!


ვხედავ, სიბნელის ქაფებზე კვდება
უსაზღვრობისგან შეშლილი ცხენი,
და ღამეებში ყვავილად სკდება
განაზებული ჩონჩხები ჩემი.

ლეწავს მხურვალედ კარები ლერწამს,
ამ წამს ტუჩები აცხრობენ ლოცვებს,
ქარი ზაფხულის ბაღით დამიცავს,
როცა ჯვარცმული ბავშვი მაკოცებს.

მისმენს, დამცინავს ზამთრის ძეგლები,
ვუახლოვდები სიტყვებს ნასეტყვებს —
უბოლოესად გავპირველდები,
და სინათლეზე მზე დამასვეტებს.

უხმო სიმაღლის იშლება სიბრძნე,
ვაზის უდაბნო უმანკოს მნახავს,
ნადაფნარ ქალთა ზღაპართა სივრცეს
აფენს გვირგვინებს და დამიმარხავს.

მღვრიე გალობით ის იმოსება —
მომესმა კვნესა უბრალოების.
იყო გვირილის გამიმოზება
და ხმა თბილისის ყველა ლოთების.

გამირონდება ზღვები ქაოსის,
თვლები ეტლების დაითვლის თვალებს,
და თვალებიდან ღიმილი მომდის,
როცა ვუყურებ ადამიანებს.

ახლა მე უნდა გავაენძელო
პანთეონიდან ლანდების მსხვრევა —
შენ, საქართველო, გახსოვდეს ძნელო,
რომ გენიოსთა ძონძი მეცმევა.

ვხედავ, სამყაროს ჩრდილები დნება,
და ჩემში ქრება ჩუმი ჩურჩული.
მტკვარში ტიტებით ჩაედინება
ყოფნა არყოფნით თვალგახილული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი