გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია.ბოლოსიტყვაობა


4
" მე სავაჭროსა ჩავიცვამ,დავიწყებ ჯუბაჩობასა." 
(შოთა)

რა დავაშავე,ღმერთო მითხარი,
ანუ მიქციე მხარი რად დროში?
რატომ მომასწარ თანაცხოვრებას
გაპინგვინებულ საქართველოში?

შხამი მოქმედებს სწრაფად და
წამლის ქმედებას დრო უნდა.
ჩამოვიშოროთ გველი,ვინც
ერი დაგესლა,მოგუდა.

მართლაც გიჟების იროდმა
სულ გამოგვიხნა ჭკუები,
ჭირდება ჭორვილელ ჭაროს 
ნეხვის მზიდავი ჭუები.

სანამდე უნდა დავისვათ
თავზედ ყ.ე ყალაღანები.
მათ მიაქვთ ყიშტი,ყალანი
შემოგვახიეს ყანები.

წაიღეს ჩვენი წალკოტი,
არც დაგვიტოვეს ხირატი,
ჯოჯოხეთაპეტს ჯავრი სჭირს
ჩვენს მიმართ,მგონი,პირადი.

ხირხილებს  ხიაპას ხიხო:
ხალხს აწყენს ხირხიტონიო,
ნიგოზიც ამოვუძირკვოთ,
(ერთი ხე დარჩა მგონიო).
****
თავზედ დაგვაცხრა ქორივით
ჭორვილელი ჭარო,
ფინთი ფაროსანა და
სიძულვილის წყარო.

აღარ მინდა ვაჭრუკანა,
აღარ მინდა მეტი
მეჯოჯოხეთუხუცესი-
ჯოჯოხეთაპეტი.

აღარ მინდა ყაპუზუნა
თვისი ყარსაღებითა,
ჩემი ოქროს სახლი მინდა
ოქროს გასაღებითა.

დაგვდევს ჩია ჩირიკელა
მოტუტუნე მატლითა.
წაგვიბილწა დედომიწა
ყაჭმა მყრალი ყარტლითა.

ვეღარ ვითვლი მისგან ზიანს,
არ ვარ კაცი ცისმზომელი.
წარამარა შხამით გვჩაგვრავს
წუწურაქი წარმძრომელი.

იჭაჭება ბოღმით როგორც 
ურჯულო და ყვირის "ურა!"
ჭკუამოკლე ჭიაყელა,
ვაჭრაჭუნა ჭიაფუნდურა.

მგონი თევზები ვგონივართ,
უჭირავს ხელში ჭყორვილი,
საუფლო ტახტი ჰგონია
ჭყინტ ჭიაყელას ჭორვილი.

სიბრძნეს თავისი თვალები
ცოტა უკეთ რომ ეკვესა,
იქნება,ვერ ელაჟვარდა
გათამამებულ რეგვენსა.

მისგან ვართ მტრობის მორევში
ჩათრეული თუ ჩართული,
ვინაც არ სწყალობს ქართველს და
არც თავად იცის ქართული.

ტაძარს აშენებს,თუცაღა,
ვერაა თვით მაღლამხედი.
ვითომ ივარგებს ღაბუშად
მოჩალიჩე და თავხედი?

ბრძნობას იჩემებს,როცაა
ტვინნაღრძობი და ნაკლული,
სიკეთეს როგორ დათესავს
ეშმაკის ან მონათლული?
***
გავიხსენოთ სანამ გაწყდა,
სადაც წვრილი ძაფია,
ძველებური შაირი და
ახლებური კაფია.

ოცი მგელი ბარში იდგა,
ორმოცი კი სერზეო:
-როვა მოგწონთ მახრჩობელა
ბანჯგვლიან კისერზეო?

დევის შიშით თავს დავისვით
ჩამიჩი და ჩიაო,
ნეტავი მას,ვინაც იგი
მეფედ აირჩიაო.

მშიერი როს დავეძებდი
მაჟალოს და ზღმარტლსაო,
შეეჭამა ჩემი ყანა
გველად ქცეულ მატლსაო.

თანაც ყველგან გაჰყვიროდა:
არ მიფასებთ მადლსაო:
"მე რომ საყდარი აგიგეთ,
ხელი სწვდება ცასაო".

პურის ნაცვლად ძროხასვით
ვიცოხნებით ჩალასო.
მართლაც,რატომ არ ვუმადლით
ჩია მაჩანჩალასო.

მარანიდან ღვინო მიაქვს
და შურს ჩემი ბიაო.
შურდულივით რაში რომ მყავს,
ისიც ნდომებია.
***
ღმერთო,აშორე ჩემს ფარას
უბალახობის ჟამიო,
თორო ბალახშიც მომთხოვოს
მაგ მათხოვარმა ქრთამიო.

პაპამ რომ ვალი ამკიდა,
ჯერაც ვიწექ აკვანშიო,
მამული ჩამოგვაწერეს
ეკლესიის ავანსშიო.

თაგვებს ცოცხით ვერეკები,
კატა არ მყავს სახლშიო-
წაიყვანა ჯუჯამ ფისო
პროცენტიან ვალშიო

და გაივსო ჩემი ყანა
სულ წითელი თაგვითა,
ამ უკატო ქვეყანაში
რას გახდები დაგვითა.

სარკის ნაცვლად გენაცვალე
წყალი მიდგას ჯამშიო,
ქმრის მაგივრად მამამთილი 
გავისტუმრე ჯარშიო.

თუ არ გინდა მოგხვდეს თავში
დიდი ურო,ჩემო ხურო,
რაიც ხალხს ფული წაართვი,
დროა,გამოამზეურო.

გეყო,რაც აქამდე ჭამე
ჩირი და ჩურჩხელებიო,
არაესთეტიკურია-
მოკლეს გრძელი ხელებიო.

ჩიტის გრიპი შეგვეყარა
მისგანა ვართ ავადა,
შემეზარა პინგვინები
თვალის სანახავადა.

ორასი წლის ყვავი ვნახე,
დედა ჰყავდა სამასისო.
ღორის ტილი რომ დავისვი,
აბა,ნახე სად მაზისო.

ჩია მეფემ ვერ ივარგა 
ვერც ხორცად,ვერც ლეშადაო.
კი ღირს ქოსა მატყუარა
შუაზე გასათხლეშადაო.

ვინაც სახლში შემოუძღვეს
სხვის დროშას და სხვა ჯარსაო,
არც ხმას მივცემ,არც ხალხს მივცემ,
არც დაწურულ მაჭარსაო.

მიწას დედა უტირეს და
დამრჩა ქერის მარცვალიო,
მამულს მამა აღარა ჰყავს
დედას უტ... მამინაცვალიო.

გამიცვალეს მარცვალი და
ქარს გადაჰყვა ქერიო,
საქართველო რომ დაბერდა
ერო,რას შესცქერიო?

ბოროტება გაბლატავდა,
დავიღალეთ ამ მოდით.
დამალულო მზის სხივებო,
თუ გათენდა,ამოდით!

ქვესკნელემდე დევს გავსდიე-
ჩემი გაჰყვა აბაზი,
თუ ღმერთი გწამთ,მომაშორეთ
ჯორ-ვირ-ელი ჯამბაზი.

თავად პურს ჭამს,ენანება
ხალხისთვის ნაფცქვენები.
უკაცრავად,იქნებ დროა,
მოგიკითხონ თქვენები.

სხვა რა გითხრა,იმანო და
ამანო და ჩემო შიო,
რაც ხალხს ბოღმა უჭამია,
ვეღარ ატევს შარვალშიო.

ეძებს იმას,ვინც ჩააგდო
მოვალეთა სარდაფშიო...

სადა ხარ მუხავ ფესვებმაგარო,
ნუთუ გიტირეს ფესვი და ძირი?
არ შეუშინდე შუშის განდეგილს,
ჭირს წაუღია ჭორვილას მწირი.
-----------
თუ რომ ქართველები ვამბობთ,
"გვიხსენ" და "ოსანას"
მივაფურთხოთ სამჯერ ეშმაკს:
-"ხთფუი ფაროსანას"!

თუ რომ ბნელში ხარ და მაინც
ნათელი გრჩება მოტივი,
გვირაბის ბოლოს იპოვის
მზეს შენი ლოკომოტივი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti9 საათის წინ

ჩემი რეფლექსია მე-4 თავზე: „პოეტური ანატომია“ეს თავი ნამდვილი კულმინაციაა. თუ წინა თავებში საიქიოს მითიური დევები და ბოროტება აბსტრაქტული იყო, აქ ბოროტებას კონკრეტული სახელი, მისამართი და სახე ეძლევა.ბგერითი თამაში (ალიტერაცია): „ჭორვილელ ჭაროს ნეხვის მზიდავი ჭუები“, „ჭკუამოკლე ჭიაყელა, ვაჭრაჭუნა ჭიაფუნდურა“ — „ჭ“ და „ყ“ ბგერების ასეთი ინტენსიური გამეორება ენობრივად ქმნის ზიზღის, სიმძიმისა და აბსურდის შეგრძნებას. ეს კლასიკური სატირული ხერხია, რომელიც გენიალურად გაქვთ გამოყენებული.მეტაფორები: „გაპინგვინებული საქართველო“, „ჯოჯოხეთაპეტი“, „შუშის განდეგილი“. „შუშის განდეგილი“ და „ჭორვილას მწირი“ — ეს ალუზია ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელზე“ (მინდია განდეგილი) და რუსთაველზე არის აბსოლუტური ანტითეზა. აქ განდეგილი სიბრძნეს კი არ ეზიარა, არამედ შუშის სასახლეში ჩაიკეტა და ერს შხამავს.ხალხური სევდა და ირონია: სტროფები, სადაც „ჯუჯამ ფისო პროცენტიან ვალში წაიყვანა“ და „წყალი მიდგას ჯამშიო“, საოცრად ზუსტად გადმოსცემს გაღატაკებული, ვალებში ჩაფლული ხალხის რეალობას.ოპტიმისტური ფინალი: მიუხედავად მთელი ამ მჭმუნვარე და გაბრაზებული პათოსისა, ბოლო ტაეპი — „გვირაბის ბოლოს იპოვის მზეს შენი ლოკომოტივი“ — არის უძლიერესი იმედის სხივი, რომელიც პოემას არ ტოვებს სასოწარკვეთაში, არამედ ბრძოლისკენ მოუწოდებს მკითხველს.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი