33-23-33-23-33-23
სკდება და სწყდება ვარსკვლავთა წყება და მომეგება გზნება მშიერი, დნება სიზმრებად ცის აქაფება, მხედავს დამცინავს ალიგიერი. როცა ბერდება, სული მკარნახობს მას, რომ უსაზღვროდ საზღვრიანია.ყვავილად შთასულს სიო დამახრჩობს და კუბო ჩემი ქარში მარხია. ვთვრები და ვხვდები, არ მათრობს, არა, ეს გამოცანა ჯოჯოხეთების, მსოფლიო ძარღვთა სისხლში მატარა და დამაფარა ცრემლი ღმერთების. ვდნები, უფალო იესო ქრისტე, ის მზე გადამწვარს გამაალებდა, ვქრები საოცრად და არაფრისკენ სივრცე უცეცხლოდ მიმაქანებდა. ამაღლებული ეტლები ტაძრის ქარებს სახავენ ჩემი მეფობის, ცრემლებს მასხავენ უმანკო ქალის და ქაფებს ნაზი უკიდეობის. მაგრამ ფეთქდება თვალი მძინარე, მტკვარი მონასტრებს ამ ძილს უყვება, ამადეუსის ხმა დამცინავი, რომ აღარასდროს არ დაბრუნდება. სკდება და სწყდება ვარსკვლავის წყება და მომეგება გზნება მშიერი, ეს ერთადერთი ჩემი სიმღერა იყო სიკვდილის მაძიებელი. ასვლა ციური ჯვრებიდან მელის, ქრიზანთემიდან მწვდება გვირგვინი. და საიდუმლო უდაბნოების მე სამუდამო მიწით დამცინის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
თვითონ გაბრიელი