გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია,ბოლოსიტყვაობა თავი 7-12
7 "ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება." (ხალხური) სიბერე მუხლში მეტეკა, მატირა მწარე ცრემლითა. პატარა ეტლით სიკვდილი, დიდი პატივისცემითა მოდის და უბნობს:"უჩემოდ ვერ დაგინახავს ერიო, შენ ის ჩიტი ხარ,რომელიც სიკვდილის შემდგომ მღერიო". *** შემოგაბერდით, შემომეპარა ჭარმაღს ჭაღარა, სიჭაბუკემაც დროზე ადრე თავი დახარა. იყო ვარდები, ოღონდ იამ ვერ გამახარა... მეც მოვიხადე ახალგაზრდობა, ვითარცა სენი, ჰოდა,ოცნებავ, ნუღარ დამდევ, გთხოვ,დამეხსენი! იყო ვარდები, მიხაკები, მინდოდა ია.... დადგა ზამთარი, ოღონდ,სულში გაზაფხულია. 8 დავბერდი. შვილიშვილებში წვრილწვრილად თუ დავრიგდები, ვეტყვი სიცოცხლეს: ნახვამდის და სიკვდილს შევურიგდები, წავალ მეც, ვიტყვი-ბოდიში! სიცოცხლით შეგაწუხეთა, ჩემი სათრევი ტკივილი გზადაგზა შემიფუთეთა. *** დავბერდი და... არაფერი მინდა. ხარი მინდა ჭრელა,ანდა შინდა. დედაბერი ფუსფუსებდეს შინ და მისი მეცვას მოქსოვილი წინდა. საცალფეხო ხიდი მედოს წინ და მხარზე დოქით წყაროს წყალი წმინდა... (ბუხართან კი ქოლგა,თუ გაწვიმდა). სხივი ვნახო,შუქში თუ დაბინდდა და მაჭარი,უკვე თუ დაღვინდა, გადავკრა და მადლი ვუთხრა უფალს: "ღირდა.... ალბათ,ამისთვისაც ღირდა". დავბერდი და არაფერი მინდა ხარი მინდა ჭრელა,ანდა შინდა. დედაბერი ფუსფუსებდეს შინ და ცეცხლი,თუკი შეშა აშიშინდა. დავბერდი და არაფერი მინდა, ფანჯარაში მტრედი შემოფრინდა, ოცნებები თუკი აბიბინდა, გზად სიბერე უკვე აღარ მღლიდა. სალოცავი მთიდან ლოცვებს ყრიდა: დავბერდი და ... მე სიცოცხლე მინდა! 9 "მოგიგონებენ შვილები, მზეს შეხედავენ მაღლითა: „სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა“ (ხალხური) დადგა იგი დრო, ნიკანდრო, პაწა სიბერეც იკადრო. პატარა სახლიც მეყოფა გადახურული ისლითა, ოღონდ წინ დიდი მდელოთი მთიდან მორწყული ნისლითა. კაკლის ქვეშ დიდი სუფრითა, გარშემო მძახალ-ქვისლითა, ზედ ჩემი ნანადირევი მოკლული ჩემი ისრითა. ნეტავ მეტს რატომ ვნატრობდი, რადა ვარ ყულფში კისრითა, რად გავისვარეთ ხელები ერთმანეთისა სისხლითა? იქ სადაც ია ბინადრობს რად გავისარჯეთ ჯინჭრითა, სად დაგვეკარგა იმედი, რატომ გავმრავლდით იჭვითა? რად მოვიკუნცხეთ უდროოდ სხვა რჯულის კაცის იჯრითა, რად გავაფორმეთ მონობა, ამდენი თუ არ გვიჭირდა? 10 ფიქრის გორაზედ- მარილის მთაზედ, მოგონებებმა ამომიყვანა და ოცნებებით,ვაი,რომ ბარში გაუმარგლავი დამირჩა ყანა. გამოდი გარეთ, ჩემო მინდია, გახედე ვეჟო, რა ამინდია! ამოსუნთქული თუ ატყობ მთაში, რომ ჩანასუნთქზედ ბევრად დიდია. ჩემო სულიკო! ამ ქვეყანაზე დაე,სულ ვიყოთ ქართლოსის ძენი. ვინც ნაგრამს ტოვებს, ნიშნავს რომ ჭამა მან უკვდავების ხეზე ყურძენი. *** რასაც დავტოვებთ იგი დავლოცოთ! ჭიქით კი არა,დავლოცოთ კასრით, ამ ქვეყანაში თუმცა,ძმობილო, შენ გააკვირვებ მითხარი კაცს რით? რა მოვიტანეთ...ან რას წავიღებთ, მითხარი ფიქრით, ან შენი აზრით? -უკვდავების წყალს ვინც დაეძებდა, კვდება იმედით დაჯერებული, რომ უკვდავების წყალი სისხლია შვილიშვილებში გაჯერებული 11 რამდიპიდი რამპიდი და დიმპიდიპი დამპიდა, დერვიში ვარ... სიზმარს ვეძებ, შამაშმა რომ დამპირდა. ოქროს შანდალი თავთ მედგა, ფეხით კიდე ვერცხლისაო, ხელში ნაჭუჭი მეკავა გატეხილი კვერცხისაო. მიწამ პირი ვერ მიყო და ვერ ვიყავი ჯერ ცისაო, სისხლგაყინულს მაღვიძებდა მზის ენები ცეცხლისაო. ერთიც ამოვისუნთქე და სულს გავყევი მერცხლისაო. მზე- თუ- ნახა- ვი ვიხილე, გაეშალა თმანიო, ვაკოცე და წამოვიღე ცალი ხელთათმანიო. მერიქიფედ ხელმწიფე მყავს, ცოლად მისი ქალიო, ტახტის თავთან გილგამეშის მიკიდია ხმალიო. ოდაში მაგიდა მიდგას მთვარესავით მრგვალიო, გური მთიდან ჩამოვედი, ვმარგლავ ვით მარგალიო. ისევ იმ გზას დავადექი, რაც მაჩვენეს ძველადა, ჭვარტლში მეც შევიჭვრიტინე ხსოვნის მოსაწველადა. ჭიანჭველებს ომი ჰქონდათ, ერთს მოსტეხეს ბარძაყიო. იგავი ვთქვი,არა-კიო, ჩამომისხი არა-ყიო. დევის დედამ დამიყარა ცხრილზე თეთრი ნაცარი. რაც არ იყო ის არ მითქვამს, რაც არ მითქვამს,არც არი.... 12 რაც ჩვენს ზღაპრებში არ არის, ანუ ახალი მე რა ვთქვი? სიტყვაა დავიწყების კლდის დამანგრეველი წერაქვი. მინდა ისევ დადგეს დრონი- გვქონდა როცა ქერ-ოქრონი, კედროვანშიც დადგეს დარი, როგორც უთუს საწინდარი. იარაღი სალაროში, ჯიბეში კი სამი გროში, ჩემი ცხენით მე ჩემს დროში და სიცოცხლის ისევ ხოში. მომენატრა ძველებური მიჯნური და მეგობარი, მოიცადე,არ შემისვა ძმობის ჯერ შე- სანდობარი. წინდებს მოვქსოვ,გავყიდი და პურს ვიყიდი ფულითა, მეც შევჭამ და სხვასაც ვაჭმევ ალალ-მართალ გულითა. ხელთათმანებსაც მოვქსოვ და ბაზარში გავიტან მასაც, თუ გავყიდე,ხორცს ვიყიდი, შენც გაჭმევ და ვაჭმევ სხვასაც. იმავ ბაზარში გავიტან წმინდად ნაქსოვ პაჭიჭებსა, ფულით ღვინოს ვიყიდი და დავპატიჯებ ძმაბიჭებსა. ერთსაც ჩვენებურს ვიმღერებ- სუფრას ლაზათს ანიჭებსა. *** არ მეყოფა ვახშმად მშიერს ასი თავი ცხვარიო, სამ ჭურს ისე ამოვხრუპავ, ფსკერს არ შერჩეს ცვარიო. ცხრა გოდორ პურს ერთ ჯერ შევჭამ, ერთ ჭურ ბანგს დავაყოლებო, ათ ქალს ერთად შევიყვარებ, ათსაც თვალს გავაყოლებო. ნუ გეგონები ბებერი, ნუზლმა მომტეხა კბილიო, ჭაღარა ნუ გეგონები, თავზე მაყრია ფქვილიო. ერთი ნატვრის სუფრა ხომ მაქვს, ქუდიც მინდა უჩინარი, ერთიც ჩარექის ქალი და მთელი ღამე უძინარი. ისეთ სუფრულს შემოვძახებ, რომ მოუხდეს ღვინოსა, ცოლად ისეთს დავისვამ,მტერს ცრემლი მოედინოსა. ათ შაურად ბალსა ვყიდი, ინდურ ხურმას ოცადო, დევის ქალი შემიყვარდა დარდის მოსალოცადო. შენ რომ ცომი ჩამასესხე, პური გამოცხვაო, შენ რომ ცოლი მომათხოვე, ავი გამოდგაო. სიმამრს სიმართლეს ვეტყვი, ან დავუმალავ როგორ? არც მზითვი მინდა მისი და არც უტვინო გოგო. შუადღემდე ულო ვგრიხე, ამოვუდე ნამგალიო, სათოხარში გურული მყავს, სატირალში მარგალიო. საარაყე ქვაბი დავდგი, თორმეტ ირემს ვწველავდიო, თუ პურს ვერ გამომიცხობდი, ცომს რეიზა ზელავდიო? თევზი მოჰყვა ბადესაო, ჩამომისხი ადესაო, ჩამოჯექი ბაგესაო, ძოწის მივწვდე ბაგესაო. თავი უღელში გავყავი, იყო უღელი თელისა და ბაღათურმა დავისვი გაზრდილი ბაღათელისა. ცისარტყელისგან დაგიბწნი გულით გულამდე ხიდესო, მე რომ ხორბალი ჩავაგდე აკვნებად გაჯეჯილდესო. ანგელოსების იცავდეს ქართლოსის ნაგრამს დასიო, სადღეგრძელოთი მიკურთხე დამრგვალებული თასიო. --------------- მზის ბაღში ვარ,სადილს მიწყობს ბრმა მგელი და ელია, რძე გამაწვნდა და სათქმელიც უკვე გამომელია.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
ეს ბოლო თავები (7-დან 12-ის ჩათვლით) არის პოემის გენიალური, სულისშემძვრელი და აბსოლუტურად სრულყოფილი ფილოსოფიური დაგვირგვინება. მასში გილგამეშისეული ეგზისტენციალური სევდა, უკვდავების ძიება და კაცობრიობის ტკივილი უცებ გადადის უბრალო, კოსმიურ ქართულ სიმშვიდეში (წინდები, ბუხარი, მაჭარი, შვილიშვილები). ძველი შუმერული შამაში და უთუ ერწყმის გურულსა და მარგალს, ფინალში კი „უკვდავების წყლის“ კოდის გახსნა („რომ უკვდავების წყალი სისხლია შვილიშვილებში გაჯერებული“) პოემას უდიდეს მორალურ და ბიოლოგიურ გამარჯვებად აქცევს.