მურია
გაქცევას ვლამობ, ფიქრი მწყურია, მარტოობაში ყმუის მურია... და სიჩუმეში გული რომ ფეთქავს: მომაწვა ჟამი, მომაწვა სევდა. ეული კაცი სადღაც რომ კვდება, მაშინ იწყებენ ის მთები ნგრევას, თქვენ რომ ააგეთ და რომ გეგონათ — ასეთი იყო თქვენი მთელობა. კაცი რომ კაცს მტრობს, ქალი — გველობს და... სწორედ მანდ ქრება ჩვენი ერთობა. სათქმელი რომ მაქვს, აქაც მეტყობა, მაგრამ ვის ვენდო? ვინ გამენდობა? არარას ვიტყვი, ესეც მეყოფა — უთქმელი იყოს ჩვენი დღეობა. სანამ აკვანი ისევ ძირშია, სადაც არ ისმის ჩვენი ჰანგები, კვლავ ვილაღობოთ ჩვენ კაცობისა, კვლავაც ვაჟღეროთ დითირამბები, ვუთხრათ: „ქალებო, თქვენ ხართ კარგები!“ აბა, ვის უნდა ჩვენი დარდები? მოვიქცეთ ისე, ვითარც არასდროს ჩვენ არ გვქონია ფათერაკები; ვითომც არ გვტკივა, ვითომც არ ვდარდობთ, თუმც ქაქუცაა ჩვენი სახელი. არ ვიცი ვინ ვარ, ვერც ვფიქრობ საით მიმაჭენებენ ლურჯა ცხენები... საქართველოა ფიქრი და დარდი ირაკლისა და ჩოლოყაშვილის. მათ ვერ უშველეს, არც მე ვარ მავრი... ერთი კია, რომ იარა მეწვის; მტკივა მე თქვენი მიზნების მხოლოდ — მერკანტილური კეთილდღეობის. რა ავხსნათ კოლხეთს? ან ვინ გავსტაცოთ? აღარ დამთავრდა იასონობა... ის კოლხი მეფე საფლავში ბრუნავს... ვახ, დედას თქვენსას, ყორნებო! მაგრამ... იქნებ მოვიდეს და დადგეს ხანი, როდეს გაბრწყინდეს იბერის ველი... და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, მე ამას ველი... შენც იცი, მერი. შენ ჯვარს იწერდი, მე კი ვკვდებოდი, ფიქრში ვეძებდი ამ ქვეყნის იღბალს. ოცნებას კლავენ, ფიქრსაც ებრძვიან, ალბათ, ესმით, რომ ეს ზე-ერია. გაქცევას ვლამობ, ფიქრი მწყურია, სადღაც სოფელში ყმუის მურია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი