ადრეული ლექსები


ჩემი ადრეული  ლექსები საადრეო ხილივით იყო...
თვალს უხაროდა შეთვალული ბალი მაისის  - 
საყურეებად რომ ვიბნევდით წითელ კუნწულებს,
მეზობლის ქალის შექებისას რომ ვიბნეოდით 
(და რომ არც ისე გვჭირდებოდა ქება-დიდება!)
და განა ახალ სამკაულებს რამეს ვუწუნებ
ან შემოდგომით მოწეული არ მომწონს ხილი! 
არ ვიცი, რატომ   გამახსენდა პირველი ლექსი -
მეჩხერი რითმა, გაზაფხული და არითმია...
და ჩემთვის ვფიქრობ:
ნეტავ  სხვებსაც თუ ახსენდებათ, 
ან ხის  ტოტებზე შეწითლებულ ბლებს თუ ითვლიან?
ჩემი ლექსები საადრეო ხილივით იყო, 
ცოტა იყო და მაინც ჰქონდა  დიდი  ბარაქა, 
ყველას ჰყოფნიდა: მაღლა ჩიტებს, ძირს - ჭიანჭველებს,
რაც მთავარია, ჩემში დარჩა "ბლების არაკად"...
დრო შეიცვალა  და იმდენად გადასხვაფერდა, 
რომ არჩევანი  თავის სიტყვას  უთმობს  არადანს!
არადა, ახლა ვინატრებდი  ძველ ვოდევილებს, 
ფოთლის ბილეთით ჩემს სპექტაკლზე მოსულ ლამარას 
და ცის კამარას -  ბავშვის თვალით დანახულ  ღრუბელს...
ჩემი ოცნება ძალიან ჰგავს  მოფრენილ მერცხალს, 
თბილი ქვეყნიდან დაბრუნებულს, ბუდეს რომ ეძებს...
ჩემი ლექსები საადრეო ხილივით იყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი