...
ატირდა ტივი, ტბებით დამტკბარი, დაუტეველი ტოტებით მმოსავს. მე ტიტველი ვარ, ვითარცა მტკვარი, და პიტნებიდან ვხედავ მიმოზას. მსოფლიო ქართან მეტოქეობა იყო მიზანი, ვაზნებით სავსე; ნახალუხარი მეჩოხეობა და ვაზთა დაცვის ბნელი სინაზე. მხოლოდ ვიდექი, დაბრუნებული ქაოსებიდან, მხედრის თვალებით, რომ დამენახა, განკურნებული ჟამი იერთა ფერისცვალებით. უმარტოვესად, უპოეტესი, მედგა ქაფების მედგარი ქარი. ზღვარი სიმთვრალის მწამს — გოეთესი, და სხვა წამება არავითარი. გარდავიცვალე დაბადებისთვის, არყოფილების გამირაჟებად. შვილი სივრცეთა, უსივრცესი მთის, ზღვას დავეფინე გარიჟრაჟებად. ეს იბერია რა ბებერია, თითქოს ნაკვთებად იმპერიები; დაფნით აკვდება და რა ბევრია დარდლანდიანი სატელიტები. ჩაკრულო, სულო საიდუმლოზე, გადაფრენაზე განთიადების, ჩაკლული გულის ზღვა სილამაზე და მზე მშობელი ათინათების. უმანკოების მონა ვიქნები, რომ გადამევსოს სიცარიელე. ეზოს ბავშვებთან დგანან ციგნები და ვესალმები ქარს — გაბრიელი. იბადებიან სიზმრიდან თითქოს, და თბილი სიო თბილისში გვმარხავს. დღეს პოეზია მათხოვრებს ითხოვს, და მზე წიაღში მიხუნებს სასხლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი