დარა (ჩემს დიდედას)
ისევ ასდის ასვრემილი ვარდის სუნი ამ ძველ კედლებს, ამ თაროებს, ამ სარკმელებს! დავბრუნდები, ძალას ვიკრებ ბავშვობაში, სხვა ფერი და სხვა კვამლი აქვს ამ საკმეველს! და ვეხები ბებოს ნივთებს სულის ხემით ... კვლავ სიჩუმის ნოტებს ფურცლავს მდუმარება. როგორც წესი, შემოდგომა უფრო მიჭირს, როცა მიწა ფოთლებს იფენს სუდარებად. როგორ მტკივა ამ ნივთებთან ახლოს ყოფნა - დარას ძველი, გაცრეცილი ხილაბანდი! „კავთურიდან“ ამოტანილ ლამაზ კენჭებს ამ პატარა თავსაფარში ვინახავდი... საკერავი მანქანიდან ვიღებ მაქოს დარას დარად დარდს დავადებ საკერებელს და, მასრაზე დახვეული ძაფებივით, ხელზე ვიხვევ ჩემს ბავშვობას საფერებელს - როცა ბებო მიამბობდა ამბებს ზღაპრად; მახვედრებდა ღია ჭიშკარს, ქვამიდებულს... და ავ სიზმრებს (ახდენისგან დასაცავად) ვუყვებოდით მდინარეებს ადიდებულს! ისევ ასდის ასვრემილი ვარდის სუნი ამ ძველ კედლებს, ამ თაროებს, ამ სარკმელებს... დავბრუნდები, ძალას ვიკრებ ბავშვობაში, სხვა ფერი და სხვა კვამლი აქვს ამ საკმეველს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი