აღარ არიან გუთნისდედები


აღარ არიან გუთნისდედები, 
აღარ ზომავენ სიგანეს ბელტის...
ვარ ძველმოდური და არქაული
თიბვის  და შრომის სიმღერებს ველტვი. 

მიყვარს გუთნური და ოროველა, 
კალოური და ჰემო, ნადური...
სიმღერა იყო: დარდიც, მხნეობაც,
ცხოვრებაც  (ზოგჯერ,  ძაღლუმადური)

და  სად წავიდა ძველი დროება?
დღეს ორპირობა ეტყობა ყანებს! 
სახნის-საკვეთელს ჰკოცნიდა პაპა, - 
დღეს ვინ ინატრებს ან  შეიყვარებს,

ან ვინ იპოვის ხნულის სიღრმეში, 
ხარის რქას ანდა გმირის მუზარადს?!
მე დღესაც მახსოვს ამ ყრუ ტკივილის   
არდავიწყების ხვეწნა-მუდარა!

აღარ არიან გუთნისდედები, 
აღარ ზომავენ სიგანეს ბელტის...
დღეს ყველაფერი ჩვენს  ცხოვრებაში
არის  მცირედი  ან  მეტისმეტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი