ზამთარი მოდის
შარშან, შემოდგომის მიწურულს, სოფელში ყოფნის ბოლო დღე მქონდა...ამ დროს თითქმის ყველა წასულია და მხოლოდ ერთგული მოსახლეები რჩებიან იქ...სწორედ ერთ-ერთმა ერთგულმა მოსახლემ გამოიარა ჩემი სახლის წინ. მივესალმე, მომესალმა. -როდის მიდიხარო ? - მკითხა. -ხვალ,მეთქი... ჩაეღიმა და გულისამაჩუყებელი სინანულით მითხრა : - ჩვენ რა ვქნათ, ისევ მარტუები(ფშაურად) რომ ვრჩებით, მკაცრი ზამთრის მოლოდინშიო... ვერაფერი ვუთხარი, მხოლოდ გავუღიმე... შემოდგომის მიწურულია, თეთრი ზამთარი მობრძანდება : სიცივით, ყინვებით, ფიფქებით... ბევრს უყვარს და ბევრი ელოდება, ფანჯარაში ფინჯანი ჩაით ხელში შემომჯდარი. მეც ველოდები და ჩემი სოფელი მახსენდება...ნეტავ რა ხდება იქ ? ნეტავ მამიკო როგორ ელოდება სუსხიან ზამთარს ? შეშას მოიმარაგებდა უკვე. სურსათ-სანოვაგესაც გაამზადებდნენ ბებოები. ძროხების სადგომსაც ამოულესავდნენ ფარღალალა გვერდებს, საქონელს რომარ შეუცივდეთ. მარხილსაც გაამაგრებდნენ დიდთოვლობისას მინდვრებიდან თივის ჩამოსატანად... -ზამთარი მოდის, თხილ-კაკალი ხომ ააგროვეო ?! გადასძახებენ ერთმანეთს. -ნიჩაბი მაქვს გამოსათლელი, თოვლს ვერაფრით გავკვალავო , -დაიწუწუნებს ვინმე... მარტოები არიან, ერთმანეთის იმედად.. მთავარი მაინც იმედი და რწმენაა... გამოიდარებს, უსათუოდ გამოიდარებს, დაელოდებიან, აბა მოთმინების უნარი რისთვის გვიბოძა ღმერთმა ? ისევ მეღიმება, როგორც მაშინ, მეზობელთან საუბრისას... მთაში თანადგომა და ურთიერთგატანა მნიშვნელოვანია ზამთარშიც და ზაფხულშიც. თუმცა... ზამთარი ხომ მკაცრი და სუსხიან-ყინვიანია ! ისევ მეღიმება... 11.09.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი