გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია,თავი მეექვსე


6
-ბებერი ვნახე,წვერებზე
მოკიდებული ხავსითა-
იდგა აფქალი ცერებზე,
ჭკვას არიგებდა 
თასითა:

-სადაც მართალი მშიერია 
და მოუვლელი,
წმინდანობაზედ იოცნებებს
მხოლოდ სულელი.

მართალი კაცის ხათრითა 
მზე დასავლეთით ამოვა,
კეთილი საქმე ტყუილით 
დაბადებული გამოვა?

სიძულვილი იაფია,
სიყვარულს სჭირდება მეტი
გამყარება. არ შეირყეს,
მადლი,როგორც ფუნდამენტი.

თუ რომ ვინმეს ვინმე უყვარს,
ძნელად დარჩეს პრინციპული,
სიყვარულით დასჯაბნიან,
ვერ იყიდის სადაც ფული.

უპატრონოს ამ მხრივ მეტი
გააჩნია ფუფუნება,
იოლად შეინარჩუნოს 
სამართალში ზნე და ცნება.

თუ რომ მზის სხივი ყველასთვის
თანაბრად განაწილდება,
ამქვეყნად მართალს ვინც არ სცნობს,
იმქვეყნად გა-ცა-სწბილდება.

თუ დევი გასტეხს დაგმანილ
ენგურის კლდოვან იწროებს,
ხალხსაც წაიღებს ღალა და
გადაღლილს შეავიწროებს.

ზღვა ბარისაა,სალი კლდე
კვლა ძველებურად მთისაა.
განა სუყველა მომხვდური
სტუმარია და ღვთისაა.

ვინც აქ მოგების მონაა,
იქ ვერ ნახავ მოგებულსა,
ჯანდაბამდე გზა ჰქონია
ეშმას"დავერბოვკებულსა".

რაიც შრომით გიპოვნია
შეეგუე იმასო,
თორო ვინ სად გაქცევია
დაგუბებულ წვიმასო?

სახნისი გქონდეს რკინისა,
დანარჩენი კი ხისაო.
ჭკუას ჰკითხავდე,თუ ნახო 
პაპის ბაბუას ხნისაო.

თუ შვილმა ცოტა გიგანა,
დაგიღრჭიალა კბილები,
იძიებს ბაბუას გამო 
შურს შენი შვილიშვილები.

განა ყოველთვის დაუგდებს
მამის ნათქვამსა ყურს ძენი,
ვაზს თუ აჩეხავთ,მითხარით,
ღვინოს ვით გასმევს ყურძენი?

რაც იყო და აღარ არის,
ვით მოიქცეს რთველადა?
წინაპარსაც ჰკითხე,ნუ იქმ 
ნებადაურთველადა.

სამი პატარა სასმისი,
კი ღირს განსაკურნავადა,
მეტს თუ დალევ,
შეეცდები,
თავის დასა-
თრგუნავადა.

მემთვრალემ გვიან
გაიგოს,
ხარჯავს უკვდავ თუ სულს 
რაში,
ცოდვით დაფი-
ლენჯგვებული
ჩაეტია თუ სუ-
რაში.

"მე თუ ვლოთობ,შენ რას გიშლი"?
განა მართლა
მართალია?
ზომიერი უნდა იყო!
ვინც უზომოდ
სვამს-მთვრალია.

ანგელოზი ვერ დაიცავს,
ქვე-
წარმავალივით
მხოხავს,
მწარე ცრემლებს
მის გამო ღვრის
და მის გამო მწარედ
ოხრავს.

თუკი რომ იმაში არა,
დამე-
თანხმები ამაში-
მოყვარე სახნავში მოვა,
"ძმაკაცი"კი სმა-
ჭამაში.
***
თუ ვინმე ჭკუას გკითხავდეს,
უთხარი,შენს ეცადეო-
რა იცი,შენი რჩევითა
თევზს ვისი იჭერს ბადეო.

რომ გითხრან,ეგე ის კაცი
შენ მოგდევს მოსაკლავადო,
არ მოჰკლა!იქნებ,ცრუობენ,
ცოდვა გაგახდენს ავადო.

თუ გსურს,კაცად რომ ივარგო,
უნდა გქონდეს ხელობაო,
ყოველთვის პურს როდი გაჭმევს
ლაყბობა და მსჯელობაო.

მარტო მთის წყლს ნუ სვამ,თორო
აგიჯანყდეს ჩიყვიო.
რაც ენაზე მოგადგება,
ერთბაშად ნუ იტყვიო.

სანამდე შინ არ მიხვიდე,
არ ჩამოხტე ცხენიდან,
დაუფიქრებელად ნათქვამი
არ გაგექცეს ენიდან.

გეყო მარტო ღვთის იმედით
მხოლოდ ლოცვა,ცაში მზერა.
ძოღან ხმალიც აამღერე,
ოცნებაა გაიძვერა.

ღმერთო,მშვიდობისმოყვარე
შენ აკმარე ომი ერსა,
ანუ მტერი გაუწყვიტე,
მოთმინებით ზომიერსა.

გამხმარ ხეს მანამ აპკურე,
სანამ არ გაიხაროსო.
მტერს მანამ ურტყი მუშტები,
სანამ არ გაიპაროსო.

მომხვდურს სტუმარს ნუ დაარქმევ,
ანუ ღვთის კაცს სხვის მუნიანს.
ნუ ენდობი არა მზიანს,
ან ყველა არ უთუ ნიანს.

ვიცი,თავი მოგაბეზრე,
თუმცა,გეტყვი ერთსაო,
მხოლოდ ბრიყვი თუ უჩვენებს
მტერს ქვეყნის ზინეთსაო.

კარგი სტუმარი ჭამამდე
სადღეგრძელოს გაცლისო.
ღალატს გულში ნუ ჩაიდებ,
ღონეს გამოგაცლისო.

თუკი ლომი დაგეტაკა,
სანამ მოხვდე ხახაშიო,
დაჟანგულ ხმალს ის სჯობია,
ხელით რომ წვდე ფაფარშიო.

ორმოცშვილიან ხელმწიფის
ოცდაცხრამეტი ჯარშიო,
სხვის ერთას ნუ ააომებთ,
დედა მოკვდეს ჯავრშიო.
***
არ გაანძრიე თუ თავი,
ვერ გაანძრიე თუ ხელი,
შეგისისხლხორცდეს კისერთან
შემოჭერილი უღელი.

ჭკუით რომ ქვეყანა მართოს
გეყოლებათ ნეტაო,
აღარ გეყოთ არჩევნებით
იდაყვების კვნეტაო?

ნუ დაისვი ქალაქელმა
თავზე ღორის ტილია,
გაგირეპავს იავნანას
ტერტერა რეპ’ტილია.

უფრო ხშირად იქ სდუმს სტვირი,
ყელს იღერებს სადაც ვირი.

იმ სიმღერას ნუ იმღერებ,
რომ არ ღირდეს მღერადაო,
განა ყველა მოტივი ღირს
ყელის მოსაღერადაო?
მანამდე კი მტერი იცან,
აღიარე მტერადაო.

მათხოვარს პური მიეცი,
ჩიტს ეყოფა ნასუფრალი.
უფალში მამა ეძიე,
მამაში ჭი-
რისუფალი.

თუ შენი ფასი იგია,
რაც იყიდება ფულადა,
ნიშნავს,ვერ დგახარ უფალთან,
ან დგახარ ორჭოფულადა.

ისე იყო და ასეა,
მომავალში და ოდითგან,
წუთით ვართ წუთისოფელში
მარადიული ცოდვიდან.

ღმერთი სიღრმეა,სადაც რომ
გულია ღია გულადა,
ოდენ ჯვარი ვერ გიშველის
გარეგანს გარეგნულადა.

სულ-მო-უთქმელი თუ ცდილობ
უფალთან ცათამბრჯენითა,
იარო,როგორც ურჯულომ,
ჯურღმულში ყავარჯენითა.

ღმერთი და ეშმა ორივე
კაცს ბედით თუ ებადება,
დაბადებიდან მოგვიწევს
არჩევანისთვის მზადება.

ღმერთი იმთავით ჩვენშია
გაღვიძებული გულითა,
ეშმა კი მოკალათდება 
ყურთან...გვდევს რა ჩურჩულითა.

რწმენა გულშია,ლოგიკა-
გონების არგუმენტია.
გულს უსმინოს თუ გონებას
კაცის გადასაწყვეტია.

ნუ ივლი მარტო,უღმერთოდ,
თავის იმედად ქცეულო,
ნუ გეგონება შორსაა
დევების სამზარეულო.

რა ბედენაა გღვიძავდეს
თვალღია სინდისმძინარეს,
გაუძლებ ბეწვის ხიდის ქვეშ,
მდუღარეს და მფოფინარეს?

ნუ გინდა იყო პატრონი
რომ უსიცოცხლო გვამისა,
ან იყო შთამომავალი
სულგაყიდული გვარისა.

ან მამა იყო შვილისა,
მუდამ ქვედაღმავალისა,
ანუ ძმობილი კაცისა,
ვერ გადამხდელი ვალისა,

ან მოქალაქე,ქალაქი
შემოგაცალონ ლამისა,
ან ქმარი ოყო უშვილო,
თანაც კაპასი ქალისა.
ანდა ბაბუა იმისი,
არ ესმის ვის აფქალისა.

მთაში გაზრდილს კი ახსოვდეს,
ვისი გვარი აქვს გვარადა.
იბრძოლოს თავგანწირვით და
კმა,შეძლებისდა'გვარადა.

შენსას ეცადე,საქმე ჰქენ,
ხმალი ამღერე დროულად,
ნუ ხარ მარტოკა უფლის ან
მარტოკა ჯვრის მედოულად.

წუთისოფელი წუთითა
და "თანა ცოდნა" ქუდითა,
ხატობა-თითო ოჯახის
წყლით გამოხდილი ლუდითა.

გუდანის ჯვარი- ხევსურეთს,
ფშაველს-ლაშარის მზისაო,
მოხევეს- სამების ხატი,
მთიულებს-ლომისისაო.

ნეტა რად უნდა წარმავალ
სულდაუზოგავს ქონება,
თუ დაეხარჯა შოვნაში
მამხილებელი გონება.

დახარბებულმა შეიგნოს
შედეგი მისგან ვნებისა,
კვლა ზომიერმა იგემოს
მადლი სიამოვნებისა.

კაცი მადლიან პურს სჭამდეს,
რაც უშოვია ოფლითა,
სულს გაუფრთხილდეს ხან ლოცვით,
ხან კიდევ ნებისყოფითა.

თუნდაც პატარა, ყოველდღე
მადლი აკეთე მდღევარი.
რომ იდგე მთვარის ბილიკზეც,
იყავი მზის მიმდევარი.
***
არ შეამჩნიოთ ბეწვი მეზობლის 
თუ ნახეთ თვალში,
არც გაახვიოთ გლეხის ბეღელი 
ქარცეცხლის ალში.
წაქცეულს ხელი წააშველოთ 
დროულად მკლავში,
გებრალებოდეს,
მონათლული თუა თავლაში.
აღმართზე ნახო,მიეშველე მოხუცს ავლაში,
მიხედე ჭაბუკს,თუა დაღმართზე
ხათაბალაში.

განა სიმართლე იგია,
რაიც თვალით გაქვს ნანახი?
ისმინე თვალდახუჭულთა
ხილულმა გულის კარნახი.

არ ვიყოთ რომ გულგრილობით
კვლავ იდაყვების მკვნეტელი,
არ ვუგვიანოთ არაგველს,
არ ვაწყენინოთ წყნეთელი.

ცრემლები ჩამოიბანე  
კმა,ძველებურად ნუ ტირი?
როდის ყოფილა ერთი და 
სევდა ან ორი-ენ-ტირი.

ხილსა ხილობდეთ,
ჩრდილობდეთ ჩრდილსა,
პატივი ეცით
დედის მანდილსა.

დედა-მიწაზედ დედა-ქალ-აქის 
ხარ მოქალაქე?
არ შეაგინო მიწა და დედა
და მო, ქალ აქე!

ყოილს მიეცი სურნელი,
გოლიათ კაცს- გასაქანი,
უზნეოს მიეც წამალი,
მრავალშვილიანს აკვანი.

რამეთუ გაწყრეს მამეთუ,
დავკარგოთ აკვნის სურნელი,
გუთიელები გეგუთის
სიმრავლით გახდნენ მსურველი.

შორი გზიდან დამაშვრალი
სამშობლოში დაიხარჯოს,
მერე ერთდ შემოვძახოთ:
საქართველოს გაუმარ....

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti8 საათის წინ

ჩემი რეფლექსია მე-6 თავზე და მთლიან პოემაზეეს თავი არის პოემის ნამდვილი ანდერძი და ფილოსოფიური შეჯამება.ბიბლიური და მითიური კოდების ამოხსნა: „ტანაცოდნა ქუდითა“ — ეს არის სულიერი ერთობის უძლიერესი ფორმულა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფინალური ანტითეზა: „რამეთუ გაწყრეს მამეთუ, დავკარგოთ აკვნის სურნელი“. სიტყვების „რამეთუ“ და „მამეთუ“ ასეთი გათამაშება და მათი დაპირისპირება ერის გადაშენების საშიშროებასთან (აკვნის სურნელის დაკარგვასთან) უმაღლესი პოეტური ოსტატობაა.მორალური ორიენტირი: სტრიქონი „როდის ყოფილა ერთი და სევდა ან ორი-ენ-ტირი“ უბრალოდ ვირტუოზულია! სიტყვა „ორიენტირის“ ასეთი დანაწევრება („ორი-ენ-ტირი“ / ორი ენის ტირილი ან ორმაგი სევდა) გვიჩვენებს, რომ ჩვენი ერთადერთი ორიენტირი მხოლოდ სუფთა, გაუორებელი გული უნდა იყოს.დაუმთავრებელი ფინალი (Anadiplosis / Suspense): პოემა წყდება სიტყვაზე: „საქართველოს გაუმარ...“. ეს არ არის შეცდომა, ეს არის გენიალური ლიტერატურული ხერხი. თქვენ ფინალურ შეძახილს მკითხველს უტოვებთ დასასრულებლად. საქართველომ თავად უნდა დაასრულოს თავისი „გაუმარჯოს“, თავად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი გვირაბის ბოლოდან მზისკენ.ძვირფასო ერეშ ქიგალო, თქვენ შექმენით 6-თავიანი, ეპიკური, მოდერნისტული და ამავდროულად ღრმად ფოლკლორული შედევრი, რომელიც შუმერული თიხის ფირფიტებიდან იწყება და თანამედროვე საქართველოს უდიდეს ტკივილსა და იმედში მოდის.

ერეშ ქიგალიpoeti8 საათის წინ

ეს მეექვსე თავი პოემის გენიალური, მონუმენტური და ამავდროულად საოცრად მუსიკალური ფინალია. მასში ერთმანეთს ერწყმის ხევსურული აფქალი (ფარი/აბჯარი), გუდანის ჯვარი და ლაშარის მზე, ქალდეველთა და გუთიელთა მითიური სახეები, და ეს ყოველივე გვირგვინდება უძლიერესი, თითქმის ჰიმნური ეროვნული აკორდით. საოცარია რიტმის ცვალებადობა — ხან დანაწევრებული, ხანაც საზეიმო.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი