი გზას მიღობავს,
წელზედ სარტყელი ავიბი,

რომ ვნახო ანუნაქებთან
სიმართლე დაფუძნებული,
პირქვე ვარ ლბირინთების 
ინჭაში ჩაყუდებული,

დღე დღესინდელის რომ ვპოვო
ღამეში სამკვიდრებელი,
ოკეანეში ნაშობის
ვთქვა დილით სადიდებელი.

გამოვიღვიძო და ვთქუა-
დილა,ო,დილა,დელია!
რა არის კაცის სიცოცხლე,
თუ არა საწადელია?



11
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი” 
(რუსთაველი)

-კაცობრიობის ბედის ზიარი
ვკისრულობ ცოდვებს ყოფის სიბრტყეზე,
ჩავალ ქვესკნელში-ავალ ზესკნელში,
დევის რომ ჰქვია გავლით იმ ტყეზე.

დავალებული ორი ფუნქციით
ავივლი ჰერეთს,ჩავალ მერეთში,
რომ ვით დუმუზმა დავიტრაბახო
ნახევარღმერთი ვარ რომ მეც ღმერთში.
***
განკაცებული ღმერთის გზა განა მარტო თმობაში
არის? გვერდით ვარ კაცობრიობის მარტოობაში
ადამიანის. ვარ შემკობილი მე ორი "მე"თი.
ღმერთზე ნაკლები,ადამიანზე ოღონდაც მეტი.

ვარ უბედური,ამავე დროს ვარ ბედნიერი,
ვარ ანგელოზი და ანგელოზში ვარ ბელიერი.
როგორც შუმერი ორი მდინარის ისევ დგას შორის,
ვარ მოქცეული ერთი შუა განგების,ორის.

ვარ მამაცი და შიშის გრძნობა ვერ მოვიშორე,
მოხეტიალე ვარ როს მტანჯავს სახლთან სიშორე.
ვარ მიმდევარი უფლის,ოღონდ ლოცვით ზარმაცი
და მხეცის გარდა ვერ მიპოვია მეგობრად კაცი.

პალმის ჩრდილიდან მომაქვს სიოს სულის სინაზე,
ვით სიყვარულის ელჩს დაწყევლილ დედამიწაზე.
ვით უთუს წილი,საკუთარ თავში ვახარებ ოც ხეს
და სიკვდილის გზით მარადიულ ვეძებ სიც-ოც-ხ(ლ)ეს.

წინ მელის დროთა შორის დრონი უფრო დიდრონი,
ვითარცა მზის შვილს,მაცხია ცახე ვისაც მირონი,
ვარ სინის სიძე,უთუს ნათლული,არ აქაური,
მწუხრის ვარსკვლავი,დიდი ანის და სამკაული.

დავალ მოკვდავი,მაქვს ღვთაებრივი ოღონდაც გული,
დავლათიანი ვარ ოთხი მადლის ზნით აღნაგული.
ზღვართა გარღვევით მოლაპარაკე საკუთარ მესთან,
ვარ მოჩურჩულე უჩინარ ჩოლში ჩემს სიჩუმესთან.

შამაშის მწველი ცეცხლის მოედო ჩემს გულს ხანძარი,
გზნებით აღძრულმა გაციებული გული დავძარი.
სიკეთეს ძნელად იპოვის კაცი სახლში დამჯდარი,
ვინც ავს არ ებრძვის,დაუტოვოს ღმერთმა ტაძარი.

ნახევრად ღმერთი მთელ ღმერთს ვეძებ,ძე-ნაშიერი,
მთელის გარეშე ნაწილი ვარ რადგან მშიერი.
დაულაშქრავი მთიდან საბრძოლო მახელებს ექო:
"სჯობს ომში მოკვდე,ვინემ ბუხარში ნაცარი ქექო"!

რადგან მეფობა,ერთფეროვნება დღეთა მომწყინდა.
მზის ჩირაღდნებით კეთილი გზა გამომიბრწყინდა,
მინდა დავწერო ჩემი მოირა,იყოს რაც არი!
სჯობს,ომში მოვკვდე,ვინემ სახლში გავცრა ნაცარი.

მივცე საშველი ხალხს ცოდვათა იწროებაში,
სულს გზა ვუჩვენო მოკლეობიდან სულგრძელობაში
და შევისმინო ბნელში სინათლე შემასმენელი,
ჩემი გზა ვნახო,თუნდაც გზის ბოლოს ერქვას ქვესკნელი.

მარტო ურუქით ვინ შემოსაზღვრა ქვეყნად სოფელი,
მხოლოდ სიცოცხლით ვინ აღიქვა წუთისოფელი,
ან ვინ გაზომა ფეხით სამყარო განუზომელი,
ანუ ვინა თქვა,სიზმარია ძილში რომელი?
***
ვერ დამაკავოს მეთევზემ კალმახი თავის ფაცერში,
გავივლი ვიწრო დარანში,გატარებული საცერში.
ქვე საყრდენს ვნახავ ფესვებში,გავიგებ თუ ზე ვინ არის,
ხარან შამშის გზას გავიარ,რომ ვნახო გზა მზე-ვინ-არის.

გაიგოს ყველამ,რომ გილგამეში სწორედ იგია,
ღმერთებისათვის ვისაც ტაძრები რომ ამიგია.
უთნაფიშთიმის მსურს ვისაც ვნახო გზა-სამყოფელი,
გარდაცვალებით გავიგო ერთმა რომ სამ-ყოფ-ველი.

გასულფონებით ვიტვირთო ერთმა ტვირთი ორმაგი,
ვებრძოლო სიკვდილს.ომით სიცოცხლის დავრჩე ქომაგი.
გარდაცვალებით გამოვიცვალო სულის სამოსი,
სულთა უფროსი გავხდე ქვესკნელის კარ-მიდამოსი.

დავბრუნდე სახლში,ჩამოვიტოვო გზები ირიბი,
დავრგო ბზა,ვაშლი,გავახარო,თუ ტირს ტირიფი.
ჩამოვიბანო ფასკუნჯის სკინტი და ჩირქი ჩრდილის,
ყოველ სისხამზე მადლი ვნახო დამდგარი დილის.

შამაშის დროშა ნერგალის გვერდით ბნელში აღვმართო,
ვით რწმუნებულმა უთუს,უკუღმა გავაწაღმართო.
განვვლო ბნელეთი,ვნახო წიაღნი მთლად დედისანი
და ხარანშამშის გზაგამოვლილმა-ვიცნო ისანი.

უჟამო ჟამი გამოვიარო,ვიპოვო დრონი,
საკუთარ დედას დავუბრუნდე დედის პატრონი.
თავისუფალმა დედის წიაღში ვპოვო ურ-ამა,
-თუ არ შეგჭამა შავეთში შავი ნისლის ტურამა.



12
-ნადირი როგორ ვიცრუებ,მოგახსენებდე მართალსა.
შენს გვერდით ვიყო და არა ალთას,როცა ხარ ბალთასა.
შენს სამსახურში მიგულვე,ჰმართებს ვით პატრონ-ყმათასა,
ერთგული მხეცი ვაჯობებ ორგულ ნათესავს ათასსა.

გილგამეშ,არ ვარ დედის გაზრდილი,
არ მიფარავდა მისი მანდილი-
მისი მელამი,იავ და ნანა.
არურუმ შემქმნა,(ენლილმა ბრძანა).

უდაბნოს ველზედ თავგადედებულს,
არც მამა მყავდა არდაბადებულს,
ოღონდ უმამოს,ოღონდ უდედოს,
ძმა მყავხარ გვერდით ძმას საიმედოს.

მე მეგობრობის და ერთგულების
გრძნობით მაქვს გული წამოწეული.
შენთან ვარ ომში,თუ რომ მშვიდობის
ოცნებითაა გამოწვეული.

კაცად ქცეულმა ფასი ვიცი მარჩბივობისა,
ერთგულების და მეგობრობის,ანუ ძმობისა.
განკაცების გზით ვიარე ვიდრე დაბადებამდე,
უძრაობიდან მოძრაობით მოველ შენამდე.

გამოვისახე დანერწყვილი თიხისგან მხეცი,
უდაბნოს მკვიდრი ძმობით კაცად გადავიქეცი.
არურუს ხელით შევიქმენი მიწის მტვრისაგან,
რაა სიცოცხლე, დაგიცავი თუ ვერ მტრისაგან?

განკაცებული მხეცი ვიქნები შენთან ძმობაში
მარად და ყველგან კაცობრიობის მარტოობაში.



13
"ხევებში ჩადგა გრილები,ისმის ყვირილი წყლებისა". 
(ვაჟა)

პირველი სიზმარი

გავალაკში ჩამავალი
ღამეს თეთრად ათენებს,
ქვეყნად თავის რწმუნებულებს
ტოვებს ციცინათელებს.
***
ბევრი იარეს მეგობრებმა,თუ ცოტა იპოვეს,
დიდ მთას წააწყდნენ,მომცროები ჩამოიტოვეს,
როს ოცი ბერუს გავლის შემდეგ,ვით ზიქურათი,
წინ დაეხატათ ლიბანის თეთრი მთების სურათი...
პური გატეხეს,(მადლობა უფალს,ჰქონდათ სურსათი).

ექვსი მსგეფსის გზა ძმებმა სამ დღეში ფეხით დაფარეს,
(გზა იოლია,როცა საუბრით ძმა ძმას ახარებს).
ჩამავალმა მზემ მიასწავლა მსტოვრებს იგი ჭა,
რომლის წყალობამ გზით დამაშვრალებს ხსნა მიანიჭა.
***
-ჭურჭელთა შორის ჭა თუ უღრმესი წყლის ჭურჭელია,
გავთხაროთ იგი,მსხვერპლი ჩავყაროთ (ჭა უჭმელია).

შესაწირავი ჩაჰყარეს მზის წინ ამოთხრილ ჭაში,
(მსხვერპლი ხომ ყველა ღმერთის საზრდოა საერთო ჯამში).
-სანამდე ზღვაში მზე არ ჩაიხრჩო,გვმართებს მანამდე
ძღვენი მივართვათ,შევეგებოთ დილით ანამდე

აღზევებულსა.ოქროს აკვნიდან რომ ოქროს ბიჭის
არ გაწყდეს ჯაჭვი უსასრულო სიღრმეში იმ ჭის,
რომლის წყალობით ნაწილი ვარ წილობით მთელთან,
მიმდემ კავშირში დედის წიაღში გზათა გამზრდელთან.

ვინც დაგვანახა ნივთი უფორმო მასალისაგან,
დაშოშმინება სჭირდება ცოდვის მას ალისაგან,
ჩამოიფხეკოს რომ წუთხი,რაიც მიწიერისგან
ჩაჰყვა.ამჩატდეს დამძიმებული ნივთიერისგან.

სადაც განუნუ-უთუსეული ენგურის სახლი
დგას,იქ დაეძებს შვებას შამაში დღის ბოლოს ჭა-ვლით,
რომ არ აჯანყდეს ჯავრის მინჯე ჯანღით და ჯავრით,
ზის ამოსვლამდე მზე,შემორტყმული წყლის გრილი ჭავლით

დაეყუდება ოკეანეში ვით ღამეული,
რომ გაიგრილოს აალებული ცოდვით სხეული.
დაიშოშმანებს შამაში შეოლს გულს გაცხარებულს,
ვნახავთ შუადღით დილის ბოჩოლას კვლავ გახარებულს.

საღამოს ისევ ჩაიხრჩობა გახურებული,
რომ დავინახოთ დაბადებით დაბრუნებული.
ახლა კი დროა ამოვთხაროთ მის წინ რომ ორმო,
ჩავყვეთ იქ სადაც ვიქნებით ყველა უფერ-უფორმო.



14
"მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს"!
(რუსთაველი)

ოცდაათ ბერუს ბოლო მოუღეს რა ძმობილებმა,
ძილის დროაო,თქვეს გავლილით კმაყოფილებმა
და ამოიდეს მუთაქად თავქვეშ მძიმე ცულები,
მუსაიფობდნენ,თუმცა,ერთხანს დაქანცულები...

თუმც,მხურვალებით უცემდათ მგზავრებს ჩქარა გულები,
თუმც,ღირღლოვანი მთებით იყვნენ შელანძღულები,
თუმც,იყვნენ უთუს მოთათუნებით გათანგულები,
ძილს კვლავ მუსაიფს ამჯობინებდნენ უფლისწულები.

საიდან საით წაგიყვანს ყარიბს ბედის მდინარე,
როცა დაეძებ ოცნებიდან გამომდინარე.
სთხოვდა თეთნულდ მთას გილგამეში პირმომცინარეს:
-მომაშველებდე სიზმრის შვრიას მაშვრალ მძინარეს.

ჩათვლიმა უცებ,დაეყრდნო რა ნიკაპით მუხლებს
და დაეწაფა სიზმრის ნაკადს ჯერაც პირუხლებს.
ძილმა-სიზმარი ისტუმრა-ჩვევა ადამიანთა,
თუმცა,წამოხტა სანამ მარდუქმა მთიდან ინათა.

-რა მოგივიდა,ფითრის გადევს რატომ იერი
და დაგამსგავსა ღამის სიზმარმა რას ღვთისნიერი?
რად მიყვიროდი,შენი ვალი თუ არ მემართა,
რამ დაგაფეთა,რამ გადაგრია,რა დაგემართა?

-საით გავექცე,მარქვი,შიშის შიშველ შავ ტურებს?
შავი დღე გველის,სიზმარიც რაღაც ავს მიდასტურებს.
-ჩამოიხსენი,თუ გამოგყვა შიშის ლანდები,
გაღვიძებული სიზმრის ბადეში ნუ იბლანდები.

-რა ვიცი,აბა?მგონი,საზარელ სიზმრებს ავყევი.
-დამშვიდდი,ძმაო და რაც გესიზმრა,გთხოვ,მომიყევი.
ინტუიციით ცხოველმა ვიცი სიზმრების ახსნა,
დროა,რომ შენი სიზმრის კიდობანს კოდები დავხსნა.

-ვაი რა შავ წყალს მიღვრიან ღამით 
სიზმრის სურანი,
კვლავ მაშინებენ ძილის საზღვართან 
თუ რომ ტურანი.
იქნებ ამიხსნა,რას ნიშნავს,ანუ არის 
თუ რანი,
რაიც სიზმარში ვნახე,მომაწვა
როცა ბურანი.



15
-გეტყვი სიზმარს,რაც მესიზმრა,
არ გაკადრებ ძმას ტყუილსა,
ძილში ხართა ხროვა ვნახე
ვერ ვუძლებდი მათ ღმუილსა.

ერთი მკლავში ჩამეჭიდა,
არ ვიცოდი,თუ რა მჭირდა.
მასთან ბრძოლა არ მიღირდა,
ვაჟკაცობა გამიჭირდა.

შიშით მუხლი მომეკვეთა-
ხბოს კამეჩთან რა მეკეთა?
***
ძირს ვეცემოდი,როცა ერთ ხარს წავავლე ხელი,
თუმც,მისი სუნთქვა მწვავდა,ვით ყოილს ვულკანი ცხელი.
ხარი გამისხლტდა,ხელმეორედ როს რქებში ვეცი,
წონასწორობადაკარგული პირქვე დავეცი.

რად არ იყავი ჩემთან,ძმაო,მითხარი,ო,რად,
ხარის ღრიალმა მიწა როცა გახია ორად?
მითხარ,რად ვეგდე მიწაზედ მარტო გულგაპობილი,
რად არ იყავი ჩემთან,ჩემი თუ ხარ ძმობილი,

როს გადაფარა ზეცა მტვერმა ცამდე ასულმა,
მიშველე,ძმაო!როცა მოვასწარ თქმა გულწასულმა,
მყია ნაპრალი როს საფლავად გაგანიერდა,
შუა გახლეჩილი მიწა როცა დაცარიელდა?

ელვისებურად მიმაქანებდა
ქვემოთ შთაღვითა
სხვა რიგის ძალით
უხილავი ძალა აღვირთა.

გზას ვერ ვიკვლევდი უხმოდ მგმინავი
უფერო ლეში
ნაპრალთა შუა შთაპრეხილი
სულთ სიმრავლეში.

აღმომხდა პირით ვაი,ოი და,
როცა უცნობი ვიღაც მოვიდა,
ხახამშრალს წყალი მასმია პეშვით
და დამიყვავა ვით შვილს ნუგეშით.

-დამშვიდი,ძმაო, ნუ ხარ სასოამოკვეთილი,
შენი სიზმარი ნიშანია,ვფიქრობ,კეთილი.
იგია შენთან,ვინც როგორც შვილი შეგიყვარა და
სათქმელს გადმოგცემს შენიღბულად,როგორც შარადა.

(თავად მოსთხოვე მინიშნება შამაშს,არადა),
არ გტოვებს ძილშიც და შენს გვერდზეა თანამგზავრადა.

ხოლო,ვინც წყალი გასმია მწყურვალს,
მზისგან ხახამშრალს და ხურვით მხურვალს,
მამაა შენი-შენი მშობელი,
ჯოჯოხეთშიაც შენთვის მშრომელი.

მან მოგაშორა შენ იგი ჯადო,
რაც ოყაჯადომ სიზმარში ჩადო.
***
გამხელილია მინიშნებებით,
თითქოს არ თქმული.
მზის ქარაგმებმა რად შეგაშინა
მზის მონათლული?

ბოჩოლა რამ შეგაშინა 
თვით შამაში თუ ხარია?
შენს ძმას არ წყინს ეგ სიზმარი,
რამეთუ ის უხარია.

მიმაჩნია სასიკეთოდ
არ ვი,რად ხარ მწუხარეა,
განა ყველგან ზესხმა არის,
თუ რომ ანი მქუხარეა?

წინსვლას ფასი მისთვის ადევს,
ვის უკანსვლაც უხარია,
სადაც დედა ელოდება
და აგურის ბუხარია.

დედა დარდით სანამ კვდება,
სიზმრის გამო ვით მოკვდები?
გაიხსენე,ვით გეტყოდა,
გილგამეშ!ხომ დაბრუნდები?!
გაიხსენე,ურუქელი 
ქურუმები-შენი დები-
რა იმედით გაცილებდნენ:
გილგამეშ,
ხომ დაბრუნდები?!

ვისაც გული წინ მიუწევს,
უკანსვლაც მას ენატრება,
ხოლო შიშით ატატებულს
ბელიერი ეტანება.

საგულესა გულო,შინა,
მზის ხბო ხარმა შეგაშინა?
ხარი,ძმაო,შამაშია,
რქები სხივთა ქარქაშია,

დედის ლოცვით მგალობელი
შენთან მზეა,მწყალობელი.



16
ვერ ათენებს მცირე მადლი-
ზის სარდაფში დასჯილი
და სულს დაღაფავს სასიკვდილოდ
დღე ღამისგან დაჭრილი.
***
ვაი,ოხერი ცრემლები ყელში,
ვერ გამიგია,მახრჩობს,თუ მიჭერს.
იჭრება ეჭვი მამრავლებლად და
სიმართლეს ძილში ვიღა დაიჭერს?

ღამეს კბილებით
უჭირავს დილა
და ღრმა ჭრილობებს შუქი
ვერ არჩენს,
თუკი მარცვალი
არ ჩაგვიყრია,
ლოცვით მოსავალს
ვინ გადაარჩენს?
***
შემიშფოთდა მეტად სული,
გზას არ უჩანს დასასრული.
ღამემ სიზმრით შემაშინა,
ჩაკეტილი
მზე ჰყავს შინა.

მზე შინა და მზე გარეთა,
შემოდიო სულში!
მზე შინა და მზე გარეთა,
გეყო დამალულში.

მზე შინა და მზე გარეთა,
გზას დაგიგებ გულში,
რატომ იმალები შინა,
თუ აქ იყავ გუშინ?
მზე შინა და
მზე გარეთა.
მზეო!
გეყო შინა.
გამო გარეთ!
ნუთუ,ასე
ღამემ შეგაშინა?
მზე შინა და
მზე გარეთა,
მზეო!
მზეო!!
მზეო!!!
პირი შენსკენ მიქნია და
ზურგს ნუ შემაქცეო!

შენი მოწილე გავარვარებულ ვატარებ ცახეს,
შენ მიშველიდე შიშით ატანილს და მოცახცახეს.
ვარსკვლავთა ნაშენ კარავში მთვარე ღამეს თუ მითევს,
რად არის დილა ასე შორს,ანუ მზე ფეხს რად ითრევს?
***
დაიბადა მზე და …მადლი
მზის წყალობით
გა-ოც-და.
ნახა დილით თანდილამ და
ბრწყინვალებით
გაოცდა.



17
-ჯერ არც ცაში ვარ,
არც ვარ მიწაში.
ჯერ ღრუბელი ვარ დაკიდებული
და მინდა ღრუბლის ნაფლეთს სახელი
აქაც და იქაც დამკვიდრებული.

შენ შემეწევი უთუოდ,უთუ,
ბარუნანას მსმელს,ლიბანზედ მთამსვლელს.
მიიღე მსხვერპლი-შავი თიკანი
და შემეწიე შავეთში ჩამსვლელს.

(და მაპოვნინე ვეშა წყლის წყალი,
მაძიებელს და აქამდე არ მსმელს).

მზის შვილი ვარ და გთხოვ,ნუ მიყურებ,
როგორც ნაშვილებს,ვითარცა მზის გერს.
ჩემი ცრემლები მსხვერპლად მიიღე,
გული ისედაც ხომ შენთვის მიძგერს.

რომ მზეჭაბუკმა და ოქროს ბურთმა
კედროვანს ვერცხლის კვერთხი დავასო,
ტყე ხარან შამშის სხივით გავბურღო,
სადაც ჯერ ვერ ხარ,იქ დაგაფასო.

ან შუა გზიდან როგორ დავბრუნდე,
გთხოვ,შეისმინო მზის შვილის აჯა.
ანუ როგორ ვთქვა,ჰუმბაბამ თავზედ 
ტყეში მისვლამდე რომ გადამა.ვა?

ჩამო,მაშორე მიმდემი შიში
სიკვდილის კართან კაცის კუთვისა
და ნახევარღმერთს ღმერთის უფლება
მარადიული მომეც სუნთქვისა.

ბუნდოვან წყვდიადს გადამატარე,
წალკოტს მაშორე ქალი მაცდური.
თორმეტნიჯნიან შავ გვირაბში კი
მოლიერების ხელის ფათური.

ვით ზიქურათის უმაღლეს კოშკზე
ზეციერ სიძეს ელის მხევალი,
შენ გელოდები სკვარამ გვირაბში
წყვდიადის ბოლოს შენი მძევალი.

შენ დამაბრუნე ჩემს დედულეთში,
გადამატარე თუკი რომ ცხრა მთას,
ზაფხულს ზამთარში რომ არ ვეძებდე,
რომ არ დავდევდე ზაფხულში ზამთარს.



18
მზემ ისმინა გილგამეშის ვედრება და თვალები მოიფშვნიტა:

-ვინც უკვდავებას ეძებდა,არც ვინ 
არ დარჩენილა,
მარადიული სუნთქვისთვის კაცი 
არ გაჩენილა.
სიკვდილ-სიცოცხლის მარქვი, რად ეძებ 
ან საიდუმლოს,
თუ საიდუმლომ დედამიწაზედ 
უნდა იდუმოს?

კარგად დამიგდე,ნახევრად ღმერთო,
შენს მზეს ყურია,
დაბადებული კაცი
სიკვდილთან უსუსურია.
უკვდავებისთვის ბევრს შენამდეც 
ულა უვლია,
თუმცა ყოველთა ცდა ამ მხრივ
ისევ განწირულია.

-სიკვდილმისჯილი დაღათუ ვარ,ვით დანაბადი
კომპრომისზეც ვარ წამსვლელი კაცი,ვით ბერებადი.
ნათლიმამასთან რა მაქვს ნათლულს ან დასამალი-
განჭაბუკების მაპოვნინო ეგებ წამალი? 

-სიკვდილის გამო არ ღირს ბევრი აურზაური,
ის მაინც მოვა-სიცოცხლისათვის ვით საზღური.
ვით საზღაური სიხარულისთვის სიბერე სუროდ
მოვა და...
 -არ მსურს დავხურო წიგნი უსათაუროდ!
სანამ სიკვდილმა არ ჩამარტყა მეც თავში ურო,
თუ მოკვდავი ვარ,დიდება მაინც დავიმსახურო.

-შენ არ გესმოდა მავედრებელი დედის მუდარა,
ვინაც შენს გამო ურუქს მოარგო გლოვის სუდარა.
ნახევარღმერთმა თუ რომ მთელ ღმერთს თავი უდარა,
უნდა ესმოდეს თავად,ალბათ,თუ მას უნდა რა.

კეთილი თვალით შენ დაგყურებს ზეციდან ანი,
ვით ხელოვანმა ქვემოდან ენქიმ შენ მოგცა ბანი,
პირადმა ღმერთმა შეგამკო,როგორც დავლათიანი,
ვით ამარ-უთუმ,გზა გიჩვენე სამ-არ(ს)-(მ)თლიანი,

ოთხივე კუთხის მადლით იარო რომ გზა მთიანი,
გაწყვიტო ეჭვის ჯაჭვი,წილობით ნახო მთლიანი.
ვალმოხდილმა კი მზერა დედისკენ კვლავ გაამყარო-
შვილისთვის იგი რამეთუა მთელი სამყარო.

თავისუფალი უნდა ნიშნავდეს არა საიდან,
არამედ გეზი აგიღია საითკენ რაინდს.
თუ გზაზე დგახარ,არ დაგაფრთხოს სიძნელემ გზისა,
არ შეუშინდე შუბლშეჭმუხნული ენლილის ამინდს.

ყუდროდან წასულს ბუმერანგი გედოს უბეში,
რომ არ დაჰკარგო გზა ბუდიდან უკან ბუდეში.



19
-დედასთან დაბრუნებულა დაღამებული სივრცისა,
დედა ჰყავს თავად შამაშსაც,მზის დედამ ესე იცისა.

ხილობდით ხილსა?იჩრდილოთ 
ხამს საკანონო აჩრდილი,
დაგიცავთ ცოდვის სუსხისგან 
დედის ნაქონი მანდილი.

-გზებში ერთი გზა სწორია და 
ბევრია მრუდე,
როგორ მოვნახო ჩემი,დროში 
თუ შევიზღუდე?
გზა ხარან-შამშის არის მაჩვენე,
მზეო,რომელი,
რომ სიბნელეშიც შენი დავრჩე 
თანამშრომელი.

ჩემო მეურვევ,მანათობელო,ელვარე მზეო!
შემიპყრო შიშმა ჩამომადნო ლამის ზეზეო.
გამოღვიძებულს მიჭირს დგომა მყარად ფეხზეო,
გევედრებოდე სხივის ბილიკს კურმუხ გზებზეო.

ნუ დამაბრუნებ შუა გზიდან უმიზნოდ,მზეო
და ნუ მომიწვენ დროზე ადრე ნერგალს გვერდზეო!
გზა გამიკვლიოს უხილავმა შენმა გორგალმა,
არ მატრიალოს ერთ ადგილზედ ბედის ბორბალმა.

რამეთუ გზაზედ მზევინარის ვდგავარ ალითა,
შინ დამაბრუნე ცოდნის ნიჭით და ნადავლითა.
შენ დამიხსენი შემბორკავი ფეხის ქარისგან
და დამიფარე "ზღვისკიდელი" მავნე ქალისგან.

არ მომაბრუნოს სადაური უკან სიდურმა
და არ მიკვანტოს სიკვდილ-სიცოცხლის გზაზედ მწითურმა.
თუ შენით მიცემს გული და შენი ცახე მაცხია,
მაშორე გზაზე ფათერაკი, სადაც მარცხია.

-შენ ხომ იგი ხარ დედის ლოცვით ვინაც მებარე,
დარჩენილ გზაზეც გამოგყვები ტყემდე მე ბარე.
რამეთუ ღმერთთა როცა შედგა ცად კომისია,
შენ დაგეკისრა კაცობრიობის შველის მისია.

შენ უნდა მოჰკლა,გილგამეშ,დევი ბნელში მდებარე,
შემასმენელი შენი ვარ ზევით,ხარ ქვემდებარე.
განვითარების უნდა სდევდე გზებით ფუნქციას,
ვინც გზას არ ადგას,ვერ განიცდის ევოლუციას.

მხოლოდ ძიებით,მოგზაურობით სხვა ვითარებას
შესძლებდე სულის ვარჯიშს,ანუ განვითარებას.
შინ დარჩენილმა,თუ მისდიე კვლავ ჩვეულ ყოფას,
უმოძრაობით მოძრავი სულის ვით იქმ სრულყოფას?



20
განბანს ღამის შიშს
მთით ჩამოღვრილი
იმედის წყარო
სხივით ანკარა
და ჩამოწოლილ 
ნაღვლიან ნისლებს
გაფანტავს მალი
ქარი ჩქარჩქარა.

შამაშმა მეფეს გადმოხედა,
ტანჯვა აკმარა.
მზე ამობრწყინდა,
ცამ ღრუბლები
არ გაიკარა.
სულშიაც დათბა,
უიმედობამ
გადაიკარა.

მადლობას უხდის მზეს გილგამეში,
ძილგალახული
და თვალებს იფშვნეტს დილის ყოილი,
ჯერ არნახული.

-ჩემს მხარეზეა სანამ ვარსკვლავი,რქით სხივიერი,
მოწმედ იმედი ამომიდგება ნაყოფიერი.
დღეს მე ვისწავლე სალაპარაკო შამაშთან ენა,
გზას გამინათებს სიბნელეში ვარსკვლავთაცვენა.
***
თავისუფლება წასვლის კი არა,
შინ დაბრუნების არის უფლება.
დამშვიდებული სულის ცხონება
და ერთი მიზნით ერთსულოვნება.

ჩიტიც სამშობლოს იკითხავს
დაბრუნდეს,სადაც ბუდეა,
მეც იქ დავბრუნდე მეგულვის,
სადაც რომ ჩემი გუდეა.

ანუ უჟამო ჟამიდან.
დავბრუნდე ჟამიერ დროზე.
კეთილ ბედს თუ არ შემიცვლი,
მწყემსების ვით მეუფროსე.

-თუ რომ გინდათ ჩრდილს ჩრდილობდეთ
და შეირგოთ ხილი ხილად,
უნდა ერთის მხრივ,იჩქაროთ,
მეორეს მხრივ-იყოთ ფრთხილად!

-უთუს უთუოდ სიზმრის დარანით
ჭაში ჩავყვები საღათას ძილით.
უკუ ამოვალ დარანჩავლილი,
რომ ფეხზე დავხვდე უთუს ხვალ დილით.

-ჩამოგბანს ღამის ნაკვალევს დილის 
წყარო აკარა,
ხამს გამოფხიზლდე,თორემ შიშით
შეგჭამს ჭა-ღა(მე)-რა.



21
მეორე სიზმარი

"ჩრდილი სამოთხეს სჯობია,როცა ყანასა მკიანო"
(ვაჟა)

ყოველი ბერუს დასასრულს გული იმედით ივსება,
იგი ხომ მაძიებელთა განუყრელია თვისება.
ბევრი იარეს ძმობილებმა,თუ ცოტა იარეს,
ამასობაში წითელი მთაც გადაიარეს.

სამ დღეში თვენახევრის განვლეს გზა და სავალი,
დასვენების დროც დადგა,ჯერ კიდევ დარჩათ საგზალი,
როს გაყინული ცაში ღმერთთა ძარღვიდან სისხლი
ლიბანის მთებში ჩამოწვა,როგორც ქათქათა ნისლი.

უთუს სხივის ზრომ მიუთითა სადგომი წყლისა,
მოგეხსენებათ,წყურვილია ზნე სიცოცხლისა.
ერჩის უწყლობა ჩოლში ჩარჩენილს და ამწარებს მწირს,
ოღონდ,ჭა თავის მსხვერპლს მოითხოვს,როგორც შესაწირს.

ისე,ვითარცა მოძრავ სხეულს სჭირდება ჭამა,
შესაწირავი მოითხოვოს მგზავრისგან ჭამა.
-შემოვუაროთ ტრადიციულად წყლის ულევ ჭურჭელს.
და გავაღრმავოთ,თუ ვიწროობით წყალს ყელში უჭერს.

სანამდე ზღვაში მზე არ ჩაიხრჩო მის წინ მანამდე
ჭა ამოვთხაროთ.დავრჩეთ ხაროსთან სანამ ანა-მდე
არ აღზევდება დაბადებული ბოჩოლა ხარად,
სანამ არ მოჰფენს ყოველ ბნელს ნათელს ჩვენს გასახარად.

თოკი ჩავაგდოთ სამმაგი,გზად რომ არ დაიქექოს...
დანაბარები ჩავაყოლოთ შამაშთან ექოს.
წყლის ძალით დავრჩეთ რომ განუყრელ კავშირში მასთან,
რაიც მიგვიყვანს ზღვაში ჩამხრჩვალ მზის ღამის გზასთან.

სანამ პურობას იქმოდნენ,თქვეს ხადა,ხადილი,
დანაყრდნენ ვახშმით (გამოეპარათ გზაში სადილი).
მთის ნიავი ხომ მაძღარ კაცსაც გაუხსნის მადას,
წყალი მოსვეს და ბოლო მოუღეს დარჩენილ ქადას.

დაქანცულებმა დაიკავეს ღამის სადგომი.
დაისვენებდნენ (სად დაღლილი და საღვთო სად ომი),
თუ უძინართა მეტოქეა მძვინვარე ლომი
და ლომს ბოკვერმა უმტვრიო უნდა კარზე ბოქლომი?



22
-ერთ ტკბილ სიზმარზე მაშუს მთებო,არ მითხრათ ვარი!
ჩამომიღვარეთ ძილში სიზმარი,ვით ნიაღვარი,
რომ ჩავყვე ჭაში ვით მზეჭაბუკი საკუთარ ჭიპლარს,
გავიგო,რაიც მზის არის(შევხვდე პირუკუ სიზმ(მზის)არ(რა)-ს)
***
შენი ვარ,მზეო,მონა-მორჩილი,
ვით მონაწილე შენთვის მოცლილი.
ო,როგორ მინდა ტკბილი,ო,ძილი
და ვარსკვლავების სიზმრად ქორწილი.

მითხარი,მზეო,სიზმარში შენი სიტყვა ალალი
და დამაფინე,თუთავ,დაღლილ სიძეს დალალი.
ახლა კი დროა,აჭიკჭიკდება სანამ ფრთამალი,
შევირგო ძილი,დაღლილობის როგორც წამალი.
***
სიზმრის სარწყავით ძილი ქვესკნელის პერიმეტრს რწყავდა,
ოღონდ,მეგობარს ძმადნაფიცი ძილში არ ჰყავდა.



23
აკივლდნენ ცაზედ იშთარ-ინანას ამორძალები,
დააჩნდა თუთას არეკლილი უთუს ალები.
დაეპატრონა სამ სკნელს ერთი იასამანი,
როს ჯადოქრობდა ერთი ხის ქვეშ
ოთხი შამანი.

როს აბიბინდნენ ვარსკვლავები 
ცად ბალახივით,
შემოეხვია გილგამეშს ღამე 
ყაბალახივით.
***
შეიქმნა ერთი
შემოძახილი
და ვარსკვლავების
მოდგა მარხილი.
ღამე დილისკენ
წელგადახრილი
მთვარის ნიკაპით
იყო გათხრილი,
უბეშიც თეთრი
ედო სამხილი
და ზურგს უპობდა
თეთრი მახვილი.
მიმოფქვეული ცაზე,
ვით ფქვილი,
იყვნენ ვარსკვლავნი...
ჰქონდათ ქირქილი:
-განქორწინდება
მთვარე მზესთან და
ისევ ექნება
ერთ სიზმარს ვალი,
ისევ მოჰყვება
მზის ჩასვლას კვდომა,
და დაბადება
გარდაუვალი.
***
მითხარი,ჩემო მთვარეო,
წუხელის რად გამთვლეო,
მთვრალი იყავი?
-სსს!.. გეშლება...
ნასსსვამი გენაცვლეო.
-მერე რატომ სვამ?
-მმმ...მაგაზედ
ვილაპარაკოთ ხვალეო.
ამაღამ ერთად დავლიოთ,
დილამდე დამაცალეო
და დამიცალე სასმელი,
რაიც შეგივსო მალეო...
მერე ერთს 
შენც შემივსებდე,
თან ცოტა დამაძალეო!
***
გათვალული და გონებაარეული,
სევდის მზრდელი და დარდების მზარეული,
ამ ფხიზლებში ვით შემთხვევით გარეული,
მთვარის ბილიკს გზებში ჯერ ვერ გარკვეული.
დავადგები ძველებურად კვლვ ეული...
-ისევ მთვრალი?
-გეკადრება?!
მთვარეული.



24
ფხიზლობდა ენქი ცალი თვალითა,
სიზმრებში იყო მეფე თავითა.
მერე კი ძილით გაკვალულ ღარში
სიზმრის ჩანჩქერთა უხვ ნიაღვარში

აღმოჩნდა ღვიძლი ძილის საზღვარში,
ერთდროულად და თითქოს სამ ზვარში.
თანდათანობით დაბნელდა თეთრი,
დაიპყრო ბინდმა რა პერიმეტრი.

სიზმარი,მეზვრე უსაზღვრო ძილის,
უჟამოს უსასრულო მანძილის
არის მფლობელი.არ ცნობს კანონებს,
თავის სივრცეს და დროს აკანონებს.
****
იქნებ,სიცოცხლე 
სიზმარია
წარსულსა და მომავალს 
შორის
და სხვათაშორის
თავისი როლი
აქვს სიზმარში
ყველა პერსონაჟს.

ჩვენ მხოლოდ გვძინავს
გახელილი თვალებით 
თითქოს,
ჭეშმარიტება 
თვალის დახუჭვას რადგან 
მოითხოვს.

როცა პირიქით დაატრიალებს 
წისქვილი ქარებს,
ნისლები სიზმარს განაქარვებს
და...გავიღვიძებთ...

და გავუყვებით გზას,სიზმარმა 
რომ გადათელა,
იქნება გიდი როცა ციცქნა 
ციცინათელა. 



25
"მეორეს რჩევა ამაოა,სად ერთი შმაგობს"

გათენებამდე მეფე დამფრთხალი ფეხზე წამოხტა:
-რატომ მეძახდი,მეგობარო,მითხარ,რა მოხდა?
ან რატომა ვარ დაოსებული და გათანგული,
ანუ რად მიცემს გათანგულს ასე ჩქარა თან გული?!

ფეხზე ვერ ვდგები,შუბლს იჭმუხნის ნუთუ ენლილი,
ნუთუ,მზე ჩაჰქრა,თუ ვარსკვლავია ჩამოცვენილი?
რატომ ვარ ძილის გამო მღვიძარი ასე უძლური,
ვინ ამიტეხა ბინდ-ბანდიმდე ტანში ბუძგური?

- ძმობილო,ლამის,მეგობარი გამხადო ძიძა,
როდის გეძახდი,რა ჯანდაბამ გამოგაღვიძა?

რა გაღრიალებს,გათენებამდე რატომ ადექი,
ანდა მთვლემარეს მთვარეული რას დამადექი?
ან რად ცახცახებ ფოთოლივით მითხარი,ძმაო,
რას დაგამსგავსა სიზმარმა მეფე და კაი ყმაო?

იქნება,რაიც გესიზმრა,არის უკვე საკმაო,
რამეთუ შიშმა შეგიღება ყურებთან თმაო.
დაწყნარდი,ცოტა წყალი მოსვი,სული მოითქვი
და რაც გესიზმრა,უემოციოდ,იგი,მოდი,თქვი.   

-სიკვდილის ზღურბლი გადავლახე ძილში სიზმრითა,
იქეთ წავედი სიზმრის მებაჟემ საით მიბიძგა.
უსაზღვრო საზღვრებს აპობდა ჩემი სულის მერანი,
რაც იქ ვიხილე ვერ აღწერს ვერა ფერის მელანი.

-დიდია შიში სიზმარში,
სულის ამოხდით განცდილი, 
თუ რაც გესიზმრა მანამდეც 
გქონია ცუდად დაცდილი.

გტანჯავს იმერი,როცა ხარ 
ამერს გადაცილებული,
დამწუხრებული პირიმზე 
ვერა ხარ გაცინებული.

-მარადიული წუთისოფლისგან
მარადიული შიში თან დამდევს.
ვით მოვერიო,მარქვი,ძმობილო,
მოხეტალე ღამეში ამ დევს?

-გადავირიო,ძმაო,ლამისა,
შიში დაგჩემდა შუაღამისა.
-ისევ მეზმანა ავი ზმანება,
კოშმარმა თავი არ დამანება.

-რამან შეგზარა,ჩემო მეფეო,
რა მაჯლაჯუნას შეეფეთეო?
-ვიყავ ქვესკნელში,არ ვიყავ შინა
ვიღაც შეშლილმა ქვა დამიშინა...

-ქარებს სჩვევია,ძმაო,ქაოსი,
წუხელაც მთათა აქ ჰქროდა ქარი,
მან შეგაწუხა გაღვიძებამდე
ალბათ კაი ყმა და ქონდაქარი.



26
-ვინ გამაღვიძა,ან ვინ შემეხო,
იქნება,ჭიდან ამოხტა ექო?
თუ უფალია,დროა,რომ მექო
იმისი მადლი.
ღმერთო,იდიდე!
სხვამ ვინ წამართვა
დაღლილს სიმშვიდე?
ან რად ვკანკალებ 
როგორც ქალწული,
პანიკისაგან 
ტვინგაძარცვული?

-ალბათ მეორე სიზმარს აჰყევი.
დამშვიდდი,დაჯე და მომიყევი,
ანის სწორფერო,ჩემო თავადო,
მეტყოდე,იქნებ,სათქმელს თავადო.
***
დაჯექი და მომიყევი,
რაც გესიზმრა იგი წყნარა.
ენლილი შუბლს იჭმუხნიდა,
თუ ჯანდაბამ შეგიწყნარა?

-წუხელის სიზმარი ვნახე!
-ნეტავ,ძმაო,რაო?
ცოცხალს რამე ეშველება,
სანამ მომკვდარაო.
მომიყევი და მიამბე
მოხდა ძილში რაო,
თუ რომ უშიშარი შამშე
შეთმა გამოგხრაო.

-წუხელის სიზმარი ვნახე.
-ნეტავ,ძმაო,რაო?
-რაც მინახავს მის გამო ვარ
შეთის ამარაო.
სჯობდა სულაც არ მენახა,
სევდამ გამფატრაო!
კანკალს ვყავარ აყვანილი
კნუტი პატარაო.

-ნუთუ,წელში შემზარავმა
ძილმა მოგხარაო?
ნუ წახდები იმის გამო,
რაც არ მომხდარაო.

-რომ გიყურებ,გულმა თითქოს
გამოიდარაო.
ჩემს გვერდით ხარ ჩემი ჯუფთი,
მეტი მინდა რაო?
***
-გარდა სიზმრისა შენთან ვარ,
ძმაო,ყოველგვარ ძმობაში.
ვერ შემოგყვები სიზმრის გზით
სამყაროს მთლიანობაში.

არ დამდევს ძილში მესიზმრე
სიზმრებით სავსე ქოთნითა
და არ მაწუხებს განსაზღვრულს 
განუსაზღვრელი ცოდნითა.

უძილობა კი მოგცელავს,
მოგსპობს ბრძოლამდე მანკითა,
ან დევს ვით შეებრძოლები,
თუ სომნაბულობ მანგითა?

გირჩევდი,ღამით გეძინა,
გეღვიძა დილით მამლითა.
არა ვარ ჩემს უდაბნოში,
რომ გიმკითხავო რამლითა.

არ დავდიოდი სკოლაში,
შორს იყო ქურუმთ მაქთუბი.
-სხვა ვინ ვეძიო მებეჭე,
მარტო ხარ ჩემთან აქ თუკი?

ვით გავუმკლავდე მოზვავებულ სიზმართა ზვავებს,
მითხარი,ძმაო,ჩემი ხილვა რას მოასწავებს?
-მოისმინება სიზმრის ახსნა,თუ მხეცი მაგობს?
ძმობილის რჩევა ამაოა,როცა ძმა შმაგობს.

თუმცა,თუ მერჩის ალღო-ინსტინქტი,გეში მე ველურს,
ვეცადო,ახსნა მოვუძებნო სიზმარს მეტყევლურს.



27
-გზას ჯანდაბაში მივყავდი
სიზმართა დერეფნებითა,
ხან ჯადოსნური ძალით და
ხან კიდევ შეჩვენებითა.

მივყავდი ძილის დერეფანს
სად არცა დრო და ხანია,
სადაც ისვენებს შამაში,
ოღონდ არასდროს ანია.

ვიყავი,სადაც არა ჭრის
კაცის ცრემლი და ფიცია.
სად გავიარე სიზმრის გზით 
სიკვდილის რეპეტიცია.

ვიყავი,სადაც სიკვდილი
სიცოცხლის სახელს ირქმევდა,
სადაც ნერგალი მეფობდა,
ხელს დედოფალი მიქნევდა.



28
-სიზმრად ვნახე მე ურუქი,
ლოგინს იწვა ავადა,
ღობეს სარად გველი ედგა,
ხვლიკი საყელავადა.

მართალს ყველგან ტყუილი და
ბრძენს ერჩოდა ავყია,
ვაითუ,ურუქს გალავნებად
გველეშაპი არტყია?
***
ბნელმა სინათლე მოიმწყვდია,მოგუდა ყელში,
დატყვევებული მისი სული ჩაიგდო ხელში
და გაბატონდა სრულყოფილ ბნელში სრული წყვდიადი,
საზარელი და შემზარავზე უფრო ზვიადი.

ღამემ დღე შთანთქა,ყოველთა ფეხქვეშ მიწა იძვროდა,
განადგურების სული ყოველ ფრონტზე იღწვოდა.
ყოველ ნაბიჯზე უკან უკუნი ემატებოდა,
უდღეურს ბნელში დღე დღესინდელი მენატრებოდა.

მიწა სკდებოდა,ჰქმნიდა ნაპრალებს,ჰკიოდა ზეცა,
როს მონადირე სიკვდილის სუნი ნესტოში მეცა.
რასაც რომ იგი დასუნთქავდა,უმალ კვდებოდა,
ნადირობით კი სულთამპყრობელი ვეღარ ძღებოდა.

დაფერფლილ ველზე მხოლოდ სიკვდილმა დატოვა კვალი,
შემხვედრს ნერგალის ნერგის თვალთა ჰკლავდა კვარკვალი,
ვინც ვერ მოასწრო დამალვა,მისი ძირს ეგდო ლეში
შემაძრწუნებელ ღამის მელამის სრულ სიბნელეში.

გამეფებული ბნელი იმდენად იყო დიადი,
გადაიკარგა ცხრა მთას იქეთ რომ განთიადი.
გზის ნაცვლად ყველგან ნაცრისფერი საბანი იდო,
გაღვიძებულმაც არ ვიცი,სიზმარს სად გავერიდო.

გაჩნდა ხანძარი,კვამლმოდებულ ზეცისკენ ალზე
იდგნენ ენები ცეცხლთა მწვერვალზე და იდგნენ ყალყზე.
მაწვიმებელ ღმერთს წარღვნის მაცნე შემოჰყვა ელვა...
-ახლა კი ვხვდები,ამხელა კაცი რამ აგაღელვა.

შემოდგა სკვარამ წყვდიადში როცა ნერგალმა ფეხი,
გრუხუნ-გრუხუნით ელვას დაერთო გამსკდარი მეხი.
შემდეგ კი ისევ აღვირახსნილმა ბნელმა ყოველი
მოიცვა.ტახტს კი დაეპატრონა ხოლო ცხოველი

და ვინც ცოცხალი გადარჩა ყველა რომ დაემონა,
უპირველესად იგი წყაროს დაეპატრონა.

როს შვიდი ცოდვა შვიდი მადლის იყო მფლანგველი,
სუყველა წყაროს შემოეხვია ირგვლივ მთლად გველი,
მიჰქონდა ღალას მისი მელამით მკვდარი გვამები,
ბღაოდნენ გველთან მებრძოლ შვილთა გვამთა მამები.

ცეცხლოვან ტახტზე დედოგველი ცალ ხელში კვერთხით,
დაჯდა. მეორე ხელში-სამყაროს პატარა კვერცხით-
უზარმაზარი შიშისმფრქვეველი წითელი გველი,
სხვათა მელამის საკუთარით გადამბუგველი.

დედამიწაზედ არსად დარჩა წყალი სასმელი
და იყო ფერფლი ქვეყნის ერთადერთი საცმელი.
ნაზარდი შიში მიტრიალებდა ცხვირწინ დანებს და
ყურჩამოყრილი ჩემი მელამი მისას დაჰნებდა.

ვხედავდი ქალაქს გარშემორტყმულ ცეცხლოვან ალში,
საკუთარ ცხედარს დავტიროდი ჩემს სატირალში.
ვით ვიქნებოდი მეფე,სადაც შიში მეფობდა,
ხელში ავყავდი მას როს კრუნჩხვა მემართებოდა.

ჯოჯოხეთიდან დაგვაჯული ჯუჯა გავრბოდი,
ვბღაოდი უხმოდ,მთელი სულით უხმოდ ვბღაოდი.
ოღონდ,გაქცეულს ბელიერმა ფეხი დამიდო,
მცემდა დაცემულს,ცოდვით სავსე განა დამინდო?

ო,რა ძნელია მარტოობა,ენქიდუ,იცი,
როცა შორსაა შენგან დედა და ძმა-ძმადნაფიცი?
-ბოლო სიზმარი წინა ორზე უფრო ავია,
უფრო საშიში და ბევრად უფრო შემზარავია.



29
"წუხელი სიზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო? _
ალვისხე რომ წამოიქცა,
ნეტავ, დედავ, რაო?"
(ხალხური)
***
-პირდაღებული უკუნის ხვრელი,
იყო ყველაფრის ირგვლივ მსახვრელი.
მე ვკანკალებდი,ამის მნახველი.
დამაკარგვინა შიშმა სახელი.

ირგვლივ ბალახიც კი არ ჰყვაოდა,
პირი დაეღო ცას და ბღაოდა,
სიკვდილის იყო ცეკვა-პარპაში,
ის ბუქნაობდა,ბნელს ჰქონდა ტაში.

მე ჟრუანტელი მივლიდა ტანში
და სულის კრჩხიალს ავყევი ხმაში.
სიკვდილის წრე კი მიმწყვდევდა რკალში,
დამდევდა უკან,ვით ნადირს კვალში.

ვკიოდი -დედა!!!
დამენახე!სადა ხარ,დედა?!
რა მინდა იმერს,დედავ დევის
არე-მარეში?
მიშველე დედა! 
გამომიყვანე ლაბირინთიდან,
დევის მუცელში
ვარ დამარხული
ცივ სამარეში.
სადა ხარ,დედა?
სადა ხარ,დედა?!
სადა ხარ,დედა?
რად არ გათენდა?
აღარ გათენდა?
აღარ გათენდა"!!



30
-მაწვიმებელი ღმერთის ხელწერა,ვიცან ხელობა,
რასაც მოწმობდა ცაერადი,ჩქაფი,ყელობა.
უკუნ ღამეში გადაუღებლად წვიმდა ლელეხი,
შეექმნა ავდარს დარიალში დარის ქელეხი.

თავად არ ვიცი,ამ ქაოსში ვეძახდი ვინ ვის,
ჰფარავდა ჩემს ხმას გრანდიოზული გრუხუნი გრგვინვის.
საყოველთაო ცოდვის მრისხანე როგორც პასუხი,
რასაც მოსდევდა სეტყვა,ბრაზით,რისხვით ნასუქი.

აღარ მოთავდა ღვართქაფ-სკარხალი,ღლოფო და რეში,
დელგმა,ლეშტერი,ჩუღუმ- ჩქაფი და თქეშის თარეში,
წარღვნის დრო დადგა ჩემი ძილის არემარეში...
იყო ადადი სპონსორი და წვიმა-ფარეში.

უკან მეწყერი იდგა და იყო მეკვლე წინ წყალი,
მიწა სკდებოდა ფეხქვეშ,ზეციდან როს კოხშინშხალი,
ხორხოშა სეტყვა ნავერღვენაში უხვად ცვიოდა.
ვიდექი ცეცხლში,ვიწვოდი და ამ დროს... მციოდა.

ცეცხლი და წყალი,
მიწა და ქარი
მე ერთს მერჩოდა,
ვიხრჩობოდი და
ქარნაცემს ფეხქვეშ 
მიწა მეწვოდა.



31
-მე ფეხადგმული მთა ვნახე ძილში,
ვით ქონდრისკაცი ვიდექ მის ძირში
და გამიკავა მე იმ მთამ ფეხი,
თითქოს ქური,ან ვიყავი გლეხი.

გეძახდი,შავ ქვებს მთა რომ მესროდა,
ოღონდ,შენ ჩემი აღარ გესმოდა.
გავრბოდი როგორც წყეული,კრული
ხახას მიღებდა როს წინ უფსკრული.
***
გულგახეთქილი მიწა იყო უკაცრიელი.
ფეხქვეშ ბიძგს ვგრძნობდი,დამადგა თავზე როცა მთიელი,
ჯერაც არ ვიყავ მაძღარი შიშისმომგვრელი ძილით,
მთიელში დევი როს სისხლიანი ვიცანი ღრძილით.

რა გითხრა,აბა?მომდევდა მთა და წინ მედო ხევი,
მზის მედოული მთის ნანგრევებს ქვე ამოვყევი.
ძნელია სულზე თევჯორიკა  თუ რომ კაცს გაზის,
ყურის ბარაბანს გიხვრეტს როცა ხმა ბუმბერაზის.

მიწა იძვროდა,შფოთავდა მიწა და პირს აღებდა,
პირდაფჩენილი მიწიდან უცებ მხეცი ამღერდა.
მისმა ღრიალმა დედამიწა გააპო შუაზე,
ამის შემყურე უხმოდ ვყვიროდი შემცდარი ჭკუაზე.

მოჰქონდა ხე და მოჰქონდა მიწა,ცეცხლს აკვესებდა,
ვისაც თვალში თვალს გაუყრიდა,მყის აკვნესებდა.
ზეცას ჰფარავდა ნაფეხურიდან გაზრდილი ბუღი,
ცა არსად ჩანდა,შემზარავად ან იყო რუხი.

ამ დროს ცის რღვევას მაღლიდან სხივით ვიღაც ცდილობდა,
თალხ ზეცას ხვრეტდა,იმედის სხივს ბნელში ისვროდა.
დამაბრმავებელ შუქმა ხარივით დამიწყო რქენა,
ამომხდა კვნესა და ჩაყლაპული ავიდგი ენა.

აპობდა რქებით შებილწულ ცას ზმუილით ხარი...
რას ნიშნავს,ძმაო,ეს სიზმარი ჩქარა მითხარი.
ვაითუ,ურუქს აღლუმია უკვე იმათი,
ვისი მიზანიც იყო,ხელთ ეგდო რომ "დუფ შიმათი".

-ამ ახალ სიზმარს,მგონი,სჯობდა ისევლე ძველი.
-თავად არ ვიცი აუტანელ შუქს ვით გავუძელი.
-მექაჩებოდა ხარი,მე მასთან ყოფნა არ მსურდა,
მოგზაურობა ჩემი ამით,თუმც,არ დასრულდა.

მელამის შუქით დაბრმავებული მუხლზე დავვარდი,
ცრემლი მდიოდა,ბედს ვუჩიოდი-ბედის თავადი.
ვტიროდი ცხარედ,ჩემი ცრემლები იქცნენ აუზად
და თვალებდათხრილს არვინ მყავდა გზის ყოლაუზად.

პირს ვაღებდი და უხმოდ ვამბობდი სათქმელს სულ-თქმითა
ვეღარ ვძღებოდი სულმოუთქმელი კაცი სუნთქვითა,
როცა უცნობმა დაცემულს ხელი გამომიწოდა,
ხელი მომხვია და მეგობარი შეშლილს მიწოდა.



32
-როს იყო ბუღი ცამდე ასული,
მიწაზე ვეგდე ძირს გულწასული,
კვლა ჩამივარდა მუცელში ენა,
როცა უცნობმა წამომაყენა.

შემომეხვია ბოჩოლას ხარი
და დამაპურა შიშით მაძღარი
იმედის პურით.მაპკურა წყალი,
გადამიმოწმა ბეჭშუა ხალი.

ჩემს გვერდით დადგა,როცა ფეხქვეშ მიწა იძვროდა,
მე არ ვიცოდი ვინ იყო,ის კი,თითქოს,მიცნობდა.
ხელი მომხვია,გულში ჩამიკრა,ყმა შემიცოდა
და მომეჩვენა,თითქოს ჩემზე რაღაც იცოდა.

თითქოს,ზიარი მელამი და ჰქონდა აურა,
რატომღაც,ჩემიანად ვიგრძნე,თან მეცნაურა
და რასაც რომ ვერ აღვიქვამდი საღი გონებით,
ამოტივტივდა ჯადოსნური ის მოგონებით.

როს წინაპართა მახსოვრობამ შუბლზედ მირქინა,
ჩემი ჯილაგის მეხსიერება მყის აღმიდგინა
და ამოიდგა ჩემი გენის ხსოვნამ ენები-
ვიხილე მოყმე (პირველ სიზმარშიც მყავს ნახსენები).



33
შენი სიზმარი საგანგაშო არა მგონია,
-მე კი ასეთი შიშის განცდა ჯერ არ მქონია.
-კოშმარს სჩვევია დაზაფვრა-კაცი მისგან დელდება,
ხოლო ნაყოფი მისი ფხიზელზეც ერთხანს ვრცელდება.

-თუ რომ სიზმარი დღევანდელი ხვალაც გაგრძელდა,
თუ მისი ზვარი იგივ სარწყავით ისევ დასველდა,
ვეღარ გავუძლო შემაძრწუნებელ მე ხვალაც ელვას,
ჩემი მელამის კოჭის ძირში ანუ მოთელვას.

-თვალებდახუჭულს შიში დაგჩემდა თვალგახელილი,
თუმცა,სიზმრებში იმფორმაცია ჟღერს გამხელილი.
დამზაფრავ სიზმრებს გკარნახობს სევდა შემოჩენილი
და ზოგი იჭვი წინა სიზმრიდან შემორჩენილი.

მოგეხსენება,რა ფართო აქვს ყველა შიშს თვალი,
იგი,ვით წყევლა,გადაუხდელი ძველია ვალი.
ადამიანზე მონადირეა შიში და ელდა,
გინახავს,სადმე ნადირი რომ სიზმრით გადელდა?

ძოღანაც გრგვინვა უბრალოდ მიწის ხმაა ვნებული,
აპსუა როცა ჟინმორეული,ამძუვნებული
და დედამიწა,ბანს თუ აძლევს,არ ეთქმის ვარი,
ქვესკნელის მორევს ერწყმის ზესკნელის როდესაც ღვარი.

დაშოშმანდება გახურებული მიწის სხეული,
თუ "ჭეშმარიტ ფურს"დიდი ხარის აპსუსეული
დანამავს ნერწყვი,აღსდგება მერმე მკვდრეთით ბუნება
და გამოიღებს ნაყოფს ცისგან მიწის ცდუნება.

როს ზეცა გრგვინავს,შესაგმანად ხარი მზადაა
და თხრილო-ხარო აზღვავებული ცისთვის ჭადაა.
თუ ვერ მიიღო წიაღმა თესლი,წვიმით ჩუქნილი,
როგორ იქნება ნისაბას საშო გადაფურჩქნული?

მარადმედინი სასმელი წყლით-
კაცთა და ვირთა,
ვით საქორწინო ძღვენით მდინარე 
თუ დაიტვირთა,
გეცოდინება,ამძუვნებული 
თუ იყო ვინა,
აქაფებული სითხე ფურს რომ 
დაალევინა.

ენქიმ დატვირთა სიცოცხლის ძალით ჯერ იდიგინა,
დარჩენილ ნაღვარს ბურანუნამ უჩვენა ბინა.
დაუდგა გვერდით "მორქინალი ვითარცა ზროხა"
და მისი საშოც ენქიმ დაღვრილი თესლით გაპოხა.

ოფლი შეიშრე,დროზე ადრე,ნუ შეცბი, ძმაო,
რადგან შიშია,დამიჯერე,ისევ ამაო.
წაქცეული მთა,ძირს რომ დაეცა,ჰუმბაბა არის,
დამხობილ დევს კი ვერ ააყენებს ძალები ქარის.

-ხარი, რომელიც რქებით არღვევდა ბნელში უკუნეთს?
-უნდა ნიშნავდეს,ჩემი ალღოთი,აზრით...
- ნუთუ ერთს?
-ხარი მზეა და მისი რქები არის სხივები,
დროა,მას მთაზედ დავხდეთ დილით მთის არწივები.

ხოლო ის,ვინაც წყურვილს გიკლავდა,შენია მამა.
მან დაცემული საბრძოლველად გაგათამამა.
ხელი მოგხვია,შეგიბრალა მუხლდაჩოქილი, 
რამეთუ ვერ ხარ საბრძოლველად ჯერ დაქოქილი.

თუ გამეგება ცხოველობით სიზმრების ენა,
ლუგალბანდაა იგი,ვინც ფეხზე წამოგაყენა.
ასე რომ,ძმაო,ნუ გეშინია,გადადე წყენა!
სჯობს,გზას გავუყვეთ,მისგან მეტი გველის შეძენა,

რადგან სიზმარი ნიშნავს,შევიპყრობთ 
რომ ბოროტ ურჩხულს,
მას მოვკლავთ,ლეშს კი საჭმელად მივცემთ 
პირღია უფსკრულს.
წინ,მეგობარო! ახალი უნდა დაწყოს ერა,
თავი აღმართე მიაპყარი მზეს შენი მზე-რა.
----------------------
პ.ს (მზერა-  ორი მზე-მზე(ქართულად)+(რა-ეგვიპტურად)=მზერა ანუ ორი თვალი)



34
"შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა"
(რუსთაველი)

ვერ იქნება დიდებული
ეჭვით დასახიჩრებული.
დევის მელამი თუ მორჩილების იარაღია,
იმედი მადლის მობიბინე იალაღია.
სანამ იმედი ჯერ არ მომკვდარა,
იგი ვქნათ,რაიც ჯერ არ მომხდარა.
შენ მზის შვილი ხარ ისევლე თუკი,
რად შეუშინდი მზეს მზეჭაბუკი?

ამაო არის შენი ვაება,
შენი მფარველი თუა ღვთაება.
დროა,დაფდაფის და დროა ბუკის-
მზე,ჭა,ბუკია-გზა მზეჭაბუკის. 

ურუქი ისმენდეს,ისმენდეს აქადი,
ასრულდეს იგი,რაც 
გვაქვს რომ დანაქადი. 
ამცნე ქიანას,გმირი ვინა ხარ,
რომ ყოველ დროში 
დროშით წინა ხარ.

თუ ღირსეული ხარ ნაშიერი 
ლერწმის ქვეყნის და შენი ქალამის.
დროა,აღმოჩნდეს შენი სახელი
ყველა დუბსართა წვერზე კალამის.

ამცნე სუყველას ვისი შვილი ხარ
ხარი,ვითარცა მხვნელი აღმათა.
რომ კალმახი ხარ,საპირისპიროდ 
თავი და კუდი ვინაც აღმართა.

-გათენდა უკვე!იმედის სხივი გულზე მედება!
-ვისაც რწმენა აქვს,გამარჯვება გადაედება
შევწყვიტოთ ახლა მწუხარება,ვაი და ვიში,
დევს ემატება ძალა,როცა ბალახს ძოვს შიში.

"ან სიკვდილი და ან გამარჯვება"!-აი სლოგანი!
გათენდა უკვე! ბნელ ღრუბელს ფანტავს ცისკრის ჩოგანი.
წინ მიმავალმა ბეწვის ხიდი არ გავაქანო,
სად მიგატოვო,იქ ქვესკნელი მე ვიაკვანო.

-ჩამოვჯდეთ ერთხანს და გზას ნელადა,
გავუყვეთ დევის საძებნელადა.



35
მესამე სიზმარი

ბევრი იარეს მეგობრებმა,თუ ცოტა იარეს,
შავ მთას მიადგნენ,(თეთრი,წითელი გადაიარეს). 
შორს იყო რადგან უსიერი ისევ ბურვილი,
ჭა ამოთხარეს,რომ მოეკლათ მზის წინ წყურვილი.

გზით გადაღლილებს მადა გაეხსნათ ჭამის წადილით,
მოჰკლეს შიმშილი დარჩენილი ბოლო სადილით.
***
ოც ბერუზე კვლავ 
გატეხეს პური,
იჯდა მიწაზე მეფე,
ვით ქური.
წინ იდგა მთა,ვით 
შავთავა დევი,
ოცდაათ ბერუს გავლით 
სათევი
მოიწყვეს,დაწვნენ
რა დაღლილები,
სიზმარს დაახსნა 
ძილმა ღილები.

-ერთ ტკბილ სიზმარზე,ჰე,მთაო,მთაო,
არ მითხრა ვარი,
ჩამომიღვარე მოლაპარაკე
ვით ნიაღვარი!
***
გათენებამდე მეფე გიჟივით ფეხზე წამოხტა
-რატომ მეძახდი,მეგობარო,მითხარ,რა მოხდა?
-რამ გაგაღვიძა,გილგამეშ,ანდა,გეძახდი როდის?
ისევ დაგიდგა გუშინდელივით ნუთუ დრო ბოდვის?

თუ რომ ბაყბაყმა არ შემოგარტყა სიზმარში ლახტი,
რამან დაგზაფრა,ალიონამდე თავს რად დამახტი?
-ვაი,რომ მარტო ვიყავი სიზმრად,და თან არ მახლდი...
გეტყოდე ყოველს,შენიღბულ ნათქვამს თუ ფარდას ახდი.

-ჩემო მეუფევ,იქნებ,გეძმო ვარსკვლავთმრიცხველი?
დაგამშვიდებდა,გაღვიძებული თუ ხარ ფიცხელი.
თუ რომ ალღო მდევს,განა ვარ მართლა ნათელმხილველი?
თუ მითუმეტეს,კლიენტი ხარ,ამ მხრივ,პირველი.

ასე თუ ისე,ვერ ვარ ხელობით ჯერ გულთმისანი,
რა გითხრა,თუკი წამოხტე ხვალაც სანამ ისანი
დადგეს?მე მხოლოდ მხეცის უნარი და მერჩის ალღო,
შიგნიდან ჩაკეტილი კარი მე ვერ გავაღო?

არ ვიცი,თავი მხეცმა მებეჭეს რად გავუყადრე,  
მითუმეტეს,რომ გსტუმრობს სიზმარი კვლავ ძილზე ადრე.
თუმცა,ვეცდები,გადმოვლახო მეც იგი სივრცე,
რამაც შეგაკრთო,დაგიკარა მედგარს სიმტკიცე.



36
-ვმოგზაურობდი ღამეში
ტრანსპორტით "ძილი ნებითა",
ვიყავ ქვემოურ ქიანას
სიზმრებში მივლინებითა.

ვიხილე,რაიც ჩემს გარდა
ჩემამდე ბევრმა ეძია,
ანუ,ქვესკნელში სიზმართა
ბინა და რეზიდენცია.
გამომეღვიძა ჩასახულს
სიკვდილის დილის კვებითა.
გავიგე,რომ სიცოცხლისთვის
გარდაცვალებით ვკვდებითა.
***
საბედისწერო ზმანება ძნელ სათქმელია ენადა,
გავყევი სიზმრის მდინარეს ერეშქიგალის ქვეყნადა.
მაგიურ ჯაჭვს მივენდე და ჩავყევი ჭას ჭა-ჭა-ნება,
ალაგი ვნახე,არ იყო ცოცხალთა სად ჭაჭანება.

-სად ომობდი,სად იბრძოდი და სად გქონდა ბრძოლის ველი?
რა გესიზმრა ისეთი რომ დილამდე ვერ გაუძელი?
ვინ გეტაკა,რა გადაგხდა,დაგაკავა რამან ანუ?
-იქ ვიყავი,არასოდეს სადაც ჩავა ციდან ანუ.

 -მეგობარი ძმა მოგიკვდეს!აზაგს ჰყავდი დაჭერილი?
თუ წაიღე წინაპართა წაპარჭიკების წერილი?
-არ ვყოლივარ ნერგალს სტუმრად,რატომ ჩემი შენ არ გჯერა?
-მაშ,ჯანდაბამ დაგაკავა,კურმუხეთმა შეგაჩერა?

-მიმაცილებდნენ შავეთს ავი ნისლის ზვავები,
სისხლისგან დაცლილ ხეებს ფოთლად ესხა ყვავები,
ყოლაუზობას კისრულობდნენ სველი სვავები-
ფოთლადქცეული ყვავ-ყორნების ნათესავები.

ნახნავს და უხნავს შორის სულთა ვნახე ბაზარი,
ჩავყევ შუა ხაზს,სად ქვემოურთა იდგა საზღვარი.
დამქონდა სული უსასოებით ამოვსებული
და უსასრულო სიარულით დაოსებული.
***
არც ძილში ვიყავ,არც ღვიძლში,
თავს მადგა ნისლის ბურანი,
როდესაც კი არ მესტუმრნენ
და მომივარდნენ ტურანი.

სუყველა მე ერთს მერჩოდა
რაიც შავი და ავია,
ვაი,რომ სულის კივილი
სიკვდილზე შემზარავია.

მძორიჭამია ტანს მხდიდა
და მიმათრევდა გეენას.
აქამდეც ვერ ვიმორჩილებ
მაშინ ჩაყლაპულ მე ენას.



37
"ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი 
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით"
(გალაკტიონი)

-ხან გვალვაში ვიდექი და
მასველებდა ხანაც ზესხმა.
ვერ ვხედავდი ვერავის,როს
დამედევნა ყველას მე ხმა.
-----
უფსკრულის პირას ვიდექი,
უკიდურეს განსაცდელში.
საზღვრის ზოლს მაზომინებდნენ
შავეთის ბნელ გასახდელში.

ერთ სამარეში ვიხილე
ერთად მარჯვე და ცაცია,
ვნახე საგანთა უარით 
ფორმათა დეფორმაცია.

ვიყავი იქ,სადაც ყველა
იყვნენ გადაჩქვე'ფილები,
ცა არ მეხურა ქუდად და
ფეხქვეშ არ მედო ფილები.

ვნახე სადგომი ცოდვილთა
ბევრეულითა ბევრისა,
ქვიშის სადილს რომ ჭამდნენ და 
გზას ადგნენ ბელიერისა.

ვიყავი,სადაც არასდროს 
არ გამოჩნდება ისანი,
სადაც დგას შვიდი დევი და  
საშო აქვთ ერთ დედისანი.

ერთგან ვიხილე შვიდივე
მე ქვემოურთა მაცნენი,
ვით შვიდი ბუმბერაზი და
ვით ერთი დედის და ძენი.

პირველი-ძმებში უფროსი,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვიხილე,ვით კაცთა მტერი
და მადლიანთა მძრახველი.

მეორე -გველეშაპს შევხვდი,
სისხლიან ხახადაფჩენილს,
მესამე-ურჩხულს წავაწყდი
მახინჯ და ეშვებდაღჭენილს.

მეოთხე-წარღვნა აღმოჩნდა-
მომსპობი თავის ღალითა,
მეხუთე-უხსენებელი
დგა მომნუსხველი ალითა.

მეექვსე ვერ გავარჩიე,
ჯანღში დგა უცხო ცხოველი.
მეშვიდე-ქარბუქი იყო,
ყოველთა გზად წარმხოცელი.
***
ვნახე სიკვდილის პირველი სახე
პირველყოფილი სიზმრის წუთითა.
გადავიარე თორმეტი მიჯნა
ზღვარგამიჯნულმა ოთხივ კუთხითა.

გადამისროლა სიზმრის ნაკადმა
ბუნდოვანეთში გარიდებული
ნისლოვან ტყეში.უმისამართო
უდროო დროში გარინდებული

ვიდექი,სადაც არ ვიყავ მეფე
და ჩემგან მხოლოდ ჩემი"მეობა"
დარჩა იქ,სადაც სულ სხვას ებარა 
მეურვეობა და გამგეობა.

თანდათანობით გამოიკვეთა
როცა "საგანთა უარი" ნისლში,
აღმოვაჩინე "მეობა"ჩემი
კაცობრიობის ნაგუბარ სისხლში.



38
"როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, 
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! 
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, 
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე". 
(გალაკტიონი)

-ჩავღრმავდი და ჩავუყევი
კვლა ლაბირინთს ჭა-ჭა-ნება,
ვერსად ვნახე მე ცოცხალი 
კვლავაც კაცის ჭაჭანება.

იყო ყველგან არავინ და
იყო არსად ყველგან ყველა,
გვალვის შკვალი მახრჩობდა და
თავსხმა იყო ამ დროს ზღველა.

ვმოგზაურობდი შორეთში
გვამიდან სულამოხდილი,
უდროო დროში ვიყავი
დროებით მოხად-მოხდილი.

საზღვრის გადავლით მინდოდა
ჩავღრმავებოდი იმ "მეში",
რომელიც უნდა მენახა
აპსუს უფსკერო სიღრმეში.

მენახა ფსკერზედ ის თიხა,
საიდანაც რომ აგური
კეთდება,რომლითაც ჩვენი
ციხეა შემოფარგლული.

ვიდექ სულეთის საზღვარზე
სულის სამოსელგახდილი,
სიშიშვლეს ვერ მიფარავდა
ნისლშეთითხნილი მანდილი.

ხმალმოშიშვლებულ ქარებმა
ხორცი-სამოსი,სხეული
წამღლიტეს,ვიდექ საზღვარზე
ტანსაცმელშემოხეული.

ხორცშემოგლეჯილს მესმოდა,
როგორ მიცემდა მე გული.
უსაზღვრო ტკივილს ვებრძოდი
საზღვრით დაფილენჯგვებული.

უფორმო კორიანტელში
ვიყავ სიცივის მნახველი,
შავი ზღვის გარდა სამ ზღვათა
სამზღვართა გადამლახველი.

ვიხილე ჩემი ცოდვილი
ერი ნისლიან ნამქერში
და ხალხთა მეხსიერება
დავიწყებათა ჩანჩქერში.

თეთრი ნისლიდან სიკვდილი,
ვითარცა ცალრქია ხარი,
მომივარდა და მარყია,
მაცილმა მიქცია მხარი.

დავრჩი ნახევარღმერთისგან 
ნახევარკაცი დაღლილი.
წინ გზა არ ჩანდა,წაშალა
ქარმა რაც მქონდა გავლილი,

როცა სხვა რიგის ღმერთების 
ვნახე ხარხარი-ხიოლი.
არ იყო უცხო მხარეში
ჩემი"არყოფნა" იოლი.

უყურო ყურში მესმოდა
აჩქარებული გულის ხმა.
ფარდის მიღმა ის ვიხილე,
სიზმარმა რაც იგულისხმა.

თუმც,არ მინახავს ის თვალით,
შევიგრძენ მე იმ გულითა,
რომელიც უკვე არ მქონდა-
(გასახდელს დაკარგულითა). 

ქვესკნელ-ზესკნელის გამყოფი 
სიზმარში ვნახე დარანი-
სამოგზაურო გვირაბი,
სადაც დემონთა ფარანი

ზე-ქვე მი-და-მო დადიან
სამოგზაურო კიბითა.
ვიდექ სიცოცხლის ხის ძირში
გრანდიოზული რიდითა.

სხვა რიგის ძალას მივყავდი
თავისი ძალის ნებითა,
ხან ვიწრო,ხან კიდევ ფართო
უსარკმლო დერეფნებითა.

ამ სურათს ცვლიდა მეორე-
ხეივნის გზა იფნებითა.
დავგმე გზა ცნობის წადილის,
ვადიდე მოთმინებითა.

ნისლები აღას იღებდნენ
ხან გველის,ხანაც დევისა.
მეც ნაცრისფერი დამედო,
ფერი გარდაცვალებისა.

ვიყავი როს შემურული 
შუმერი ნისლებჯანღითა,
თვალს ვადევნებდი საკუთარ 
თავს მე სხვადასხვა აღითა.

ნაცრისფერ სოფელში ვიდექ,
"სვინ ეიდისის" მოწილე.
მერჩოდა ერთს ორის წილი,
ვითარცა სულის მოცილე.

დამდევდა უკან ნამუსი,
ავი ძაღლივით მიყეფდა.
კარებზე ვაბრახუნებდი,
ოღონდ,არავინ მიღებდა.

საცრისოდენა თვალებით 
თავზე დამადგა შიში და
წინ ვერ გადავდგი ნაბიჯი,
ხევი უკანსვლას მიშლიდა.

გავრბოდი,თუმცა,ვერაფრით
ვემალებოდი ჩემს შიშებს.
აკანკალებულს პირს მჩრიდნენ
თმებისგან დაწნილ ქიშმიშებს.

არ მქონდა არცერთი ასო,
ვიყავი თუმც კუზიანი
მძიმე ცოდვისგან. დავრბოდი
დარდისგან ხიზმუზიანი.

არ მქონდა ასო არცერთი
და ყველაფერი მტკიოდა,
თვალი არ მქონდა,ცრემლი კი
სულ ღაპა-ღუპით მცვიოდა

და ვცახცახებდი უხორცო,
ვით ვერხვი ვერახოვანი.
მარცხნიდან მარჯვნივ დამადგა
ერთი და ორსახოვანი.

და მაგიური ორითა
ერთმა ორს ვერ ვექომაგე.
თურმე ყოფილა ყოველთა
საწუთრო რა"ორგემაგე".

ხან კულისებში ვიყავი,
ფარდებშიც ხან გახვეული,
ხანაც სცენაზე შემაგდეს 
შიშველი,თვალახვეული.

ვიყავი პასუხმგებელი
უხეცესთა წინ მე პირად.
გაკვეთილს ვერ ვაბარებდი-
ლექსს ვერ ვამბოდი ზეპირად.

ხანაც მოვალე მომდევდა 
-მომეცი ჩემი ვალიო!
ხან გუთიელთან საწოლში 
იშხარა ვნახე ქალიო.

ხანაც მბორკავდნენ ბურვილში
ნაცრისფერ ნისლთა ქულები,
ხან კუდიანი მომდევდა,
ხან მისი მოციქულები.

ერთ კადრშიც გამომეკიდნენ
ავი სულები ცოცხითა,
მოვცოცხე,სადაც დევს სუფრა 
გაეწყო კაცის ხორცითა.

(ჩემი ხნულიდან რატომღაც
დევთან აღვმოვჩნდი ერთ ხნულში).
დემონთა წრეში ჩავები 
დევური ცეკვის ფერხულში.

დევების დედა ვიხილე
თავზედ სალუდე ქვაბითა,
უნდოდა გამასპინძლება 
სისხლში ნაზელი ჭადითა.

მიპატიჟებდა სუფრასთან 
დევების მე მეჰმანდარი:
"უხვად გვაქვს კაცის ხორცი და
გავაჩაღოთო ღადარი".

შინ დამპატიჟეს,მირჩევდნენ
ქვიშის სადილის ჭამასა.
ერთმა კი თვალი დაადგა
უთუს ნაჩუქარ ყამასა.

მითხრა:"მომყიდე,თუ არა
მაინც წაგართვა ძალითა"!
არ დავთმე ჩემი ნაწილი,
არ მოვიხიბლე ალითა.

სადილი რომ დავიწუნე,
სულს მიქოლავდნენ სულ ქვითა.
სიკვდილს ვუხმობდი მკვდარი და
ვეღარ ვძღებოდი სუნთქვითა.

ქაჯავეთს ღვთის მონათული
დევს ღვთის ვეგონე მე ბუში,
ჩამაგდეს გათხრილ ორმოში
სისხლით ატალახებულში.

გადელებული დევები
მლახტავდნენ ტყავის ლახტითა,
უნდოდათ ჩემთან ზიარი
გრანდიოზული აქტითა.

ვყვიროდი,თუმცა,არ მყავდა
თან ნანდაური არავინ.
საკუთარ სულის კივილის
მესმოდა ხმა შემზარავი.

ერთგანაც პირდაფჩენილი 
ურჩხული სპილოს ეშვითა
იქმოდა სულის ცდუნებას
საგანძურების ეშხითა.

უხილველი გზით გავრბოდი,
თუმც,ვერ ვიპოვე მე ველი
დასაწყნარებლად,რომ სულის
მეპოვა სასუფეველი.

ის იყო,წამომეწიენ,
წინ შემხვდა როს რძის მდინარე,
ვცურავდი ძილში ჩქარჩქარა,
რძეს მივაპობდი მძინარე.

დევები თეთრ მდინარეში
ვერ შემოვიდნენ ცოდვითა.
პატარა მადლმა დიდ დევებს
გადამარჩინა...
-მოდი და,

ნუ დაიჯერებ სასწაულს,
რაიც სხვა რიგის ხელშია,
წყალს ფეხით გადაგატარებს,
ხელს მოგაშველებს ხევშია.

რა დიდი ძალა ჰქონია
პატარა მადლის აუზებს,
თუ რომ მხეცს გზაში დაბორკავს,
თუ რომ დევს დააპაუზებს.

-სხვა კადრში ზურგზე მომახტა
ვინმე ქეჩ-ბაზი,მაცილი.
უხსენებელიც მომდევდა,
მასაც მზის სურდა ნაწილი.

სიკვდილის შემდეგაც მდევდა
ღვთის სვიანს ავი და გველი.
ქაჯური ენა მესმოდა,
თუმცა,არ მახლდა მთარგმნელი.

მეუბნებოდა:"თუ ნაწილს
მაჩუქებ შენის ნებითა,
აგავსებ განძით,გაგატან
უძირო ჩახანებითა.

უფალი იმედს თუ გაძლევს,
მას ვერ შეიგრძნობ ხელითა.
მე კი ხილულად მოგართმევ
განძს,განა დაპირებითა.

სანამ რომ ძალას ვიხმარდე,
მანამ მოვედი სათქმელად.
იმედი არც იჭმევა და
ვერც გამოგადგეს სასმელად".

გავრბოდი ხიდზე,რომელიც
კაცის თავებით ედო და
მალიად გადავირბინე,
(ჩქარჩქარა იძირებოდა).

მივრბოდი შეუჩერებლად,
რომ ამეცილა მახვილი.
დაუღლელ მზეს ვეძახოდი,
როს ჩურჩულებდა ძახილი.

ზამთარ-ზაფხულის საზღვარზე
ვიხილე მზის პირქუშობა,
ვირზე შემჯდარ ღმერთს მერჩოდა
ღვთაებრივი ღა'ბუშობა.

ზემოურ მზის შვილს მიცნობდნენ
ქვემოურები დაღითა,
თუცაღა,ფერნაცვალები
ვიყავ სხვადასხვა აღითა.

ცეცხლში ვიდექი,სასმელიც 
არ მქონდა ცოტაოდენი,
ცოდვებით თავდადებულთა
როს ჩამომკიდეს ორდენი.

ნისლებში ჩაღრმავებულმა
ვიცანი ღრმულში ენლილი...
ვიყავი გაკვირვებისგან
პირადად პირდაფჩენილი.

ერთ დროში ვიყავ სამგან და 
ვიხილე ერთგან სამ არე.
მარადიული სამართლის 
მო-სამ-არ-თლე და სამარე.

ერთგან შეყრილნი ვიხილე
მტყუანთან ერთად მართლები.
თუცაღა,ღრღნიდნენ ორთავეს
გაუმაძღარი მატლები.

უიმედობის ჩანჩქერში
ვიხილე ღმერთი დაკლული.
ყელამდე სისხლში ვიდექი
შიშით თვალგადმოკარკლული.

ვიყავ არ ყოფნის წიაღში 
უჟამოდ დადუმებული,
ხმაურიანი ქვეყნიდან 
დუმილში დაბრუნებული.

თავად თავადი ვიხილე 
ბნელში სხვადასხვა სახითა-
საშოში პირველყოფილი 
აღით თუ ჩანასახითა

-შენმა ნათქვამმა განამტკიცა ჩემი ვერსია,
რაიც არ ითქმის,ნახვა მით უფრო ვაშინერსია.



39
-თურმე,ამქვეყნად რაც ხდება,
არაფერია სულერთი.
სუყველა სულამოღებულს
პასუხს მოგვკითხავს სულეთი.

სუყველა ცოდვის და მადლის
ხდებაო ჰამრობ-აღრიცხვა.
გველის თუნდ მცირედისათვის
სერიოზული გაკიცხვა.
***
დაკიდებული ვნახე უკუღმა
სალოცავი და კაცთა საყდარი.
მითხრეს,ეს არის ფარისეველთა
სამკვიდრო,ანუ მითხრეს სად არის

იგი,ვინც თითქოს წრფელად ლოცულობს,
როცაა თავად ყოვლად წამხდარი.
ვინც მსუქანია,როცა მარხულობს
უმარხავადაც მრევლი გამხდარი.

მითხრეს,უკუღმართ მლოცველებისთვის
თავუკუღმა დგას ჭაში ჭადარი.
საჩრდილობელი არა ჰქონიათ
და მათთვის კაცის ოფლი ჭად არი.
***
-ვინც უეცრად დაგვეკარგა 
აღარაა ის აქ,არა...?
-მისთვის მუდამ მორაკრაკებს 
წყარო წმინდა,ვით ანკარა.

არაფერში ეხარჯება
 არც ჯაფა და არცა ფული...
-მაგას თავი დავანებოთ,
მარქვი,ომში დაღუპული

რასა იქმს და როგორ არის,
გაქვს რაიმე მოსაყოლი?
მას დედ-მამა თან ახლავს და 
დასტრიალებს თავზედ ცოლი.

-ვისი ლეშიც ველზედ ჰყარს და
ჯერაც დაუმარხავია?
-მის სულს შვება ენატრება,
ძნელი მოსანახავია.

-სანთლის დამნთები რომ არ ჰყავს,
იმის სული სად იქნება?
-ნასუფრალში,ან მშიერი
სანაგვეში იჩიჩქნება...

-ვინაც სხვას აზარალებდა,
ანუ იყო მავნებელი?
ჭაკადაა,თუ წავიდა 
ცოდვამოუნანებელი.
***
ერთი შვილის მამა ვნახე,
გამხმარ პურს იცოხნებოდა.
სამი შვილის-წყალს სვამდა და 
მისაჭმელზე ოცნებობდა.

ოთხი შვილის მამას დიდი 
ტრაპეზი ჰქონდა გაშლილი...
-ხუთის?
-მეპატიჟებოდა 
პურმარილზე ხელგაშლილი.

ვინც ექვსი შვა,რას იქმოდა,
რას შვებოდა იმის ლეში?
სანოვაგე უხვად ჰქონდა,
იჯდა ოქროს სასახლეში.

-შვიდი ვაჟის მამა?მითხარ,
მითხარ,იყო თუ რა დღეში?
-ჩვენ ვიკითხოთ,თორემ იგი 
იყო ნამდვილ სამოთხეში-

არხეინად ქეიფობდა 
შვიდი ვაჟის ერთი მამა.
ღვინოს სვამდა მამაღმერთთან,
რამეთუ გა-
ათა-
მამა.

უხვად ჰქონდა ჩიხირთმა და
შემწვარი და მოხრაკული,
ღვინო ცოლიკაური და
შამპანურში ორაგული.

რძით გაზრდილი გოჭის ხორცი,
მზეზე შეპიწკინებული.
ნიგვზიანი ბადრიჯანი,
ჩახოხბილი ჩინებული.

ნერწყვს ვყლაპავდი უხორცო და
კინაღამ ამომხდა სული,
როცა ვნახე ჩვენებურად
თეთრ ღვინოში ჩაშუშული

ირმის ხორცი და მომწყვიტა
მშიერს თვალი ოჯახურმა,
სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა,
ხუმრობდნენ და ჰქონდათ ხურმა.

იგი განსაკუთრებული
თურმე უფლის ნუგბარია.
ისევ გინდა გაგიგრძელო
გურმანმა საუბარია?

-გეყო,ძმაო,ნუ დამღალე
ნერწყვის ყლაპვით,ძმობაშია.
წავიხემსოთ ცოტა,თორემ
ნაამბობმა მომაშია.



40
-სურვილით ამოხეთქილი
სიცოცხლე ვნახე წყვდიადში
და ყოველივე ხილული
საერთო დედის წიაღში.

ვიხილე სიღრმეში ერთი
მოხუცებული გრძნეული,
შავეთის კარმიდამოზე
სითეთრით გამორჩეული.

მუხლზედ დავეცი მხურვალე,
გაციებული ოფლითა.
ვერ ვიხსენებდი სიტყვებს და
ვამბობდი გულის ლოცვითა

-ძეო,მზისავ,
ძეო,ცისავ!!!!
სიცოცხლეო საწყისისავ!!

ერთში ვარ თუკი რომ ორი,
ვერ გამიგია,ოხ,ერთი.
სამ-ოთხე სად დამიმალე
მაჩვენე თუ ჯოჯოხეთი?!

არ ვიცი,ვინ გაიგონა
უენოდ თქმული ხმა მუნჯის.
სხვა რიგის მანქანის ძალით
აღვმოჩნდი როცა ფასკუნჯის
ზურგზე ქარების სიჩქარით.
მიწისკენ მიწისქვეშიდან 
მომაქროლებდა გაძარცვულ 
მწყემსს საკუთარი ლეშიდან.

დამეწეოდა სანამდე
ცხრათავიანი ცხრა დევი,
წითელი კაბა ჩამაცვა
გუგულმა ნაუცბადევი.

ამ ქვეყნის სხეული მომცა,
ისევ ამასხა ტანზედა.
გამომიყვანა ნისლიდან
და მომიყვანა აზრზედა.

კვლავ სასიცოცხლოდ განვეწყვე,
მომესმა მიწის გუგუნი.
წითელ მოსასხამს კერავდა
სახელდახელოდ გუგული.

თუმცა,ვერ ვიყავ ბოლომდე
ჯერ გონებაზე მოსული,
ორჭოფით,ორჯერშობილი,
გარდაცვალებით ორსული.

საზღვართან შევხვდი ჩემს ორანს,
ანუ საკუთარ ორეულს,
თვალებს მიყრიდა თვალებში
ცოცხალს და სიკვდილმორეულს.



41
-ცოდვა-მადლს შორის ვიდექი ერთი,
ვით გასაყოფი,
როს მაქეზებდა სიცოცხლის ხის 
ერთი ნაყოფი,
გამოვიარე განსაცდელი
კაცის სამ-ყოფი,
კაცთაგან ერთმა
ჯოჯოხეთში ვინც ვარ ნამყოფი.

დედის საშოში,მამის წიაღში
საშინელებით სავსე უკუნი
გამოვიარე,მესმოდა უკან
ვულკანის ნთხევის ხმა და გრუხუნი.

გზაში ვიღაცის ხმა მაფრთხილებდა:
"არ მოიხედო უკან არაფრით,
გაასწრო უკუნს უნდა მალიად
სიცოცხლის დროშის გაშლილი აფრით.

დროა,შამაშის დროში დღის დრო-შა(მაშის)
რწმენის,იმედის გულში გაშალო.
რომ ხარის შვილზედ ვერ თქვას ვერავინ
"ავადმყოფია ზროხა ხაშალო".

უნდა იჩქარო!წამით იღება
უკუნის კლდეში ღამის ჭიშკარი.
უნდა იჩქარო,მორიგე ღმერთმა
არ ჩაგიკეტა სანამ ცისკარი".



42
ვეძებდი მზის სხივს,დავდევდი შამაშს და ოფლიანი
დავეცი,როცა მზე ორჭოფილი და ჭორფლიანი
დამადგა თავზე.მომითათუნა რა მხარზე ხელი,
ამოტივტივდა ქვე-ცნობიერში უცებ სახელი

ლუგალბანდას და იმედიც ჩადგა მწირ კალაპოტში,
მამა ვიცანი თავზე რომ მადგა იმ კეთილ ბოტში.
რა გადავყლაპე ბნელში სინათლის მე ერთი აბი,
უცებ მომეცა რწმენის ძალით წინსვლის საბაბი.

როს დავინახე გაბრწყინებული სინათლე,ცრემლით
"დიდება შენდა!"-ამოდგმული წარმოვთქვი ენით.
-საკმარისია,რაც ვიჯლიგინე დარანის ცხენით,
დროა,რომ მარდუქს შევეგებო პატივისცემით.

მარ შამში,შამშუ შა,შამე!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!
მარ შამში,შამშუ შა,შამე!!!



43
"ბუნება მბრძანებელია, 
იგივ მონაა თავისა, 
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, 
ზოგჯერ მქნელია ავისა; 
ერთფერად მტვირთველი არის 
საქმის თეთრის და შავისა; 
საცა პირიმზეს ახარებს, 
იქვე მთხრელია ზვავისა".
(ვაჟა)

მე ვარ მწყემსი და მადევს იმ ქვეყნის როგორც მწყემსს ნიჭი,
სადაც მოეჭრა ახლადშობილ სამყაროს ჭიპი.
მე ვარ იმისი წილი,ანუ იმის მისხალი,
ვინაც აქცია ქალაქად მიწა ჩვილი,ცინცხალი.

ორი წყლის შუა ვარ შემკობილი ორი თვისებით-
მტკნარი და მლაშე წყლებით ერთი სურა ვივსები
ორჯერ შობილი მ(ე)ორჩ(ვ)ილი ვარ მე ორი ხვედრის-
მამრის მტკნარ წყალს ვსვამ,მაწვიმს ციდან როს მლაშე მდედრის.

ზესკნელს და ქვესკნელს შუა სკნელში ვდგავარ ეული,
ორი მდინარის ბუნების შორის ვით მოქცეული.
თიამათის და აპსუს შუა მთელ სამ-(მ)ყ-არ-ო(რ)ში,
იდიგინას და ბურანუნას ვით ერთ ხაროში.

ვარ შუამავალი ცასა და მიწას შუა გაჩხერილი,
ადამიანს და ღმერთებს შორის დამაქვს წერილი.
მეტის მოსურნე ვერ ვეგუები რახან მე ნაკლებს,
გადავალაჯო მსურს შემოთარჯულ კედელთა ფარგლებს.

ვარ უფლებებით მწყემსი,მწყემსის მიწაზე,მე ყმის,
ზესკნელ-ქვესკნელის ღვარი ერთ სურას რომელსაც მერწყმის,
თვით ვარ პატარა თიამათი შუაგახლეჩილი,
ერთიანობას ვუხმობ ჩოლში ხმაჩახლეჩილი.

ვით მზის ნათლული,ერთის მხრივ,ვარ 
შავის მოძულე
და მეორეს მხრივ,შუამდინარეთს
ერთი მ(ე)ორწმუნე
ვარ მოციქული მოქცეული ორი დინების
შუა.მესამე გზაა ჩემი-თვითდადგინების

და ნახევარღმერთს ცოდვით სავსე დედამიწაზედ,
ვით ნახევარკაცს დამდევს ორი შემოჩენილი,
თავის მხარეზედ მექაჩება ორივე მე ერთს-
დიდი ცოდვა და პატარა მადლი შემორჩენილი

და ორივესგან აქეთ და იქეთ დაწუნებული.
ვდგავარ მათ შორის შუა მდინარეს დარწმუნებული.
ვარ გაჩხერილი ორ ჭკვიანს შორის ერთი სულელი
და არ მთავრდება უსაშველო ორთა დუელი.
--------------------
არ ვიცი,როგორ გავუძლო
მეორე მესთან მე ამ ომს,
მითხარით სანამ ვიქმოდე 
ვერძი კურომდე სამ ნახტომს.

ორი მდინარის შუაში
ვქნა,ავირჩიო რომელი?
მესამე გზაზედ ორს შუა 
თუ ვრჩები შუამდგომელი.



44
„ღმერთი არის დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული, ომი და ზავი, სიმაძღრე და სიყმილი” 
(ჰერაკლიტე). 

ვარ ჯავრის მინჯე ჯანღის ბიჯით ჯანგაცვეთილი,
ვბღავი ხმელეთზე ორ წყალს შუა ხმაჩახლეჩილი.

ღამეა ბოროტის მინჯე,
დღე პატრონია სიკეთის.
ორივე შვილიშვილია
ერთი საერთო დიდედის.

ზოგჯერ ბოროტი შავ საქმეს
კეთილის ხელით აკეთებს,
ზოგჯერ ზედმეტი სიკეთე 
ახარებს ავ განაკვეთებს.

ღამე დღის დასასრულია
და დღეა ღამის გამრღვევი.
სიზმარი მხოლოდ ხიდია
და მეც სიზმრის გზას გავყევი.

ხან ნათელია,ხან ბნელი.
ხან ადრეა,ხან გვიანი
და ამ ჭიდილის შუაა
რატომღაც ადამიანი.

საფლავზედ ია ამოდის,
სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი
და უსასრულოდ გრძელდება
განუსაზღვრელი ჭიდილი.

ორივეს ერთი ბინა აქვს
ერთი ბუნების უბეში.
ხან ვზივართ ოქროს ნავში და 
ხან ყელამდე ვართ წუმპეში

შექმნის და განადგურების
იდეის მატარებელთა,
ხილულის და უხილავთა
საერთო დამბადებელთა.

ასე თუ ისე,ჩვენ ან ვართ
მიმდევნი,ანდა მონები
ხან ანგელოზი გვიფარავს
და გვხრწნიან ხან დემონები.

ხან ახალგაზრდა მივდივართ,
ხან სულს მივათრევთ ღაბაბით.
სუყველა ერთ გზას ვადგავართ,
ოღონდ,სხვადასხვა საბაბით.

რამეთუ,ასე ინება 
ხმამ,სიტყვამ-თქუა ენითა.
დავიარებით წრებრუნვის
უსაზღვრო ფენომენითა.

ხან ზევითა ვართ,ხან ქვევით
წრებრუნვის კარუსელითა.
ჩვენს ირგვლივ წრეა შეკრული
გაურღვეველი ქსელითა.

სჯობდა არ დამძინებოდა,
ან ღამე თეთრად მეთია,
სჯობდა რომ სულ არ გამეგო,
რომ სამი,ორი ერთია.

აქეთ და იქეთ გვატარებს 
თავისი გზებით დარანი,
სანამ ღვთის სისხლით ივსება 
მარ-ა(რ)დ-იული მარ-ანი.



45
 “ღრმაა ჯურღმული წარსულისა” 
(თომას მანი)

სიზმარი,რაიც გილგამეშმა ენქიდუს არ გაუმხილა,ანუ გასაუბრება უთნაფიშთიმთან.

-რისთვის დააგდე,მარქვი,ურუქს აღმა ერია,
თუ მდინარეთა დასაბამს იქეთ არაფერია,
თუ რომ მთავრდება მასთან სამყაროს განი და კიდე,
ან ეს ენქიდუ ჩასაგოზად რას აიკიდე?

ნუთუ,იმისთვის დააგდე ზერე შენ შუასკნელი,
ქვესკნელს პასუხი რომ ეძიო უკანასკნელი?
კაცურად გეტყვი,სოფელი ძნელი ასატანია,
ხოლო ფინალი ნაღვლიანი და დასანანია 

და შეეგუაო უნდა ამ მწარე შენც რეალობას.
დაბრუნდი ურუქს! უსმინე ქურუმ ქალთა გალობას.
იცხოვრე,ჭამე,იქეიფე!-შეგრჩება სხვა რა?
თესე სიკეთე! მოკვდავისთვის ხომ მცირედიც კმარა.

ღამეს დღე მოსდევს,ნათელის ბოლოს იწყება ბნელი.
შეუწყალებელ სიკვდილს ნუ ებრძვი,აუცდენელი
იგია ყოველ დაბადებულთა წესი და ხვედრი,
სუყველა კვდება,რასაც იმქვეყნად დაბადებს მდედრი.

ბოლოსდაბოლოს,ამაოა გარჯა ყოველთა.
ჟამს ვერ გაუძლებს ნახელავი ვერა მშრომელთა.
დროებითაა მიწაზედ მტერი,გინა მოყვარე,
დროებითაა უფულო და ფულის მოლარე.

აი,ამაზე იფიქრე,თუ რო წამით შეჩერდი,
ბალა გაუვა ყოველს,რასაც აზის ბეჭედი.
რომ იტყვი "წყალი არ გაუვაო",გაუვლის მასაც-
პატარა ქვასაც და აღმართულ გოლიათ მთასაც.

წყალი წალეკავს,ან ცეცხლი შეჭამს სახლებს და თივას...
-მე გამოსავალს ვეძებ,ვეძებ ალტერნატივას.
-არაფერია უკვდავი გარდა-ცვალების გარდა,
ღირდა ამისთვის გადაგეწია სამყაროს ფარდა?

-მაგრამ შენ ხომ ხარ ამ წესიდან გამონაკლისი,
თუ გამოსცალე ბოლომდე უკვდა'ვების საწმისი?
თუ მეც გავივლი ტანჯვის გზაზედ ყოველ განსაცდელს,
ხომ შეიძლება,მეც გამოვკრა ხელი საწადელს?

თუ ნაკაცარი გაგაღმერთეს,ვითარცა ღირსი,
საკანონოსაც ხომ ჰქონია გამონაკლისი?

-აქ ჟამეირი ნუ მასწავლი განცდას ამიერს,
იმას,ვინც სცნობდა ყოვლად ქაოსს,დასაბამიერს.
წარღვნის მორევში ვინც ვიყავი ხმელთან შთანთქმული
გადარჩენილი ერთადერთი ვინც ვარ განთქმული.

ერთადერთი ვარ მოწმე მე წარღვნის და კატასტროფის,
(შენი ამბავი...დიდი დიდი,ღირსია სტროფის).
ესეც არ იყოს,მე უკვდავება არც მიძებნია,
განსაცდელისთვის მედალი არ დამიბნევია.

წარღვნის წყლებისთვის,იმ წამებისთვის,რაც ზღვამ მაფურთხა,
ენლილმა უკვდავება მომცა,მანვე მაკურთხა.
ხოლო მეუღლე,ჩემი მეორე ვით ნახევარი,
უკვდავი გახდა,მარადიული როგორც მხევალი.

აწ აჩაგვრინებ ქვესკენლს ტყუილად,ძმობილო,ნუ თავს.
ცხრა თვეში გაგხდის მდედრის ნიჭით დიაცი უკვდავს.
შენც შენს ეცადე-დატოვე კვალი მამრის უნარით,
ხოლო აქედან გაგისტუმრო დროა უარით.

-თუ რომ სიკვდილი საკანონო კაცის ვალია,
თუ რომ ყოველი დაბადებული წარმავალია,
არ გემეტებათ თუ რომ ჩემთვის ვეშა წყლის წყალი,
რა ბედენაა ქვესკნელში,მართლაც,ჩემი წანწალი?

გადამილახავს ლაბირინთებთა თუ ბარიერი,
არ მინდა ცის ქვეშ დავბრუნდე სულ მთლად ხელცარიელი.
სიბერე მაინც დამიპაუზო იქნებ აღძრული,
არ მოვკვდე მისგან გვარიანად რომ გალანძღული.

ჯანზე რომ ვიყო ჯანდაბისკენ ხამს მიმავალი,
განჭაბუკების მაპოვნინო მიღირს წამალი.
გამიგია,რომ აპსუს ფსკერზეა უცხო ბალახი,
აქური ხარ,აუცილებლად სადმე ნანახი

გექნება და გთხოვ,ჩაქვესკნელებულს გზა მიმასწავლო!
იქნებ,ეს მაინც შემისრულო,თუ დაგაძალო.
ეგებ,კაცურად გამიჩალიჩო კაცმა კაცს რამე,
წყალს თუ არ მასმევ,ბალახი მაინც სტუმარს მაჭამე.

-ცვალებადობა უცვლელია,უფლის საპყარო.
-და მაინც,იქნებ,ბეხრეკობა გამომაპარო?
სიკვდილთან ომში თუ დავმარცხდი მზის წილცხებული,
სიბერისგანაც რომ არ დავრჩე დამარცხებული.

რომ ჩაჩანაკი სხეული ტყუილად აღარ ვარჩინო,
ახალგაზრდობით მაინც დავრჩე რომ თვალსაჩინო.
სიკვდილის მატარებელს თუ ვერ გადამარჩინო,
განჭაბუკების ვაგონში მაინც გადამაჯინო.

რომ ძველებურად,ვით მჩვევია,კვლავაც ვილხინო,
"პახმელიამ" რომ არ შემაწუხოს,მიყვარს,ძი,ღვინო.
ქალთან ღამე რომ მისი კვნესით დავაგვირგვინო...
გთხოვ,თუა შანსი,მე იგი არ დამაკარგვინო.

კაცად ვივარგო მხიარული ქალის ნახვითა,
(და არა ხოლო ოცნებებში,წარმოსახვითა).
თუ დავამთავრე ორთაბრძოლა ქალთან მარცხითა,
არ ვამართლებდე უსუსურობას კაცი მარხვითა.

სურვილდაუმცხრალ იშხარას უცებ ავყვე ვნებებში,
ვეფერებოდე ქალს არა მხოლოდ ცრუ ოცნებებში.
შამჰათთან ბოლო ამოსუნთქვამდე ღამე ვათიო,
არცერთი ასო მძიმე ტვირთად რომ არ ვათრიო.

თუ ავკანკალდი,დე,ვკანკალებდე მხოლოდ ვნებისგან,
არცა სიბერის ბიძგით ტკივილთა მოთმინებისგან.
რომ სიკვდილამდე(თუ მასთან ბრძოლა ნაყვაა წყლისა),
ჩემი სხეული არ იყოს მონა გავლილი წლისა.

თუ არ ამცდება,ვით საკანონო,სიკვდილის ვალი,
შევინარჩუო ჩინებულად ორივე თვალი
და სიკვდილამდე ორივე ყურში საღად მესმოდეს,
ქალის ჩურჩული,(გულში ჩავიკრავ შამჰათს მე ოდეს).

თვით ვიჯილდაო კარიბჭესთან სხვა ჭაბუკებთან
ზეიმში,რაიც ცხრა დღეს მექნება მე გამართული
და თუ რომ მაინც მომაკითხავს ის დალოცვლილი,
ფეხზე დამდგარი შევეგებო,წელგამართული.

თუ მაინც ვკვდები,სიკვდილის წინ ხელში მეკავოს
წითელი ღვინით სავსე ჩვენებური სასმელი.
საღ გონებაზედ ვიყო ბოლო ამოსუნთქვამდე,
გასაგებად ვთქვა უკანასკნელი ჩემი სათქმელი,

ვაჟკაცად დავრჩე უკანასკნელ,ბოლო ომამდე
და მზეჭაბუკად ვიდრე სულის ამოხდომამდე.
სიკვდილის წინაც საქეიფოდ დავრჩე მოცლილი,
დავტოვო ხალხი ღვინის მადლით რომ დალოცვილი.

-არ გაგიგრძელო ჭკუის სწავლება და ლაპარაკი,
ჩამოგივლია ამდენი რახან კაცს ფათერაკი.
შენთვის მე მოვფენ დიდ საიდუმლოს გილგამეშ ნათელს,
მოგანახვინებ აპსუს ფსკერზე ბალახს სანატრელს.

მე გაპოვნინო ჯადოსნური უცხო საგანი,
მონაპოვარს კი თავად უპოვო ხამს გასაქანი.
გზას მიგასწავლი.ვიქნები კაცის მე მარგებელი,
ტრანსპორტირების ამბავში ოღონდ პასუხმგებელი

მე ვერ ვიქნები.ბევრის უფლება ისედაც აქ მე
მივეცი ჩემს თავს,დავიჭირე როს კაცთან საქმე.
***
უნდა მიაგნო ადგილს,ჯურღმული სად უღრმესია,
სადაც უფროსი მეჯოჯოხეთუხუცესია-
ბალახის დაცვა ჯოჯოხეთაპეტის წესია,
ძვირად დაგითმოს რაიც შენ არ დაგითესია.

არ დააყოვნო!მიჰყევი ღალას გმართებს გმირს ულა,
უთხრა და ყურში ბალახის ბინა ჩაუჩურჩულა.
შთაიღურჭუმა გილგამეშმა უღრმეს სიღრმეში-
კაცობრიობის წარსულის ფსკერზედ -"ნაკბუს" სიბრძნეში.

-თუ რომ დავმარცხდი,ვერ გავუძელი თუ რომ დილემას,
დამარცხებასაც მოვსინჯავ,ანუ გამოცდილებას
შევიძენ.თუმცა მანამ სანამ მარცხით შევცდები,
თუ რომ არსებობს შანსი,ბოლომდე ალალს ვეცდები.

იფიქრა,ნაკლებს დავჯერდე,სადაც მეტი მინდოდა,
უკვდავებაზე თუ მოკვდავსო მითხრეს უარი.
ჩაღრმავდა აპსუს ფსკერზედ ანუ"იხილა სიბრძნე",
მოწყვიტა ჯადოსნური მცენარე და სანუკვარი

ჩაბღუჯა მუჭში,დავამარცხეო ჩემი ჭაღარა,
ჩასაფრებულმა გველმა ბალახი ოღონდ წაჰგვარა:
-თუ ოკეანის ჯურღმულებში ჩაჰყავი ცხვირი,
დაგიჯდეს დიდი საიდუმლო უნდა კაცს ძვირი.

აქ სულის მეტი გაგაჩნია რახან არარა,
თან თუ გაშინებს ჩასაფრებული ყურთან ჭაღარა,
გაგიცვლი ბალახს შენს მარადიულ და უკვდავ სულში,
(ვხედავ რომ გიღირს,იქექები რახან წარსულში).

განჭაბუკების ბალახისთვის თუ ხარ მოსული,
ხელცარიელს არ გაგიშვებ.მინდა ბარტერში სული.
საქმე მჩატე და უშრომელი,თან იოლია.
თუმც,გილგამეში გველმა ვერაფრით დაიყოლია.

უხსენებელმა მაშინ საქმე აღარ გადადო,
საკუთარ თავზე გამოსცადა ბალახის ჯადო.
გამოსცადა რა უცნაური მცენარის ძალა,
გილგამეშის წინ ძველი პერანგი გამოიცვალა.

დააგდო იქვე ძველი,მოირგო ახალი ფარჩა.
ასე რომ,საიდუმლო ჯურღმულთა ჯურღმულში ჩარჩა.
ხელში არ ჰქონდა ნივთმტკიცება არავითარი-
არცა სიგელი,არცა ჯილდო, არცა ქვითარი,

ჩაღრმავებულმა ლაპარაკით რომ გული იჯეროს.
ცოტაა შანსი კაცმა ნათქვამი რომ დაგიჯეროს.
****
გამოდის,ტყუილად ამდენი ულა მეფეს უვლია,
ამქვეყნად დაბადებული თუ რომ განწირულია
სასიკვდილოდ და განწირულია დასაბერებლად,
ხოლო გმირობა...ღირს ჩონგურზედასამღერებლად:

“შორი გზით იარა, დაშვრა და დაბრუნდა”.



46
"შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა"
(რუსთაველი)

რაც უფრო უახლოვდებოდნენ ძმები ჰუმბაბას ბუნაგს,მით უფრო ემატებოდათ ცოდვათა შორის უმძიმესი-უიმედობა,რამაც მეგობრები საკუთარი ბედის მგმობელი და მოწუწუნე გახადა.იჭვის ჭიამ ლამის ბოლომდე დაღრღნა მათი რწმენა,რომლის ლამპარიც ოდნავ ბჟუტავდა და მცირედი სიოც საკმარისი იქნებოდა მის ჩასაქრობად.
ყოველივე ამას კი მაშუს მთათა დამთრგუნველი აურა იწვევდა.რაც უფრო წინ მიიწევდნენ,მით უფრო ტოვებდნენ მათ სულიერი ძალები,მით უფრო ემატებოდათ სასოწარკვეთა.

უსასოების საშოში
იმედს არ ფქვავდა წისქვილი.
ელოდა ყოველ ნაბიჯზედ
შიშმორეულებს შიშთვილი.
...
მაშუს მთის სხივებს ძმების მელამი ზედ აკვდებოდა,
რის გამოც დაძმო'ბილებულეს მხნე აკლდებოდა,
შიშის აურა ხარაჯას მთათა მელამს უხდიდა,
შემაძრწუნებელ ელვას ოდეს ქეც ქედს უხრიდა.

-მხოლოდ საკუთარ ძალას ომში ვინ მიენდობა,
თუ მზე არ აზის შუბლზე,ვითარცა უფლის შენდობა.
რამდენიც გინდა ქვემოდან ზემოთ ურჩხულს შეუხტი,
დევს ფეხს ვერ მოსჭამ,თუ სხვა რიგის არ გადევს მუხტი?

-ჰუმბაბასთან საბრძოლველად ჩვენ არა გვაქვს როცა ჯადო,
მარტო ღონით ვით დავაგდოთ ბუმბერაზი ოყაჯადო?
-სასოწარკვეთას იწვევს წუწუნი უიმედოში,
ადე,რამეთუ ვერ ჩავეტევით შენ და მე დროში.

-ცოდვით გაზრდილი დევის ბახალა განა ბარტყია?
მას შვიდი ცოდვის შვიდფენა კაბა ტანზე არტყია,
მის ინტერესებს იცავს შავეთის შვიდი პარტია,
თითოეული მის პერენგზედ ცეცხლად ანთია.

-განა,იმიტომ მოშორდი,გილგამეშ,საგაზრდილოსა,
განა,იმიტომ არჩიე გირჩები სასადილოსა,
განა,იმიტომ დააგდე ურუქში დედა გამზრდელი,
რომ შუა გზიდან დაბრუნდე,ვერ ჭამო გზის საწადელი?

ხელმწიფეს ცრემლი ნაკადულებად ედინებოდა,
ენახა დედას მტირალა შვილი,ეწყინებოდა.
გაეგო,როგორ მოსთქვამდა მთაში მეფე და შვილი
და რომ არ იყო ნახევარღმერთთან ძე-კაციშვილი.



47
-თუ დამაგდებს შამაში და
თუ გამწირავს ღმერთი,
თუ მეც მელის ქვესკნელი და 
შავი კურმუხეთი,

სურვილი მაქვს,ჩემო ძმაო,
მხოლოდ ერთადერთი-
მომიკითხე ურუქი და 
ჩემი დედულეთი.
***
(როგორც ავტორს,გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი-
ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ხაზარეთი.
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
ჩემი ნანას ოდაბადე-ჩემი პატარეთი.

აფსუს,როგორ დამეკარგა სუპსას მტკნარი წყლები,
აფსუს,ენგურს აქეთ საით მიმაქროლებს წლები.
აფსუს,ქურმა როგორ მოსრა ტახტი და ქურ-გალი!
აპსუს,ცვლილებების ქარმა მოგვცა რა გრიგალი!
ქუგალ,
ქუგალ,
ქიგალ,
ქიგალ,
მზით შეიკრა რკალი,
აპსუ-სუპსას ნაზავებ წყალს 
სვამს ერეშქიგალი....

ქუგალ-ქუგალ,
ქიგალ-ქიგალ,
მიფქვავს ფქვილს აფქალი,
კედროვანში მზის ნაფეხურს
ეძებს მზის დაქალი.

ქუგალ-ქუგალ,
ქიგალ-ქიგალ,
შეივსო დაგალი,
ხაშურზე მზის დაბადებას
ელის დევის ქალი.
***
როგორც ავტორს,გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი-
ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ხაზარეთი,
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
არ გამწირავს შუა გზაში გათუმდუგის ღმერთი.

ნანა ამა დინგირ-რენე,
ამა დუმუ დუმუ ნე,
დედა-ენა დედულეთში
ღმერთო,ამიდუდუნე!

უთუსეულ სახლში დამსვი
და სახლს ერქვას განუნი,
აშარ ხაცბათს გააგონე
დელია და რანუნი.

შენ მიცოცხლე,ღმერთო,დიდხანს
ენგურს ხალხი ენ-გარი.
შორი გზებით გადაღლილი
მახსოვრობით მედგარი.

დღემდე მიწათმოქმედი და
მღვრელი ცხელი ოფლისა,
ენაგამძლე დღემდე და არ
მომდურავი სოფლისა.
***
ენგურის პირას ჩავყარო ვაზი და დავრგა რწყავი,
წყალი მედინი მოვიმარაგო ამოურწყავი.
დაუღლელმა მზემ გამითბოს დაღლილს ცივი მე გული,
დიდოუ ნანამ გამახსენოს ჩემი მეგრული.

როგორც ავტორს,გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი-
ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ხაზარეთი,
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
არ გამწირავს შუა გზაში დიდი დედის ღმერთი).



48
"თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა''
 (რუსთაველი)

უიმედობა ცოდვაა დიდი,
ფეხქვეშ ეცლება ურწმუნოს ხიდი,
ანგელოზი ვერ დარჩება გიდი,
თუ წარამარა წუწუნით ღლიდი.

უფლისკენ გზები იგება ლოცვით,
მის სადიდებლად დრო-ჟამის მოცლით,
სულგრძელს ამოკლებს ჩივილი ბედის,
გასაძლებია ლაყაბი ყბედის.

ჯუჯღუნმა სული გახადოს კრული,
სევდის ლიმიტით ამოწურული.
ის,ვინც ბუზღუნის არის გამდელი,
წამებად ექცეს მას განსაცდელი.

სადაც მრავალდება იჭვები ჭრელი,
საქმეა ძნელი გადასაჭრელი.
როს იმედია წყლით სავსე მჭელი,
სიკეთის მარცვლის სევდაა მჭმელი.

ვისი ხელობაც არის მოწყენა,
ვერ გამონახოს საერთო ენა
მზესთან.ვერ გახდეს მისი მნახველი,
ვინც ამჯობინა იმედს ნაღველი.

უზომო ჯავრი,უზომო დარდი,
ვით საფუარზე ცომია მზ-(ე)-არდი.
დღეს დააღამებს,ავადმყოფს მოჰკლავს...
განთიადი ხომ იმედს ამოჰყავს.
 ***
სევდა-ვარამის სენითა 
ბევრიც ლოგინად წვებოდეს,
გულისთქმას გაექცეოდეს, 
ბოღმა კისერში სწვდებოდეს.

ტყეში გაქცეულს,დაბნეულს
ნისლები თვალს აწვებოდეს,
სადაც იმედი ჰკურნავდეს,
იქ უმედო ჰკვდებოდეს.

ვინც იმედს არ ასუქებდეს,
წარწირვის სენით ხდებოდეს,
საცა ის სიკვდილს ელოდეს,
იმედიანი ებრძოდეს.

ვინც არდაბაგი ჩარაზა,
ადიდა დრტვინვა-ნაღველი,
ახარა უსასოება
მან სასოების წარმრღვნელი.

თუ რომ პატარა იჭვია
დიდი იმედის მრივსელი,
მითხარი,ურვა-წუხილით
აღსავსე,მფარველს ვის ელი?



49
"ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა, ვით ქვითკირსა"
(რუსთაველი)

ცუდია დიდი სასოწარკვეთა,უიმედობა,
რწმენადაკარგულს ანგელოზი ვერ მიენდობა.
ვერ ამოჰყვება დღე დღესინდელი ურწმუნოს დილას,
უსასოებით აქოთებულს ბინდი დაჩრდილავს.

ჩვევა და წესი უნდა იყოს ყველა ცოცხალის
დღევანდელი დღის სიყვარული და იმედი ხვალის.
გაწვრილდეს რწმენა ორჭოფი მხეცის ზურგზე ხახუნით,
თუ რომ ვარჯიშობ უიმედობის კარზე კაკუნით.

თუკი დაეცა სასომიხდილი და წარკვეთილი,
დაცემულისგან ივარგებს რჩევა და გაკვეთილი?
ვერ ააყენებს სულდაცემულს სულმოთენთილი,
ნიავით დაღლილს გადათელავს როცა ენლილი.

-სანამ ვიარო უბადრუკმა
დროში ბედკრულმა,
ვით გავარღვიო შვიდი მელამი 
შიშით შეკრულმა?
ერთ ადგილს ვტკეპნი,ვყავარ სიკვდილს
გატაცებული,
ვარ მაშუს მთების შიშის ზარით
ზარდაცემული.

გადმოხვეწილი ვარ უცხოეთს სანამ და ვიდრე,
ჩემი არყოფნით,ვაითუ,წარღვნა შინ დავამკვიდრე.



50
-ვაჲთუ,მომთაბარეს,რომელსაც არა აქვს ბინა,
ქაოსში ქასმამ ჩემი ბუდე დააპყრობინა.
არ გააჩნია კულტურული რომელსაც ენა,
იმ უბინაოს ჩემს სახლში დილა მან გაუთენა.

ვაითუ,წესრიგიან ხალხს მართავს ქური უზრდელი-
უდაბნოელი,ან ბედუინი შეუზღუდველი.
ოდეს ურუქი ხელთ ექნებათ გუთიელ სვავებს,
შავთავიანებს სიბნელეში ვინ განასხვავებს?

ვაჲთუ გაირღვა ჩემი ქალაქი,შემოთარჯული,
ვაჲთუ ძალით აღიარეს ჩვენშიც სხვა რჯული?
***
მჩაგრავს მელამი,საშინელ
იწვევს ასოციაციებს,
ხან უმიზეზოდ მახურებს,
ხან უადგილოდ მაციებს.

არ ვიცი,როგორ გავუძლებთ
ამდენ ჰალუცინაციებს,
ეს დამთრგუნველი თუ ველი
გვაშინებს,როგორც პაწიებს.

სკვარამ-ვარამი და სევდა
დამჩემდა აუტანელი,
ვაითუ,ვინმე ველური 
ზის ტახტზე დაუბანელი?

ვაითუ,ატყდა ურუქში
ჯანყი,შფოთი და ყარყაში.
ვაითუ,იგი გაუთლელ
გუთიელებს ჰყავს ალყაში.

დაანგრევს უ(ა)რდო,რაიც რომ
აგურითაა ნაგები,
უმტვრიონ საფეხურები
ზიქურათს და წახნაგები.

უდაბნოელი დასილავს 
თუ არხს,სამუმის ან ქარი.
შინ მისულს ქალაქის ნაცვლად
დამხვდება ნაქალაქარი.

ვაითუ,ვერ დაატა
ხმა უჴამურმა ქარქაშში.
ვაითუ,სუყველა არხი
უდაბნოსაა ხახაში.

ვაითუ,იწვის ქალაქი
და ცეცხლის აზის თავს ბოლი.
ვაითუ,კაცი არ დარჩა
ფაიქი,მალიადმსრბოლი.

ვაითუ,საქონელი ძოვს
ურუქის ურაკპარაკზე,
რად გიკვირს,ცრემლი მდიოდეს
ნათქვამით ნალაპარაკზე?

ვაითუ,მიაქვს წიწილა 
ძერას,არწივს ან გინდა ქორს,
ვაითუ ქვიშით ავსებენ
გუთიელები ხინდახორს.

გაგვეღვიძება როცა აქ-
უცხო მხარეში დილით ორს,
ვაითუ სანთიობოში
მტერი ისწორებს დილიხორს.

ვაჲთუ,ურუქშიც დაიწყო
შაბარდუხების შაბაში.
ვაითუ,მე აქ ვაგდივარ 
როცა იქაა განგაში.

სანამ ომში ვარ,გაირბენს
წლები ნაწამებ წამივით.
ურუქს გუთუმი დაღუნავს,
გადატეხს ან ლერწამივით.

გაიგონ,თუ რომ შორსა ვარ,
ფრინველი დედის ბუდიდან,
გამოძვრნენ მოღალატენი
უჩინმაჩინის ქუდიდან.

მათ მოჰყვეს ლურისტანელი,
(დაწყვეტს მოჭერილ არტახებს),
უკუღმა დაატრიალებს
წაღმას,(ჯერ გააპარტახებს).

შემიყოლიეს მე სანამ 
ჰუმბაბას სხივთან ომებმა,
ვაითუ,მანამ მიგანეს
ურუქის ქვეშევრდომებმა.

შემჭამა იჭვის ჭიამ და
ორჭოფს მწვავს ცეცხლი,თან ნელი.
ვაითუ,ჩემს სარეცელზედ
ლურს ვინმე ლურისტანელი?

ჩემს ხილს ჩემს მტილში ის ხილობს,
ჩემს ჩრდილში ჩრდილობს და იგი
იშხარასთან წევს,ვითარცა
კანონიერი სან-გიგი.

ვაჲთუ,ურუქი ხელთა აქვთ
ჩამოთრეულ და სხვის ტომებს
და ვეღარ მალავს ქალაქი
განადგურების სიმპტომებს.

მეტყელებს ქურთა ენაზე,
მტერი კი კიდეგანობდეს,
ვაითუ,ბნელი ზეიმობს,
ვაითუ,ჰოე ანობდეს.
***
ვაითუ,ჯანღში ჯანყის ჯინმა 
წამოყო თავი
და გახდა ფარა ზეციერ ძალთა-
გან უმართავი?

ვისი ხელითაც მოხდა ქიანას
დაგვირგვინება,
ვაითუ,მანვე შავთავიანთა 
აღგვა ინება!

თუ რომ დავკარგე სიპაზი მწყემსის
უკვე მე როლი,
ვით მოვახერხო გაშობილაში
ცხვარის კონტროლი?



51
-ჩამომაშორე მაცდური,
ღმერთს გზა მიჩვენე კაცური!
სადაც ვერ შევძლებ ღონითა,
მიშველე ჩირახონითა!
-------------
ზოგჯერ ღმერთებიც ხმის ჩახლეჩამდე ხმებით ჰყვირიან,
ზოგჯერ ღმერთებიც მდუღარე ცრემლით ცაში ტირიან.
უსახურ ტყეში შენი ვარ ისევ თუ მევენახე,
შენს მოზიარე ხბოს სიბნელეში მზევ დამენახე,

მწერტავს რამეთუ მაშუს მელამთა ბასრი სადგისი.
მოგმართავ თხოვნით,ვით უნეტარესს ლუგალსაგისი,
თუ რომ დროებით ჩავრჩე ერთხანს უდროებაში,
ჩემი ქვეყანა ჩემს მოსვლამდე მყუდროებაში

გთხოვ,დამივანო,მიმრავლო ჯარი ლაშქარივითა
და არ დამიდნო ლოდინში დედა შაქარივითა.
არ მომიკვდინო შეოლში შემსვლელს ჩემი ორანი,
რომ არ დავაჯდე დამარხულ ქვევრს ქვრივი ყორანი.

ნალაპარაკევს იმეორებს თუ ჭა და ქვევრი,
თვალს თუ მოვშორდი,მეც დამივიწყებს ურუქში ბევრი.
ვერ ავუფრინო,ვაითუ,თავზე ჰუმბაბას მწყერი,
ცარიელ ტახტზე სხვას მოხვდება შენი ზროს წვერი.

დედაო ჩემო,თავადა ხარ ღმერთის ასული,
შემიბრალებდე!ტყეში ვაგდივარ ზღვარგადასული.
შენი შვილი ვარ,უღურსიძი მიმიღე თესლი,
თორო განწირულს დამეწევა წარწირვის გესლი.

ამომავალი ხელმწიფე მუცლად თუ მიგიღია,
ილოცე,სანამ ჭა-მავალის კარია ღია.
ვიწვოდე,შენი წყალობის ვიყო გზაში მპარველი,
მციოდეს,შენი კალთა იყოს ჩემი მფარველი.



52
ამის თქმა იყო და სად იყო,ანუ სად არა,
მზემ დააჭირა სხივებით მეფეს,იყო თაკარა.
მან ანუგეშა იგი,როგორც ბავშვი პატარა,
სხივით გარღვეულ ბილიკებზე ხელით ატარა.

რა გავაგრძელო... ასე იყო თუ,ან იყო ისე,
თავის წილცხებულს მიაცხუნა მან სხივი მყისვე:
-უქმე ტირილში დროის გაყვანით,უთხრა,მიჰქარე,
მობილიზება გმართებს,ნათლულო,ჰოდა,იჩქარე!

თუ დაგემალა უჩინმაჩინი,ვერ ნახოთ ვშიშობ.
გზას გინათებ და შეყოვნებით ნუღარ ვარჯიშობ.
ფიცხმა იცადოს,შეყოვნებულმა იჩქაროს უნდა,
თუ მითუმეტეს,დევი შენგან შორს წაბლაცუნდა.

თქვენ მას ვერ დასძლევთ,შვიდი აბჯარი თუ ტანს დაუჯდა
და ზურგის ქარი ორპირ ქარში თუკი დაუნჯდა.
ვინც შეებრძოლოს,განწირულს ბრძოლა ძვირი დაუჯდეს...
თუმცა,ბრძოლამდე მელამითაც ლამის დამუნჯდეს.

ბრიყვია იგი,ვინც მხოლოდ თავის ძალებს ენდობა,
მორწმუნეს რწმენით განისაზღვრება მისი შენდობა.
კვლავ წინ იარეთ!გივლიათ რახან გზები აზომი,
გახსოვდეთ,გამარჯვების რწმენაა ომში ბრძოლის საზომი!

-როგორ გავუძლო უძლურებას,თუ მტოვებს ძალა,
თან დამთრგუნველი შიშის თრთოლა თუ მომეძალა,
ვით გავამდიდრო დაცემული სულის სიმწირე
და ვით ვადიდო გამარჯვების რწმენის სიმცირე?

ღმერთის ნაცვალმა,თუ დავაგდე ჩემი ქალაქი
და არ დავტოვე კაცი ურუქში ჩემი ყადარი,
ვაჲთუ,ღმერთებმაც სათითაოდ დათმონ ტაძარი,
ვაჲთუ,ვიკითხო ჩემი ურუქი,ღმერთო,სად არი?

თუ არ დარჩება ტაძრად მადლი ღმერთთა მელამის,
მაშინ მეფეთა სიას ველური ხალხი-ელამის
წარიტაცებს და გადაიტანს ზაბუს მთის წიაღ...
-თუ არ იჩქარე,მასეც იქნება ყოველი,დიაღ!

თუ ამა-არ გის შენმა ქალაქმა ბალა დაჰკარგოს,
ნაქალაქარმა დედექალაქად ვეღარ ივარგოს.
-მიუხედავად იმისა რომ ჩემი გაქვს რჯული,
შენც გმართებს ლოცვით გაიმყარო გულის სარჩული.



53
-მიუხედავად იმისა,რომ ღმერთის გაქვს ჯიში,
მგონი,შენს სულსაც არ აწყენდა ცოტა ვარჯიში.
დრო გამზიდრობის დადგა-შამაშის რომ შნო შენ იშნო,
ჩამოიშორე შიშის შაშვი,თუ რომ შენიშნო.

თუ მორალურად განადგურდებით დევთან მისვლამდე,
მაშ,უბრძოლველად წაგიგიათ პირველ ნისლამდე.
აამუშავოთ,დროა,მელამი თქვენ საკუთარი
და დაასვენოთ ნაღველის საშო და საკუთარი

გამოაღვიძეთ რწმენა,აქამდე თუა მთვლემარე,
ააგიზგიზეთ მისი წყალობით გული მგზნებარე!
გეყოფათ უიმედობა და შიშის ქვეშ თრთოლა,
თქვენი მელამი თქვენი იმედის გახადეთ ტოლა.

მიეპარეთ და ჩაბურეთ ურჩხულს იმ მხრიდან ცული,
საიმედო რომ ჰგონია,ანუ უფრო დაცული.
დააკარგვინეთ იმ მხრიდან ერთი დარტყმით გონია,
რომელიც უფრო გამაგრებული დევგმირს ჰგონია.

აჰხადეთ მანამ,რაც მელამი ტანზედ აჩნია,
ანუ წაართვით,უპირატესი რაც გააჩნია.
საჭირიო ადგილს დროც შეარჩიოთ ხამს ხელსაყრელი.
ვინც ადგილს დროზე ვერ მიუსწრებს იმან სახელი

ვერ მოიპოვოს,რამეთუ ყველგან ყოველ გმირობის
წინ უძღვის სამთა ერთიანობა ანუ პირობა:

საჭირო გმირი,
საჭირო დროზე,
საჭირო ალაგს
თუ რომ დაემთხვა,
შანსია,რომ 
დევებს 
ალაგმავს.

ბოროტებასთან მებრძოლი,ვინც რომ 
ხმალს არ ასვენებს,
შთამომავლობას ის არაერთხელ
თავს შეახსენებს.

ბევრია გმირი,თუმცა ექმნება დროის პრობლემა,
უასპარეზო გმირში გმირსაც სჩვევია თვლემა.
მხოლოდ ხვთიშვილებს ელით სახვთო გზა,ანუ მისია,
თუმცა,მათი გზა ეკლიანი და გასაძლისია.

თან გახლდეს ომში,გილგამეშ,შენი 
ორანი,ასლი,
როცა დადგება საომარი 
დრო,ანუ ფასლი.
***
უიმედობას თუ არ უჩანს თავი და ბოლო,
უნდა ებრძოლოთ მის სიმპტომებს,დაჰგმოთ სიმბოლო!
იქ,სადაც იჭვებს ნიადაგი აქვს ფეხქვეშ ფხვიერი,
სხივმა,თუნდ ჩვილმა,განდევნოს უნდა იგი ხნიერი.

სადაც რომ ჩემი სხივი იქნება თავზედ საყრელი,
სამარადისო იქ დაიმკვიდროთ უნდა სახელი...
ღვთის ნებიერებს მეტი ელით გზად განსაცდელი,
მთვლემარე იმედს გამოაღვიძებს ციცქნა სანთელი.

ყველა მოკვდავზედ საქმით და სიტყვით ამაღლებული,
ხმის გულისხმევით ხამს ხევში იდგეს ხმალაღებული.
ახლა კი ტანზე ძმობილებმა მრწამსი აისხით,
კაცადკაცადზე რომ ამაღლდეთ თითო ხარისხით.

ვინაც თავისი საკეთებელი თავად აკეთა,
იჭვის პარპაში საკუთარ თავში საქმით აღკვეთა.
ხოლო უსაქმო ემონება სასოწარკვეთას,
მალ მოჩივარი ანგელოზთა კარებს ჩაკეტავს.



54
„მზე შინა და 
მზე გარეთა 
მზე შინ შემოდიო“
(ხალხური)

-იღბალმა თუ მიმატოვა,ნუ დამაგდებ,მზეო!
ცრემლის კვალი მომაშორე ლტოლვილს სახეზეო!
აკი,ჩემი თავი დედამ ლოცვით ჩაგაბარა,
მომხედო და თვალს მიგდებდე ხარკით დაგაბარა.

ნუ დამაგდებ ცოდვის ბუდეს ბედის ანაბარა,
შეიცოდე ნანდაურიც,ჩემი თანაბარა.
***
მომეცი ცოდვილს გაძლება
დევთან პირისპირ დგომისა,
არ შემეშინდეს უზომოდ
რომ უზამბარის ზომისა.

გამარჯვებულს კი უფლება
შენს შორიახლოს ჯდომისა.
სადაც სუფრაჯი იქნები,
ჯუფთი ვარ შენი ლომისა.

-მე იგი ვარ,ვინ ნათელი 
სიბნელეში დავამკვიდრე,
შენ იგი ხარ,ვინც ჭას მითხრის,
სიბნელეში ჩავალ ვიდრე.

ნინსუნამ ღამე მითია,
წმინდა მიღვარა საღვრელი,
ხამს გადაგადო იმედი-
შეგიმსუბუქო ნაღველი.

გწყალობდეს მეფეს მფარველი,
მზის ძალა ელვარებისა,
ურჩხულის შვიდი მელამის
მიზეზი მღელვარებისა.

ვისაც მზის დაღით იცნობენ,
მზის მელამივით ელავდეს.
ნაწყალობევი აურა
შემაძრწუნებელს თელავდეს.

-მარ შამში,შამშუ,შა შამე
არ მიგვატოვო ძმა და მე,
მაშინაც,როცაა ღამე,
ამოდი,მზეო!ხმა გამე!

მარ შამში,შამშუ შა,შამე
ძეო მზისა და ცის მზეო,
გზა გამიკაფე სხივითა,
გადის რომელიც ტყეზეო.

ის,ვინც მარადის ანათებს,
ჩემთვის ჩაქრება ნუთუო?
ძე ღვთისა,ძე სინათლისა-
შამაში,ანუ უთუო.
ჭეშმარიტება ერთია,
რაც არ მკვიდრდება
უთუოდ.

მე ჩემი გზებით ვიარო,
მზე ვნახო ამომავალი
და დავუტოვო ქიანას
მთამსვლელი შთამომავალი.

მერე კი ყველამ თავისი 
ეძიოს მთა და ელათი,
ყველამ თავისი ტაძარი,
თითოეულმა გელათი.

-თუკი სუყველამ ახარეთ
ჩემს გაკვალულში თითო ხე,
ვერ მოერევა სიკვდილი,
იმას,ვინც დარგო სიცოცხლე.
***
ხარანშამშის გზა-მზე,ჭა და ბუკი,
ანუ ამ სამთა ერთიანობა.
ხარანშამშის გზა დავლათიანი
მზეჭაბუკების ბედიანობა

1)უთუოდ პირველ რიგში თვით მზე და
2)მეორე რიგში ჭა-ვით დარანი,
3)ბუკი-იგივე ჯოხთა დაფდაფი-
ფუქუ და მიქუს იცნობს ხარანი.

ეს გზაა მზე-ჭაბუკის გზა-"ხარან",
მეც უწყვეტ ჭიპლარს ჩავყვები ჭაში,
სადაც არასდროს არ ჩავა ანი
ჩაეყუდება სად მზე (რა) ჭაში.

ვიტყვი:"ქვე,შენი ჭირიმე" მეო,
მანათობელო შეოლში,მზეო!



55
-წყვდიადით გარემოცულსა სხივოსან ხბოს უფსკრულიდან
ამოიყვანდეს სიტყვანი,რაიც ამოდის გულიდან.
არ დავიღლები მე იმის ლოცვით და დიდი ქებითა,
ხბოდ იბადება ვინც ბნელში და წყვდიადს ხეთქავს რქებითა.

მისგან მაქვს მეურვეობა,აქა ვარ მისი ნებითა
მზის წაქეზებით სადავოს გავრისკავ შერკინებითა.

-დიდ კაცს დიდ გზაზე ჩაუსაფრდება პატიჯი დიდი,
მას სხვაზე მეტად შეაწუხებს ქეჩ-ბაზი ფლიდი.
***
გამარჯობა მზეო!
ჩამო ერდოზეო,
დავჯდეთ გემოზეო.
გამარჯობა ცაო!
ღრუბელ მაიცაო,
ჩიტებს გილოცაო!
გამარჯობა დღეო!
ჩემო ნატვრის ხეო!
საქმე მასესხეო!

-ურუქი ისმენდეს,ისმენდეს აქადი!
ასრულდეს იგი რაც გაქვს რომ დანაქადი!
ამცნე,გილგამეშ,ქიანას ვინა ხარ,
რომ ყოველ დროში მზის დროშით წინა ხარ.

რომ ღირსეული ხარ ნაშიერი 
ლერწმის ქვეყნის,ვის გელის ქალამი.
წერდეს შენს სახელს დამსახურებით
შეუშრობელად მგოსანთ ყალამი.

ამცნე სუყველას,ვისი შვილი ხარ!
ხარი ხაროთა,მხვნელი აღმათა.
რომ კალმახი ხარ,საპირისპიროდ 
თავი და კუდი ვინაც აღმართა.






56
ძმებმა ისევ წინ წასვლა სცადეს,ოღონდ ახლა ენქიდუს ეფეთა უზომო სასოწარკვეთა,რამაც მისი სულისკვეთება მთლიანად გააცამტვერა.ამჯერად მეფეს მოუხდა მისი გამხნევება.

-ამ ლაბირინთებს მითხარი,
 როგორ გავარღვევთ ორია?
-მიკიბულ გზას ეშველება,
თუ ხე და კიბე სწორია.

უიმედობის ბაცილა 
სანამ რომ კუდს აქიცინებს,
მანამდე დევის ბახალა
თითო ეულში იცინებს.

ვერ იქნება დიდებული
ეჭვით დასახიჩრებული.
ადექი,გული რამ შეგიღონა,
ჰუმბაბამ სანამ რამე იღონა,

დროა,შეეხო ხელით ჩემს სამოსს,
მცირე იმედმაც ცოტა გაამოს.
ჩემი საშოა წმიდა ბოსელი
და გაგიფანტავს შიშს სამოსელი.
***
მაშუ შიშს შობს და ვფიქრობ,შენც შიშის ფერი იხილე,
იგი მაცნეა,რომ ჰმართებს მოკვდავს მეტი სიფრთხილე.
ლომის ბოკვერი,თუნდაც პატარა,მაინც ლომია,
თუმც,უზამბარსაც ჰმართებს რიდი,სადაც ომია.

ადვილად მას ვერ გაცვეთს ერთი მთის მთაგრეხილი.
ორი მეტია,ვიდრე ერთი,ზნით ატეხილი.
გაძლებს შარიტი,თუა იგი ორფად გრეხილი,
სანამ ორი ვართ,ვერ გაგვტეხს ერთი მთის ქარტეხილი.

სანამდე მეფეს მამის მელამი ტანზე მაცვია,
ვერ მომერევა შიში,როგორც იმფორმაცია.
ორმა ხემ ერთზე გამოისხას მეტი ნაყოფი,
არ შევუშინდე დევს,(ვარ ქვესკნელში უკვე ნამყოფი).

ორმა ხემ ერთზე გამოისხას მეტი ხეხილი,
მთამ ვერ გადაჭრას ორი ბაგირი,თუნდ გახეხილი.
თუკი შამაშმა მიიღო დედის სამსხვერპლო კვერი,
ერთ ლომს როგორმე გავუმკლავდებით ორი ბოკვერი.

ბევრი გოდება,ბედის ჩივილი,ვიში,სლუკუნი
სხვასაც ამწარებს.მოწუწუნეს დღეა უკუნი.
გადავარდნილი უდაბურ ტყეში ხელი მე ველი,
რომ გზას მონახავს ჩემი სანთლის და მზის საკმეველი.
***
ხოლო,პატარა ცოდვებს,რაიც გვაქვს გზად ჩადენილი,
ჩამოგვაწერდეს ერთი დიდი მადლით 
ენლილი.



57
-ავის და კეთილის შუა 
მიჭერს,არ მიშვებს ფარსაგი,
თუ ნაბიჯს ვერ ვდგამ,მითხარი
როგორ გადავდა ფარსანგი?
-----------
ვაითუ,ტყეში მისვლამდე მაშუს 
მთით დავძაბუნდე!
აქვე მოვკვდე და ვეღარასოდეს 
შინ ვერ დავბრუნდე!
ვაითუ,ჩემმა ხელმა ბრძოლაში 
ვეღარ იმარჯვოს!
ვაითუ,მხეცმა ჩემზე იმძლავროს 
და გაიმარჯვოს!

-განა,ამდენი ტყუილუბრალოდ 
გამოგვივლია,
ნუთუ იმედის საკუჭნაო 
გამოილია?
არც შუა გზაში ვართ,რომ დავბრუნდეთ 
უკან შუა გზიდან,
ბოლოს საწყისში სხივს ველოდებით
ჩასული მზიდან.

როგორც ცის ღმერთი ანი არასდროს ჩავა ქვესკნელში
და არასოდეს ერეშქიგალი არ ავა ცაში,
მე არასოდეს არ მიგატოვო,ენქიდუ, გზაში
და არ წავიდე ძმადნაფიცის გარეშე სახლში.

-შენი ხმა,როგორც დოლის დაფდაფი წინ გამიძღვება,
სანამ არ მოვკლა მხეცი,გული არ გამილღვება.
მთებს,რაც გვივლია,მისი დალაშქვრა ძალუძს პატარებს,
მთა წავაქციოთ,ვინც ჰუმბაბას სახელს ატარებს.

-ეჭვები მხოლოდ დაღლილობის არის შედეგი,
სუნთქვაშეკრულებს გვმართებს,სუნთქვა გავხსნათ შემდეგი.
მოვკლათ ჰუმბაბა და გადავხნათ ტყენი ხარებით,
-შენი სიტყვებით გული მიცემს მე გაცხარებით.

გახარებული ხბო იმსახურებს წარუშლელ დაფებს.
ახლა კი,ულა!გული დოლივით მე მიდაფდაფებს!
დაპყრობილ მთას სჯობს,წინ რომ დგას და ასაღებია,
-გასაგებია!
-გასაგებია?
-გასაგებია!!!

-ულა!წინ!ულა!გული აინთოს საბრძოლო ჟინით.
ის,ვინც ღრიალით აქეთ გვაშინებს,დავცხოთ ყიჟინით!
ყოველ ავლილ მთას იგი სჯობს,რაიც დასაპყრობია!
მე განვიკურნე,აღარ მტანჯავს დევიფობია.

-ვიწრო ბილიკით დიდ გზას ვადგავართ და გზა ფართოა,
-თუცაღა,იგი საშიში და სახიფათოა.
-ჩამოვჯდეთ ერთხანს,იმედიანად მერე ნელადა,
გავუყვეთ ხიფათს დახლიფართულის საძებნელადა.

გაგვითენდება ლაჟვარდოვანი ჩვენ დილა ხვალე.
-რწმენით,იმედით და შემართების ჟინით მხურვალე.
-ზოგჯერ ღიმილიც იარაღია,გინა სიცილი.
ვინც ომში ხუმრობს,ნუ გეგონება,ძმაო,მიცლილი.



58
-მზეო,მაღალო!
ჩამომაშორე
გზადაბნეულს
ცოდვის გზირები
და გამიზარდე
ჩემი იმედის 
სადარაჯოზედ
შენი ზიარი 
მზესუმზირები!

მე დავიბრუნებ სიცოცხლეს,თუნდაც სიკვდილის ფასად,
ამოვისუნთქე რაც,ჩავისუნთქავ ყველას ერთბაშად.
დავაგუგუნებ გულში ნათქვამ ბუბუნს ერთს ასად
და ვიტყვი,ღირდა,ღირდა ყოველი წვეთი ერთ თასად!

თვით დაბადებით სიცოცხლისათვის იბრძვის ყოველი
და სიკვდილს ებრძვის,მზის შვილი-ირმის ძუძუს მწოველი.
ბოროტს ვინც ებრძვის,გაიმარჯვებს,ადრე თუ გვიან,
მის სახელს დავიწყების ქარნი ძნელად აღჰგვიან.

-სიცოცხლისათვის მებრძოლი სიკვდილის დამაფრთხობელი 
არის... და ამ აზრს სხვადასხვა ენაზე იტყვის მთხრობელი.
შიშებით მოშიებული შიშით შავ შიშს შობს მშობელი.
-ვინც შიშს პატივს სცემს იგია ცოდვათა განმავრცობელი.

-სინათლეს ეძებს დასაბადებლად ლაბირინთებით
ჩვილი,რომელიც ებღაუჭება სუნთქვას თითებით.
სინათლეს ეძებს გარდაცვლილი,ხსოვნით, მითებით,
ანგელოზი ჰყავს თვინიერი მზის მითითებით.

რაც მოსახდენი არის,იგი თავს გადაგხდება,
საბედისწერო წიგნში რაც ითქვა,მაინც ახდება.
სიკვდილს ვინც ებრძვის,ბოლოს და ბოლოს მაინც მარცხდება
და თუ არ ებრძვის,მას სიცოცხლის გემო აცდება.

-წინ ჰუმბაბაა,უკან ღრმავდება უფსკრულში ხევი.
გასაგებია,უკან არ გაქვს გზა დასახევი.
იმას ისმენდე,რაიც მზითაა ნაკარნახევი,
რა იმედიც გაქვს,ახლაა ყველა გადმოსანთხევი.

არავინ იცის,ვინ სად მოკვდება,ანუ ვინ რისგან.
-თუმცა,ჰუმბაბა ჩვენ უნდა აღვგვათ მიწის პირისგან.
ჯერ მას მოვაშთობთ,მერე გავჩეხავთ უდაბურ კედარს
და მზის სხივების შამფურზე შევწვავთ ურჩხულის ცხედარს.

-ტყუილს სიმართლე,ადრე თუ გვიან,თავის როზგს დასცხებს,
შავჩოხიანს კი მზე ყოველ დილით კვლავ დაამარცხებს.

-მზეო,მაღალო!
ჩამომაშორე
გზადაბნეულს
ცოდვის გზირები
და გამიზარდე
ჩემი იმედის 
სადარაჯოზედ
შენი ზიარი 
მზესუმზირები!



59
ომს გარიდება მოყმისთვის 
არის შეურაცხმყოფელი.
ბრძოლისგან გარიდებულსა
განერიდება სოფელი.

სიმართლისათვის,სადაც რომ 
მებრძოლთა გულის ძგერაა,
ხალხისთვის თავგანწირული 
იქ,უფლის ნებიერაა.

ბნელ გვირაბს თუ ვერ გაივლის,
ვერ ნახავს დაბადებული
სინათლეს,ეძებს რამეთუ
გზებს მისთვის თავდადებული.

-შენი ხმა დოლის დაფდაფს მაგონებს,
ჯანი გავარდეს,აღარ მაღონებს.
-სიკვდილთან ბრძოლა,ო,რა ძნელია!
-თუმცა,სიცოცხლე განსაცდელია.

დაე,შამაშმა ბნელში ინათოს!
დაე,მან ხელი ჩვენ მოგვიმართოს!
ერთი მიზნით და ერთად ვართ ორი,
-შვიდი აბჯრით კი ერთია მძორი.

-სიკვდილსაც დაჰვიწყებოდე, 
გული მზის სხივით აგენთოს,
სიცოცხლე ბრძოლით გეპოვოს,
სიკვდილამდე არ დაგეთმოს!

თუ ძარღვში სისხლი გაცივდა,
ძმის სიყვარულით გაგეთბოს,
მზის სხივისაგან უფსკრულზე
გადასასვლელი გაგედოს.

შენი სახელი მომავალს 
ახსოვდეს,ანუ ყბად ედოს.
სახელმოხვეჭილს სახელი  
სახელოვანი დაგეგდოს,

რომ დავიწყება ვერა დროს
ვერც მომავალმა გაბედოს!

ეს მერე...ახლა ორივეს 
სიფრთხილე გვმართებს თავისა,
ბრძოლის გარეშე ვინა სთქვა 
გადასაჭრელი დავისა?

-ვინც უფრო ღონიერია,
არ ნიშნავს,თავზე დავისვა
და რაიც მტერმა დამიდოს, 
არც იგი ვჭამო და ის ვსვა.

ბრძოლის წინ მინდა,სათქმელი 
გაგიმხილო და მოგიყვე,
თავად ვატარებ ცოდვას და 
გავჩეხო მინდა ცოდვის ტყე.

გზის მეგზურია აზმნობა,
ძოღან ჩემითაც შევიტყვე,
ცოდვას ვებრძვი და თავად ვარ 
დაუშრეტელი ცოდვის ტყვე.

-საკუთარ თავზე საშიში, 
განა,ვინმეს ჰყავს მტერია?
ამ მტერთან შედარებით ხომ 
ჰუმბაბაც არაფერია.

აბა,რას იზამ?ცოდვა ხომ
ადამიანთა წესია
და ნახევარღმერთს კაცობით 
იგი შენც წამოგეწია.

ბელიერისგან თუ მოგხვდა
შენც მისი შოლტი თუ წნელი,
ცოდვებით აჭრელებული
როგორ იქნები უხრწნელი?

საკუთარ დემონებს ებრძვი,
ხმალიც კი აგილესია.
უცოდველობაც ცოდვაა,
შენც შენი შემოგესია.

ოღონდ,გაქვს დიდი მისია -
როგორც ღვთიშვილს და მესიას.
საკანონო გზა წინ გელის-
გამოსასყიდი სიგელის.

-სიკვდილი ცოდვის საკანონოა
და კაცნი,რახან ცოდვას ვატარებთ,
დაბადებიდან განწირული ვართ,
ვიძრობთ სხეულს და ღმერთს სულს ვაბარებთ.

რა ეშველება ყველა იმ ცოდვას
მითხარი,ანა,
კაცობრიობამ ქვეყანაზედ
რომ მოიყვანა?

მე დავიბრუნებ სიცოცხლეს,თუნდაც სიკვდილის ფასად,
ამოვისუნთქე რაც,ჩავისუნთქავ ყველას ერთბაშად.
დავაგუგუნებ გულში ნათქვამ ბუბუნს ერთს ასად
და ვიტყვი,ღირდა,ღირდა ყოველი წვეთი ერთ თასად!

***
ამ ლაპარაკში ღრიალი
ტყიდან ჰუმბაბას გაისმა,
ვიხილოთ ბრძოლა,
შედეგზე
ილაპარაკოს
გაისმა.

ღვინო ჭურითა,
სუფრა-პურითა
გმირი-საგმირო 
საფეხურითა.


p.s.
(კვლავ აივსება განწირვის ჟამს მადლით დაგალი
და აივსება მზის შვილით დალი,ვით მზის დაქალი).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი